Home Blog Page 2219

ემანუელ მაკრონს ქალაქ ვენდომში, აქციაზე ქვაბებით და ტაფებით დახვდნენ

საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეები საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ლუარ და შერის რეგიონში ტაფებითა და ქვაბებით დახვდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის მოსანახულებლად ქალაქ ვენდომში იყო ჩასული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგიონულმა ხელისუფლებამ მაკრონის ვიზიტის წინ საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების გამართვა აკრძალა.

იმ სამედიცინო ცენტრთან, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი სტუმრობდა, მობილიზებული იყო პოლიცია. მიუხედავად ამისა, მოქალაქეთა ნაწილი ქუჩაში მაინც შეიკრიბა და ტაფებსა და ქვაბებს ახმაურებდა.

საფრანგეთის მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ ეთანხმება მაკრონის მთავრობის გეგმას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე იზრდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა, რის გამოც რამდენიმე წუთით ეთერი შეწყდა.

თურქული მედიის ცნობით, სამშაბათს ქვეყნის პირველ პირს სამი სიტყვით გამოსვლა ჰქონდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ, რომლებიც 14 მაისს არის დანიშნული.

მას სამუშაო დღე უნდა დაესრულებინა ინტერვიუთი, თუმცა მჭიდრო გრაფიკის გამო, ინტერვიუ საათნახევრით გვიან დაიწყო, შემდეგ კი პირდაპირი ეთერის დაწყებიდან 10 წუთში გაწყდა იმის გამო, რომ პრეზიდენტმა თავი შეუძლოდ იგრძნო. ეთერი განახლდა, რა დროსაც ერდოღანმა ბოდიში მოუხადა მაყურებლებს და განმარტა, რომ შეუძლოდ გახდა.

„გუშინ და დღეს წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით მძიმე სამუშაო იყო, ამ კამპანიის სამუშაოების გამო კი შეუძლოდ გავხდი. ამ პროცესში ისიც ვიფიქრე, არასწორად იქნებოდა თუ არა გაგებული ჩვენი დღევანდელი გეგმა რომ გამეუქმებინა, თუმცა პირობა რადგან მოგეცით, მოვედი. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ჩვენ დროდადრო ასეთ ვითარებასაც ვაწყდებით“,- განაცხადა ერდოღანმა.

დედაქალაქის მერია პირველ ეტაპზე 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს

დედაქალაქის მერია პირველ ეტაპზე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. წლების წინ ამ მიმართულებით არავის უფიქრია. ერთადერთი დავით ნარმანიამ შემოიყვანა „მანის“ მარკის ლურჯი ფერის ავტობუსები, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. დედაქალაქში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, 18-მეტრიანი ავტობუსები შევისყიდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება.

„პირველ ეტაპზე, 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. ბაზრის კვლევის შედეგების შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მაისის დასაწყისში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ავტობუსების შესყიდვის ბიუჯეტი, დაახლოებით, 245 მლნ ლარი იქნება.

„წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით, 245 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით. 18-მეტრიანი ავტობუსების მოწოდება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024 წლის განმავლობაში.  პირველი 50 ერთეული მოგვეწოდება საორიენტაციოდ, მომავალი წლის აპრილამდე, ხოლო დანარჩენის – 2024 წლის მეოთხე კვარტალში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

18-მეტრიანი ავტობუსების ბაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია

თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ბაზა აუცილებელია 18-მეტრიანი ავტობუსების გამართული ექსპლუატაციისთვის.

„ავტობაზა გათვლილი იქნება 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსზე. ტენდერი დასრულდება 8 მაისს. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 62 მლნ ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 10 თვის ვადაში, უნდა მოაწყოს არანაკლებ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ავტობაზის მშენებლობის დასრულება 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს, პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ავტომანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.

„ტაქსების რეფორმის ფარგლებში, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, პირველი ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში. აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ. აქტიურად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო უშუალოდ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და უწყებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ.

დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.

