Home Blog Page 2207

“ამ დროს ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ – ტერორიზმს გამართლება არ აქვს” – ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენის თქმით, ის ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ეცნობა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ვარდების ბაღში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბაიდენმა დასძინა, რომ დღეს უკვე ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.

„ამ თავდასხმამ ანტისემიტიზმისა და ებრაელი ხალხის გენოციდის ათასწლოვანი მტკივნეული მოგონებები და ნაიარევები გააცოცხლა. ამ დროს ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ: ტერორიზმს გამართლება არ აქვს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა.

„შეერთებული შტატები ზურგს გიმაგრებთ და ამ საკითხზე მთელი დღის განმავლობაში და მომდევნო დღეებშიც ვიმუშავებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.

“14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი” – პროკურორი

ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის, ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, საგარეჯოში მოკლული, 14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას იძულებით ქორწინების ორგანიზატორი დედა იყო, რადგან სწორედ დედის გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება მამაკაცთან, რომელთანაც მას თანაცხოვრების სურვილი არ ჰქონია.

მისივე შეფასებით, დედა არის ის პირი, რომელსაც უშუალო წვრილი მიუძღვის შემდგომ უკვე გოგონას გარდაცვალებაში.

„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ, როგორც გარდაცვლილი გოგონას დედის, ასევე ბიძის მიმართ მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ასეთი მოთხოვნა სასამართლოს მიმართ უკვე გვქონდა. თავდაპირველად, როგორც ბიძის, ასევე, დედის მიმართ ჩვენ მოვითხოვეთ დაკავების ღონისძიებაზე შესაბამისი განჩინების გაცემა, თუმცა რუსთავის საქალაქო სასამართლომ დედის მიმართ ასეთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ბრალდების მხარემ პოზიცია არ შეიცვალა და დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე კვლავ დაასაბუთებს იმ საფუძვლებს, თუ რატომ უნდა იყოს დედა პატიმრობაში. ბრალდების მხარე წარადგენს ყველა ფაქტს და მტკიცებულებას, იმ არგუმენტებს, თუ რატომ უნდა იყოს დედა პატიმარი. რადგან დედა ფაქტობრივად იყო, ასე ვთქვათ, დანაშაულის ორგანიზატორი. მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთანაც მას თანაცხოვრების სურვილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სწორედ დედა არის ის პირი, რომელსაც უშაულო წვრილი მიუძღვის უკვე შემდგომ გოგონას გარდაცვალებაში.

სასამართლოს არგუმენტაციაზე ყურადღებას არ გავამახვილებ, თუმცა ასე ჩათვალეს საჭიროდ, რომ ამ ეტაპისთვის არ იყო ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების იმ ხარისხის საფრთხეები, რომ დედა დაგვეკავებინა. რაც შეეხება ბრალდებულთა წრის გაფართოებას, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და თუ კი დადგინდება სხვა პირების ბრალეულობა, აუცილებლად ბრალდების მხარე კანონის გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს.

რადგან ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ არასრულწლოვანს შეეხება მოცემული სისხლის სამართლის საქმე, დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შესაბამისად შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანისგან მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა“, – განაცხადა ხატია გოგრიჭიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა და ვიქტორ ორბანის მეუღლემ, ანიკო ლევაიმ კომპანია „დავით კაკაბაძე მინანქარი ოქრომჭედლობა“ დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეუღლემ, ანიკო ლევაიმ კომპანია „დავით კაკაბაძე მინანქარი ოქრომჭედლობა“ დაათვალიერეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის მფლობელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით კაკაბაძემ ნუნუკა თამაზაშვილსა და ანიკო ლევაის კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრთა მეუღლეები ადგილზე დეტალურად გაეცნენ სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესს.

დავით კაკაბაძემ სტუმრებს თავისი საავტორო წიგნები გადასცა საჩუქრად.

