Home Blog Page 2214

“სტიქიური უბედურება დაატყდა თავს განვითარებულ ევროპას, ჩინეთს, აშშ-ს, მაგრამ არავის უფიქრია გააფთრებული შეტევა მიეტანა ხელისუფლებაზე”

აღარ მოვიყვან მაგალითებს, რა სტიქიური უბედურება დაატყდა თავს განვითარებულ ევროპას, ჩინეთს, აშშ-ს, მაგრამ არავის უფიქრია გააფთრებული შეტევა მიეტანა ხელისუფლებაზე, სვავის ინსტინქტით პოლიტიკურ ველზე დივიდენდის მისაღებად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

ვოლსკის თქმით, ცდილობენ ოჯახები დაარწმუნონ, რომ ადამიანების გადარჩენის მექანიზმი არსებობდა, რომელიც ხელისუფლებამ „განზრახ არ გამოიყენა“.

„სტიქიური უბედურება იქნება, მკვლელობა თუ ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ადამიანის ტრაგედიას, გამოყენებულია, რომ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. მე აღარ მოვიყვან მაგალითებს, რა სტიქიური უბედურება დაატყდა თავს განვითარებულ ევროპას, გინდა ჩინეთს, გინდა აშშ-ს, მაგრამ არავის უფიქრია, რომ გააფთრებული შეტევა მიეტანა სვავის ინსტინქტით, რომ პოლიტიკურ ველზე დივიდენდი მიეღო. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ეს ერთადერთი ფაქტი არ არის, უბრალოდ, შოვი თავისი ტრაგედიის მასშტაბით სხვა მოვლენებთან დიდი იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, კონკრეტული ოჯახები დაზარალდა და ახლა ცდილობენ ოჯახები, მათი ახლობლები დაარწმუნონ, რომ არსებობდა გადარჩენის მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებამ განზრახ არ გამოიყენა. ეს არის სავალალო და მადლობა ღმერთს, ეს ადამიანებს კარგად ესმით,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მწვრთნელმა, ილია ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა და მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყო – რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკდაფენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 25 ქულა მოიპოვა, მის ანგარიშზეა 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა.

მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა

დღეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაკარგულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ თანაუგრძნო იმ მწუხარების გამო, რაც ოჯახის წევრისა და ახლობლის უგზო-უკვლოდ დაკარგვას ახლავს.

მემორიალთან ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ფონდ “მოლოდინისა” და ოჯახური კომიტეტების წევრთა ორგანიზებით და მონაწილეობით ჩატარდა.

ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე და სამსახურის თანამშრომლები.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსდა. საქართველოში კი, ამ დღეს, ოფიციალურად, 2003 წლიდან აღნიშნავენ.

საქართველოში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, 2049 სამხედრო და სამოქალაქო პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა; მათი ოჯახები, ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო, გაურკვეველ ვითარებაში, მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან. 2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 243 ოჯახებს გადაეცათ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი, მუშაობას, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.

“ამ ყბადაღებული სტატუსის შემდეგ რამდენი წელი მოგვიწევს ლოდინი ეგეც ღმერთმა უწყის”

ევროკომისია შარლ მიშელს არ ეთანხმება და 2030 წლის გაფართოების შესახებ განცხადებას უწუნებს. გაფართოებამდე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კანდიდატ ქვეყნებთანო, ოღონდ რომელ ქვეყნებთან არ დაუზუსტებიათ, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილის განცხადების შესახებ.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ასეთი შეუთანხმებელი და აბსურდული დამოკიდებულებები აჩენს ყველაზე დიდ ანტი-ევროპულ განწყობებს საქართველოში, რომელიც ელოდება სამართლიან გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით.

