Home Blog Page 2205

“პრემიერის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა” – ანზორ ჩუბინიძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა.

ჩუბინიძის თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და დავალების მიცემის მომენტში, მითითებული იყო, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან.

„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მივახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.

რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

12 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებში და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია განცხადებაში.

“ტრამპი არასოდეს მხარს არ დაუჭერს პუტინს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) სათაურით „დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მხარს არასოდეს არ დაუჭერს“, გამოქვეყნებულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს შინაარსი, რომელიც მას კორესპონდენტმა ჩამოართვა კიევში ყოფნის დროს.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„მე და ჩემი გუნდი ხანგრძლივი ომისათვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ეს გავაცნობიერეთ და ემოციური თვალსაზრისით, პრაქტიკულად ამას უკვე შევეგუეთ“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. შარშან, ამ დროისთვის, როცა უკრაინის არმია წარმატებით უტევდა რუსებს და ქალაქს ქალაქზე ათავისუფლებდა, პრეზიდენტს ეიფორიული განწყობა ჰქონდა, ახლა კი… სამი თვის მძიმე და სისხლისმღვრელი ბრძოლების („კონტრშეტევის“) შედეგად, უკრაინის არმია მხოლოდ ძალზე მოკრძალებულ შედეგებს აღწევს. ეს ხდება სამხრეთით, ზაპოროჟიეს ფრონტზე, სადაც დაგეგმილია სახმელეთო დერეფნის შუაზე „გაჭრა“ და ყირიმ-დონბასის დამაკავშირებელი ხიდის განეიტრალება.

მთავარი კითხვა ამჟამად ისაა, თუ რამდენ ხანს დაიკავებს კონტრშეტევა და საერთოდ, დასრულდება თუ არა წარმატებით. ეს გარემოება დასავლელ ლიდერებს მოსვენებას არ აძლევთ. ისინი ძველებურად აცხადებენ, რომ უკრაინას იმდენად დაეხმარებიან, რამდენადაც საჭირო იქნება, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის – სატელევიზიო გადაცემის ყოფილ მსახიობს, რომელმაც კარგად გრძნობს აუდიტორიის განწყობას – უკვე ეჭვი ეპარება თავისი ზოგიერთი პარტნიორის ქცევაში. „მე კარგი ინტუიცია მაქვს, მათ აზრებს ვკითხულობ, ვხედავ და მესმის… ისინი მეუბნებიან, რომ „ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ“, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩვენთან არ არიან, ან თუ არიან, ჩვენზე არ ფიქრობენ“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ინტერვიუში.

ვლადიმერ პუტინს ჩაფიქრებული აქვს, რომ ომი გააჭიანუროს და უკრაინა გამოფიტოს, დაქანცოს და გაანადგუროს. „მას არ ესმის, რომ ომი უკვე პრაქტიკულად წაგებული აქვს. რუსული პროპაგანდის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს მხარს რუსეთის მოსახლეობის 60 თუ 70% მხარს უჭერს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ რუსეთის ეკონომიკა გაჭიანურებულ ომს ვერ გაუძლებს და დაინგრევა. დადგება დრო, როცა რუსები პრეზიდენტს არასასიამოვნო კითხვებს დაუსვამენ… მისი რეპუტაცია შერყეულია, მას შეთქმულებებს უწყობენ“.

იმავდროულად უკრაინის პრეზიდენტი მწვავედ გრძნობს და აცნობიერებს იმ რისკებსაც, რომლებიც მისი ქვეყნის წინაშე დგას, თუ დასავლეთი დახმარებას შეამცირებს ან საერთოდ შეწყვეტს. ასეთი გადაწყვეტილება უდიდეს დარტყმას მიაყენებს უკრაინის ისედაც ძალიან დაზარალებულ ეკონომიკას და სამხედრო ძალისხმევას. ვოლოდიმირ ზელენსკი ინგლისურად სულ უფრო საუბრობს და იგი არ ერიდება მკვეთრ ლაპარაკს: „თუ თქვენ უკრაინის გვერდით არ ხართ, გამოდის, რომ რუსეთის გვერდით ხართ. ან პირიქით. თუ ჩვენ პარტნიორები არ დაგვეხმარებიან, ესე იგი, გამოდის, რომ ისინი რუსეთს ეხმარებიან ჩვენზე გასამარჯვებლად. აი, ესაა ჭეშმარიტება“.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ როცა კიევს ფრონტზე უმნიშვნელო მიღწევები აქვს, დასავლეთს უკრაინისადმი დახმარების გაწევა ურთულდება. იგი ცდილობს, რომ მას, პოლიტიკოსების მიღმა, მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობასთან, რომ მათ საკუთარი მთავრობები უკრაინის დახმარებისათვის წააქეზონ. სწორედ ასე მოხდა გასულ წელს, როცა უკრაინამ, დასავლელი მოსახლეობის მხარდაჭერით, სამხედრო და ფინანსური დახმარება მიიღო.