„იმისთვის, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს ასეთი საშუალებები, მათ შორის მგზავრებისთვის, შემოვიღეთ ე.წ. სტიკერები, რომელთა დარიგებას უკვე მაისიდან დავიწყებთ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. ეს ე.წ. სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში. შესაბამისად, მისი გადაადგილების დრო გაცილებით ნაკლები იქნება. ეს „სტიკერი“ განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. A კატეგორიის ტაქსი დაიშვება მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი დეტალია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

სოხუმში რუსეთის მოქალაქეების გატაცების ფაქტზე 6 ადგილობრივი დააკავეს

აფხაზური მედიასაშუალება АМРА- life ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სოხუმის დე ფაქტო პროკურატურამ რუსეთის მოქალაქეების, ლეონიდ შოკლერისა და ისმაილ შეიხის გატაცებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

Telegram-ზე გავრცელებული ცნობის მიხედვით, აღნიშნული პიროვნებები სოხუმში, გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცეს.

„მოქალაქე შოკლერი 14 აპრილის საღამოს, მაღაზია „სოხუმის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს და სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში გადაიყვანეს. მასთან მიმართებით ადგილი ჰქონდა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ძალადობას. შოკლერი არაერთ სხვადასხვა მისამართზე გადაიყვანეს, მანამ მისი დედისგან 5 000 დოლარის ოდენობის გამოსასყიდი არ მიიღეს, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს. 19 აპრილს იქნა გატაცებული შოკლერის მეგობარი ისმაილ შეიხი, რომელიც მოტყუებით წაიყვანეს გალის რაიონის სოფელ ოქუმში. მასზეც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობა განხორციელდა, თუმცა მან თავის დაღწევა შეძლო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ადგილიდან და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა“, – წერს АМРА- LIFE.

აფხაზური მედიის ცნობით, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი 6 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გასაჯაროვდა ეჭვმიტანილთა ვინაობაც: არტურ კვეკვესკირი, ადგურ ხარჩილავა, ალიას ხარჩილავა, თემურ ალხორბა, ადგურ ავიძბა და ალან ლომია.

როგორც АМРА- life წერს, 25 აპრილს, სოხუმის „საქალაქო სასამართლომ“ ეჭვმიტანილებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

“მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები იმ პროგრესზე, რასაც საქართველო ევროინტეგრაციისთვის აკეთებს”

„ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ გაკეთდა მკაფიო განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა იმ პოზიტიურ ნაბიჯებს, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა.

„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა, როგორც ევროპულ საბჭოში, ისე ნატო-ს ოფისში.  მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა. ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი გადაიდგას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები ევროკავშირის გადაწყვეტილებებში აისახება.

 

“მარცვლეულის შეთანხმება“ ჩიხში შევიდა, კიდევ არსებობს დაბრკოლებები”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება ჩიხში შევიდა. ლავროვმა აღნიშნა, რომ კიდევ არსებობს დაბრკოლებები, რაც ბლოკავს რუსული პროდუქციის ექსპორტს.

„ვერ ვიტყვი, რომ გაერო ძალისხმევას იშურებს, არა, პირიქით, გაერო-ს წარმომადგენლები ცდილობენ მოლაპარაკებებს იმ ქვეყნებთან, რომელთაც დააწესეს ცალმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, თუმცა შედეგი პრაქტიკულად არ არის. მთავარი ბანკი, რომელიც ემსახურება ჩვენს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტს გათიშულია „სვიფტიდან“ და უკან არავინ აბრუნებს. ამის სანაცვლოდ კი გვთავაზობენ ერთჯერად ალტერნატივას. დაზღვევასთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ რჩება, თუმცა გენერალურმა მდივანმა მითხრა, რომ სადაზღვევო კომპანია „ლოიდსთან“ მოლაპარაკებების შემდეგ ტარიფები მნიშვნელოვნად დაეცა“, – განაცხადა ლავროვმა გაერო-ში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, რუსეთი არ განიხილავს ჩინეთთან „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხს, რადგან რუსეთს ჩინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, რომლითაც იმპორტი და ექსპორტი ხორციელდება.

ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება გასულ თვეს 60 დღის ვადით განახლდა, თუმცა რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, შეთანხმების ვადის გაგრძელებას აღარ დათანხმდეს, თუ დასავლეთი არ მოხსნის სანქციებს, რომელიც რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს აბრკოლებს.

UK Fintech week-ზე თიბისის API გუნდის წევრი დავით კიკვიძე სიტყვით გამოვიდა

ლიდერმა ფინანსურმა ინოვატორმა ინგლისმა წელს რიგით მეცხრედ ფინტექ კვირეულს უმასპინძლა. თიბისის API გუნდის წევრი დავით კიკვიძე  IFGS 2023-ზე ისეთ სპიკერებს შეუერთდა, რომლებიც  საერთაშორისო ფინანსური სერვისებსა და ფინტექ ეკოსისტემებს ქმნიან და ავითარებენ.

