Home Blog Page 2220

“საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით ტარდება”

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით ტარდება და მას არჩევნებში პირის მონაწილეობასთან, ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ აქვს.

„საქსტატის“ განმარტებით, ტერმინი „მუდმივი მოსახლეობა“ საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს წარმოადგენს და მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად გამოიყენება.

„სოციალური ქსელებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია 2024 წელს დაგეგმილი საყოველთაო აღწერის მეთოდოლოგიის შესახებ და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას. კერძოდ, არასწორად არის მიწოდებული ინფორმაცია აღწერაში გამოყენებული ტერმინის „მუდმივი მოსახლეობის“ შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (UN) მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება. შესაბამისად, გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით, პირი ითვლება მუდმივ მაცხოვრებლად, თუ ის კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობს. ამ მეთოდოლოგიას გაეროს წევრი 200-მდე ქვეყანა იყენებს და არჩევნებში პირის მონაწილეობასთან ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ არის. იგი საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს წარმოადგენს და მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად გამოიყენება.

უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიურ პირობებში არიან ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც წლებია სხვადასხვა ქვეყნებში (გერმანია, საბერძნეთი, აშშ, იტალია და ა.შ.) ცხოვრობენ, არიან შესაბამისი ქვეყნისთვის მუდმივი მოსახლეობა, მაგრამ ეს მათ იმ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.

ამასთან, აღწერა არჩევნების შემდეგ (2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში) ტარდება, შედეგები კი 6 თვეში გამოქვეყნდება და შესაბამისად, ერთმანეთთან შემხებლობაში არ არის,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ისლამური ანტისემიტიზმი – ყველაზე მძიმე მომენტი ისრაელისთვის- “განკითხვის დღის” ომის შემდეგ”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ მწვავე კრიზისს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „ისლამური ანტისემიტიზმი – ყველაზე მძიმე მომენტი ისრაელისთვის, „განკითხვის დღის“ ომის შემდეგ“ (ავტორი – ჯეიკ საიმონსი);

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ისრაელში დღეს რაც ხდება, შეიძლება 50 წლის წინ მომხდარ ფაქტს – იომ-ქიფურის („განკითხვის დღის“) ომს შევადაროთ. 1973 წელს, ისრაელის დაზვერვის წარუმატებლობა გაუგონარი ხელის მოცარვის ტოლფასი იყო. როცა მოსახლეობა რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას აპირებდა, ადამიანები გაოგნებულნი იყვნენ მასირებული მოულოდნელი თავდასხმით. ეს იყო ერთ-ერთი დამანგრეველი დილა ებრაული სახელმწიფოს ისტორიაში. იმ ომის შედეგად მსხვერპლი ერთ სულ მოსახლეზე სამჯერ მეტი იყო, ვიდრე აშშ-ის დანაკარგები ვიეტნამის ომში. რა თქმა უნდა, იომ-ქიფურის ომი უკვე ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ დღევანდელ და იმდროინდელ სიტუაციას შორის გარკვეული პარალელი შეიძლება გატარდეს – 1973 წელს რაც მოხდა, დღესაც თითქმის იგივე კატასტროფას წარმოადგენს ებრაელებისათვის.
ისრაელის უსაფრთხოების სისტემაში მომხდარმა შეცდომებმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ შეიარაღებული ტერორისტები ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქებში შეიჭრნენ და არავის არ ინდობდნენ. ეს ფაქტი ახსნა-განმარტებას მოითხოვს. 1973 წელს ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეცდომით ფიქრობდა, რომ არაბული არმიები მათ არ შეუტევდა – ყველა დარწმუნებული იყო, რომ ისინი დამარცხდებოდნენ და ამიტომ ეგვიპტე და სირია თვითმკვლელობაზე არ წავიდოდნენ. იყო თუ არა მსგავსი სასირცხვილო ქედმაღლობა გამოვლენილი ამ დღეებშიც, როცა ებრაელები სუკოტის (კარვების) დღესასწაულის დასასრულს აღნიშნავდნენ?

