Home Blog Page 2204

პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

„უკრაინამ დაპირებული სამხედრო ტექნიკის 98 პროცენტზე მეტი მიიღო“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, უკვე თავიანთი ვალდებულებების 98%-ზე მეტი შეასრულეს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, ალიანსის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას უპრეცედენტო დახმარება გაუწიეს. უკრაინას დაპირებული საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის 98%-ზე მეტი უკვე მიეწოდა. ეს ნიშნავს 1 550-ზე მეტ ჯავშანმანქანას, 230 ტანკს და სხვა აღჭურვილობას, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას. ჯამში 9-ზე მეტი უკრაინული მექანიზებული ბრიგადა მოვამზადეთ. ეს მისცემს უკრაინას მტკიცე პოზიციას, გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

“არ ვეთანხმები არცერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, ვინც დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს”- ხათუნა სამნიძე

მე არ ვეთანხმები არცერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, ვინც დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს ან საზოგადოებაში აღვივებს განცდას ან ქმნის ისეთ მოლოდინს, თითქოს ამ ქვეყანას არ ექნება კანდიდატის სტატუსი არავითარ შემთხვევაში, – ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის თქმით, რეკომენდაციის შესასრულებლად დრო ჯერ კიდევ არის, ვადამდელ არჩევნებზე საუბარს კი პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევს.

„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი სერიოზული პოლიტიკურ შეცდომა მგონია და შეცდომაში შეყვანა როგორც საზოგადოების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომლებიც ჩვენგან მოქმედებას ელოდებიან“, – მიიჩნევს სამნიძე.

კობა ნაყოფიას განცხადებით, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ „თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება – ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული“.

“საქართველოს, მის თაობებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ ბატონი გამოგვეცვალა”- ვატო შაქარიშვილი

“საზოგადოების, ერის, ბერის, ხელისუფლების ერთობამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა და ამ მონაპოვარს არცერთ შემთხვევაში არ დავთმობთ”, – ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის, “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელმა,ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შაქარიშვილმა 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი აქციის მიზნებზე ისაუბრა.

“ წლებია, ქართული საზოგადოება თვალს ვადევნებთ, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, მის სუვერენიტეტზე, მის ყველა საყრდენ ღირებულებაზე ორგანიზებული შეტევა, თავდასხმები მიმდინარეობს, რაც, ცხადია, ქვეყნის გარედან იმართება. ამ პროცესს ქვეყნის შიგნით მეხუთე კოლონის სახით უამრავი აღმსრულებელი ჰყავს. ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და ახალი მასშტაბები შეიძინა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა, სხვისი ინტერესების სამსხვერპლოზე საკუთარი ხელით საკუთარი ქვეყანა მიეტანა, რითაც ჩვენს მომავალ არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. ამის გამო ქვეყნის გარედან მომდინარე ამ ბრძოლამ ახალი ძალა შეიძინა და ყველანაირი აკრძალული მეთოდის გამოყენებით მიმდინარეობს, ამაში ჩართულები არიან სერიოზული ძალები, რომლებსაც ჩვენს” დაუძინებელ მეგობრებს” ვუწოდებთ ხოლმე.
შესაბამისად, გასაგებია, რომ ამ ყველაფერმა საზოგადოებაში ძალიან სერიოზული აღშფოთება და წუხილი გამოიწვია. ჩვენ გვსურს, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააგონოს ყველას საკუთარი ხმა. ეს შეკრება იქნება გამოძახილი და ხმა იმ საზოგადოებისა, იმ უმრავლესობისა, რომელიც ყოველდღიურად საკუთარ საქმეში, ოჯახში საკუთარი საქმიანობით საკუთარ სახელმწიფოს, ქვეყანას , იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს იცავს, რაზეც ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ქვეყანაა დაშენებული. საუბარია იმ ფუნდამენტური ღირებულებების შენარჩუნებაზე, როგორიცაა ოჯახის ინსტიტუტი, ეკლესია, მორალი. გვწამს , რომ სწორედ ამ ღირებულებების შენარჩუნებით შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, გადავრჩეთ და განვითარდეთ. თუ რა შედეგები მოიტანა ერის, ბერის, სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების ერთიანობამ, ვფიქრობ, ეს უკვე ხელშესახებია დღეს, როდესაც მსოფლიო ცეცხლის პირობებში ჩვენი ქვეყანა ფეხზე დგას. მის მიმართ ინტერესი იზრდება. ეს ყველაფერი კონვერტირდება ეკონომიკურ განვითარებაში, დოვლათის შექმნაში, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის და მშვიდობის ნიადაგზე მყარად დადგომაში, რასაც ასე ებრძვიან. საზოგადოების, ერის, ბერის, ხელისუფლების ერთობამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა და ამ მონაპოვარს არცერთ შემთხვევაში არ დავთმობთ. ეს შეკრება ამ მიზანს მოემსახურება. საზოგადოება კიდევ ერთხელ მკაფიოდ გააჟღერებს მთავარ გზავნილს, რაც გამოიხატება შემდეგში, რომ საქართველოს, მის თაობებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ ბატონი გამოგვეცვალა. ბატონი მოსკოვში იჯდებოდა ბრიუსელში თუ ვაშინგტონში – ამ არჩევანს ქართული საზოგადოება არ აკეთებდა მაშინ, როდესაც საკუთარი სისხლით და შრომით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა”, – განაცხადა შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოება მშვიდობას შეინარჩუნებს.