„ევროკომისია შარლ მიშელს არ ეთანხმება და 2030 წლის გაფართოების შესახებ განცხადებას უწუნებს. გაფართოებამდე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კანდიდატ ქვეყნებთანო, ოღონდ რომელ ქვეყნებთან არ დაუზუსტებიათ. რომელი უფრო რეალური დაპირებაა, 2030 წელს, რომ გაფართოვდება ევროკავშირი თუ კანდიდატ ქვეყნებს მოუწევთ კიდევ გაურკვეველი ვადით მუშაობა და ლოდინი? რეალობა ერთია – ევროპაში არჩევნებია მოახლოებული და უკვე იმდენად არასტაბილური პოლიტიკური პროცესები იხატება, თუნდაც გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის მიმართ დამოკიდებულება, კორუფციისა და ლობიზმის სკანდალები, რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯზე ევროპის ეკონომიკის სტაგნაცია და ბუნდოვანი პერსპექტივები, რომ სულაც არ არის გასაკვირი-ევროკომისიისა და ევროსაბჭოს ეს უაზრო, ჩამოუყალიბებელი დამოკიდებულება და შეუთანხმებელი პოზიციები. სამწუხაროდ, ასეთი შეუთანხმებელი და აბსურდული დამოკიდებულებები აჩენს ყველაზე დიდ ანტი-ევროპულ განწყობებს საქართველოში, რომელიც ელოდება სამართლიან გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა ამ ყბადაღებული სტატუსის შემდეგ რამდენი წელი მოგვიწევს ლოდინი ეგეც ღმერთმა უწყის.“ – წერს ქადაგიძე

“მთავარი პრობლემა „ქართული ოცნებაა“, როცა 9 რეკომენდაცია შესრულებული არ არის” – პაატა მანჯგალაძე

დაიბნა კობახიძე და ვეღარ აგნებს ბრიუსელის კარს?! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ევროკავშირში სახეზეა გაფართოების პოლიტიკური ნება, რაც შეეხება სკეპტიციზმს, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამის მიზეზს საქართველოს ხელისუფლება არ იძლეოდეს.

„საქართველოს გადარჩენისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის ევროპას და ნატოს ალტერნატივა არ აქვს. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს რომ საბაბი იპოვოს, უკიდეგანოა „ქართული ოცნების“ ბოროტება, მავნებლობა. ნახავს გაუგებრობას და მაშინვე უნდა „ჩაავლოს“, ხავსია მათთვის ეს – აი, რა თქვა შარლ მიშელმა, პრესსპიკერმა, ფონ დერ ლაიენმა და დაიბნა ახლა კობახიძე, ვერ აგნებს ახლა ბრიუსელის კარს?! ჯერ იძახდნენ რეკომენდაციები შევასრულეთ, ბურთი ევროპის მხარეს არისო, მერე თქვეს, კი შევასრულეთ, მაგრამ კარგად ვერ გავიგეთ, რას გვთხოვთ და თავიდან გვითხარითო, ოროსანი ბავშვი რომ ამბობს, მასწავლებლის დავალება ვერ გავიგეთ, თორემ როგორ ვერ დავწერდითო. 9 რეკომენდაცია გვაქვს შესასრულებელი, რა ბუნდოვანებაზე ვსაუბრობთ?

დიდია ევროპა, მისი ინსტიტუციები განსხვავებული, მაგრამ ევროპის გაფართოების პოლიტიკური ნება სახეზეა. არავითარი გეოგრაფია და ომის გამოცხადების პირობები არ არსებობს საქართველოსთვის, ეს ყველაფერი რომ მავნებლობებია, სახეზეა. არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც მიზეზს ეძებენ, რომ გაფართოება არ იყოს, პრობლემური ქვეყნები (რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით) არ მიიღონ, მაგრამ ჩვენს მტრებს არ უნდა მივცეთ მიზეზი და მთავარი პრობლემა „ქართული ოცნებაა“, როცა 9 რეკომენდაცია შესრულებული არ არის. საბაბის ძებნა, რომ დაიბნენ და ბრიუსელს ვერ აგნებენ, არასწორი იქნება,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროკომისია შარლ მიშელის 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე იდეას არ ეთანხმება. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტი ავრცელებს.

მისი თქმით, გაფართოებაზე განცხადებების გაკეთებისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან კონსულტაციები არ გაიარა. სპინანტის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია”.

„თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ ფოკუსირებული ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად“, – განაცხადა სპინანტმა.

“მე არ ვარ დაინტერესებული ჩემი შვილებისთვის საგანმანათლებლო სერვისების რუსეთში ძიებით” – სარჯველაძე

სიფრთხილე მართებს საზოგადოებას, თუ როგორ დაგეგმოს შვილებისთვის განათლების მიწოდება, იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთიდან ასეთი ინიციატივები – მე ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული ჩემი შვილებისთვის საგანმანათლებლო სერვისების რუსეთში ძიებით, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთის ფედერაციის ინიციატივას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უფასოდ სწავლას სთავაზობენ.

