Home Blog Page 2237

,,გინდათ, მორიგი შოუ დადგათ, თითქოს მუშაობთ”- ზარქუა სამნიძეს

თქვენ გინდათ, უბრალოდ მორიგი შოუ დადგათ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ცოტა სახე შეინარჩუნოთ, მოსახლეობას დაანახოთ, რომ თითქოს მუშაობთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის ნაცვლად შეეძლო ელჩი დაებარებინა და მისთვის დაესვა კითხვები.

ზარქუამ მიმართა, დეპუტატ ხათუნა სამნიძეს და აღნიშნა, რომ „ვერ მიხვდა“ რა არის საგამოძიებო კომისიის შექმნის არგუმენტი.

„ქალბატონო ხათუნა, მთელი დღეა გისმენთ და სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი, არგუმენტი ვერ გავიგე, რატომ გინდათ კომისიის შექმნა, ერთადერთი, რასაც ლოგიკურად ვხვდები ისაა, რომ ჩავარდნილი აქციების შემდეგ, ბოლო 9 აპრილის აქციისთვის, რომ მთელი თვე ემზადებოდით რადიკალური ოპოზიცია და შემდეგ მარტო ჩემს ხაბეზე გადატეხეთ [ჯოხი],ეგ იყო ავტორიო, თორემ ჩვენ რა შუაში ვართო და გაემიჯნეთ…. თუ რეალურად საქმე გაინტერესებდათ თქვენ და დანარჩენ რადიკალებს, შეგეძლოთ ქალბატონი ელჩი დაგებარებინათ და გეკითხათ, ქალბატონო ელჩო, კონკრეტული არგუმენტები მოგვეცით, რომ ჩვენ გაგვიადვილდეს შემდეგ მუშაობა. არა, თქვენ ეს არ გაინტერესებთ, თქვენ გინდათ, უბრალოდ მორიგი შოუ დადგათ, რომ ამ რადიკალურმა ოპოზიციამ ცოტა სახე შეინარჩუნოთ, მოსახლეობას დაანახოთ, რომ თითქოს მუშაობთ.

ქალბატონო ხათუნა კითხვა მაქვს პირადად თქვენთან, გეგმავთ თუ არა, რომ შეისწავლოთ ადეიშვილის დროინდელი სასამართლო სისტემა და თქვათ, რომ მაშინ ტირანია იყო სააკაშვილის ხელმძღვანელობით და იქიდან უნდა დავიწყოთ შესწავლა?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„საიდანაც მოსდით ეს კრეატიულობა – ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოდან”- დავით ქართველიშვილი

„საიდანაც მოსდით ეს კრეატიულობა – ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოდან, ეტყობა ის საელჩო ოპოზიციას ეუბნება – აღარ ვიცით როგორ გამოგაცოცხლოთ, ბალზამირება გჭირდებათ მხოლოდ და მიწაში ჩადება, ამიტომ, რაღაცით გააქტიურდით, რაღაც შექმენით, დაიწყეთ საგამოძიებო კომისია, რადგან წააწყდებით წინააღმდეგობას, დააბრალებთ ხელისუფლებას, რომ ხელს გვიშლის, კომისია ვერ შეგვიქმნიაო და ა.შ. ამიტომ ვამბობ – შექმნან ეს კომისია,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისათვის კორუმპირებულობის ბრალდებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მიესალმება, რადგან ოპოზიციას ფაქტობრივი მასალა არ აქვს და „საინტერესოა, რას გამოიძიებენ და ამ ცირკიდან როგორ გამოვლენ“.

„მივესალმები საპარლამენტო ოპოზიციის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისათვის კორუმპირებულობის ბრალდებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას – მაინტერესებს, რას გამოიძიებენ და ამ ცირკიდან როგორ გამოვლენ.

