Home Blog Page 2230

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანში არსებული რთული და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო, ჯერ არ არის ცნობილი ზუსტი დრო, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა.

საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ მუდმივ კონტაქტზე რჩებიან სუდანში მყოფ ქართველებთან.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორებთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ჯერ ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს.

მეტი სამუშაო და მეტი დრო ჭირდება „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას

 

„მეტი სამუშაო და მეტი დრო ჭირდება „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას, ასევე მოლაპარაკებას მწარმოებელთან  და ჩვენ პარტნიორებთანაც, იმისთვის რომ ქვეყანაში პრეპარატის შემოტანა იყოს უსაფრთხო“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, მედიკამენტმა დაადასტურა, რომ მას შეუძლია დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს ძვლის ზრდის ტემპზე და გარკვეული ზომიერი კლინიკური ეფექტი აქვს, რაც აღნიშნულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანმრთელობის ტექნოლოგიების შეფასების ანგარიშებში, თუმცა იქვე არის აღნიშნული, რომ გრძელვადიანი შედეგები არ არის დადგენილი, შესაბამისად ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება.

„ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ხშირად მივმართავთ სხვადასხვა შემთხვევებში. დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვოსორიდიტი ადრეული ეტაპის პრეპარატია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას  მასთან მიმართებაში ჯერჯერობით არ აქვს არც რეკომენდაცია და არც გაიდლაინი სტანდარტული სახით შეტანილი არ არის. სწორედ ამიტომ არის მეტი სამუშაო და მეტი დრო ჭირდება „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას, ასევე მოლაპარაკებას მწარმოებელთან  და ჩვენ პარტნიორებთანაც, იმისთვის რომ ქვეყანაში პრეპარატის შემოტანა იყოს უსაფრთხო. ეს პროცესი დაიწყო უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და კიდევ გარკვეული ეტაპები უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ თამამად გადავდგათ „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში შემოტანის ნაბიჯი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით „ვოსორიდიტი“ ინოვაციური და პირველი მედიკამენტია, რომელიც აქონდროპლაზიისთვის გაჩნდა. მისივე თქმით, ძალიან დიდი ინტერესია დღეს ამ მედიკამენტის გარშემო და სწორედ ამით იხსნება ის ფაქტი, რომ ამერიკის წამლის სააგენტომ „ვოსორიდიტს“ მიანიჭა დაჩქარებული წესით ავტორიზაცია. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ავტორიზაცია, ქვეყნების დონეზე, უპირობოდ მის აღიარებას არ ნიშნავს, რადგან თითოეული ქვეყანა კიდევ უფრო დეტალურად სწავლობს მედიკამენტის მოსალოდნელ ეფექტსა და გვერდით რეაქციებს.

ბადრიჯანი TasteAtlas-ის საუკეთესო ტრადიციულ ვეგანურ კერძებს შორის მე-5 ადგილზეა

TasteAtlas-ის მომხმარებლებმა მსოფლიოში საუკეთესო ტრადიციული ვეგანური კერძები გამოავლინეს. ჩამონათვალის პირველ ხუთეულში საქართველოც მოხვდა: აპრილის მონაცემებით, ბადრიჯანი მეხუთე ადგილს იკავებს.

ბადრიჯნის გარდა, საუკეთესო ტრადიციულ ვეგანურ კერძებს შორის ლობიოცაა, რომელიც სიაში 35-ე ადგილს იკავებს. ასეულში აჯაფსანდალიც კი მოხვდა.

TasteAtlas სამოგზაურო გზამკვლევია ტრადიციული კერძების შესახებ, სადაც მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს აფასებენ და თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

ვებგვერდი დაახლოებით 10 000 კერძის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რომელ ქვეყნებსა და რესტორნებში შეიძლება მათი დაგემოვნება. ვებგვერდზე ასევე ცნობილი ტრადიციული კერძების რეცეპტებსაც ნახავთ, რაც თქვენთვის გამორჩეულად გემრიელი კერძების მომზადებაში დაგეხმარებათ.

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში დაღუპული სამხედროსა და მისი თანამებრძოლების სულის მოსახსენიებელი სამოქალაქო პანაშვიდი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

” რელიგიურ ღვთისმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუბუნაური, თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის დედა – მარინა გზირიშვილი და გმირის თანამებრძოლები დაესწრნენ.

ვახტანგ გზირიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა. ქართველი სამხედრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ ტბეთთან საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას, ცხინვალის რეგიონიდან დაჭრილი სამხედროების სამშვიდობოზე გადმოყვანისას, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა. მას დაბომბვისას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლაშა ტალახაძე ატაცში ევროპის ჩემპიონია

ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ლაშა ტალახაძემ 210,217, 222 კილოგრამის დაძლევით ოქროს მედალი მოიპოვა.

