“პრემიერი ღარიბაშვილი რომ დაფრინავს ჩარტერით, რატომ არ ინიშნება ახლა ჩარტერული რეისები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ისრაელიდან დაბრუნება სურთ”

88
spot_img

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ დანიშნოს ჩარტერული რეისები ისრაელიდან.

ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს არაერთ მოქალაქეს სურს ქვეყანაში დაბრუნება, მაგრამ ამას ბილეთების დეფიციტის და სიძვირის გამო ვერ ახერხებენ.

„ახლა თითოეული ჩვენგანის ყურადღება მიპყრობილია ისრაელისკენ და იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისკენ. ასეთ დროს, ყველა ნორმალური ხელისუფლება მაქსიმუმს უნდა აკეთებდეს, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვას და სამშობლოში უვნებლად დააბრუნოს. ჩვენ კი რას ვხედავთ.

პრემიერი ღარიბაშვილი, რომ დაფრინავს ჩარტერით, რატომ არ ინიშნება ახლა ჩარტერული რეისები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ისრაელიდან დაბრუნება სურთ, ანუ სახელმწიფო არ ზრუნავს, რომ ეს ადამიანები ომის ეპიცენტრიდან გამოიყვანოს. ამჟამად, მხოლოდ კომერციული რეისებია, რომლის საშუალებითაც, როგორც ცნობილია, დაახლოებით 3000 ქართველი დაბრუნდა სამშობლოში. ისინი მედიას პირდაპირ ეუბნებიან, რომ ქვეყანაში ჩამოსვლა ძალიან ბევრს უნდა, მაგრამ ბილეთების დეფიციტისა და სიძვირის გამო, ამას ვერ ახერხებენ.

ისინი ამბობენ, რომ ბილეთის ფასი 2000 ლარამდეა. ახლა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს გვერდში დგომა, სწორედ ასეთ დროს, ხელისუფლება, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს მათ დასაცავად და სამშობლოში დასაბრუნებლად.

ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დანიშნოს ჩარტერული რეისები, რათა ჩვენი თანამოქალაქეები დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სამშობლოში.

ჩვენ ვხედავთ, როგორია მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა. ადგილზე უკვე იმყოფება აშშ-ს თავდაცვის მდივანი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ისრაელში ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებიც ჩავლენ და როგორც ვიცით, ადგილზე ჩასვლას გეგმავს ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

მშვიდობა და გამარჯვება მინდა ვუსურვო ისრაელს, საქართველოს მოქალაქეებს კი – ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნება“, – აცხადებს პარტიის ლიდერი, ანა დოლიძე.