სახელოსნო 1999 წელს დაარსდა. კომპანიაში დასაქმებულია 60-მდე ადამიანი. სახელოსნო არის მულტიფუნქციური და მოიცავს რვა სახელოსნოს, ასევე არის ოქრომჭედლობის სრული კომპლექტაციის შექმნის პირობები. კომპანია მუშაობს საეკლესიო ნივთებსა და საერო სამკაულებზე; საათის დეტალებსა და მინანქრის ციფერბლატებზე. ის თანამშრომლობს უცხოურ კომპანიებთან, მათ შორის − საათების შვეიცარიულ კომპანია Patek Philippe-თან, რომლისთვისაც ამზადებს მინანქრის ციფერბლატებსა და საათის სხვა დეტალებს.

აშშ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების კოალიციას უხელმძღვანელებს

აშშ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების კოალიციას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვაზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაინის” ფორმატი) მე-16 სხდომის შემდეგ განაცხადა.

“ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრები ერთიანდებიან იმაში, რასაც “შესაძლებლობების კოალიციას” ვეძახით, და ეს უსაფრთხოების სფეროში ჩვენ დახმარებას კიდევ უფრო მოქნილს გახდის. ამ კოალიციებიდან ზოგიერთი უკვე ჩამოყალიბებულია. ესტონეთი და ლუქსემბურგი უხელმძღვანელებენ კოალიციას, რომელიც IT-ის მხარდაჭერით არის დაკავებული. ლიეტუვა უკრაინისთვის უკრაინულ ტერიტორიაზე რუსული ნაღმების გაწმენდის მხრივ დახმარებაში ლიდერებს.

და სიამაყით ვამბობ, რომ შეერთებული შტატები კვლავ გამოვა, რათა უხელმძღვანელოს ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინასთან მისი სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარებაზე მუშაობენ”, – განაცხადა ოსტინმა.

მან აღნიშნა, რომ კოალიციის ხელმძღვანელობისას აშშ საკუთარი ქმედებების მჭიდრო კოორდინაციას მოახდენს უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან, და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინული F-16 ავიაგამანადგურებლების პოტენციალის განვითარებას.

“არ მესმის, რატომ გადააქვს აშშ-ს ავიამზიდების ჯგუფები ხმელთაშუა ზღვაში, ანუ ვინმეს შეშინება გადაწყვიტეს?” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ავიამზიდთა ჯგუფის გაგზავნით ახლო აღმოსავლეთს აქეზებს.

მან იმედი გამოთქვა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.

პუტინმა, მოსკოვში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს პრობლემის გადაჭრის გზა არ არის.

“მე არ მესმის, რატომ გადააქვს აშშ-ს ავიამზიდების ჯგუფები ხმელთაშუა ზღვაში. მე ნამდვილად არ მესმის ეს აზრი. აპირებენ ისინი ლიბანის დაბომბვას თუ რა?

ანუ ვინმეს შეშინება გადაწყვიტეს? არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრის აღარ ეშინიათ, ეს არ არის პრობლემის გადაჭრის გზა, კომპრომისული გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები აქეზებს სიტუაციას”, – დასძინა პუტინმა.

“ისრაელი დააბრუნებს უსაფრთხოების განცდას ღაზის სასაზღვრო ქალაქებში”- ისააკ ჰერცოგი

ისრაელი დააბრუნებს უსაფრთხოების განცდას ღაზის სასაზღვრო ქალაქებში, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.

როგორც მედია წერს, ისრაელის პრეზიდენტი ქალაქ სდეროთს ეწვია და „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მომუშავე ადამიანების წარმოუდგენელ გმირობაზე ისაუბრა.

„რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, არის ერის წარმოუდგენელი გმირობა, ერის, რომელიც აღდგა დღესასწაულზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. აქ შეგიძლიათ ნახოთ მოხალისეები, ჯარისკაცები, პოლიციელები, მედიკოსები, ყველა ერთად დგას და მე ვეუბნები მთელ ისრაელს – ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენი ხალხის წარმოუდგენელი სიმამაცის წყალობით“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

“შესაძლოა, ხაბეიშვილის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყოს მისი საქმიანობით და გადაადგილების მცდელობა ჰქონდეთ” – ნიკა მელია

მე ვუსურვე ლევანს [ხაბეიშვილს], რომ ღირსებითა და სიმართლით ემართა პარტია. არ მიკვირს, შესაძლებელია, ხაბეიშვილის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყოს მისი საქმიანობით და შეიძლება მცდელობა ჰქონდეთ რაღაც გადაადგილების, იმედია, ლევანი გამოიჩენს პრინციპულობას, ღირსებას და თავს ასე არ გაათამაშებინებს კეზერაშვილ-მერაბიშვილს , – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კვიპროსზე ვიზიტსა და პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ნიკა გვარამიას კანდიდატურით ჩანაცვლების შესახებ დაუდასტურებელ ინფორმაციას ეხებოდა.

როგორც მელიამ აღნიშნა, მისი დამოკიდებულება დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის მიმართ უკვე ცნობილია და ის მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია, თუმცა არა ფულით და ფულის შოვნის სურვილით, არამედ გულწრფელობითა და მორალური უპირატესობით.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხის ინტერესი იყოს ასახული პოლიტიკაში, პოლიტიკა უნდა განისაზღვრებოდეს ხალხის მიერ და არა კულუარებში. რატომ არიან ესა თუ ის ადამიანები ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ ადამიანთან შეხვედრებზე მთელი შემადგენლობით, ეს, ალბათ, თავად, როდესაც ჩამობრძანდებიან, მათ უნდა ჰკითხოთ. კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან ჩემი დამოკიდებულება ცნობილია. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ მორალური უპირატესობით, მორალური სიცხადით, დიდი კონტრასტული სხვაობით. არ მჯერა იმ ადამიანების მიერ ბრძოლის ფრონტის გახსნის, რომელიც ძირითადად ფულის შოვნას გულისხმობს. ფული ვერ დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და ვერც ფულის შოვნის ინტერესით ვერ დაამარცხებ. დაამარცხებ გულწრფელობით, მორალური უპირატესობით და ხალხის ინტერესის ასახვით პოლიტიკაში“, – განაცხადა მელიამ.

ჟურნალისტების კომენტარის საპასუხოდ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ნიკა მელიას არ ელოდნენ პარტიის ღონისძიებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების გახსნას ეძღვნება, მელიამ აღნიშნა, რომ ადამიანური, პოლიტიკური ვალდებულება აქვს იყოს იქ, სადაც სააკაშვილის ე.წ. ოფისი იხსნება.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში აღარ არსებობდნენ პოლიტპატიმრები. პოლიტპატიმრების ეპოქის დასრულება შესაძლებელია ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებით. მე მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტპატიმარი, მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება, როდესაც ოლიგარქიული რეჟიმი შეიცვლება დემოკრატიული წყობითა და ძალებით. მე ვარ სოლიდარული პოლიტპატიმრების მიმართ, ვარ სოლიდარული მიხეილ სააკაშვილის ტყვეობის მიმართ და არა უბრალოდ სოლიდარული, მე ყოველთვის, წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი არის უკანონო ტყვე, ჩემთვის ერთ-ერთი ვალდებულებად რჩება, სადაც არ უნდა ვიყო, რომელი პოლიტიკურ პლატფორმაზეც არ უნდა ვიყო, რომელი პოლიტიკური პლატფორმიდანაც არ უნდა ვიბრძოლო, ადამიანები, განსაკუთრებით ქვეყნის პრეზიდენტი არ იყოს ტყვე. ეს არის ჩემთვის წმინდათა წმინდა“,- განაცხადა მელიამ.

“ადამიანები თავიანთი პრობლემებით მოვლენ სააკაშვილის ოფისში, შემდეგ ეს პრობლემები მივა ადრესატამდე” – გიული ალასანია

უამრავი პრობლემა აქვთ ადამიანებს, თავიანთი პრობლემებით მოვლენ სააკაშვილის ოფისში და გაუზიარებენ, შემდეგ ეს პრობლემები მივა ადრესატამდე, ჩემი სურვილი იქნება, ოფისი რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოემსახუროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ოფისის გახსნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

გიული ალასანიას თქმით, ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც მოემსახურება ადამიანებს, ხალხს.