საიდანაც მოსდით ეს კრეატიულობა, ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოდან, ეტყობა ის საელჩო ოპოზიციას ეუბნება – აღარ ვიცით როგორ გამოგაცოცხლოთ, ბალზამირება გჭირდებათ მხოლოდ და მიწაში ჩადება, ამიტომ, რაღაცით გააქტიურდით, რაღაც შექმენით, დაიწყეთ საგამოძიებო კომისია, რადგან წააწყდებით წინააღმდეგობას, დააბრალებთ ხელისუფლებას, რომ ხელს გვიშლის, კომისია ვერ შეგვიქმნიაო და ა.შ. ამიტომ ვამბობ – შექმნან ეს კომისია. ძლივს შევიკრიბეთო, ხომ ტიროდნენ დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები – შექმნან ეს საგამოძიებო კომისია, იმიტომ, რომ ფაქტობრივი მასალა არ აქვთ – აბსოლუტურად არაფერი არ აქვთ. ოღონდ, სწორი შეკითხვების დასმის უფლებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შევიდეს იმ კომისიაში და პირდაპირ ეთერში გაუშვან, რადგან ჩვენ პოლიტიკური სანახაობა, მართალია, არ გვაკლია, მაგრამ კიდევ ერთი განსხვავებული სანახაობა გველოდება“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

დავით ქართველიშვილმა გადაცემაში BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს, რადგან თავად ინგლისის სახელმწიფოს ორმაგი სტანდარტები და ხელის დაფარების მცდელობა კეზერაშვილთან მიმართებით არაერთხელ გამოუვლენია.

„როდესაც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება გავიდა იმაზე, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, ამაშიც ჩანს „იუპიტერისა და ხარის დამოკიდებულება“.

მათი საერთაშორისო სამართლებრივი ველის მიმართ ნდობა მინდა მქონდეს და საიდან უნდა მქონდეს, ეს მაინც გამაგებინონ. როდესაც საქართველოსგან სასამართლოსა თუ მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების მეოთხე თუ მეხუთე ტალღის გატარებას ითხოვენ, სახელმწიფო ამ ყველაფერს აკეთებს, ასევე, კეზერაშვილთან მიმართებით ყველაფერს კანონის ფარგლებში აკეთებს, რომლის გასაჩივრება ნებისმიერ ნორმალურ ადვოკატს სტრასბურგის ჩათვლით შეუძლია, საიდანაც ჩვენი სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი ვერდიქტები მოდის, ვინც ამ რეფორმების გატარებას ითხოვს საქართველოსგან, ისინი რას აკეთებენ იგივე კეზერაშვილთან მიმართებით, მოდი, გავიხსენოთ:

2013 წელს კეზერაშვილი დააკავეს, სასამართლო პროცესი საფრანგეთში გაიმართა და მის ექსტრადირებაზე საქართველოს უარი უთხრეს. რატომ? რის საფუძველზე? იმიტომ, რომ საქართველოს, ანუ ხარის სამართალი წინააღმდეგობაში მოვიდა მათი, ანუ იუპიტერის იურისპრუდენციასთან?

როდესაც 2014 წლის ოქტომბერში ინტერპოლი წითელი ცირკულარით ძებნას აცხადებს კეზერაშვილზე, რატომ, რის საფუძველზე მოუხსნა ეს ძებნა 2015 წლის თებერვალში?

როდესაც 2016 წელს საქართველოს ხელისუფლება ოფიციალური თხოვნით მიმართავს დიდ ბრიტანეთს კეზერაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, რატომ, რის საფუძველზე უთხრეს საქართველოს უარი?

გაგვაგებინონ მათი სამართლებრივი სფერო, ველი რას ეფუძნება, ჩვენი კანონმდებლობა მათთან თანხვედრაში რაში ვერ მოდის? ეს მაინც ახსნან. კი ბატონო, გამოიძია BBC-იმ და ჩააბარა სკოტლანდ-იარდს თავისი მოპოვებული მასალები – რას იზამს ინგლისი, რომელმაც კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საქართველოს უარი ერთხელ უკვე უთხრა? დააკავებს ის იმ კეზერაშვილს, რომელსაც დღეს საშუალება მისცა დიდი ბრიტანეთის ტერიტორია დაეტოვებინა? ყველამ ვნახეთ რომ კვიპროსზე იმყოფება, სადაც უფრო მიუწვდომელი იქნება იმ საერთაშორისო მართლმსაჯულებისთვის.

