Home Blog Page 2198

ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა ვერ გეტყვით, როგორი იქნება ევროკომისიის შეფასება -ჯოზეფ ბორელი

ჩვენ უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას, ევროკავშირის ლიდერებს არ შეუძლიათ, წინასწარ განჭვრიტონ, თუ რას იტყვის კომისია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელის თქმით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკომისიის შეფასებასთან დაკავშირებით.

„როგორც იცით, მე ვიმყოფებოდი საქართველოში ცოტა ხნის წინ. ვფიქრობ, რომ ჩემი ვიზიტი იყო კარგი ბიძგი გაწევრიანების პროცესის გასააქტიურებლად. მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა ვერ გეტყვით, როგორი იქნება ევროკომისიის შეფასება“, – განაცხადა ბორელმა.

თბილისში საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ადგილობრივებმა კი სამართალდამცველებს დღეს, მძაფრი სუნის გამო მიმართეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“გრანადაში ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს” – პრემიერი

გრანადაში ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს – საჭიროა, ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან შემდგომი ნაბიჯი გადაიდგას და ქვეყანამ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტი გაიმართება.

მისივე თქმით, განხილვის მთავარი თემა ასევე, გეოპოლიტიკური ვითარება და რეგიონში არსებული გამოწვევები იქნება.

„მე მონაწილეობას მივიღებ მრგვალი მაგიდის ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ აღიარება მივიღეთ, როგორც ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანამ და ახლა უკვე საჭიროა, რომ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯი ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან და ქვეყანამ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიღოს. მთავარი განხილვის თემა ასევე, გეოპოლიტიკური ვითარება, რეგიონში მიმდინარე ურთულესი ვითარება, უკრაინაში ომი და აქედან გამომდინარე ჩვენთვის გამოწვევები იქნება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა საკმაოდ ნაყოფიერი იქნება,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ლიეტუვა არის ძლიერ მოტივირებული, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს პოლიტიკურად დეკემბრის ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე -ლიეტუვის პრეზიდენტი

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება ქართულ საზოგადოებაში და მე ნამდვილად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმის გამო, რომ ვხედავ, ქართული საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციის იდეას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

ნაუსედას თქმით, ლიეტუვა არის ძლიერ მოტივირებული, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს დეკემბრის ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე.

„ვფიქრობ, თქვენს პოლიტიკოსებს, ხელისუფლებას აქვთ ძლიერი მანდატი, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა საქართველო ევროკავშირთან უფრო დააახლოონ. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება გვექნება ოქტომბერში, ჩემი ქვეყანა, ლიეტუვა არის ძლიერ მოტივირებული, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს პოლიტიკურად დეკემბრის ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომ შეუერთდნენ კლუბს და რეგიონში შეიტანონ თამაშის დემოკრატიული წესები“, – განაცხადა ნაუსედამ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე.

თიბისი 7 ოქტომბერს რაგბის ნაკრების მატჩის კიდევ ერთ ღია ჩვენებას გამართავს

7 ოქტომბერს, ზუგდიდში „თიბისი“ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის, უელსი vs საქართველო თამაშის ღია ჩვენება გამართავს.

ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

ბანკის ინფორმაციით, ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს.

„საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ „თიბისისთან“ ერთად ემზადება. „თიბისი“, როგორც ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი, ნაკრების გასამხნევებლად სხვადასხვა ქალაქში მატჩების ღია ჩვენებებს მართავს. პირველი მატჩის ღია ჩვენება თბილისში შედგა, საგულშემატკივრო ფან-ზონა მოეწყო ქუთაისშიც. მომდევნო თამაშზე ეროვნული ნაკრების გამხნევებას გულშემატკივრები ზუგდიდში „თიბისის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე შეძლებენ.

სპორტის მოყვარულებს ეროვნული გუნდის გამხნევებისა და გულშემატკივრობის შესაძლებლობა „თიბისის“ ფან-ზონებიდან ექნებათ. 7 ოქტომბერს რიგით მესამე ღია ჩვენება ზუგდიდში ჩატარდება. უელსი vs საქართველოს მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აუდიტორიას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი სთავაზობს.

ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს. დიდი ეკრანი, რაგბის კუთხე, კვების ობიექტები და სათამაშო სივრცეები გულშემატკივრებისთვის მატჩამდე ორი საათით ადრე, „თიბისის“ ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.

თარიღი & დრო: 7 ოქტომბერი, 15:00 საათი

ლოკაცია: ზუგდიდის სკეიტ პარკი

თამაში: უელსი vs საქართველო

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. #ერთადგავიმარჯვებთ

ღონისძიების მხარდამჭერები: ზუგდიდის მერია, საქართველოს პირველი არხი“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

(R)

თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება! -ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

„როგორც „რუსული ოცნება“ აცხადებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმიტომ წამოიწყეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. სამწუხაროდ, კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის მიერ მრავალჯერ გადაიწერა და მას შეიძლება „კობახიძის კონსტიტუციაც“ ეწოდოს, რომელიც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება.

მაშ, რა არის იმპიჩმენტის მთავარი მიზეზი ?! „რუსულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და რადგან პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ ენდობა და ხედავს რისკს, რომ ის, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გაყალბებულ არჩევნებს თავის სახელს დაარქმევს, რაც „ოცნების“ ხელისუფლების დელეგიტიმაციას ნიშნავს, ამიტომაც გამოუცხადეს ბრძოლა.

ვითომ ოპოზიციური და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმების გარეშე, იმპიჩმენტი ვერ შედგება. იმედი მაქვს, პარლამენტის არცერთი დამოუკიდებელი და რეალურად ოპოზიციონერი წევრი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის უკანონო იმპიჩმენტს.

მართალია, პროცედურა ფარული კენჭისყრით ტარდება, მაგრამ თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

„ევროკავშირის შეფასებით, უკრაინას ევროკავშირიში გაწევრიანების შემდეგ 186 მილიარდი ევროს მიღების უფლება ექნება”

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ბეჭდავს სტატიას სათაურით „ევროკავშირის შეფასებით, უკრაინას ევროკავშირიში გაწევრიანების შემდეგ 186 მილიარდი ევროს მიღების უფლება ექნება: „ყველა ძველ წევრ სახელმწიფოს მოუწევს მეტი გადაიხადოს საერთო ბიუჯეტში, ახლების სასარგებლოდ და მისგან ცოტა მიიღოს“ (ავტორი – ჰენრი ფოი).

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

ევროსაბჭოს სამდივნომ კონფიდენციალური დოკუმენტი მოამზადა ევროკავშირის მოსალოდნელ გაფართოებასთან დაკავშირებით. მასში ნათქვამია, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით კიევს, 7 წლის განმავლობაში, დაახლოებით 186 მილიარდი ევროს მიღების უფლება მიეცემა. ევროკავშირის შიდა ბიუჯეტის შეფასებით, ბევრი სახელმწიფო უკრაინის დამფინანსებლად გადაიქცევა.

ის მოდელი, რომელიც პოტენციური ცხრა ახალი წევრის მიღებისათვის იმოქმედებს, ხაზს უსვამს ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს, რაც ორგანიზაციის გაფართოებას მოჰყვება თითქმის მთელი ევროპის კონტინენტზე – უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და კიდევ ექვსი დასავლეთბალკანური სახელმწიფოს ჩათვლით.

დღეისათვის შედგენილია ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტი. თუ ევროკავშირს კიდევ ცხრა წევრი მიემატება, ეს დამატებით მოითხოვს 256,8 მილიარდ ევროს. გვერდითი ნეგატიური მოვლენები ევროკავშირის ძველი წევრებისათვის, სავარაუდოდ, ფერმერული მეურნეობისთვის სუბსიდიების გამოყოფის შემცირება იქნება – დაახლოებით მეხუთედი ნაწილით.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი შეიძლება ათი წელი და მეტი ხანი გაგრძელდეს, არსებულ საბიუჯეტო მექანიზმებს ახლავე სერიოზული რეფორმა დაჭირდება. ამასთან, აუცილებელი ცვლილებების სავარაუდო მასშტაბი ისეთია, რომ მისი რეალიზება ბლოკის შიგნით არსებულ ფინანსურ ბალანსს აუცილებლად დაარღვევს.

„ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწევს მეტი გადაიხადოს საერთო ბიუჯეტში, მეტი ფული შეიტანოს და მისგან ცოტა მიიღოს. ბევრი წევრი ქვეყანა დღეს, რომელიც მხოლოდ ფულის მიმღებია, უახლოეს წლებში მხოლოდ შემტანი იქნება“, – ნათქვამია ევროსაბჭოს სამდივნოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომლის მიხედვით, ცხრა ახალი წევრი-სახელმწიფოს გაჩენასთან დაკავშირებით, მიმდინარე ბიუჯეტი 21%-ით გაიზრდება და 1,47 ტრილიონ ევროს მიაღწევს, რაც 36 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1,4%-ს შეადგენს.

რა თქმა უნდა, ევროკავშირში შედარებით ღარიბი ახალი წევრების მიღება თანხების გადანაწილებას გამოიწვევს: კორექტირება გავრცელდება მდიდარ ქვეყნებზე (იგულისხმებიან საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ა.შ.) – მათი საბიუჯეტო შენატანები გაიზრდება ღარიბების სასარგებლოდ. რასაკვირველია, ეს სწრაფად არ მოხდება, ამისათვის საჭიროა გარდამავალი პერიოდი და დამცავი მექანიზმები.

რადგანაც უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო სექტორი ფართოდ არის წარმოდგენილი, აგრარული სფერო შვიდი წლის განმავლობაში96,5 მილიარდ დოლარს მიიღებს. გამოკვლევის თანახმად, ასეთი ფინანსური „შერყევა“, ბუნებრივია, გამოიწვევს სუბსიდიების შემცირებას ევროკავშირის სხვა ქვეყნების ფერმერებისათვის, დაახლოებით 20%-ით.

უკრაინას ასევე შეუძლია ფული მიიღოს სხვადასხვა ფონდებისა და პროგრამებიდან, რომლებიც ევროკავშირის ცარჩოებში მოქმედებენ. მაგალითად, 61 მილიარდი ევრო „ერთიანობის ფონდიდან“, რომელიც ღარიბ წევრებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ეხმარება. სამაგიეროდ, ცხრა ახალი წევრის მიღების შემდეგ ამ ფონდიდან ფულით ვეღარ ისარგებლებენ ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, სლოვენია, კვიპროსი და მალტა.

გენერალური სამდივნოს გათვლები მომზადებულია იმისთვის, რომ ევროკავშირმა ყველაფერი აწონ-დაწონოს, სანამ უკრაინის ორგანიზაციის წევრად მიღების თაობაზე წლის ბოლოს ოფიციალური მოლაპარაკება დაიწყება.

წყარო

„სამოკავშირეო სახელმწიფოში მონაწილეობა პასუხობს აფხაზეთის ინტერესებს“ – ინტერვიუს ასლან ბჟანიასთან

რუსული გაზეთი „იზვესტია“ (Известия) აქვეყნებს ინტერვიუს „აფხაზეთის პრეზიდენტთან“ ასლან ბჟანიასთან სათაურით „სამოკავშირეო სახელმწიფოში მონაწილეობა პასუხობს აფხაზეთის ინტერესებს“ (ესაუბრება ჟურნალისტი ვალენტინ ლოგინოვი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

 – პერიოდულად წარმოებს დისკუსია აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს პროექტში. განიხილავს თუ არა სოხუმი „რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსადმი“ მიერთების შესაძლებლობას?

– არასტაბილურ მსოფლიოში რთულია ერთმა სახელმწიფომ სხვების დახმარების გარეშე იარსებოს. 2014 წელს ხელმოწერილ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ რუსული მხარე ხელს შეუწყობს აფხზეთის ჩაბმას პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში. აფხაზეთის პერსპექტიული მონაწილეობა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო ხელშეკრულების ჩარჩოებში, ვფიქრობ, ჩვენს ინტერესებს პასუხობს. ეს იქნება ჩვენი უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტი განმტკიცება.

– თავდაცვისუნარიანობის საკითხთან დაკავშირებით: სექტემბერში აფხაზი და რუსი მეომრების ერთობლივი წრთვნები ჩატარდა. არის თუ არა რაიმე გეგმები მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით?

