Home Blog Page 2197

“ნაცმოძრაობას” წამოსცდა, რომ პრეზიდენტი “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონს ვეტოს დაადებს” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს პრეზიდენტი ვეტოს თუ დაადებს, პარლამენტი დაძლევს.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ წამოსცდა, რომ პრეზიდენტი კანონზე ვეტოს დადებას აპირებს.

„ამ დღეებში იყო მცდელობა, გამეორებულიყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი. ზუსტად იგივე აქტორები, „ენჯეოები“, ოპოზიცია იყო ზუსტად იმავე დაბრენდვით, თითქოს ეს იყო რუსული კანონი. ვნახეთ, რომ ეს რადიკალიზმი გუშინ არ შედგა. მადლობას ვუხდი უცხოელ აქტორებს, რომ არ ჩაერივნენ ამ პროცესში და ჰქონდათ კონსტრუქციული როლი. ოპოზიციის რადიკალიზმის პოტენციალი ძალიან დაბალია. ვნახეთ ისევ ექსტრემისტული ჯგუფები, „ნაცების“ ყალბი „ენჯეოები“ სხვადასხვა მოქმედებით. გუშინ „ნაცმოძრაობას“ წამოსცდა, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. როგორც ჩანს, იციან, უკვე. ვეტო თუ იქნება, პარლამენტი დაძლევს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი, პასუხობს უსაფრთხოების იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს აქვს. ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან რადიკალური ჯგუფების ნაწილი ან ამ ყველაფრის წამხალისებლები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. ცვლილებებზე მსჯელობა დაჩქარებული წესით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია!-ირაკლი კობახიძე

მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია! – რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ის სრულ ალიანსშია რადიკალურ ოპოზიციასთან, არსებობს მოლოდინი, რომ ამ კანონს შესაძლოა ვეტო დაადოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის – არა.

„მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია! რა თქმა უნდა, წესდება შესაბამისი რეგულაცია, მაგრამ აპრიორი არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის – არა. ამისთვის სათანადო სტანდარტებიც არის ჩამოყალიბებული შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ორგანულ კანონში, მათ შორის, რა თქმა უნდა, თანაზომიერების პრინციპიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს კანონი სრულად თავსებადია, როგორც საერთაშორისო პრაქტიკასთან, ისე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, საერთაშორისო სტანდარტებთან ამ სფეროში. ამ სტანდარტების მიხედვით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი.

რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ის სრულ ალიანსშია რადიკალურ ოპოზიციასთან, არსებობს მოლოდინი, რომ ამ კანონს შესაძლოა ვეტო დაადოს“,- აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული კანონის პროექტი – 74 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამივე მოსმენით ორი პლენარული დღის განმავლობაში განიხილა და მიიღო.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: – საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, “საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

“მთავარი გზავნილია, საქართველოში გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს მკაფიო რეფორმები” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

მთავარი გზავნილია, საქართველოში გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს ძალიან მკაფიო რეფორმები, რომლებზეც შევთანხმდით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

„ჩვენ შევაფასეთ პროგრესი საქართველოში. ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამიტომ მთავარი გზავნილია, გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს ძალიან მკაფიო რეფორმები პროცესსა და პოლიტიკაში, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ხელყუმბარებით ააფეთქეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ხელყუმბარებით ააფეთქეს. მისი თქმით, ტვერის რეგიონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის სხვა მგზავრების სხეულებში ყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს.

„ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრებში ყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს. თვითმფრინავს არანაირი გარეგანი ზემოქმედება არ ჰქონია, ეს არის დაფიქსირებული ფაქტი. ეს არის რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ პრიგოჟინის პირადი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. მისივე თქმით, დაღუპულთა სისხლში ალკოჰოლის ან ნარკოტიკების არსებობის შესახებ გამოკვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ პუტინი მიიჩნევს, რომ საჭიროა ჩატარდეს.

რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა, დღეს დილით ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 11 თვის ბავშვი.