“ის სკანდალი და კრიმინალი რაც გახმაურდა BBC-ის დოკუმენტური ფილმით, ძალიან ძნელი იქნება, რომ რამით გადაფარონ”-ლევან ნიკოლეიშვილი

ის სკანდალი და კრიმინალი რაც გახმაურდა BBC-ის დოკუმენტური ფილმის შედეგად კეზერაშვილის შესახებ, ძალიან ძნელი იქნება, რომ რამით გადაფარონ, – ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ცხადია, ცდილობენ მისი მსახურები, რომ რამით შეფუთონ და გადაიტანონ ისრები მმართველი პარტიისკენ, ან კონკრეტული ადამიანებისკენ, თითქოს ისინიც არიან გახვეულები, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ის მთავარი დანაშაული არსად ქრება და პასუხისმგებლობა აკისრია მას [კეზერაშვილს]“, – აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.

 

ე.წ. ქოლცენტრების გახმაურებულ საქმეზე, BBC-ის მიერ მომზადებული სკანდალური ფილმის შემდეგ დავით კეზერაშვილის ფრთამ საქმეში „ქართული ოცნების“ კვალის ძებნა დაიწყო. ეს მას შემდეგ, რაც კეზერაშვილის ტელეკომპანიის ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ინტერპოლმა, ევროპაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რატი ალექსიძე დააკავა.

წყაროს ინფორმაციით, საქმე შესაძლოა ფულის თაღლითურად მითვისების საქმეს უკავშირდებოდეს. ალექსიძე თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლი და „ფორმულას“ წყაროს ინფორმაციით, თბილისის მერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია

“ვოსორიტიდი“ სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს – ის გავლენას არ ახდენს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობაზე”-რამაზ ყურაშვილი

ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი რამაზ ყურაშვილი ამბობს, რომ „ვოსორიტიდი“ სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს, თუმცა, გავლენას არ ახდენს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობაზე. მისი განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს წამალმა, გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ეს გენეტიკური დაავადებაა და ახასიათებს ზრდაში ჩამორჩენა, კიდურები არ იზრდება. ინტელექტუალურად მათ არავითარი ჩამორჩენა არ აქვთ. ამ ყველაფრის მოვლას ძალიან დიდი ცოდნა უნდა და არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ სწრაფად. მითუმეტეს, ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს. ამიტომ, ფორსირება იმისა, რომ მაინც და მაინც ხვალ დავიწყოთ, არ იქნება სწორი. ამ წამალს დაახლოებით 11 სხვადასხვა სიმპტომი აქვს. კლინიკური სიმპტომი იწყება თავბრუსხვევით. გაუზომავენ წნევას, წნევა დავარდნილია. სამი მარეგულირებელი ფიზიოლოგიურად ნორმალური ორგანო ზიანდება ამ წამლისგან რაღაც მომენტებში, შეიძლება, ძვლები არაპროპორციულად გაიზარდოს, შეიძლება, ორგანოებმა არაპროპორციულად დაიწყონ გაზრდა ან ფუნქციონირება. ყველაფერი ეს უნდა გავითვალისწინოთ, არ უნდა ვიჩქაროთ“, – განაცხადა რამაზ ყურაშვილმა, რომლის კომენტარიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრისთვის, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა მაინც აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახალშექმნილ სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდს“, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს დაიწყებს.

მათვე ცნობით, ძალაშია ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი დაპირება – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სახელმწიფო დააფინანსებს

“ქოლცენტრები ნამდვილად არის თაღლითური სქემა, თუმცა ეჭვქვეშ ვაყენებ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს”-პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილი თუ დამნაშავეა, ბრიტანული სამართალდამცავი ორგანოები ამას გაარკვევენ. მისივე თქმით, ქოლცენტრები ნამდვილად არის თაღლითური სქემა, თუმცა დამაჯარებელი არ არის, რომ ხელისუფლებას ქოლცენტრების მუშაობის შესახებ არ სცოდნოდა.

აქედან გამომდინარე, პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ ეჭვქვეშ აყენებს არა „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებას, არამედ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს.