– რუსეთთან ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის სფეროში უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული. ეს საკითხი მუდმივადაა დღის წესრიგში… ახლაც, აფხაზეთის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის ზეიმის დროს ჩვენთან შემოვიდა რუსული რაკეტული ხომალდი, რომელიც ახალი აგებულია, ძალიან სერიოზული შესაძლებლობებით… ავედით მის ბორტზე და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, უახლოეს ხანში ოჩამჩირის რაიონში იქნება რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი. ყველაფერი მიმართულია ორივე მხარის – აფხაზეთისა და რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისაკენ.

– საქართველო დღემდე ბრალს სდებს რუსეთს, რომ მან თითქოსდა აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა. როგორია დღეისათვის სოხუმ-თბილისს შორის ურთიერთობა? შენარჩუნებულია თუ არა რაიმე კავშირები – ეკონომიკური ან სოციალური?

– ეკონომიკური ურთიერთობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა შენარჩუნებული – ენგურჰესით სარგებლობის საკითხში. ჩვენ ჰიდროელექტროსადგურს ერთობლივად ვიყენებთ. კაშხალი საქართველოს ტერიტორიაზეა, ელექტროენერგიის გამომუშავება კი აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სადგურში ხდება. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, ჟენევის დისკუსიას თუ არ ჩავთვლით, ჩვენს შორის პრაქტიკულად არავითარი კონტაქტები არ არსებობს.

ჩვენ არ შეგვიძლია დავეთანხმოთ თეზისს, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს. მაგრამ ვიღაცეებს, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი მნიშვნელოვნად მიაჩნიათ – იმიტომ, რომ ამ თეზისს მხარს უჭერენ საქართველოს მოკავშირეები – აშშ, დიდი ბრიტანეთი… მე ძალიან მოკლედ მოგიყევით, თუ რა სასიკეთო ცვლილებები მოხდა ჩვენს ეკონომიკაში რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შედეგად. განა ეს რამენაირად უკავშირდება ტერმინს „ოკუპაცია“? ამაზე კაცი ვერც გაიცინებს, მაგრამ დაე მათ ასე იფიქრონ.

– რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს. ხდება თუ არა რაიმე პროვოკაციები საქართველოს მხრიდან? რამდენად სტაბილურია საზღვრებზე არსებული ვითარება?

– რამდენადაც მე ვიცი, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება – მხედველობაში მყავს პრემიერ-მინისტრი [ირაკლი ღარიბაშვილი] და მისი გუნდი და არა პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] – ისინი პრაგმატიკოსები არიან და ამ თვალსაზრისით რაიმე დიდი პრობლემები [მათთან] არ გვქონია, ასე ვთქვათ. თუმცა ხანდახან, იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, რომ ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევენ არა იმდენად საქართველოს, არამედ ამერიკის მზვერავი თვითმფრინავები. ჩვენ ამ ფაქტებს ვაფიქსირებთ. თუმცა ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს დაზვერვა უმეტესად აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინტერესებშია და რაღაც ნაწილით – საქართველოს ინტერესებშიც. მაგრამ რადგანაც საქართველოს ხელმძღვანელობა შესაბამის ყურადღებას უთმობს თავის შეიარაღებულ ძალებს, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაბრუნების საკითხი თბილისში დღის წესრიგიდან არავის არ მოუხსნია. საერთოდ, ჩვენ არავის პროვოცირებას არ ვაპირებთ, ვიცით, თუ რა გვჭირდება და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ამასთან, მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით და კეთილმეზობლური ურთიერთობით. თუმცა ამ შემთხვევაში „ბურთი მათ [ქართველების] მხარეზეა“.

წყარო

“არღვევს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციას?” -“ამერიკის ხმა”

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „არღვევს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციას?“, რომელშიც განხილულია როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხები, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის სამართლებრივი ურთიერთობის ასპექტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მწვანე შუქი ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აუნთოს. უკვე ორი დღეა 9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია საკონსტიტუციო სასამართლოში იმას განიხილავს, დაარღვია თუ არა საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტმა.