სამწუხაროა და სამარცხვინოა ის, რომ 2023 წელია და ისევ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის არქიტექტორების გამო BBC-ის იმ საგამოძიებო ფილმში საქართველო ნეგატიურ კონტექსტშია წარმოდგენილი. ვის გამო? ამათ გამო, რომელთაც ვერ აკავებენ, ვერც იჭერენ და ექსტრადირებაზეც უარს გეუბნებიან. როგორ მოვიქცეთ, რა კანონზე და რა მეხუთე ტალღის რეფორმაზე ვიმუშაოთ, როცა მათ ყველა ტალღა ფეხებზე ჰკიდიათ და ჩვენს კანონმდებლობასთან უნდობლობა აქვთ?

ჩვენი ჯარისკაცები რომ გაძარცვა კეზერაშვილმა, ეს არ სჯერათ ჩვენგან და ამ ადამიანის მიმართ სამართლიანობის აღდგენაზე უარს გვეუბნებიან, მაგრამ მინდა BBC-ის კოლექტივს ვუსურვო, რომ ბოლომდე მიიყვანონ ეს საქმე – მათი პრესტიჟია, რადგან მათი პენსიონერები გაიძარცვნენ,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

„რადიკალური ცვლილება გვაქვს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ”- კობახიძე ოპოზიციას

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, დღეს სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილებებია.

 

როგორც მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის განხილვისას განაცხადა, დღეს სასამართლო პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალია.

 

„რადიკალური ცვლილება გვაქვს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ამხელა ცვლილება. ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან სასამართლო სისტემა. მიზეზი ხომ არა არის ის, რომ სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან. ეს არის რეალობა, რასთან დაკავშირებითაც მინდა დაგისვათ შეკითხვა, რას დაარქმევდით ამას, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება 2012 წლის შემდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მან 2012 წლამდე არსებული პერიოდი და ამჟამინდელი მდგომარეობა ერთმანეთს შეადარა.

 

„2012 წლიდან 3-ჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი საქართველოში. ასევე, 3-ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. 5-ჯერ ნაკლებია ჯარიმების მოცულობა, რაც საქართველოს მოქალაქეებს გამოუწერეს. 18-ჯერ შემცირდა გირაოს მაჩვენებელი. 2-ჯერ შემცირდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობები“, – განაცხადა კობახიძემ.

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავენ.

,,როგორ უნდა გაწმინდოს მთავრობამ ან პარლამენტმა სასამართლო, თუ ის დამოუკიდებელია?” – თალაკვაძე სამნიძეს

„განმარტებით ბარათში გიწერიათ პირდაპირ, რომ სასამართლო უნდა გაწმენდილიყო კადრებისგან, მაინტერესებს, როგორ ხდება დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს, ანუ კონსტიტუციით დაცული ცალკე სახელისუფლებო შტოს წმენდა თქვენს წარმოდგენაში, როგორ უნდა გაწმინდოს მთავრობამ ან პარლამენტმა სასამართლო, თუ ის დამოუკიდებელია?“ – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ თალაკვაძემ ასევე მიმართა სამნიძეს, მოიყვანოს მაგალითი, სადაც საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებების დაცვის და სამართლიანობის პრინციპებს.