„კეზერაშვილთან პირდაპირი სამხილი არავის დაუდია. საუბარია, რომ საქართველოში არსებულ იმ ოთხ ადამიანს (მათ უდანაშაულობის პრეზუმფციასაც არ ვარღვევ, არ ვიცი, ის ხალხი ვინ არის, არც ვიცნობ) რაღაც ეტაპზე შეიძლება, კეზერაშვილი იცნობდა კიდეც და ურთიერთობაც ჰქონდა ამ ხალხთან, მაგრამ ეს ადამიანები, როგორც მაქვს ინფორმაცია, შემდეგ უფრო დაუახლოვდნენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, საუბარია ფარცხალაძეზე, მამაცაშვილზე, ეჭვების დონეზე გეუბნებით. კეზერაშვილი თუ არის დამნაშავე, ბრიტანული სამართალდამცავი ორგანოები არ დააკლებენ ამას ხელს, ჩვენ მაგაზე არ ვინერვიულოთ. ჩვენ ვინერვიულოთ იმაზე, საქართველოში რომ არსებობდა ქოლცენტრები, ვინ მფარველობს და ვინ იყო ამ ყველაფრის უკან. ჩემს ვერსიას გეუბნებით. ეჭვქვეშ არ ვაყენებ „ბიბისის“, ეჭვქვეშ ვაყენებ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს – კეზერაშვილის გარემოცვა იყო და საქართველოში ისე მუშაობდა ქოლცენტრები, რომ ვერაფერი გავიგეთ. შეიძლება ქვეყანაში ამუშაო ქოლცენტრი ისე, რომ ხელისუფლებამ არაფერი იცოდეს?

სასწაული ამბავია, კეზერაშვილი წირავს თავის მეგობარს, რომელიც არის ბურჭულაძის, თავდაცვის მინისტრის ყოფილი ქვისლი, დაახლოებულია „ქართულ ოცნებასთან“. როგორ იმუშავებს ქოლცენტრი ქვეყანაში ხელისუფლების ჩართულობის გარეშე? – ქოლცენტრს კი არა, ზარს რომ ვაკეთებდით საერთო ჩათში, იქ ჩაგვინერგა სუს-მა აგენტი და ყოველდღე რასაც ვამბობდით, დანოსები აქვთ დაწერილი ამაზე. 1 000 კაცში ტრეფიკი 24-საათიანი თაღლითური სქემით ირეკებოდა უცხოეთში და არ იცოდა ხელისუფლებამ?“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები შეუერთდნენ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს მთავრობის ადმინისტრაციასთან დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები შეუერთდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მათ მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მშობლების განცხადებით, წამალი ვოსორიტიდი, რომლის ერთწლიანი დოზა დაახლოებით 200 000 დოლარი ჯდება, საქართველოში სულ 16 ბავშვს სჭირდება. წელიწად-ნახევარია, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას მოითხოვენ.

„ჩვენ, დიაბეტიანი ბავშვების მშობლები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს, რომლებიც ითხოვენ პრეპარატ ვოზორიდიტს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი შვილებისთვის. ჩვენ მათი ძალიან კარგად გვესმის იმიტომ, რომ ჩვენც და ჩვენი შვილებიც უგულებელყოფილები ვართ ჯანდაცვის სისტემის მხრიდან, ჩვენც იგივეს გავდივართ, რასაც ეს მშობლები, რადგან პროგრამულად ვერაფერს ვერ ვიღებთ, რაც ჩვენს შვილებს ეკუთვნით“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიაბეტის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა. 

რა არის აქონდროპლაზია

აქონდროპლაზია არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც შესაძლოა, განუვითარდეთ ამ გენის მქონე ბავშვების 80%-ს. დაბადებისას სიმაღლე ნორმალურია. დროთა განმავლობაში ჩნდება ჩონჩხის სისტემაში დარღვევები, ბავშვი იწყებს თავის თანატოლებთან შედარებით სიმაღლეში ჩამორჩენას. მათ ტანი ნორმალური აქვთ, ხოლო ხელები და ფეხები მოკლე.

აქონდროპლაზია დაავადებაა, რომელიც ავტოსომურ დომინატური გზით გადადის.

ავტოსომური დომინანტური ნიშნავს: დაავადება გადადის არასასქესო ქრომოსომით და თუ დაავადება აქვს ერთ-ერთ მშობელს მაინც, არსებობს 50%-იანი გარანტია, იმისა რომ მათი შვილიც დაავადდეს.

,,პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”- ცისანა შარტავა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ექიმმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„სავსებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, არანაირი სასწრაფო არასდროს არ ყოფილა გამოძახებული, ასეთი ფაქტი არ ყოფილა არცერთხელ. არასდროს დაგვჭირვებია სასწრაფოს გამოძახება, რაც მე ვიცი, 23 წლის მანძილზე. სტაბილურად გრძნობს თავს, მუდმივად არის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა შარტავამ.

კაცს, რომელმაც თუშეთში მეზობელი მოკლა, ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აპრილს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით თანასოფლელს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა,) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, თელავის რაიონულ სასამართლოს უკვდ მიმართა.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ ჭეშოში 19 აპრილს მოხდა. მოკლულია 40 წლის ნოდარ ნეკერაული. დანაშაულში ბრალდებულია მისივე თანასოფლელი ჯაბა ქააძე.

ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექი – ამინდი იცვლება

23 აპრილს დღის ბოლოდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ხოლო 24 აპრილს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოშიც 25 აპრილის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, – . ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ზვავების ფორმირება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.