მმართველი გუნდი – „ქართული ოცნება“ – უკვე ჩამოყალიბებულია იმ საკითხში, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა, ამიტომაც იმპიჩმენტს იმსახურებს. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას კი მრავალი წლის გამოცდილების მქონე კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია და როდესაც ვსაუბრობთ „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებულ პროცესზე, საქმე კეთილსინდისიერების საკითხამდე მიდის.
„მე არ ვიცი, თუ ვინ რამდენად ღრმად და საფუძვლიანად იცნობს საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ ის ვიცი, რომ კონკრეტულად ირაკლი კობახიძემ კარგად უწყის მისი შინაარსი და ისიც, თუ როგორი ინტერპრეტაციით უნდა იყოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლი განმარტებული. თუმცა ერთია ცოდნა და მეორეა ის, თუ რას ამბობ. მისეული ინტერპრეტაციები კონსტიტუციის კეთილსინდისიერი განმარტების ფარგლებს გასცდა,“- გვეუბნება ვახტანგ ხმალაძე.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 4 ოქტომბერს წარმოადგინა თავისი შეფასება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა. უფრო მეტიც, კონსტიტუციასთან შეუსაბამო ქმედებაში ბრალეულია არა პრეზიდენტი, არამედ მმართველი გუნდი, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი ერთგულების გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ერთ-ერთმა მთავარმა ინიციატორმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა იქნა მიღებული (მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას აქამდეც არღვევდა), რადგან ახლა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა სისტემური ხასიათის გახდა. „ჩვენ აღარ მივიჩნევთ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ღირსად“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კიდევ ერთი პრეტენზია სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რაც 4 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე ირაკლი კობახიძემ გააჟღერა, ისაა, რომ „სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა კონსტიტუციას“. მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა გამოიხატებოდა იმ ვიზიტების განხორციელებაში საზღვარგარეთ, რაც, კობახიძის თქმით, მას არ უნდა განეხორციელებინა.

სალომე ზურაბიშვილმა უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამდენიმე ვიზიტი განახორციელა საზღვარგარეთ და უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდა. ამის თაობაზე მას საქართველოს მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია. მან განმარტა, რომ ეს იყო კერძო ვიზიტები, რაც საკუთარი ხარჯით დააფინანსა.

„ამერიკის ხმასთან“ კონსტიტუციის სპეციალისტი, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ „ოცნებამ“ პრეზიდენტთან მიმართებით, ხმამაღალი პრეტენზიები ივნისში დააფიქსირა, მას შემდეგ რაც ზურაბიშვილი უცხოელ კოლეგებს შეხვდა. თუმცა მანამდე პრეზიდენტს ხმამაღალი სიტყვა უკვე ჰქონდა ნათქვამი. „ყველაფერი დაიწყო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც პრეზიდენტი გამოვიდა მმართველი გუნდის მკვეთრი კრიტიკით. ამის შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას,“- გვეუბნება ვახტანგ ხმალაძე.

კონსტიტუციონალისტის განმარტებით, „ოცნება“, იმპიჩმენტის საკითხის დაყენებისას, ერთადერთ ნორმას ეყრდნობა. ესაა კონსტიტუციის 52-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი, რომელიც ამბობს, რომ “საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს”.

ვახტანგ ხმალაძე გვეუბნება, რომ მმართველი გუნდი ამ ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს და განმარტავს იმგვარად, რომ პრეზიდენტისთვის აკრძალულია ნებისმიერი სახის კონტაქტი ნებისმიერ ოფიციალურ პირთან. მაგალითად, მას რომ დაურეკოს უცხო ქვეყნის პრეზიდენტმა, ტელეფონს არც კი უნდა უპასუხოს, ან უნდა უთხრას, რომ ჯერ მთავრობას დაეკითხება. ვთქვათ, თუ იმყოფება საზღვარგარეთ შეხვედრაზე და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე, უფლებამოსილია, გაესაუბროს მხოლოდ სამი ქვეყნის პრეზიდენტს, ხოლო ამ მომენტში მიუახლოვდა მეოთხე ქვეყნის პრეზიდენტი და საუბარი გაუბა, ის უარით უნდა გაისტუმროს”. ვახტანგ ხმალაძეს ეს მაგალითები იმის საილუსტრაციოდ მოჰყავს, თუ რამდენად აბსურდულ მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეს კანონის ამა თუ იმ ნორმის ბრუტალური განმარტება.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტი რჩებოდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგული, რომელიც, თავის მხრივ, ამბობს, რომ “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