” ჩვენი ქვეყნის გარედან მომავალი განცხადებები დემოკრატიასთან დაკავშირებით ტყუილია და ფარსია. მათ ჩვენს ქვეყანაში არანაირი დემოკრატიის განვითარება არ სურთ, მათ სურთ საელჩოკრატიის დამყარება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ლოკალური პრობლემა. ამაზე ღიად ლაპარაკობს თურქეთი, ისრაელი სხვადასხვა ევროპული სახელმწიფო და ლიდერი. თურქეთის შს მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ევროპა რეალურად აშშ- ის საელჩოების მიერ იმართება. აშშ- ს სურს, საქართველოში – პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის კულტურის ქვეყანაში საელჩოკრატია შეინარჩუნოს, არც ხალხი გაითვალისწინოს, არც ამ ხალხის არჩეული ხელისუფლება და საერთოდ არავინ. ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ მათ ინტერესებს მოვემსახუროთ და თავიც შევწიროთ. ამას აკეთებენ ე.წ. რბილი ძალის მეშვეობით. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს რბილი ძალა საქართველოს წინააღმდეგ ღია დაპირისპირებად გადაიქცა. ეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაა. ამას ქართული საზოგადოება მშვიდად ვერ უყურებს. სწორედ ამიტომაც, 30- ში შეიკრიბება. ჩვენ მშვიდობას შევინარჩუნებთ. არავის აქვს უფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია.ძალაუფლების წყარო ხალხია. ამ ხალხმა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 2020 წელს ამ ძალაუფლების დელეგირება სწორედ არსებულ ხელისუფლებაზე მოახდინა”, – განაცხადა შაქარიშვილმა.

რომის პაპმა ფრანცისკემ ქალებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის უფლება მისცა

რომის პაპმა ფრანცისკემ ქალებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის უფლება მისცა. ახალი რეგულაციებით, ისინი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ოქტომბერში ჩანიშნულ სხდომაზე შეძლებენ.

კერძოდ, საუბარია ხუთ ქალ სასულიერო პირზე, რომელთაც მონაწილეობის უფლება ექნებათ. აქამდე ქალებს მხოლოდ დამკვირვებლის როლში შეეძლოთ შეკრებებზე დასწრება.

ასევე, ფრანცისკეს განკარგულებით, 70-მდე გაიზრდება იმ არასასულიერო წევრების რიცხვიც, რომელთაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ.