„ხომ არ შეგიძლიათ მოგვიყვანოთ მაგალითი, სადაც საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს და სამართლიანობის პრინციპებს, რომელიც კონვენციურია და რომლის ვალდებულებაც საქართველოს აქვს აღებული – ერთი და მეორე – აქ თქვენ განმარტებით ბარათში გიწერიათ პირდაპირ, რომ სასამართლო უნდა გაწმენდილიყო კადრებისგანო, აგერ ვკითხულობთ – ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო გაწმენდილიყო კადრებისგანო – ციტატა. მაინტერესებს როგორ ხდება დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს, ანუ კონსტიტუციით დაცული ცალკე სახელისუფლებო შტოს წმენდა თქვენს თეორიაში, თქვენს წარმოდგენაში, როგორ უნდა გაწმინდოს მთავრობამ ან პარლამენტმა სასამართლო, თუ ის დამოუკიდებელია?“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

,, ნებისმიერი კომისიის საბოლოო პროდუქტი არის ორი…” – კახაძე ოპოზიციას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით კომისიის შექმნის ერთ-ერთ ინიციატორს, ხათუნა სამნიძეს მიმართა კითხვით – იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მიერ დასანქცირებული თითოეული მოსამართლე გამართლდა, როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით.

„პირველად ჩემს ცხოვრებაში, მექნება ძალიან მოკლე, მშრალი შეკითხვა. ნებისმიერი კომისიის საბოლოო პროდუქტი არის ორი – პესიმა, ოპტიმა. თქვენ ემზადებით უარყოფითი დასკვნისთვის, მაგრამ რომ აღმოჩნდეს ისე, რომ მიიღოთ დადებითი შედეგი და გამართლდეს თითოეული მათგანი, როგორი იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა ამერიკასთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში?“, – განაცხადა ლადო კახაძემ. 

 შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ სასამართლო ჩინოვნიკს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

,, რუსეთის ეკლესია „თავისუფლების კუნძულია“- რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქი კირილე ირწმუნება, რომ კრემლის ლიდერისგან ბრძანება არასოდეს მიუღია. ამის შესახებ პროკრემლისტური მედიასაშუალება TASS-ი იტყობინება.

რუსეთის პატრიარქის თქმით, ქვეყანაში ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობაში ერთგვარი სიმფონია ჩამოყალიბდა.

ამასთან, რუსეთის პატრიარქი ამბობს, რომ რუსეთის ეკლესია „თავისუფლების კუნძულია“.

„თავისუფლების კუნძული – არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეკლესია. ჩვენ ნამდვილად თავისუფლები ვართ. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ხელს იშვერს და აცხადებს, რომ პატრიარქი პრეზიდენტის დავალებებით მოქმედებს. ღვთის წინაშე გეუბნებით პრეზიდენტს პატრიარქისთვის არასდროს არაფერი უბრძანებია.

დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ როგორც მართლმადიდებელი მორწმუნე ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი, არც მომავალში იზამს ამას“, – აცხადებს პატრიარქი კირილე.

ოლივერ ვარჰეი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს პასუხობს

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს პასუხობს, რომლებმაც მას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიმართეს.

როგორც ევროკომისარი აცხადებს, ევროკავშირი მადლიერია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში ჩართულობისთვის.

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძვირფასო წარმომადგენლებო, მადლობას გიხდით თქვენი 2023 წლის 24 მარტის წერილისთვის საქართველოს მიერ ევროკომისიის 2023 წლის 17 ივნისის მოსაზრებაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, პირველ რიგში, ხაზი გავუსვა ჩვენს ერთგულებას ევროპულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერის შესახებ. სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში და ასევე არსებითი როლი აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს დაცვის კუთხით. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში ჩართულობისთვის, ისევე როგორც მისი წვლილისთვის პოლიტიკის ფორმირებაში.

როგორც თქვენს წერილშია აღნიშნული, 2022 წლის 23-24 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიანიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილების შემდგომ კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით და ხელს უწყობს საქართველოს ძირითადი საკითხების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში. ამავდროულად, ისევე როგორც გაფართოების პოლიტიკის მონაწილე ყველა ქვეყნის შემთხვევაში, ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე. კომისია 2023 წლის გაზაფხულზე ზეპირად წარუდგენს საბჭოს განახლებულ ინფორმაციას საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე. ამ განახლების ვადები და მოდალობები კვლავ განხილვის სტადიაზეა. ოფიციალური ანგარიში პრიორიტეტების იმპლემენტაციის შესახებ იქნება კომისიის გაფართოების ყოველწლიური პაკეტის ნაწილი შემოდგომაზე“, – ნათქვამია ვარჰეის წერილში.