„ძალიან ბევრი ადამიანი ვერ აღწევს პარტიების ოფისამდე, მე ასე წარმომიდგენია, ეს იქნება ადგილი, სადაც ყველას მოესვლება. უამრავი პრობლემა აქვთ ადამიანებს, თავიანთი პრობლემებით მოვლენ და გაუზიარებენ. შემდეგ ეს პრობლემები მივა ადრესატამდე, ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს. ჩემი სურვილი იქნება, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოემსახუროს. აი, ეს არის ჩემი სურვილი“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიამ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა რთულია.

„სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი, რადგან საერთოდ კუნთის ნასახი არ აქვს ადამიანს. გულიც ხომ კუნთია და, მართალი გითხრათ, ყოველ ჯერზე შიშით შევდივარ, გული რა წუთში გაჩერდება, არ ვიცი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

სააკაძის დაღმართზე დღეს მიხეილ სააკაშვილის ოფისი გაიხსნა. სააკაშვილის წარმომადგენელის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მოქალაქეებს შეეძლებათ ოფისში სააკაშვილისთვის წერილების დაწერა და დატოვება.

“იმედია, სააკაშვილი ჩამოყალიბდა, რომ არ აწამებდნენ და არც დემენცია სჭირდა” – ირაკლი ქადაგიშვილი

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა ითქვას ერთი რამ, იმედია, ჩამოყალიბდა, რომ მოწამლული აღარ არის, არ აწამებდნენ და არც დემენცია სჭირდა, ყველამ დავინახეთ, რომ სპეკულაციური გზა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დაზიანებაზე იყო მიმართული, არ შედგა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, სააკაშვილი ახლა ფიქრობს, რომ აქტიური პოლიტიკის გზას უნდა გაჰყვეს.

„რამდენად თანხვედრაშია მისი ეს სურვილები მის პოლიტიკურ პარტიასთან, ეს კიდევ ცალკე საკითხავი თემაა. რაც შეეხება ამ მისაღებს, ალბათ იქ ძირითადად თუ ვინმე მივა, მივა ის, ვინც მისგან იყო დაჩაგრული და მისი რეჟიმის დროს მიღებულ ამ ტკივილზე პროტესტს გამოთქვამს. ისევე როგორც დღეს აპირებენ მისვლას მის დროს მოკლული და ნაწამები ხალხის მშობლები. ეს არის სააკაშვილის ცალკე პოლიტიკური აქტიურობა, რადგან მას პარტიასთან რეალურად კავშირი გაწყვეტილი აქვს. მისი პარტია რამდენიმე ნაწილად დაშლის პროცესს განაგრძობს. აქედან გამომდინარე, ის ცდილობს, რომ ცალკე მიზიდულობის ცენტრი შექმნას ასეთი მოქმედებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ და ბიძამ გოგონას გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს”

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საგარეჯოში მოკლულმა, 14 წლის აითაჯ შახმაროვამ, ქორწინების იძულების მიზნით გატაცების შემდეგ, გაპარვა მოახერხა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედას დაუკავშირდა, თუმცა დედამ და ბიძამ გოგონას გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

უწყებამ იძულებითი ქორწინების ფაქტზე გოგონას დედას და ბიძინას ბრალი წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება მოკლული გოგონას დედას, მის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს ასევე დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ასევე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2023 წლის ზაფხულში,  არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არსრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა  14 წლის გოგონას  მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება მოკლული გოგონას დედას, მის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს ასევე დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ  დაკმაყოფილა.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ,  რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე” ,,თ” და ,,კ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით  (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ასევე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

უცხოური ვალუტის კურსი 12 ოქტომბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6960 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6960 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6793 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0167 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8586 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8393 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0193 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.