“დარწმუნებული ვართ, წლის ბოლოს ვიზეიმებთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე” – ილია დარჩიაშვილი

94
spot_img

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მარია გაბრიელს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ბულგარეთი იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და საქართველოს უნდა ჰქონდეს ბულგარეთის პოლიტიკური, პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ამ გზაზე.

ამასთან, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს პროგრესს როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს რეფორმებს და გაწეულ ძალისხმევას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებისადმი ბულგარეთის მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„ძვირფასო მინისტრო, მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ თქვენი უწყვეტი მხარდაჭერისთვის. უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებისადმი ბულგარეთის მკაფიო მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ და ევროპის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, რამაც მნიშვნელოვანი იმპულსი შესძინა ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვას და რეალობად აქცია საქართველოს მრავალი თაობის ოცნება. ისტორიული გადაწყვეტილებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ჩვენ ვიზეიმებთ კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებათა დაწყების საფუძველი გახდება. ეს გადამწყვეტი ეტაპია საქართველოს ევროპული მომავლისთვის – ეს არის სტრატეგიული და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მტკიცედ დაუმკვიდრებს საქართველოს ადგილს ევროპის დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.