23 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ოლივერ ვარჰეის მიმართეს, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული შუალედური შეფასება საჯარო იყოს.

ვგიჟდები ასეთ “რჩევებზე” უკვე ნაქეიფარზე” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ყველა წესს რომ ვიცავდე, როგორც ძველი რაჭული ანდაზა ამბობს, ჩემს ძილს ძაღლი არ დაჰყეფდა – რატომ არ შეიძლება ძილამდე სამი საათის განმავლობაში ჭამა და სმა, შენ ხარ ჩემი ბატონი და ბევრი მიზეზით, მინიმუმ ცუდი სიზმრები იცის. თუმცა ენდოკრინული მიზეზები გამოსატოვებელი არაა, რადგან სწორედ შაქრების ვერგადამუშავებას და მითუმეტეს ასე გავრცელებულ შაქრიან 1 და 2 ტიპის დიაბეტს თან ახლავს საჩუქრად ძილის დარღვევაც, შფოთვაც, უენერგიობაც და ზოგჯერ მეტიც. თირკმელსაც უჭირს სითხეების რეგულირება და თირკმელი რადგან სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაში ღრმა სტრესის შემნახველ სალაროდაა მიჩნეული, ასეთივე ღრმად დაბუდებული სტრესების ამოწევას იწყებს ღამის საათებში და სიმშვიდეც ღრმად ირღვევა. პასკების უხვად ჩალაგების მიზეზით ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ე.წ. გულძმარვა, ხოდა რაც კი რამ წამიკითხავს ამის შესახებ, თითის გაყოლებით მესიზმრებოდა სახელმძღვანელოს გვერდები და გუგლის დიაგნოსტიკასავით ნაირნაირ მიზეზს ვფიქრობდი. ძილში გულძმარვის გამომწვევი ერთერთი მიზეზი საყლაპავი მილის თიაქარია, რომელსაც ბონუსად მოსდევს შფოთვითი აშლილობები. თიაქარით გამოწვეული გულძმარვა ძილის საათებში მაშინ ვლინდება, თუ ისე ხარ ამოტენილი საკვებით, რომ მაგალითად, პასკის ნაჭრები მთელ ჩვენს უამრავმეტრიან ნაწლავებში კუპატის შიგთავსივითაა ჩალაგებული. ძილშივე პირობას ვდებდი, ამას აღარასდროს ჩავიდენმეთქი. მოკლედ მეგობრებო, ფსიქო-სომატიკის საუკეთესო მიგნებების მიხედვით, თუ წესრიგშია საჭმლის მომნელებელი და ან ენდოკრინული სისტემები – მინიმუმ განახევრებულია ნევროზი. ხოლო ეს ყველაფერი რომ წესრიგში იყოს, ჭარბი კვებით თვითდაზიანება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. დავტოვოთ “ქეიფი” ექსცესად, თავის იშვიათ დაჯილდოებად. სხვა დანარჩენ დროს დავიცვათ ფიზიოლოგიური ინტერვალი – 12 საათი.
ვგიჟდები ასეთ “რჩევებზე” უკვე ნაქეიფარზე. მანამდე ხომ არც თქვენთვის მიკადრებია, ლაგამი მოჭიმეთმეთქი და არც საკუთარი თავისთვის მიწყენინებია. აი ესაა ტაქტი და აღზრდა!

სთქვა მან და პასკის ზორბა ნაჭერი გადაიღო, ვინაიდან და რადგანაც, ამ ხნის ქალი მოყრილიყო და საუზმეზე გლახა არაფერი წაეკითხა.”