თუ ვლადიმერ პუტინს იმის იმედი აქვს, რომ ამერიკის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, იგი ძალიან სცდება. „ტრამპი არასოდეს მხარს არ დაუჭერს პუტინს. მან იცის, რომ ასეთ ნაბიჯს ძლიერი ამერიკელები არ აკეთებენ“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. მას სჯერა, რომ თუ ჯო ბაიდენი მეორე ვადით იქნება არჩეული, იგვე კურსს გააგრძელებს უკრაინის მიმართ („განა ამერიკელებს ავღანეთის მსგავსი სიტუაციის გამეორება სურთ??). ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე იმედი აქვს, ევროკავშირიც კვლავ დაეხმარება კიევს მოსკოვთან ბრძოლაში და და უფრო მეტიც – გაგრძელდება პროცესი უკრაინის ევროკავშირში მისაღებად. „თუ დეკემბრის თვეში ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილება უკრაინისათვის დადებითი იქნება, ასეთი მომენტი უკრაინელთა მორალურ სულს განამტკიცებს და ხალხს ენერგიას შთაბერავს“.

დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში არსებულ მითქმა-მოთქმის საპასუხოდ, რომ უკრაინის არმია წარმატებას ვერ აღწევსო, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელ ჯარისკაცების ბედი ბრძოლის დროს უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. „ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცის სიცოცხლე შევინარჩუნოთ, რისკები უნდა შევასუსტოთ, თავი უნდა ავარიდოთ პირდაპირ შეტაკებებს, მეტი დაზვერვა ვაწარმოოთ, ვისარგებლოთ დრონებით… ეს ისეთი ომი არ არის, რომლის დროსაც სარდალი ამბობს, რომ დანაკარგების ფასს მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამაშია ჩემი და ვლადიმერ პუტინის მიდგომების განსხვავება. მისთვის [ჯარისკაცის] სიცოცხლეს არანაირი ფასი არ აქვს… ვიცით, რომ ჩვენი გამარჯვება არც ხვალ არ იქნება და არც ზეგ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსები უამრავ ცოცხალ ძალას კარგავენ, ძალების მუდმივ გადაჯგუფებას ახდენენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი აგებენ“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პასუხის დროს მაგიდაზე ხელს ხმამაღლა აკაკუნებს, კატეგორიულად აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან არავითარ კომპრომისს არ დათანხმდება. „სანამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები დგანან, არავითარი მოლაპარაკება არ იქნება. დღევანდელი ზავი მუდმივი არ იქნება. რუსეთის პრეზიდენტის თვითმიზანი იმაში კი არ გამოიხატება, რომ მან „გაყინული კონფლიქტები“ შექმნას რუსეთის საზღვართან ახლოს (მაგალითად, საქართველოში), არამედ იმაში, რომ ამ გზით მას მთავარი მიზნის მიღწევა უნდა – რუსეთის იმპერიის „ისტორიული“ საზღვრების აღდგენა სსრკ-ის ყოფილი ტერიტორიის მიერთებით. ისინი ვინც კრემლის ბინადარს ელაპარაკებიან, საკუთარ თავს ატყუებენ – იმის მსგავსად, თუ როგორ მოიტყუეს თავის დასავლელმა ლიდერებმა მიუნხენში 1938 წელს, როცა ადოლფ ჰიტლერს ესაუბრებოდნენ და ფაქტობრივად ჩეხოსლოვაკიის ლიკვიდაციას თანხმდებოდნენ. „შეცდომა დიპლომატიაში კი არ არის, არამედ შეცდომა არის კონკრეტულად პუტინთან დიპლომატიაში“.

წყარო

“პოდოლიაკის საქმე არ არის, საქართველო რას იმსახურებს და რას არა, ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, სად ხედავს საკუთარ ქვეყანას”

მიხაილ პოდოლიაკის საქმე არ არის, საქართველო რას იმსახურებს და რას არა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, რომ „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.

„საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი არაერთხელ აქვს გადახდილი. ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, სად ხედავს და რას უკავშირებს საკუთარ ქვეყანას – ეს არის თავისუფალი, დასავლური და ევროპული სამყარო“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მხარეები საოკუპაციო ხაზთან ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, მთავარი საკითხი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება.

„წინა შეხვედრიდან დღემდე, საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დააკავეს 12 ჩვენი თანამოქალაქე. აქედან ყველა მათგანი უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საკუთარ ოჯახში. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციას, დაფიქსირდა 14 შემთხვევა. ძირითადად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. შემთხვევათა უმრავლესობა უკავშირდება ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას. ასევე იყო მეტალის ბოძების დამონტაჟების ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ. ეს არის უკიდურესად დესტრუქციული მოვლენა, რომელიც ისედაც ამძიმებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ

ჰავაის კუნძულზე ვულკანმა კილაუეამ ამოფრქვევა დაიწყო

ჰავაის კუნძულზე ვულკანმა კილაუეამ ამოფრქვევა დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ლავის ნაკადი კრატერის ზედაპირზე ვრცელდება. ჰავაის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო წითელი განგაშის სიგნალი აამოქმედა.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ვულკანის ამოფრქვევა მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა, მათივე განცხადებით, შესაძლოა, დამძიმდეს სუნთქვის პრობლემების მქონე ადამიანების მდგომარეობა.