„ჩვენი შეფასებით, მთავრობა არღვევს ამ ნორმას, როდესაც პრეზიდენტს არ აძლევს უფლებას განახორციელოს ვიზიტები საქართველოს ევროინტეგრაციის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმპიჩმენტის მეორე კომპონენტზე, მის პოლიტიკურ ნაწილზე, რაც იმპიჩმენტის პროცედურას უნდა მოჰყვეს პარლამენტში. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე უნდა მიიღონ დეპუტატებმა პარლამენტში. ვიცით ის, რომ „ქართულ ოცნებას“, ამ ეტაპზე, პარლამენტში არ აქვს საკმარისი ხმები ამ გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა აქ სხვა მომენტია მთავარი. კერძოდ ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია, ზოგადად ამ საფუძვლით, იმპიჩმენტის გამოცხადება. ამაზე პასუხი ცალსახაა – ამ საფუძვლით პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება არ არის კონსტიტუციის მიზნებთან შესაბამისი,”- გვეუბნება ნონა ქურდოვანიძე. მისი თქმით, პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

ვახტანგ ხმალაძე რამდენიმე მოსაზრებას გაგვაცნობს მოტივების თაობაზე, რაც „ქართული ოცნებას“, შესაძლოა, ჰქონდეს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის. ერთ-ერთი, მათ შორის გახლავთ პრეზიდენტის სანდო კანდიდატის არსებობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დადგომამდე. ამ სცენარის მიხედვით, თუ პარლამენტში ოცნებამ 100 ხმა მოაგროვა და პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგა, სავალდებულოა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი, გარანტირებულად „ოცნების“ კალათაში მოექცევა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავს. პროცესი არაა მხოლოდ სამართლებრივი, ის პოლიტიკურ მდგენელსაც მოიცავს. ამასთან, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნიოს, საბოლოო სიტყვას მაინც პარლამენტი ამბობს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ორ კვირაში პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი იმპიჩმენტის საკითხს. 100 დეპუტატის ხმა სჭირდება საკითხის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცედურა წყდება (მიუხედავად იმისა, მიიჩნევს თუ არა დამრღვევად ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლო).
პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე ორი ქალი წარმოადგენს – თამარ ჩუგოშვილი, ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ და მაია კოპალეიშვილი – ის ყოფილი მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოში. მოწინააღმდეგე მხარეს, „ქართულ ოცნებიდან“ ხუთი მამაკაცია – ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, მიხეილ სარჯველაძე და თენგიზ შარმანაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდამჭერი, სულ მცირე, 6 უნდა იყოს, გადაწყვეტილება „ოცნების“ გამარჯვებად რომ ჩაითვალოს. საკონსტიტუციო სასამართლო, თავის გადაწყვეტილებას, განხილვების შემდგომ, წერილობით წარმოადგენს. ბოლო ვადა ამისთვის 22 ოქტომბერია.

წყარო

გასული თვე ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი სექტემბერი აღმოჩნდა

გასული თვე ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი სექტემბერი იყო. ამის შესახებ СNN-ი წერს.

ტელეარხის ცნობით, 2023 წელს ზედიზედ მეოთხე თვეა რეკორდული ტემპერატურა ფიქსირდება, რაც მეცნიერებს საფუძველს აძლევს ივარაუდონ, რომ 2023 ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იქნება.

კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მონაცემებით, წლევანდელმა სექტემბერმა 2020 წელს დაფიქსირებულ სიცხის რეკორდს 0,5 გრადუსით გადააჭარბა. თვის საშუალო ტემპერატურამ მსოფლიოს მასშტაბით 16,38 გრადუსი შეადგინა, რაც 0,93 გრადუსით მეტია, ვიდრე 2020 წელს და 1,75 გრადუსით მეტი, ვიდრე პრეინდუსტრიულ ხანაში. ეს ციფრი აღემატება გლობალური ტემპერატურის ზრდის 1,5- გრადუსიან ზღვარს, რომელიც პარიზის კლიმატური შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

ცხელმა სექტემბერმა გავლენა იქონია ამინდზე და სტიქიურ მოვლენებზე მსოფლიოს მასშტაბით. კერძოდ, ლიბიაში, საბერძნეთში, ბულგარეთსა და თურქეთში წყალდიდობებმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, კანადაში უპრეცედენტო ტყის ხანძრები დაფიქსირდა, სამხრეთ ამერიკაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა იყო, ნიუ-იორკში კი რეკორდულად წვიმდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის ზაფხული ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა.

