“რატომ გაიჭედა კოლექტორები, ჩვენ გვეკითხება ბატონი მერი?” – ვატო სურგულაძე

129
spot_img

ფრაქცია „ლელოს“ წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მოქალაქეებმა ქვეყანაში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და ამის მაგალითი დედაქალაქში გუშინ მოსული უხვი ნალექია.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მოშლილია ინფრასტრუქტურა, არ არსებობს სანიაღვრე სისტემები და არ არის შესწავლილი შესაძლო რისკები.

„როცა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ნებისმიერი ხელისუფლების პირველი ამოცანა, იქნება ეს ადგილობრივი თუ ფედერალური, ეს არის ადამიანების უსაფრთხოება. სახელმწიფო ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. გუშინ ჩვენ ისევ გადავრჩით და მადლობა უფალს, რომ მსხვერპლი არ იყო. რომ მოსულიყო იგივე ნალექი, რაც 8 წლის წინ, 2015 წელს მოვიდა, მერწმუნეთ, გაცილებით უფრო რთული სიტუაცია გვექნებოდა. პრობლემები იყო ვაკეში, განსაკუთრებით გლდანში, სადაც ვითომ ახლად არის გაკეთებული კანალიზაციის სისტემა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ადგილზე, რომელიც 3 თვის წინ გაიხსნა – მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის შემაერთებელი გზა, 3 თვეში ჯერ ქვათაცვენა იყო და გუშინ წყალიც ვერ შეაკავა. ქალაქის განვითარება არის რეალური, როცა ადამიანები უკეთესად იწყებენ ცხოვრებას და არა ის „ბეტონის ჯუნგლები“, რომელში ჩასმასაც ჩვენს ქალაქს უპირებენ. უბედურებაა, რომელსაც აპირებენ „ლაგუნა ვერეზე“ გააკეთონ. თბილისში სეისმოლოგიური პრობლემები არსებობს, ღვარცოფების პრობლემა არსებობს.

გუშინ მეტროშიც კი წყალი ჩავიდა, რაც სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. რატომ გაიჭედა სანიაღვრეების მიმღები კოლექტორები, ჩვენ გვეკითხება ბატონი მერი? რატომ არ არის გაწმენდილი?იმიტომ, რომ დასუფთავების სამსახურში რამდენი ადამიანიც მუშაობს, ყველას ერთი უფროსი ჰყავს. ეს არის პრობლემა, როცა ვერ ვაკეთებთ იმის ანალიზს, ნებისმიერი შენობის აშენება, მითუმეტეს გრანდიოზულის, რა რისკებს გამოიწვევს. ახმეტელის მეტროში წყალი შევიდა. მეტრო სტრატეგიული ობიექტია“, – განაცხადა სურგულაძემ.