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ არაბი მებრძოლები ისრაელის ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებს ესვრიან. გაურკვეველი რაოდენობის ებრაელები ტყვედ იქნენ ხელში ჩაგდებულნი. საზოგადოება ისრაელის სადაზვერვო სამსახურებს მძაფრად აკრიტიკებს. ბევრს იმის დანახვა, თუ როგორ ზეიმობენ და ცეკვავენ არაბები პალესტინის ქალაქებში, თუ როგორ ეპყრობიან ტყვედ აყვანილ ებრაელ ქალებს და ბავშვებს, ებრაელ ტანკისტებს, გულისრევის შეგრძნებას იწვევს. მათ შორის ჩემშიც.

ასე დაიწყო ჩვენს თვალწინ სამხედრო-პოლიტიკური ხანძარი, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არ მინახავს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომი გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ღაზას სექტორის უზრუნველყოფა ელექტროენერგიითა და გაზით შეწყდა.

ეს ნიშნავს, რომ ისრაელის არმია უდიდესი ძალის საპასუხო დარტყმას მიაყენებს არაბი ტერორისტების საყრდენ პუნქტებს, კავშირგაბმულობის სისტემას და ინფრასტრუქტურას. ომი არ დასრულდება მანამ, სანამ არაბები უკანასკნელ ებრაელ ტყვეს ან მოკლულთა ცხედრებს არ დააბრუნებს. ასე რომ, ტრაგედია ტრაგედიაზე აეწყობა. უნდა ვემზადოთ ხანგრძლივი საომარი პერსპექტივისათვის.

სხვათა შორის, არსებობს იმის საფრთხეც, რომ „ჰეზბოლა“ (არაბ ტერორისტთა დაჯგუფება ლიბანში), რომელსაც რაკეტების რეზერვი ზოგიერთ სახელმწიფოზე მეტი აქვს, ისრაელის ჩრდილოეთში მეორე ფრონტს გახსნის და ებრაელთა თავდაცვის ძალებს ორად გაყოფს – ანუ 1973 წლის მოვლენები განმეორდება. და ყველასათვის გასაგებია, ამ ყველაფრის უკან ირანი დგას, რომელიც აიარაღებს როგორც „ჰამასს“, ასევე „ჰეზბოლასაც“.

თეირანს დიდი ხანია სურს ისრაელზე თავდასხმა ამ ორი ტერორისტული დაჯგუფების მონაწილეობით.
ძნელია არაფერი არ ვთქვათ და არ გავაკრიტიკოთ დასავლეთის ე.წ. „დამწყნარებელი“ პოლიტიკა, რომელმაც ირანი და მისი საცეცები, მათ შორის, „ჰამასი“ გაათამამა. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ, თუ როგორ გამოვიდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ წინადადების წინააღმდეგ, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგების კორპუსი“ „შავ სიაში“ შეტანილიყო, მიუხედავად იმისა, რომ MI-5-ის გენდირექტორმა თავის მოხსენებაში ირანელ „გუშაგთა“ ანტიბრიტანული ტერორისტული ქმედების დამადასტურებელი ფაქტები წარადგინა.

ამასობაში კი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანის მმართველ რეჟიმს ჩუმად ეხმარება: ნავთობის ექსპორტის აკრძალვას აუქმებს და თეირანს ნებას აძლევს მილიონობით დოლარის შემოსავლები მიიღოს და ამ ფულით საზღვარგარეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს არსებობა გაუგრძელოს, ასევე გააგრძელოს ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა.