მერწმუნეთ, ბევრი ხალხი რომ დადგება გარეთ, იმ 5 000-ლარიანი ჯარიმის არავის შეეშინდება -ხატია დეკანოიძე

თქვენთვის მთავარია ერთი რამ, იყოთ კომფორტში და ეს კომფორტი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი არის უკმაყოფილო, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობას, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ.

„მესმის ეს შიში გასაგებია. რაღაც შიში გაქვთ იმიტომ, რომ როდესაც არადემოკრატიულია ხელისუფლება, ყოველთვის აქვს მანიფესტაციების, გამოხატვის თავისუფლების შიში. ყველა ქვეყანაში ასე იყო, უკრაინაში, მოლდოვაშიც, კანონებს იღებდნენ, წერდნენ, რაღაც კონსტრუქციებზე, კარვებზეც იყო საუბარი, მაგრამ არადემოკრატიულ ხელისუფლებას არაფერმა უშველა. ერთი შემთხვევა მინდა გითხრათ, კონსტრუქციებზე კი არა, საქართველოს ტერიტორიაზე, პარლამენტის წინ რუსეთის მოქალაქე დგას დღეების განმავლობაში, რომელსაც გაურკვეველია, რა უდევს ჩანთაში. სანამ პოლიციას არ გამოიძახებ, შიგნით შემოდის შენობაში. ამ დროს, თქვენ გეშინიათ ადამიანების, რომელმაც ხელში ბანერი შეიძლება დაიჭიროს. თქვენი მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ კანონში რაღაცას ჩაწერთ, ეს კანონები ხშირ შემთხვევაში არაფერი არის. ბევრი ხალხი რომ დადგება გარეთ, მერწმუნეთ, იმ 5 000-ლარიანი ჯარიმის არავის შეეშინდება. თქვენი მთავარი პრობლემა არის ზუსტად ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც მოდიხართ. არადემოკრატიულ ხელისუფლებებს ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების ეშინიათ. არადემოკრატიულ ხელისუფლებებს ეშინიათ ადამიანების, რომლებიც შეიძლება ბანერით ხელში იყვნენ, შეიძლება ეს ადამიანიც დააპატიმროთ. კარგად იცით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, ამ კანონს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. თქვენთვის მთავარია ერთი რამ, იყოთ კომფორტში და ეს კომფორტი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი არის უკმაყოფილო. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ კანონში რას ჩაწერთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

“გახარიას გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის გარიგებული” – გია ვოლსკი

გახარიას გუნდი უსუსური მოსაზრებების გარშემო ერთიანდება, რათა მათი მესამე პოლუსზე ყოფნის მტკიცებულება წარმოადგინოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მიხეილ დაუშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკი აცხადებს, რომ გახარიას გუნდი პირიქით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის გარიგებული.

„არ გამოვრიცხავ, „ნაცმოძრაობა“ ვაჭრობდეს იმპიჩმენტის თემით და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს, მაგრამ სასაცილოა, რომ გახარიას გუნდი ასეთი უსუსური მოსაზრებების გარშემო ერთიანდება იმისათვის, რათა „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ერთიანად შეუტიოს, რათა მესამე პოლუსზე ყოფნის მტკიცებულება წარმოადგინოს, რაც არსებობს. მათი პარტიის შექმნის დღიდან გარიგება „ნაცმოძრაობასთან“ არის ის, რასაც გახარიას გუნდი მისდევს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობის” საჯარო განცხადებისა, რომ არ გეგმავენ იმპიჩმენტზე სხდომათა დარბაზში შესვლას, ისინი მაინც აპირებენ ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

“ნაცები“ და „ქოცები“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რომ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას – გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს! – განაცხადა დაუშვილმა.