კახა ლაბუჩიძემ ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე ქართულ-ებრაულ სკოლა „ორ ავნერში“ ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია, რომელიც ისრაელის საელჩოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისრაელის ცენტრთან პარტნიორობით გაიმართა, მიზნად ჰოლოკოსტის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ კონფერენციაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან ჰოლოკოსტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, რათა ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს.

„ჰოლოკოსტის დღე უმძიმესია კაცობრიობისთვის, რამდენადაც ამ ისტორიულმა მოვლენამ მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მსოფლიო ისტორიის ეს ტრაგიკული თარიღი გვახსენებს ჰოლოკოსტის დროს ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს და ამავდროულად გვაფიქრებს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, რათა ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ წარსულის მაგალითებზე, წინ აღვუდგეთ შეუწყნარებლობას და დავიცვათ დღევანდელი და მომავალი მსოფლიო მსგავსი ბოროტებისა და სისასტიკისგან“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ებრაელთა დევნის პერიოდში ქართულმა სახელმწიფომ შეძლო სრულიად მსოფლიოსთვის ეჩვენებინა თანამეგობრობის და შემწყნარებლობის საუკეთესო მაგალითი.

„ბედნიერი ვარ, წარმოვადგენდე იმ ქვეყანას, რომელმაც ებრაელ ერს მრავალსაუკუნოვანი დევნის დროსაც მხარდაჭერა გამოუცხადა. განათლებისა და კულტურის კომისია მხარდაჭერას უცხადებს ქართულ-ებრაულ სკოლას და ვიმედოვნებთ, ჩვენი პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ქართულ-ებრაული სკოლის მიერ გამართულ კონფერენციას თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, ისრაელის საელჩოს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს უნივერსიტეტების, ზოგადი და კერძო სკოლების, ებრაული თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსეთის დუმამ სამშობლოს ღალატისთვის სამუდამო პატიმრობა შემოიღო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ, მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ტერორიზმის ბრალდებაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს.

ამრიგად, ღალატის მუხლით წარდგენილი ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს უვადო პატიმრობას.(ამჟამად ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას), ხოლო “ტერორისტული აქტის“ ბრალდების მუხლი 15-დან  20 წლამდე გაიზარდა.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების აღსრულებაში დახმარებისთვის, რომლებშიც რუსეთი არ მონაწილეობს. მაქსიმალური სასჯელი ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტი  რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს 2022 წლის ნოემბერში წარუდგინა.

“ჟიჟილაშვილი, სანაია, თარგამაძე, ბაღაშვილი და მათი კოლეგები დღეიდან, ევროპელი პენსიონერებიდან წამოღებული ფულის მფლობელები ხდებიან”- ირაკლი ლატარია

ჯარი გაძარცვა, ბინძური ფულით შექმნა კომპანია, სადაც დაასაქმა ახალგაზრდები და ევროპელი პენსიონერები გააძარცვინა, ამდენი ახალგაზრდა გახადა დანაშაულებრივი სქემის თანამონაწილე. ეს არ ეყო და დღეს რას აკეთებს? „ფორმულას“ წილებს აძლევს იქ მომუშავე თანამშრომლებს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია დავით კეზერაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ იგი უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.

ლატარიას თქმით, ამ ნაბიჯით, კეზერაშვილი დანაშაულის თანამონაწილედ ხდის ტელეკომპანიის კოლექტივს. მისივე განცხადებით, „ფორმულას“ თანამშრომლები, ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითურად დაუფლებული თანხით იღებენ ანაზღაურებას.