წელს დისკუსიების აქცენტები ძირითადად გლობალური ფინტექ ეკოსისტემის გაძლიერებას დაეთმო. ფინტექ სერვისები გზას უხსნის ეკონომიკურ ზრდას, მდგრადობას და ფინანსურ სისტემას, სწორედ ამ პრაქტიკებზე დაყრდნობით შეირჩნენ წლევანდელი სპიკერებიც, რომელთა შორის Starling Bank-ის დამფუძნებელი ანი ბოდინი, Coinbase-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ბრაინ არმსტრონგი და Clear Bank-ის დირექტორი ჩარლს მაკმანუსი იყვნენ.

UK Fintech Week არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბული ღონისძიება ფინტექის სფეროში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან თავს იყრიან წამყვანი კომპანიები, აზიარებენ საკუთარ მიღწევებს და ინოვაციებს, რითიც ქმნიან ახალ შესაძლებლობებს, კავშირებს, პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც საბოლოო ჯამში მსოფლიოს ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს. თითოეული კომპანიისთვის ამ ღონისძიებაზე გამოჩენა, ნიშნავს მისი ცნობადობის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას და განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.

„ჩემი სიტყვით გამოსვლის მიზანი საქართველოს ეკოსისტემის მსოფლიო ფინტექ საზოგადოებისთვის გაცნობა იყო. ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად ვითარდება ფინტექის მიმართულებით, დღეს უკვე გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, სარეგულაციო გარემოც და ფინანსური სტაბილურობაც, რომ უმსხვილესი ფინტექ კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოში შემოსვლით.”- დავით კიკვიძე.

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან ფინანსურ სერვისებს სთავაზობს. თიბისის API გუნდის წევრმა დავით კიკვიძემ ლონდონში საერთაშორისო ბაზარს თიბისი გააცნო როგორც  წამყვანი ტექნოლოგიურ კომპანიას რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ფინტექ სფეროს განვითარებში. თიბისის გუნდი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში, UK Fintech Week- ზე თიბისის გუნდის წევრის დასწრებაც ამ მიზანს ემსახურებოდა:

„ფინტექ კვირეულმა შეგვძინა ახლებური ხედვა, რადგან მსოფლიოს ფინანსური სისტემა, მათ შორის ბანკინგი, ტრანსფორმაციას განიცდის. სრულიად ახალ ბიზნეს მოდელებზე ხდება გადაწყობა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თიბისიმ ამ პროცესებს არ ჩამორჩეს. მაქსიმალურად ვეცადე მეტი სიახლე და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესახებ ჩამომეტანა ინფორმაცია, რომელიც ბანკისთვის ღირებულია”- დავით კიკვიძე

თიბისის წარმომადგენელს ამ ღონისძიებაზე სპიკერის რანგში გამოსვლის შესაძლებლობა ბრიტანეთის საელჩოს ხელშეწყობით მიეცა. UK Fintech week – ის მთავარი აქცენტი ბანკების და ფინტექის თანამშრომლობა იყო, რადგან საბანკო სერვისების დისტრიბუციის მომხმარებლამდე სრულად ფინტექ კომპანიები შეითავსებენ.

„ვიღაცის“ ინტერესებში შედის შექმნას ცრუ ილუზია, რომ ერმა „ხელები ჩამოუშვა“ – დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი IRI-ს კვლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კვლევის მიზანი საზოგადოებაში ცრუ შეხედულებების ჩამოყალიბებაა.

„ერთდღიანი ზეიმი გაიფორმეს კრამონმა, დეგნანმა, ხაბემ, ანტისამთავრობო სექტორმა, ოფშორ-მედიებმა ამ IRI-ის კვლევებით. ერთ-ერთი მიზანი იყო 7-8 მარტის აქციები გაეფორმებინათ, როგორც მოქმედი ხელისუფლებისადმი მიყენებული „სასიკვდილო“ იარა. მეორე მთავარ მიზანში ცოტა გარისკეს, მაგრამ მოახლოებულ 30 აპრილის ქართული საზოგადოების ერთსულოვნებისა და ეროვნულობის შეკრებაზე მცირე რაოდენობას თუ დააფიქსირებდნენ – ამით თავის „შულერობას“ გაამაგრებდნენ: „აი, ხომ ხედავთ, ეს შედეგი მოსალოდნელი იყო და მას ჩვენი კვლევებიც ადასტურებდნენ“.