სარჯველაძის განცხადებით, გაუჭირდება თქვას, კონკრეტულად რას ემსახურება მსგავსი ინიციატივა.

„რუსეთი რას ცდილობს იმასთან შედარებით, რაც უკვე გააკეთა, ზღვაში წვეთია. რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ამაზე უფრო მეტად მძიმე, არ მიმაჩნია რაიმე არსებობდეს. რისთვის აკეთებენ, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, რასაკვირველია, ყველას მართებს სიფრთხილით ყოფნა. მე პირადად ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული, ჩემი შვილებისთვის საგანმანათლებლო სერვისების რუსეთში ძიებით, სხვა მიმართულებებია არაერთი, რომელზეც უფრო მეტი ინტერესი მექნებოდა, პირველ რიგში, ეს იქნება ქართული საგანმანათლებლო უნივერსიტეტები და სხვა საზღვარგარეთ, მაგრამ არა რუსეთში. სიფრთხილე მართებს საზოგადოებას, თუ როგორ დაგეგმოს შვილებისთვის განათლების მიწოდება, იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთიდან ასეთი ინიციატივები,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლას სთავაზობს.

 ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე – ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო და გაერთიანებული სამეფო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ბოლო დროს განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები კი ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება. მთავრობის მეთაურმა ჯონათან ჯანოგლის ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარებისა და განმტკიცების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არსებული გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯონათან ჯანოგლის მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ კონსერვატიული პარტიიდან გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრები- ჯეფრი კლიფტონ ბრაუნი,შაილეშ ვარა, ჰეზერ უილერი, ჰერიეტ ბოლდუინი, ლორდთა პალატის წევრები – გოდფრი კრომველი, პეტა ბუსკომბე, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – მარკ კლეიტონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში – სოფიო ქაცარავა.

თიბისიმ, კორპორაციულ კლიენტებთან მომსახურებაში, Signify-ის ელექტრონული ხელმოწერა დანერგა

თიბისიმ, Signify-ის პლატფორმასთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესების გამარტივების მიზნით, დისტანციური ხელმოწერა დანერგა. ბანკი მსხვილ კორპორაციულ კლიენტებს ელექტრონულ ხელმოწერას სთავაზობს ისეთი საბანკო პროდუქტების სარგებლობისას, როგორებიცაა: სესხები, გარანტიები, აკრედიტივები, ფაქტორინგი, სადეპოზიტო, სახაზინო და ნაღდი ფულის მართვის პროდუქტები.

„თიბისიში ციფრული ელექტრონული ხელმოწერის საპილოტე პროექტი, პანდემიის პერიოდში, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით დავნერგეთ მაშინ, როდესაც დისტანციური კომუნიკაცია აუცილებლობად იქცა. პროდუქტის შედეგად გამარტივებულმა ბიუროკრატიამ და დაზოგილმა რესურსმა, კონტრაქტების ხელმოწერის ელექტრონული, რისკებისგან დაცული და ტექნიკურად გამართული სისტემის დანერგვის აუცილებლობა დაგვანახა. ასე დავიწყეთ Siginify-სთან თანამშრომლობა. ახლა უკვე ნებისმიერი ადგილიდან, ციფრული მოწყობილობით შეგვიძლია ორმა მხარემ სრული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი გავაფორმოთ. შედეგად, დავზოგოთ როგორც დროის, ასევე საჭირო მასალებისა და ადამიანური რესურსი. დაზოგილი დრო კი, საქმიანობის განვითარებას მოვახმაროთ. თიბისი დღეს არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუცია, არამედ ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანიაა. შესაბამისად, ელექტრონული ხელმოწერის პროდუქტი სრულად თანხვედრაშია ჩვენს მისიასთან – გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

Signify (signify.ge) ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს მოამზადონ, გააგზავნონ და მიიღონ ხელმოწერილი დოკუმენტები ერთ სივრცეში. ხელმომწერ პირს ნებისმიერი ადგილიდან, ციფრული მოწყობილობით შეუძლია მეილზე ან SMS-ით მიღებული დოკუმენტის ნახვა და ხელმოწერა.