სამწუხაროდ, ჩვენ ახლაც მოწმენი ვართ იმისა, რაც ხშირად ხოლმე ხდება ისრაელის მიმართ: როცა ერთი ომი რეალურად მიმდინარეობს, მეორე ომი ონლაინ რეჟიმით ინტერნეტში ხდება: ტროლები არმია ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს ებრაული სახელმწიფოს თავდაცვითი ნაბიჯები. იმ დროსაც კი, როცა „ჰამასის“ ტერორისტები ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ, ჩვენ გვესმის, რომ „ებრაელები თურმე სიკვდილს იმსახურებენ“. როცა ისრაელის არმია „ჰამასს“ საპასუხო დარტყმას აყენებს, ჩვენ გვეუბნებიან, არაპროპორციული მოქმედებთო. მაჰმუდ აბასმა, პალესტინელმა ე.წ. „ზომიერმა“ ლიდერმა, რომელიც უკვე 18 წელია პრეზიდენტის როლს ასრულებს, თანამემამულეთა მიერ ჩადენილი მხეცობა გაამართლა და თქვა, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია ისრაელის საოკუპაციო ჯარის მოქმედებით და არაბების მიწაზე ებრაელთა ახალმა დასახლებებით.

დასავლელი „სასარგებლო იდიოტები“ სოციალისტური მიდგომით აცხადებენ, რომ „ჰამასის“ ორგანიზაცია „წინააღმდეგობის მებრძოლთა ჯგუფს“ წარმოადგენს და რომ ისინი, როცა ებრაელებს ხოცავენ, უბრალოდ, კოლონიურ სახელმწიფოს ებრძვიან. საღად მოაზროვნე ადამიანების პასუხი ამ მართლაც იდიოტების მიმართ ასეთია: ეს არის ანტისემიტური თავდასხმა. მსგავსი რამ ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა შეიძლება პირდაპირი პარალელის გავლება „ჰამასსა“ და ადოლფ ჰიტლერს შორის: მეორე მსოფლიო ომის დროს ექსტრემისტული პალესტინელი ლიდერი, ამინ ალ-ჰუსეინი, რომელიც ებრაელობას ინფექციურ ავადმყოფობად მიიჩნევდა, ხოლო უშუალოდ ებრაელს – მიკრობად და ბაცილად თვლიდა, მესამე რეიხის იდეოლოგიის გამტარებლად მუშაობდა ახლო აღმოსავლეთში: ხელს უწყობდა ფაშიზმის პროპაგანდას რადიოს, პრესის და პროკლამაციების მეშვეობით.

წაიკითხეთ „ჰამასის“ წესდება: 32-ე მუხლში ნათქვამია, რომ „ჰამასი“ იბრძვის სიონისტთა შეთქმულების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ ნილოსსა და ევფრატს შორის არსებული ტერიტორიის დაპყრობა. ეს გეგმა „სიონელი ბრძენების ოქმებშია“ გამოხატული“. არასაკმარისი იქნებოდა იმის თქმა, რომ „ჰამასი“ ნაცისტური პროპაგანდის გავლენის ქვეშაა მოქცეული. ეს პირდაპირ ნაცისტურ პროპაგანდას წარმოადგენს.
ის ფაქტი, რომ ზოგიერთი დასავლელი ლიბერალი ორაზროვნად ლაპარაკობს და ირიბად მხარს უჭერს არაბებს, ისინი თავიანთი ასეთი ქცევით ფაქტობრივად მხარს ისლამისტ ფაშისტებს უჭერენ.

ასეთ „გულუბრყვილობას“ ვერაფრით გამართლებ. ეს არის მორალური კრახი. დასავლეთი წინ უნდა აღუდგეს მსგავს პოლიტიკოსებს და ისრაელის გვერდით დადგეს.

წყარო

“ვერავინ ვერასდროს დაივიწყებს, რა ქნეს ტერორისტებმა ისრაელში” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 69-ე სესიაზე გამოსვლისას ისრაელში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ყურადღება შუა აღმოსავლეთისკენაა მიმართული, ვერავინ ვერასდროს დაივიწყებს, რა ქნეს ტერორისტებმა ისრაელში. ათასობით რაკეტა მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ; ხალხს მანქანებში ესვრიან; ქუჩები სისხლითაა დაფარული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელსა და უკრაინაში არსებულ ვითარებას შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანაზე თავდასხმას ტერორისტები ახორციელებენ.