ამ „გამოკითხვის“ დანარჩენ დეტალებზე ჩვენი ყურადღება შეიძლება საერთოდ აღარც გავამახვილოთ: ხაბეს ხელში „ნაცების“ 8%-იანი ზრდა მელიას ხელში „ნაცებთან“ შედარებით, ზურაბიშვილის რეიტინგი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ბაიდენის პოპულარობას აღემატება და უამრავი დანარჩენი სისულელე, რომლებმაც გუშინდელი მიცვალებულების ქრისტიანული ხსენების დღე, სექტანტებში „ცოცხალი მიცვალებულების“ დღესასწაულად გადააქციეს. ნამდვილი Zombie party ჰქონდათ გუშინ – მივულოცოთ, რა გაეწყობა.

მე კი მაინც გამოვყოფ ერთ მნიშვნელოვან დეტალს ბოლო წლების IRI-ის ამ ე.წ. გამოკითხვებში (წლევანდლამდე ბოლო 2022 წლის ნოემბერში ჩატარდა): მაშინ მოსახლეობის 64%-თვის NATO-ში ინტეგრაცია უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც მხარი გამოკითხულთა მხოლოდ 21%-მა დაუჭირა. წლევანდელ გამოკითხვაში კი ქვეყნის გამთლიანებას უკვე არც არავინ აღარ უჭერს მხარს, ვინაიდან „მოჰბეზრდა სოხუმის და ცხინვალის დეპრესიული“ თემა და 89% უფრო რეალისტურ, ევროპულ გზას ირჩევს“, როგორც ჩანს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე.

ეს უკანასკნელი ინდიკატორი განსაკუთრებით ყურადსაღებია – „ვიღაც“ ჯიუტად ცდილობს ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებაში სოხუმსა და ცხინვალზე ფიქრი ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილას დაგვიფიქსიროს. „ვიღაცის“ ინტერესებში შედის შექმნას ცრუ ილუზია, რომ ერმა „ხელები ჩამოუშვა“, რომ მან უკანასკნელი იმედი დაკარგა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უფრო განუხორციელებელი ამოცანაა, ვიდრე – ყირიმის დაბრუნება უკრაინაში. და საერთოდ, სულ ცოტა ხანში აუცილებლად შემოაგდებენ ახალ სტიგმას: „სოხუმზე და ცხინვალზე ფიქრი – ეს არის რუსული პროექტი!“. ამ ცრუ ნარატივის გამაგრებასაც შეეცდებიან, თუ 30 აპრილის შეკრების მასშტაბურობას სასაცილო კატეგორიაში გაიყვანენ. ამიტომაც მოვდივარ, სულ რომ თავსხმა წვიმა იყოს, რამეთუ სახლში დარჩენა – IRI-ის ფალსიფიკაციებში მონაწილეობის ტოლფასი იქნება“, – წერს დავით ქართველიშვილი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს აქვეყნებს.

“დიახ, უსაფრთხო და ეფექტურია” – ხშირად დასმული კითხვები აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატზე-არჩილ მარშანია