„ე.ი. რა გამოდის? ჯარი გაძარცვა, ბინძური ფულით შექმნა კომპანია, სადაც დაასაქმა ახალგაზრდები და ევროპელი პენსიონერები გააძარცვინა.. ამდენი ახალგაზრდა გახადა დანაშაულებრივი სქემის თანამონაწილენი..
ეს არ ეყო და დღეს რას აკეთებს? „ფორმულას“ წილებს აძლევს იქ მომუშავე თანამშრომლებს და ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ჟიჟილაშვილი, სანაია, თარგამაძე, ბაღაშვილი და ა.შ მათი კოლეგები დღეიდან, ევროპელი პენსიონერებიდან წამოღებული ფულის მფლობელები ხდებიან… კეზერაშვილი ამ საქმეში არის პროფესიონალი, კერძოდ, მას შეუძლია დანაშაულების სხვებისთვის განაწილება, თან ისე, რომ აქეთ მადლობას ელოდება!„ფორმულა“ მთლიანად არის დანაშაულებრივი ტელევიზია, სადაც ნებისმიერი თანამშრომელი ანაზღაურებას იღებს – პენსიონერების ნაძარცვით მიღებული შემოსავლიდან!!!“ – წერს ლატარია Facebook-ზე.

დავით კეზერაშვილის განცხადებით, ის უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.

 

“დავით კეზერაშვილის ექსტრადიციაზე საუბარი სასაცილოა” – ლევან ხაბეიშვილი

ექსტრადიციაზე საუბარი სასაცილოა, რადგან სხვა ქვეყნის სასამართლოებში დავით კეზერაშვილი გამართლებულია – თუ ევროპულ სასამართლოში მსგავსი რამ დაუმტკიცდება, შეიძლება ლოგიკური იყოს ამაზე საუბარი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ისეთი “მესიჯები” აქვს, რომ კონკრეტულ ტელევიზიასა და ადამიანს ზიანი მოუტანოს.

“ექსტრადიციაზე რომ საუბრობენ, სასაცილოა, რადგან სხვა ქვეყნის სასამართლოებში ეს ადამიანი გამართლებულია. ისინი ბოდავენ. პოლიტიკური მესიჯი აქვთ, რომ ზიანი მოუტანონ კონკრეტულ ტელევიზიას და ადამიანს, შემდეგ მასზე პოლიტიკურ ჭრილში შავი პიარი ააგორონ. თუ მსგავსი რამე დაუმტკიცდება, ოღონდ მურუსიძისა და ჩინჩალაძის სასამართლოში კი არა, ევროპულ სასამართლოში, პირობითად დიდ ბრიტანეთში, ამ შემთხვევაში შეიძლება ლოგიკური იყოს ამაზე საუბარი. თალაკვაძე და კობახიძე სასწაულებს ლაპარაკობენ, გაგიჟდებით ისეთ რაღაცებს ამბობენ კეზერაშვილზე კი არა, “ტვ პირველზე”, “ფორმულაზე”, “მთავარზე”. ამ ხალხს რომ ვუსმინოთ და გვეგონოს, რომ სწორია, გავაფრენთ ყველა. ამიტომ, მგონი, დალაგებული ხალხი ვართ იმისთვის, რომ მშვიდად შევაფასოთ, რას ემსახურება მათი განცხადება”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, კეზერაშვილი თავად გასცემს პასუხს, თუ რაიმე გამოძიება იარსებეს.

“მეეჭვება, ჩემზე მეტად “ქოლ-ცენტრების” საქმე ვინმემ იცოდეს თავისი ფიგურანტებით, ამიტომ პრობლემა არაა ნებისმიერ ობიექტურ საგამოძიებო მოქმედებას მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილი კეზერაშვილის მიერ „ფორმულას“ წილის ნახევრის ტელეკომპანიის კოლექტივისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

“მისი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მათ შორის ტელეკომპანია “ფორმულასთვის”, რომ წნეხი, რაც შეიძლება მათზე იყოს, მოიხსნება. “ფორმულას” ეს გადაწყვეტილება თუ დაეხმარება, თორემ არ ავნებს. კარგია, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა, ეს მისი უფლებაა. განაცხადა, რომ “ფორმულაზე” რომ წნეხი მოიხსნას, ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება და ძალიანაც კარგი”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ კი, სრულად გადასცემს დარჩენილ წილსაც.