ამ ნაბიჯით პაპი ცდილობს, სინოდი გახდეს ნაკლებად საეკლესიო იერარქიული კრება. პაპი იმედოვნებს, რომ ამ 70 პირიდან ნახევარი მაინც ქალები იქნებიან.

“ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს წევრობა მხოლოდ თქვენი ინტერესი არ არის” – ზბიგნევ რაუ

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე, –ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში ინტენსიური დიპლომატიური და პოლიტიკური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა.

“მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არამხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესშიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე. იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის – როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა. გვიახლოვდება ვილნიუსის, ნატო-ს სამიტი და წლის ბოლომდე ევროკავშირმა შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. აქედან გამომდინარე, აქტიურდება დაინტერესებულ მხარეთა დიპლომატიური ქმედებები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვაიმარის სამკუთხედიდან.

ცოტა ხნის წინ, საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში,” – აღნიშნა მინისტრმა.

“ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას”

„ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მათი მართვადი მედიის და სამოქალაქო სექტორის ნაწილი ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვის ქვეყნის ევროატლანტიკურ კურს, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესს, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს წარმატება, ხელისუფლების წარმატებაც იქნება, რაც მათთვის სრულიად მიუღებელია,“ – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბოჟაძის თქმით, კობა ნაყოფიამ მისი განცხადებით, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, რისთვისაც ოპოზიცია მზად უნდა იყოს, დაადასტურა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის და მეორე ფრონტის არსებობსი სცენარი. ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, ოპოზიცია ისევე აქტიურად ცდილობს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, როგორც თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების, უვიზო მიმოსვლის და თავისუფალალ ვაჭრობის შეთანხმებისთვის ცდილობდა ხელის შეშლას.

„კობა ნაყოფიას საქართველოს კონსტიტუცია რომ არ წაუკითხავს გასაკვირი არ არის, არც რიგგარეშე არჩევნების საფუძვლებში და საარჩევნო კანონმდებლობაში რომ ვერ ერკვევა, მაგრამ გასაკვირია ასეთი გულწრფელი განცხადება და აღიარება. ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მათი მართვადი მედიის და სამოქალაქო სექტორის ნაწილი ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვის ქვეყნის ევროატლანტიკურ კურს, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესს, რატომ? იმიტომ რომ საქართველოს წარმატება ხელისუფლების წარმატებაც იქნება, რაც მათთვის სრულიად მიუღებელია, ისევე როგორც თავის დროზე ეწინააღმდეგებოდნენ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, უვიზო რეჟიმს და თავისუფალალ ვაჭრობას, ისევე აქტიურად ცდილობენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

საქართველოს გარე და შიგა მტრების მიზანია კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების საბაბით ქვეყანაში დაიწყოს ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია, რასაც მოყვება სისხლიანი რევოლუცია, „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება, მეორე ფრონტის გახსნა და ჩვენი სამშობლოს ხელახალი ოკუპაცია, სწორედ ამ სცენარის არსებობა დაადასტურა კობა ნაყოფიამ. მერაბიშვილის და კეზერაშვილის კონტროლირებად ოპოზიციას ახლა მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – კანდიდატის სტატუსის არ მიღება! სამწუხაროდ ამ პროცესში მათ ეხმარება ენჯეოების და მედიის ნაწილი, ზოგიერთი ევროპარლამენტარი, სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი თანამდებობის პირი და აქტორები. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გააგრძელებს მყარი ნაბიჯებით ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლას, ასევე მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შენარჩუნებას, სწორედ ეს არის ახლა უმთავრესი მიზანი და მის შესრულებას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე ფეისბუკზე.

