სოხუმში რუსეთის მოქალაქეების გატაცების ფაქტზე 6 ადგილობრივი დააკავეს

89
spot_img

აფხაზური მედიასაშუალება АМРА- life ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სოხუმის დე ფაქტო პროკურატურამ რუსეთის მოქალაქეების, ლეონიდ შოკლერისა და ისმაილ შეიხის გატაცებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

Telegram-ზე გავრცელებული ცნობის მიხედვით, აღნიშნული პიროვნებები სოხუმში, გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცეს.

„მოქალაქე შოკლერი 14 აპრილის საღამოს, მაღაზია „სოხუმის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს და სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში გადაიყვანეს. მასთან მიმართებით ადგილი ჰქონდა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ძალადობას. შოკლერი არაერთ სხვადასხვა მისამართზე გადაიყვანეს, მანამ მისი დედისგან 5 000 დოლარის ოდენობის გამოსასყიდი არ მიიღეს, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს. 19 აპრილს იქნა გატაცებული შოკლერის მეგობარი ისმაილ შეიხი, რომელიც მოტყუებით წაიყვანეს გალის რაიონის სოფელ ოქუმში. მასზეც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობა განხორციელდა, თუმცა მან თავის დაღწევა შეძლო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ადგილიდან და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა“, – წერს АМРА- LIFE.

აფხაზური მედიის ცნობით, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი 6 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გასაჯაროვდა ეჭვმიტანილთა ვინაობაც: არტურ კვეკვესკირი, ადგურ ხარჩილავა, ალიას ხარჩილავა, თემურ ალხორბა, ადგურ ავიძბა და ალან ლომია.

როგორც АМРА- life წერს, 25 აპრილს, სოხუმის „საქალაქო სასამართლომ“ ეჭვმიტანილებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.