ჰავაიზე მდებარე ვულკანებს შორის, კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.

“116 წელი შესრულდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან”- ირაკლი ღარიბაშვილი

116 წელი შესრულდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან, ძნელია, მთელ ისტორიაში მოძებნო ადამიანი, რომლის ბიოგრაფიაც ასე მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ბედთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ილია ჭავჭავაძეს სამშობლოსა და უფლისადმი სიმართლით მსახურების გამო მივიჩნევთ ერის მამად, მამულიშვილობისა და ზნეობის მისაბაძ მაგალითად.

„დღეს 116 წელი შესრულდა დიდი მწერლისა და ეროვნული მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან.

ამ ტრაგიკული მოვლენის გამო ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოკლავდნენო“. მართლაც, ძნელია, მთელ ისტორიაში მოძებნო ადამიანი, რომლის ბიოგრაფიაც ასე მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ბედთან. მისმა ტიტანურმა ძალისხმევამ, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს განვითარებაში შეტანილმა უდიდესმა წვლილმა ნიადაგი მოამზადა საქართველოს თავისუფლებისთვის, განსაზღვრა შემდგომი განვითარების პროცესები, შექმნა ურღვევი ფასეულობათა სისტემა, რომელიც დღესაც ორიენტირად რჩება ჩვენთვის.

ჩვენმა დედა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და ილია მართალი უწოდა. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის – სწორედ სამშობლოსა და უფლისადმი სიმართლით მსახურების გამო მივიჩნევთ დიდ მწერალს ერის მამად, მამულიშვილობისა და ზნეობის მისაბაძ მაგალითად.

მარადიული იყოს მისი ნათელი ხსოვნა!“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსებისთვის, სითი ბანკისგან 70 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსებისთვის, სითი ბანკისგან 70 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. ეს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისისა და სითი ბანკს შორის გაფორმებული რიგით მე-2 შეთანხმებაა.

„სითი ბანკისგან მოზიდული ფინანსური რესურსით მსხვილი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციებს კიდევ უფრო აქტიურად დავაფინანსებთ. ამასთანავე, მოზიდული თანხა გააძლიერებს ბანკის პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების ბაზარზე, სადაც თიბისის მიმდინარე წილი 47%-ია. ამ სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან ვთანამშრომლობთ და ბიზნესებს თანამედროვე პროდუქტებსა და მომსახურებას ვთავაზობთ. შედეგად, თიბისი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

სითი ბანკი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელსაც 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. სითი ბანკი მომხმარებლებს, ორგანიზაციებს, მთავრობებსა და უწყებებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ეწევა ფიზიკური პირების საბანკო და საკრედიტო მომსახურებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ტრანზაქციების სერვისებსა და ქონების მართვას.

 

R

საგამოძიებო სამსახურმა ბრილიანტების კონტრაბანდის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაული შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 46 029 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა ზომისა და ხარისხის დაწახნაგებული არადეკლარირებული ბრილიანტის ქვები და ოქროს ბეჭედი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 800-ს გადააჭარბა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 862-ს მიაღწია, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია 2 562 ადამიანი.

ამასთან, იმის გამო, რომ მიწისძვრის ზონის დიდი ნაწილი ძნელად მისადგომ ტერიტორიებზეა, ხელისუფლებას დაკარგულთა რაოდენობა, ჯერჯერობით, არ შეუფასებია.

მაროკოელ მაშველებსა და მოხალისეებს სამაშველო სამუშაოებში დახმარებას უწევენ მაშველები ესპანეთიდან, ბრიტანეთიდან, კატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა, თურქეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

შეგახსენებთ, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

“სი ძინპინთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აქვს.

პუტინის თქმით, ჩინეთი ტრადიციულად იღებს მონაწილეობას აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში.

„სიამოვნებით მივიღე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. მან პირადად მიიღო მონაწილეობა ფორუმში. ვისარგებლებ შემთხვევით და გთხოვთ, გადასცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები ჩინეთის პრეზიდენტს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას და სი ძინპინს მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

„როგორც საქმიანი, ასევე პირადი მეგობრული ურთიერთობები. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობებისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარებას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

“უკრაინის ჯარებმა წინ წაიწიეს ბახმუტისა და ზაპოროჟიეს რაიონებში” – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

უკრაინა წინ მიიწევს ბახმუტისა და ზაპოროჟიეს რაიონებში, – ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აცხადებს.

„უკრაინის ჯარებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები დონეცკისა და ზაპოროჟიეს რაიონებში და ასევე, წინ წაიწიეს ბახმუტის რაიონში და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით ორი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა და წარმატებებს მიაღწია კლეშჩეევკასა და ანდრეევკას მიმართულებებით.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით სულ დაიბრუნეს 4,8 კვადრატული კილომეტრი.