„ისრაელელებმა, ისრაელელმა იორდანელებმა, ვინც იყვნენ უკრაინაში, ვინც იყვნენ ბუჩაში, ნახეს იგივე ბორეტება, რაც რუსეთმა დაატრიალა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ისრაელზე თავდამსხმელი ტერორისტული ორგანიზაციაა, ხოლო უკრაინაზე თავდამსხმელი – ტერორისტული სახელმწიფო. არსი იგივეა. თქვენ ხედავთ სისხლს ქუჩებში, იმავე სამოქალაქო მანქანებისთვის სროლას, ადამიანების ცხედრებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ირანის პასუხისმგებლობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„ირანს არ შეუძლია, თქვას, რომ არაფრის გაკეთება შეუძლია იმასთან დაკავშირებით, რაც ისრაელში ხდება. სადამდე შეიძლება, ეს ბოროტება მივიდეს?“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ

თიბისის და ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის, მოსწავლეებმა მგზავრობისას თიბისის მოსწავლის Visa/Mastercard ფიზიკური ბარათი უნდა გამოიყენონ. მგზავრობის რაოდენობა შეზღუდული არ არის. სატრანსპორტო შეღავათი გავრცელდება თიბისის ქუთაისის ფილიალებში გაცემულ მოსწავლის ბარათებზე. ახალი მომხმარებლებისთვის, სატრანსპორტო შეღავათი ბარათის აღებიდან 2 სამუშაო დღეში გააქტიურდება.

ქუთაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათი ვრცელდება ასევე თიბისის სტუდენტის ბარათის მფლობელებისთვისაც. ქუთაისის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების 33 ათასზე მეტ სტუდენტს ნახევარ ფასად შეუძლია მგზავრობა.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, შესაბამისად მათზე  მორგებული პროდუქტების, სერვისებისა და შეთავაზებების შექმნა ბანკისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია.

R

“მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება არჩევნებში ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა”

მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა – საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს სამუშაო ექნებათ არა იმდენად ტექნოლოგიაზე, არამედ კლიმატზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მოსყიდვამ და დაშინებამ ვეღარ იმუშაოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან საარჩევნო კამპანიის დროს, დაშინებისა და მოსყიდვის მეთოდები „უდავოდ იქნება გამოყენებული“, თუმცა წინასწარ საუბარი იმაზე, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს „პრინციპულად არასწორად“ მიაჩნია. ბოკერიას შეფასებით, „ამაზე საუბარი არათუ არაფრის მომტანია, არამედ ეს არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმს აწყობს“.

„მე ვფიქრობ, მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა. ეს აღნიშნა ყველამ. ფარულობის საკითხი არის პოლიტიკური კლიმატის საკითხი, ხელისუფლებისადმი ნდობის და იმ მეთოდების თემა, როგორც ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ექცევა – მოსყიდვა, დაშინება. „ქართული ოცნების“ კამპანიის საკვანძო ნაწილი არის სწორედ ანგარიშის ჩაბარება, რომ იცოდნენ და აკონტროლებდნენ ხმებს. ეს იყო მანიპულაციის მთავარი მეთოდი. აქ საზოგადოებას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს სამუშაო ექნებათ არა იმდენად ტექნოლოგიაზე, არამედ კლიმატზე და იმ ატმოსფეროზე, რომელიც საზოგადოებაში იარსებებს, სადაც ამ მეთოდებმა, რომელიც აქამდე საკმარისი იყო ივანიშვილის რეჟიმისთვის, ვგულისხმობ, მოსყიდვა, დაშინება და ხმების კონტროლი, ვეღარ იმუშაოს,“ – განაცხადა ბოკერიამ.