ბრიტანულმა გამოცემამ ბათუმი ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

პრესტიჟული ბრიტანული ონლაინ გამოცემა INDEPENDENT-ი ბათუმს ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, „10 შთამაგონებელი იდეა აქტიური მოგზაურებისთვის“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, მაღალრეიტინგული ონლაინგამოცემა INDEPENDENT აქტიურ მოგზაურებს ურჩევს სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად ზაფხული ბათუმში გაატარონ.

„ევროპული ქვეყნების ჩამონათვალში საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ხორვატიისა და შვეიცარიის გვერდით ბათუმი მეორე ადგილს იკავებს.

აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა ტურიზმის დადებით დინამიკაზე, 2019 წელთან შედარებით. მისი განცხადებით, გაზრდილია ვიზიტები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში და ზრდა შეადგენს 53%-ს ასევე, გასულ 2022 წელთან შედარებით ზრდა არის 17%-ზე მეტი.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა „World Travel Awards“-ის ევროპის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელსაც ბათუმი მიმდინარე წლის 30 სექტემბერს უმასპინძლებს.

მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიების ევროპის გალა ცერემონიას ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურსააგენტოების, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც ევროპის და შემდეგ უკვე, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა.

მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ეკონომიკური ტენდენციები შეაფასა. მისი განცხადებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი პირველ კვარტალში გადაჭარბებით 120%-ით შესრულდა, რაც არის 20% იანი ზრდა, შესაბამისად, გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები ყველა მიმართულებით, რაც მიუთითებს დადებით დინამიკაზე, რომელიც აისახება როგორც ბიზნესის, ასევე სამუშაო ადგილების ზრდაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ლევან ხაბეიშვილის იმპიჩმენტის საკითხი სასაცილოა”- ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის იმპიჩმენტის საკითხი სასაცილოა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია შიდაპარტიული დემოკრატია და “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერება, “რაც თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სწრაფად დასრულებას ემსახურება”.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები დასრულებულია. ჩვენ ვგეგმავთ რეგიონებში თავმჯდომარეების, რეგიონალური პოლიტიკური საბჭოებს არჩევნებს. ყველას, ვისაც შიდაპარტიული დემოკრატია აინტერესებს, ამ საკითხებზე ფოკუსირდეს. ლევან ხაბეიშვილის იმპიჩმენტის საკითხი სასაცილოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთის მხრივ შიდაპარტიული დემოკრატია, რომელიც ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებას და მეორეს მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერება თავის მხრივ ემსახურება რაც შეიძლება სწრაფად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას”, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736.4 ათასი ადამიანი შეადგინა – „საქსტატი“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736.4 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799) და დადებითი მიგრაციული სალდო (54 509).

„2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.8 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6 პროცენტს. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 793.8 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 942.5 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. წინა წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს. 2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ”, – ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ისტერიჩკები და სარეველები” – ბექა ოდიშარია ოპოზიციაზე

„საგამოძიებო კომისიას ოპოზიციას არ შევაქმნევინებთ“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიამ საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატორებს ისტერიჩკები და არასერიოზული ხალხი უწოდა.

„არ ვიცი ახლა, რომ შევქმნათ ეს კომისია, ალბათ, ისტერიჩკების და რაღაც არა სერიოზული ხალხის იქნება. რისთვის და რატომ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ისულდგმულონ მავნებლებმა ამ ზოგიერთ სიტყვას არ მოვერიდები, სარეველა რაღაცა ძალებმა ინსტიტუციით, რომელიც აშენებულია დამოუკიდებელია ჩემთვის გაუგებარია. შესაბამისად, აბსოლუტურად გასაგებია ჩვენთვის მმართველი ძალის პოზიცია, რომ ამ საგამოძიებო კომისიას [სასამართლოს საქმიანობის შემსწავლელი კომისია] ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ შევაქმნევინებთ“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები.

ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას და აქვე ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით კავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკევიჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მალგოჟატა კოსიურა-კაზიმერსკა, მინისტრის აპარატის უფროსი ელჟბეტა ბოხენსკა, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი ესწრებოდნენ.