“ვოსორიტიდი“ სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს – ის გავლენას არ ახდენს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობაზე”-რამაზ ყურაშვილი

1286
spot_img

ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი რამაზ ყურაშვილი ამბობს, რომ „ვოსორიტიდი“ სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს, თუმცა, გავლენას არ ახდენს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობაზე. მისი განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს წამალმა, გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ეს გენეტიკური დაავადებაა და ახასიათებს ზრდაში ჩამორჩენა, კიდურები არ იზრდება. ინტელექტუალურად მათ არავითარი ჩამორჩენა არ აქვთ. ამ ყველაფრის მოვლას ძალიან დიდი ცოდნა უნდა და არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ სწრაფად. მითუმეტეს, ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს. ამიტომ, ფორსირება იმისა, რომ მაინც და მაინც ხვალ დავიწყოთ, არ იქნება სწორი. ამ წამალს დაახლოებით 11 სხვადასხვა სიმპტომი აქვს. კლინიკური სიმპტომი იწყება თავბრუსხვევით. გაუზომავენ წნევას, წნევა დავარდნილია. სამი მარეგულირებელი ფიზიოლოგიურად ნორმალური ორგანო ზიანდება ამ წამლისგან რაღაც მომენტებში, შეიძლება, ძვლები არაპროპორციულად გაიზარდოს, შეიძლება, ორგანოებმა არაპროპორციულად დაიწყონ გაზრდა ან ფუნქციონირება. ყველაფერი ეს უნდა გავითვალისწინოთ, არ უნდა ვიჩქაროთ“, – განაცხადა რამაზ ყურაშვილმა, რომლის კომენტარიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრისთვის, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა მაინც აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახალშექმნილ სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდს“, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს დაიწყებს.

მათვე ცნობით, ძალაშია ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი დაპირება – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სახელმწიფო დააფინანსებს