“მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ბოგდანოვკას, ხრომოვოსა და კლეშჩიევკას დასახლებების მიმართულებით“

75
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 427-ე დღე

რუსული ძალები აქტიურ შეტევით ოპერაციებს სამი მიმართულებით: ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით ახორციელებენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ამ სექტორებში მტრის 39 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ ბახმუტისა და მარინკასათვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. გრძელდება მძიმე ბრძოლები ქალაქ ბახმუტისთვის. გარდა ამისა, დღის განმავლობაში, მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ბოგდანოვკას, ხრომოვოსა და კლეშჩიევკას დასახლებების მიმართულებით“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ავდიივკას მიმართულებით, მოწინააღმდეგემ შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებებთან, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ამასთან, რუსებმა კონტაქტის ხაზთან მდებარე რამდენიმე დასახლება დაბომბეს.

რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა გასული დღის განმავლობაში მარინკას დასახლების მიდამოში მოწინააღმდეგის მრავალი შეტევა მოიგერიეს.

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა ნიკოპოლის რაიონი დაბომბა. მარგანეცსა და ნიკოპოლს მძიმე არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს. მარგანეცში დაშავდა 64 და 77 წლის ორი ქალი. დაზიანდა ორი ადმინისტრაციული შენობა, რვა კერძო სახლი, ასევე ხუთსართულიანი და ორსართულიანი შენობები“, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.

“დაბომბვის შედეგად ავტოფარეხს ცეცხლი გაუჩნდა. მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. ნიკოპოლში დაზიანდა კერძო საწარმო, საცხოვრებელი კორპუსი, მაღაზია და ავტომობილები”, – აღნიშნა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ახალი სამოქმედო გეგმა მსოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერის მაგიდაზე იქნება.

მისი თქმით, საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა, ანდრეი ერმაკისა და მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით, წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ სანქციების პირველი გეგმა 70%-ზე მეტით შესრულდა.

“ასე რომ, ახლა ჩვენ წარმოვადგინეთ ის სფეროები, რომლებშიც სანქციების ზეწოლა შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს და გზები, რათა უზრუნველვყოთ მსოფლიოში უფრო მეტი სტაბილურობა, გლობალური ურთიერთობებიდან ყველა დესტრუქციული რუსი აქტორის, ყველა მათგანის, ვინც ომისთვის მუშაობს, სრული გამორიცხვით. სანქციების შესახებ ეს დოკუმენტი მსოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერის – პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ბიზნეს ლიდერის მაგიდაზე იქნება. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ, ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ, აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს უკვე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარება. ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის აუცილებელი თავდაცვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ერმაკი-მაკფოლის სასანქციო ჯგუფი რუსებისთვის ვიზების გაცემისას “უკრაინის აღდგენაზე მოსაკრებელის” აღების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ერმაკი-მაკფოლის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია. ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომუშავე აღნიშნულ ჯგუფს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის უკვე აღარ გასცემენ ტურისტულ ვიზებს და სხვა სახელმწიფოებმაც უნდა განიხილონ ეს შესაძლებლობა.

კერძოდ, შემოთავაზებულია რუსეთის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი ევროპული ვიზების გაცემა ან, როგორც ვარიანტი, ვიზის გაცემისას მათგან “უკრაინის აღდგენაზე მოსაკრებლის” აღება.

“რუსებს არჩევანი ექნებათ – მეტი გადაიხადონ და რომი ნახონ ან ეკონომია გააკეთონ და მინსკში დაისვენონ”, – წერია დოკუმენტში.

სხვა რეკომენდაციებს შორის არის ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის 60 დოლარიდან 45 დოლარამდე დაწევა, ფიზიკური პირების სასანქციო სიის გაფართოება და რუსეთის ათი უდიდესი ბანკის წინააღმდეგ დამბლოკველი სანქციების შემოღება.

ერმაკი-მაკფოლის ჯგუფი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ “სათანადო საქციელისთვის” რუსეთის მაღალჩინოსნებისგან და ბიზნესმენებისგან სანქციების მოხსნის მექანიზმი იქნას შემუშავებული.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე გამოეხმაურა აღნიშნულ დოკუმენტს და განაცხადა, რომ იგი მსოფლიოს ყველა საკვანძო ლიდერის მაგიდაზე იქნება. მისი თქმით, ერმაკი-მაკფოლის პირველი ასეთი დოკუმენტი 70%-ზე მეტად შესრულდა.