ისინიც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და თუ რამე ეჭვები აწუხებდათ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რატომ არ მოითხოვეს მანამდე საგამოძიებო კომისიის შექმნა, სანამ ამ სანქციებს დაკვეთა არ იყო იქითა მხრიდან ისევე, როგორც ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით?“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ჯანსაღი ოპოზიცია საკუთარი გონებით უნდა მოქმედებდეს და არა უცხო, თუნდაც პარტნიორი ქვეყნების გავლენითა თუ დაკვეთით.
„მიუხედავად იმისა, რომ აღვნიშნავთ უდიდეს დღესასწაულს – აღდგომას, ჩვენი დღის წესრიგში დგას ის საკითხი, რომლის შესრულებაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის: საზოგადოებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარ ძალას წარმოადგენს, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ მომხდარი მოვლენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ პატრიარქი თავის ეპისტოლეში ამ გლობალურ საკითხებსაც შეეხო. ხაზგასასმელია, ასევე, მცდელობა, იმ უმრავლესობისა, რომელმაც ყველაზე კარგად გაითავისა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა და მხარი დაუჭირა მშვიდობასა და ქვეყნის მშვიდობიანი გზით გამთლიანებას, რასაც, დარწმუნებული ვარ, ყველა მივესალმებით. სწორედ ეს არის გონივრული პოლიტიკა. ეს, რა თქმა უნდა, უფალთანაც დაკავშირებულია, რადგან თითოეულმა ადამიანმა უნდა ჩავიხედოთ ჩვენს შინაგან სამყაროში, უფრო მეტად ვიყოთ პასუხისმგებელნი ჩვენს გადაწყვეტილებაზე, თუ ჩვენს ნათქვამზე. ჩვენ, ყველას, ეს ქვეყანა გვაერთიანებს, ამიტომ აუცილებელია, რომ მისი გაერთიანებისა და კეთილდღეობისთვის ვიბრძოლოთ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი დღის წესრიგი დღეს არ დადგენილა. მათი პოზიციები ცნობილი გახდა მათი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ექცეოდნენ საკუთარ მოქალაქეებს. შემდეგ ამ პარტიიდან ზოგი გავიდა, ზოგიც – შიგნითაა და ახლა ერთმანეთს ებრძვიან. მოკლედ, ამ ადამიანების არსებობასა და მოქმედებაზე კარგი იუმორისტული ფილმის გადაღებაც შეიძლება. დავით ქართველიშვილმა დღეს აღნიშნა, რომ ჩვენ, „ხალხის ძალამ“, შექმნის დღიდან ინფორმაციული მნიშვნელობის გზავნილებით ხაზი გავუსვით მშვიდობასაც, ეროვნულ ღირსებასაც, სუვერენიტეტსაც და ამით ვმოქმედებდით. ამის გამო უდიდესი ზეწოლის ქვეშ ვიყავით და დღემდე ვართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს გზა გაგვიყვანს სამშვიდობოს. წინასწარ ვიცოდით, რომ ასეთი აგრესია იქნებოდა ჩვენ მიმართ, არც ნელდება ეს აგრესია, თუმცა ვიცით, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ჩვენი ქვეყანა უნდა გადარჩეს და ის გონიერი პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება პირველივე დღიდან ატარებს, ამ ყველაფერს ემსახურება. ძალა, რომელიც, თითქოს, ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალად უნდა აღიქმებოდეს, თითქმის დაიშალა. შიდა არჩევნებმაც გამოავლინა, თუ რას ფიქრობდნენ ისინი ერთმანეთზე. მე რომ მათი მხარდამჭერი ვიყო, ჩემთვის უკვე მიუღებელი იქნებოდა ის ქმედებები და ბრალდებები, რომლებსაც ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ. ჩვენც კი არ გაგვიჟღერებია მათ მიმართ ისეთი ბრალდებები, რასაც ერთმანეთს აბრალებენ. მიაჩუმათეს, რომ ჟორიკა რურუამ ვანო მერაბიშვილზე თქვა, რუსეთის აგენტიაო. ამაზე არავინ საუბრობს, თითქოს მას კი არ უთქვამს, არამედ ვიღაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ისაუბრა ამ თემაზე.
უკვე სააშკარაოზე დევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარედან იკვებება. თვალსაჩინოა, თუ ვინ აერთიანებს საპარლამენტო, თუ პარლამენტს გარეთ ოპოზიციას. დღეს ჩვენი მიდგომით – „არ შეიძლება ვასალური დამოკიდებულება“, საუბრობს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი. ტრამპი საუბრობს საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარი უფლებების დაცვაზე, ამბობს, რომ იქაც არის ის ზეწოლა, რომელიც ჩვენ გვაქვს „გლობალური ომის პარტიიდან“ და რომელსაც ლიბერალური ფაშიზმი დავარქვით. ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ზუსტად ამ „გლობალური ომის პარტიას“ ემსახურება და აქვთ დაკვეთები. მაგალითად, ჩვენს კანონპროექტთან დაკავშირებით პირდაპირი გზავნილი იყო ამერიკის საელჩოდან, რომ უნდა შეერაცხათ რუსულ კანონად, შემდეგ ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ეს არის რუსული კანონი და ვნახეთ, რა დღეში იყო ჩვენი ოპოზიცია პარლამენტთან. თუნდაც მოსამართლეების თემა ავიღოთ, იყო პირდაპირი გზავნილები სანქცირებასთან დაკავშირებით და იგივე ოპოზიციონერები ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. ისინიც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და თუ რამე ეჭვები აწუხებდათ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რატომ არ მოითხოვეს მანამდე საგამოძიებო კომისიის შექმნა, სანამ ამ სანქციებს დაკვეთა არ იყო იქითა მხრიდან ისევე, როგორც ე.წ რუსულ კანონთან დაკავშირებით?“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.