“ევროკავშირში მხარდამჭერი, მეგობარი ქვეყანა აღარ დაგვრჩა, რომელიც საქართველოს ლობირებას გაუწევს” – ზურაბ ჯაფარიძე

ევროკავშირის მხრიდან წინაპირობებია დაყენებული. ეს ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის შესრულებაა, რომელიც არ შესრულებულა და არც აპირებენ. ახლა თამაშობენ, რომ ვითომ რაღაცას ასრულებენ. ვენეციის კომისიაში სამოქმედო გეგმები და რაღაცები გადააგზავნეს, ეს არის ბოდვა,- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება გადის იმაზე, თუ რამდენად მალე გახდება ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. „მეორე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან იყოს თანხვედრაში, სადაც მკვეთრი ვარდნა გვაქვს. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი და ამას გვეუბნება ევროკავშირიც. ამის გარდა, ბევრი სხვა პრობლემაცაა. [მაგალითად ის,] რომ ევროკავშირში მხარდამჭერი, მეგობარი ქვეყანა აღარ დაგვრჩა, რომელიც საქართველოს ლობირებას გაუწევს. შემდეგ ის, რომ იქ ბევრი ქვეყანაა, რბილად, რომ ვთქვათ, ნაწყენი, იმაზე, რომ საქართველოს დამოკიდებულება უკრაინაში [მიმდინარე] ომთან დაკავშირებით, ცალსახა და გასაგები არ არის. ეს არის ის, რასაც ბრიუსელში ყოფნისას გვეუბნებიან. ჩემი აზრით, ყველა რუსულ სანქციასთან უნდა ვიყოთ შეერთებული. რუსეთში არც ერთი სანქცირებული პროდუქტი არ უნდა შედიოდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სტატუსს და ზოგადად, ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის რამე საფრთხე არ შეექმნას. ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ. საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება გადის იმაზე, რაც უფრო მალე გავხდებით ევროკავშირის და ნატო-ს წევრები. ყველაფერი ძალიან მარტივია“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ

ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების თაობაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ. აღნიშნულმა დეპუტატებმა რეზოლუციის შესაბამისი პროექტი უკვე მოამზადეს.

„საქართველოს პარლამენტი: ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით; მხარს უჭერს რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; ადასტურებს რა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ძალის არგამოყენების ვალდებულებისადმი საქართველოს ერთგულებას და ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნავს რა საქართველოს მისწრაფებას, განახორციელოს ინკლუზიური და ყოვლისმომცველი, სამშვიდობო პოლიტიკა, რათა წარმატებით მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა შერიგების, ჩართულობის და მათ შორის ნდობის აღდგენის კუთხით პროგრესის მიღწევა;

ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს კანონიერი უფლება, სტრატეგიული მიზანი და უპირველესი პრიორიტეტია.

ეხმიანება რა საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 21 ივლისის N 07-3/99 რეზოლუციას “დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ” და ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიმართ ხსენებულ რეზოლუციაში დაფიქსირებული მოთხოვნების შესრულების აუცილებლობას.

ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა.

მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას შავი ზღვის ფართო რეგიონისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის.

აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის გაგრძელებაა. შესაბამისად, მოუწოდებს ცივილიზებულ სამყაროს, შეაკავოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, დადგეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის დაცვის სადარაჯოზე.

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება და საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები;

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ძალას, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ყველა სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − დეოკუპაცია;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის მუდმივი განთავსების გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გაზრდილი რისკების შესამცირებლად და რუსეთის აგრესიული ქმედების საპასუხოდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკურ არენაზე.

მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობარ სახელმწიფოებს, დაიკავონ მტკიცე, ერთიანი პოზიცია, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის, მილიტარიზაციის და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიული, უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარებისთვის და ასევე ხელს შეუწყობს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას.

მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაეყრდნოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში − რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი.

ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური და პროაქტიური თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან, რათა მოახდინოს ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებისას ე.წ. კარუსელი არ გამოირიცხება – ზურაბ ჯაფარიძე

„გამორიცხული არ არის, რომ რაიმე სახის მანიპულაცია იყოს არჩევნების ახალი წესით ჩატარების დროს”- აცხადებს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ახალი, ელექტრონული წესით ჩატარებისას არსებობს იმის რისკი, რომ ერთი და იგივე ამომრჩეველმა ხმა სხვადასხვა უბანზე მისცეს.

„გამორიცხული არ არის, რომ რაიმე სახის მანიპულაცია იყოს არჩევნების ახალი წესით ჩატარების დროს. ჩვენ რაც შევისწავლეთ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ერთ უბანზე შევიდეს, ხმა მისცეს, შემდეგ წავიდეს და სხვა უბანზე მისცეს ხმა. ე.წ. კარუსელი რაც არის, ამ სისტემით არ გამოირიცხება. მაგის გამორიცხვის გზა ჩვენი აზრით ისაა, რომ ეს სისტემა ერთიანი იყოს, ყველა უბნიდან და ოლქიდან ეს აპარატები ერთ სქელში იყოს ჩართული. ეს შესაბამისად, ერთი ადამიანის რამდენიმე უბანზე შესვლას გამორიცხავს. ამის წინააღმდეგი ბევრია და არამარტო ხელისუფლება, ამიტომ ეგ ამბავი არ გამოდის. ეს რისკი არსებობს, თუმცა მთავარ პრობლემად ისევ რჩება ის, რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში და არა არჩევნების დღეს. მთავარი პრობლემა დაფიქსირება და დოკუმენტირებაა იმისა, როგორ მუშაობს სუს-ი, როგორ მუშაობენ რესურსცენტრები, „ქართული ოცნების“ პარტია, როგორ ყიდულობენ ხმებს, როგორ აშანტაჟებენ ხალხს, როგორ უკეთებენ ბარტერებს სხვადასხვა რაღაცაში და როგორ ამობილიზებენ ხმებს. ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევა ეს არის, რომელიც ახლა დგას და ამას ყველას მხრიდან სჭირდება გამკლავება, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი თუ პოლიტიკური პარტიები“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

“ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს” – გია ვოლსკი

ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს – ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები არაადეკვატურია,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიღებასაც ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ.

ვოლსკი ამ ინიციატივას პროვოკაციის მცდელობად განიხილავს.

„საერთოდ, ადრეც ვთქვი და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან სულ მცირე არის პროვოკაციის მცდელობა მუდმივად, რომ რაღაცას წარმოადგენენ ეს პოლიტიკური სუბიექტები და ადამიანები იმ დიდ პოლიტიკაში, იმ ურთულეს სიტუაციაში, რაც დღეს საქართველოს შეუქმნა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ და არამარტო ოკუპაციამ. ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები არ არის ადეკვატური და მინდა ერთიც გაგახსენოთ -2009 წელს რუსეთის ფედერაციამ მყარად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა უნდა ააშენოს, რასაც მრავალი წელი სჭირდება, დაწყებული ზღვის სიღრმის უზრუნველყოფიდან, ინფრასტრუქტურით დამთავრებული და მას მერე ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ იქნა შემჩნეული,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია, პარტია „საქართველოსთვის” წევრები ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ რეზოლუციის მიღებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ დეპუტებტმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პროექტის თანახმად, რომელიც დეპუტატებმა უკვე მოამზადეს, პარლამენტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას შავი ზღვის ფართე რეგიონისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის.

Wizz Air-ი თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს

უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა განაცხადა, რომ, ისრაელში არსებული ვითარების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და შესაბამის ორგანოებთან კონტაქტში ვიმყოფებით“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან CNN-ის ინფორმაციით, ავიაკომპანიებს, რომლებმაც ისრაელის მიმართულებით და პირიქით ავიამიმოსვლა შეაჩერეს, რამდენიმე აზიური ავიაკომპანიაც შეუერთდა. კერძოდ, ფრენები შეაჩერა: Korean Air-მა, Air India-მა, Cathay Pacific-მა.

ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტეს: United Airlines-მა, American Airlines-მა და Delta Air Lines-მაც.

ისრაელში ფესტივალზე „ჰამასის“ თავდასხმას გამოქცეული გოგო სახლში დაბრუნდა

ისრაელში ეძებენ კაცს, რომელიც ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე „ჰამასის“ თავდასხმის დროს შვილის გადასარჩენად წავიდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, მარკ პერეტცის ქალიშვილი მაია მუსიკალურ ფესტივალ Nova Festival-ზე იმყოფებოდა, როდესაც იქ „ჰამასის“ ტერორისტები შეიჭრნენ. კაცი შვილს ტელეფონით ესაუბრებოდა, როდესაც სროლისა და ყვირილის ხმა გაიგონა.

„როდესაც გავიგეთ, რომ „ჰამასმა“ საზღვარი გადმოკვეთა, მამაჩემი მიხვდა, რომ ჩემს დას მალე მოიტაცებდნენ, ამიტომ მანქანაში ჩაჯდა და ფესტივალისკენ წავიდა“, – განაცხადა პერეტცის ვაჟმა გილადმა.

მისივე თქმით, მამამ ფესტივალის ლოკაციას ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მიაღწია.

„როდესაც დამირეკა სროლის ხმა გავიგონე და მამამ თქვა „არ ესროლოთ მათ“, – ამბობს გილადი და აღნიშნავს, რომ მამასთან კონტაქტი მალევე დაკარგა. კაცი ვარაუდობს, რომ მამამისი გაიტაცეს ან მოკლეს.

მაიამ კი „ჰამასის“ მებრძოლებისგან გაქცევა შეძლო. ის ბუჩქებსა და ნაგვის ურნებში იმალებოდა, შემდეგ კი თავი პოლიციის განყოფილებაში შეაფარა და სახლში უვნებელი დაბრუნდა.

„მამაჩემი მებრძოლია. მეოჯახეა და უბრალოდ თავისი ქალიშვილის გადარჩენას ცდილობდა. ცხოვრება გრძელდება. იმედი მაქვს. ყველას გვენატრება მამა“, – ამბობს გილადი.

ფესტივალის ჩატარების ადგილას სამაშველო სამსახურის მოხალისეებმა 260 ცხედარი აღმოაჩინეს. სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, რომ „ჰამასის“ მებრძოლები ფესტივალის მაყურებლებს იტაცებენ.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელიმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.

“საქართველო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად უნდა პოზიციონირებდეს, როგორც დასავლეთის საყრდენი”

საქართველო, როგორც დასავლეთის საყრდენი, ისე უნდა პოზიციონირებდეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰქონდა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის განვითარების თვალსაზრისით, ეს მოცემულობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამდენადაც შუამავლობის კარგად დაწყებული პროცესი ვერ გაგრძელდა ისე, როგორც სასურველი იყო.

„ამის მტკიცებულება მოლდოვაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა იყო. რა თქმა უნდა, საქართველო კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს, ვიდრე ახლა არის. ეს უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონში თავიანთ განვითარებას საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი თავად უნდა წყვეტდნენ, მაგრამ როცა ამას საქართველო ამბობს, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, ეს არც თუ ისე სწორად აღსაქმელია, რადგან ერთადერთი ძალა, რომელიც რეგიონის განვითარებას მკვეთრად უპირისპირდება, რუსეთია თავისი საოკუპაციო პოლიტიკით და მცდელობით. ამიტომ საქართველო, როგორც დასავლეთის საყრდენი, ისე უნდა პოზიციონირებდეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები, ჩვენი შემდგომი განვითარება, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა: „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთის თანხმობა იქნება, მყისიერად დავიწყებთ შეხვედრებს აქ, საქართველოში“.