 

R

“რატომ გაიჭედა კოლექტორები, ჩვენ გვეკითხება ბატონი მერი?” – ვატო სურგულაძე

ფრაქცია „ლელოს“ წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მოქალაქეებმა ქვეყანაში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და ამის მაგალითი დედაქალაქში გუშინ მოსული უხვი ნალექია.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მოშლილია ინფრასტრუქტურა, არ არსებობს სანიაღვრე სისტემები და არ არის შესწავლილი შესაძლო რისკები.

„როცა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ნებისმიერი ხელისუფლების პირველი ამოცანა, იქნება ეს ადგილობრივი თუ ფედერალური, ეს არის ადამიანების უსაფრთხოება. სახელმწიფო ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. გუშინ ჩვენ ისევ გადავრჩით და მადლობა უფალს, რომ მსხვერპლი არ იყო. რომ მოსულიყო იგივე ნალექი, რაც 8 წლის წინ, 2015 წელს მოვიდა, მერწმუნეთ, გაცილებით უფრო რთული სიტუაცია გვექნებოდა. პრობლემები იყო ვაკეში, განსაკუთრებით გლდანში, სადაც ვითომ ახლად არის გაკეთებული კანალიზაციის სისტემა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ადგილზე, რომელიც 3 თვის წინ გაიხსნა – მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის შემაერთებელი გზა, 3 თვეში ჯერ ქვათაცვენა იყო და გუშინ წყალიც ვერ შეაკავა. ქალაქის განვითარება არის რეალური, როცა ადამიანები უკეთესად იწყებენ ცხოვრებას და არა ის „ბეტონის ჯუნგლები“, რომელში ჩასმასაც ჩვენს ქალაქს უპირებენ. უბედურებაა, რომელსაც აპირებენ „ლაგუნა ვერეზე“ გააკეთონ. თბილისში სეისმოლოგიური პრობლემები არსებობს, ღვარცოფების პრობლემა არსებობს.

გუშინ მეტროშიც კი წყალი ჩავიდა, რაც სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. რატომ გაიჭედა სანიაღვრეების მიმღები კოლექტორები, ჩვენ გვეკითხება ბატონი მერი? რატომ არ არის გაწმენდილი?იმიტომ, რომ დასუფთავების სამსახურში რამდენი ადამიანიც მუშაობს, ყველას ერთი უფროსი ჰყავს. ეს არის პრობლემა, როცა ვერ ვაკეთებთ იმის ანალიზს, ნებისმიერი შენობის აშენება, მითუმეტეს გრანდიოზულის, რა რისკებს გამოიწვევს. ახმეტელის მეტროში წყალი შევიდა. მეტრო სტრატეგიული ობიექტია“, – განაცხადა სურგულაძემ.

სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.

„31 აგვისტოს ქალაქ ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

ტაბახმელაში, თრიალეთის ქუჩა N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების სპორტულ კომპლექსს მთაწმინდის რაიონის გამგეობა 7 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოაწყობს.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ რეკრეაციული სივრცეები, სპორტული მოედნები ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. ამ მხრივ, თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. მინდა, ერთ კარგ პროექტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია – სპორტული კომპლექსი, რომლის სამუშაოებსაც მთაწმინდის გამგეობა ახორციელებს, 7 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. პროექტი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს, 230 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, ტექნიკურ შენობას გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით, ასევე საპარკინგე სივრცეს“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სამუშაოები მომდევნო კვირების განმავლობაში დაიწყება.

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სატრანსპორტო კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გადატვირთული სატრანსპორტო კვანძი რეაბილიტირდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, განხორციელებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გაზრდის გზის გამტარობას.

„დედაქალაქში საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისა და განტვირთვის მიზნით, სხვადასხვა უბანში იდენტიფიცირებული გადატვირთული სატრანსპორტო კვანძების მოწესრიგება გრძელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო საგზაო კუნძულები, კეთილმოეწყო ტროტუარი და ბორდიური, გამოიცვალა ასფალტის საფარი, დაიხაზა გზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, ასევე, ავტობუსის გაჩერებებზე დაიგო რკინაბეტონის საფარი. ამჟამად, აღნიშნულ კვანძზე გამავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის 35-მდე მარშრუტი, დღიურად, 130 000-მდე მგზავრს ემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.