ექი­მი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რი არ­ჩილ მარ­შა­ნია აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რატ ვო­სო­რი­ტიდ­ზე, რომ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა­საც უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი მთავ­რო­ბას სთხო­ვენ  სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავ­რცე­ლებს
📣ხშირად დასმული კითხვები აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატზე (ვოსორიტიდი):
❓️ეფექტურია თუ არა წამალი?
✅️დიახ წამალი უსაფრთხო და ეფექტურია.
ამ მედიკამენტმა ჩატარებულ კვლევაში აჩვენა, რომ ბავშვების ზრდის ხელშეწყობა პლაცებოს ჯგუფთან შედარებით 1,57სმ-ა წელიწადში.
კვლევების შესწავლის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა ორმა სააგენტომ, ამერიკის კვებისა და მედიკამენტებისა დმინისტრაციამ (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) ვოსორიტიდს მიანიჭა ავტორიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის არის უსაფრთხო და ეფექტური სამკურნალო მედიკამენტი, მისი სარგებელი გაცილებით აღემატება პოტენციურ გვერდით მოვლენებს.
❓️აქვს თუ არა მედიკამენტს გვერდითი მოვლენები?
✅️აქვს, ისევე როგორც ყველა სხვა ნებისმიერ მედიკამენტს.
თუმცა რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ ვიცით, რომ გვერდითი მოვლენების აბსოლუტური უმრავლესობა იყო მსუბუქი და არც ერთი მწვავე ალერგიული ან სერიოზული გვერდითი მოვლენა არ განვითარებულა.
❓️რა კითხვის ნიშნები არსებობს მედიკამენტის გარშემო?
✅️კითხვის ნიშნები რჩება ის, რომ ასეთი დადებითი შედეგის ჩვენების შემდეგ, პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას გაგრძელდება თუ არა ეს დადებითი ეფექტი პუბერტულ ზრდაში, აქონდროპლაზიის გართულებების პრევენციაში, სხეულის სეგმენტურ პროპორციულობაზე, ზრდის დასრულების შემდეგ საბოლოო სიმაღლეზე და ა.შ.
რაიმე განსაკუთრებული ნეგატიური მოვლენების მოლოდინი ამ ეტაპზე არც თეორიულად და არც პრაქტიკულად არ არის.
❓️რომელიმე ქვეყანა თუ აფინანსებს ამ წამალს?
✅️დიახ აფინანსებს. ზოგადად რთულად წარმოსადგენია რომ რომელიმე ქვეყანაში მასიურად მოიძებნებოდეს ადამიანები რომლებიც ასეთ ძვირადღირებულ მედიკამენტს საკუთარი ჯიბით დააფინანსებს.
შესაბამისად დაფინანსება ხდება სახელმწიფოს მიერ ან სახელმწიფო დაზღვევის მიერ ან კერძო დაზღვევის მიერ ან კომბინირებულად.
მაგალითად საფრანგეთში ის ხელმისაწვდომია და მთელ ხარჯებს იღებს სახელმწიფო + ნაწილს კერძო დაზღვევა ან სპეციალური სახელმწიფო ფონდი.
მეტიც, საფრანგეთმა თავად მიანიჭა გადაუდებელი ავტორიზაცია FDA და EMA-ს დასკვნამედე რომ აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვებს მალე ქონოდათ ხელმისაწვდომობა ამ მედიკამენტზე.
ასევე, აშშ-ში არსებობს მედიქ აიდ, რომელსაც აქვს ამ მედიკამენტის დაფინანსების პროგრამა თავისი კრიტერიუმებით:
დამატებით არსებობს ბიომარინის თანადაფინანსების პროგრამა:
და ა.შ.
❓️ვინ არის პასუხისმგებელი მედიკამენტის გვერდით მოვლენებზე?
✅️ეს შეკითხვა ზოგადად უშინაარსოა და ემსახურება ადამიანების შეცდომაში შეყვანას, იმდენად რამდენადაც თანამედროვე მედიცინას არ ახსოვს ვინმე იყოს პასუხისმგებელი გვერდით მოვლენებზე ან მკურნალობის ჩატარებაზე თუ ეს ყველაფერი არსებული გაიდლაინების და რეკომენდაციებით ხდება.
ნებისმიერ მედიკამენტზე თუ მანიპულაციაზე, ექიმის პასუხისმგებლობაა აუხსნას პაციენტს რა ინფორმაცია არსებობს ამ მედიკამენტსა თუ მანიპულაციაზე, რა სავარაუდო სარგებელი და გვერდითი მოვლენა არის დაფიქსირებული, შემდეგ კი პაციენტი იღებს გადაწყვეტილებას გაითვალისწინოს თუ არა ეს ყველაფერი.
ეს პროცეაი ერთი და იგივეა ანალგინზეც, ვოსორიტიდზეც, კბილის ამოღებაზეც და შილაქის გაკეთებაზეც.
არსად გარანტია არაფერში არ არსებობს და თუ ვინმე რაიმე სახის გარანტიას გასცემს ან იღებს პასუხისმგებლობას ე.ი ის ვიღაც შარლატანია ან არაკომპეტენტური და/ან აქვს ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი.
დღევანდელი მონაცემებით არ არსებობს არც ერთი მიზეზი იმისთვის რომ ჩავთვალოთ თითქოს რისკი მეტი აქვს ამ მედიკამენტს ვიდრე სარგებელი.
ჯანმრთელობას გისურვებთ.”- წერს სოციალურ ქსელში არჩილ მარშანია.

“მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ბოგდანოვკას, ხრომოვოსა და კლეშჩიევკას დასახლებების მიმართულებით“

რუსეთ-უკრაინის ომის 427-ე დღე

რუსული ძალები აქტიურ შეტევით ოპერაციებს სამი მიმართულებით: ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით ახორციელებენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ამ სექტორებში მტრის 39 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ ბახმუტისა და მარინკასათვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. გრძელდება მძიმე ბრძოლები ქალაქ ბახმუტისთვის. გარდა ამისა, დღის განმავლობაში, მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ბოგდანოვკას, ხრომოვოსა და კლეშჩიევკას დასახლებების მიმართულებით“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ავდიივკას მიმართულებით, მოწინააღმდეგემ შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებებთან, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ამასთან, რუსებმა კონტაქტის ხაზთან მდებარე რამდენიმე დასახლება დაბომბეს.

რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა გასული დღის განმავლობაში მარინკას დასახლების მიდამოში მოწინააღმდეგის მრავალი შეტევა მოიგერიეს.

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა ნიკოპოლის რაიონი დაბომბა. მარგანეცსა და ნიკოპოლს მძიმე არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს. მარგანეცში დაშავდა 64 და 77 წლის ორი ქალი. დაზიანდა ორი ადმინისტრაციული შენობა, რვა კერძო სახლი, ასევე ხუთსართულიანი და ორსართულიანი შენობები“, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.

“დაბომბვის შედეგად ავტოფარეხს ცეცხლი გაუჩნდა. მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. ნიკოპოლში დაზიანდა კერძო საწარმო, საცხოვრებელი კორპუსი, მაღაზია და ავტომობილები”, – აღნიშნა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ახალი სამოქმედო გეგმა მსოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერის მაგიდაზე იქნება.

მისი თქმით, საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა, ანდრეი ერმაკისა და მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით, წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ სანქციების პირველი გეგმა 70%-ზე მეტით შესრულდა.

“ასე რომ, ახლა ჩვენ წარმოვადგინეთ ის სფეროები, რომლებშიც სანქციების ზეწოლა შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს და გზები, რათა უზრუნველვყოთ მსოფლიოში უფრო მეტი სტაბილურობა, გლობალური ურთიერთობებიდან ყველა დესტრუქციული რუსი აქტორის, ყველა მათგანის, ვინც ომისთვის მუშაობს, სრული გამორიცხვით. სანქციების შესახებ ეს დოკუმენტი მსოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერის – პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ბიზნეს ლიდერის მაგიდაზე იქნება. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ, ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ, აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს უკვე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარება. ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის აუცილებელი თავდაცვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ერმაკი-მაკფოლის სასანქციო ჯგუფი რუსებისთვის ვიზების გაცემისას “უკრაინის აღდგენაზე მოსაკრებელის” აღების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ერმაკი-მაკფოლის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია. ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომუშავე აღნიშნულ ჯგუფს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის უკვე აღარ გასცემენ ტურისტულ ვიზებს და სხვა სახელმწიფოებმაც უნდა განიხილონ ეს შესაძლებლობა.

კერძოდ, შემოთავაზებულია რუსეთის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი ევროპული ვიზების გაცემა ან, როგორც ვარიანტი, ვიზის გაცემისას მათგან “უკრაინის აღდგენაზე მოსაკრებლის” აღება.

“რუსებს არჩევანი ექნებათ – მეტი გადაიხადონ და რომი ნახონ ან ეკონომია გააკეთონ და მინსკში დაისვენონ”, – წერია დოკუმენტში.

სხვა რეკომენდაციებს შორის არის ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის 60 დოლარიდან 45 დოლარამდე დაწევა, ფიზიკური პირების სასანქციო სიის გაფართოება და რუსეთის ათი უდიდესი ბანკის წინააღმდეგ დამბლოკველი სანქციების შემოღება.

ერმაკი-მაკფოლის ჯგუფი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ “სათანადო საქციელისთვის” რუსეთის მაღალჩინოსნებისგან და ბიზნესმენებისგან სანქციების მოხსნის მექანიზმი იქნას შემუშავებული.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე გამოეხმაურა აღნიშნულ დოკუმენტს და განაცხადა, რომ იგი მსოფლიოს ყველა საკვანძო ლიდერის მაგიდაზე იქნება. მისი თქმით, ერმაკი-მაკფოლის პირველი ასეთი დოკუმენტი 70%-ზე მეტად შესრულდა.