„ახლა მაშველები ახორციელებენ დარტყმის შედეგების ლიკვიდირებას და შენობების ნანგრევებს ასუფთავებენ“, – ხარკოვის გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა გუშინ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელი გროზო დაბომბეს. რაკეტა მოხვდა შენობას, სადაც მაღაზია და კაფე იყო განთავსებული. თავდასხმის დროს იქ 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 51 ადამიანი, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

საქართველოს მომავალ კვირას ვიქტორ ორბანი ეწვევა

საქართველოს მომავალ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწვევა, – ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მომავალ კვირას თბილისში ჩამოვალ. თბილისში საერთო სამთავრობო სხდომა გვექნება. ყველა მინისტრი ჩემთან ერთად იქნება“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის თქმით, ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.

„სრულიად უსამართლოა, რომ არ გპირდებიან, რომ გახდები რაც შეიძლება მალე, რადგან დიდი საქმე გააკეთე და ჩვენ ძალიან გვჭირდები. მე თქვენი დიდი მხარდმჭერი ვარ“, – აღნიშნა ორბანმა.

“ხალხო, თქვენ გგონიათ, „ნაცებს“ და „ოცნებას“ ერთმანეთში ცოტა სავაჭრო აქვთ?” – ანა ბუჩუკური

“ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ პრეზიდენტს იმპიჩმენტი ერთობლივად გამოუცხადონ,” – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი გუშინ ორივე პარტიის ქცევამ დაადასტურა.

„პროცესი როცა პარლამენტში გადმოვა, მოლოდინი გვაქვს, რომ პროცესები უფრო გამწვავდება. გახარიას გუნდი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, მათ შორის მოლაპარაკება არ შედგეს და ჩაიშალოს. დაგველოდეთ. მე ვიყავი, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხარდაჭერა გამოუცხადა, თუ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ? – ეს არის ფაქტი, თუმცა არ არის ერთადერთი, სადაც ეს ორი პარტია ერთმანეთს ასულდგმულებს. ლოგიკურია, რომ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები თითს წითელ ღილაკს დააჭერენ. ჩვენი გუნდი სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგ მისცემს ხმას. ხალხო, თქვენ გგონიათ, „ნაცებს“ და „ოცნებას“ ერთმანეთში ცოტა სავაჭრო აქვთ? მართლა ასე გგონიათ?“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ამასთან, კითხვაზე – ხომ არ ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სალომე ზურაბიშვილს გადააყენებს, მაშინ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს გამოუშვებს“, ბუჩუკურმა აღნიშნა: „შესაძლოა, ასეც იყოს. დამერწმუნეთ, „ნაცებს“ და „ოცნებას“ ბიზნესინტერესებიც ბევრი აქვთ საერთო“.

“ევროკავშირი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას”-პაველ ჰერჩინსკი

ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ახალი კანონზე ჩვენ ვნახეთ ომბუდსმენის პოზიცია, რომელმაც გამოხატა საკუთარი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. რისი თქმაც მე შემიძლია, არის ის, რომ როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. ცვლილებებზე მსჯელობა დაჩქარებული წესით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თიბისი კონცეპტი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ პარტნიორია

21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით თბილისი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „საჩუქარი“ მასპინძლობს.

ფესტივალი „საჩუქარი“ 1997 წელს დაარსდა და უკვე 26-ე წელია რაც მსოფლიო სახელოვნებო ავანგარდში მოისაზრება. ფესტივალი ქვეყნის თანამედროვე კულტურული პროცესების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრესს ასახავს.  სახელოვნებო ხარისხითა და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით „საჩუქარი“ პრესტიჟული ევროპული ფესტივალების რიგში დგას.

წელს, ფესტივალი შვეიცარიული ფოკუსის ფარგლებში გაიმართება და საპატიო სტუმრების საფესტივალო შეხვედრებთან ერთად, მაყურებელს სამ სპექტაკლს შესთავაზებს:

  • „გოგონა ნილის ძრავების ქარხნიდან” – რეჟისორი ტომ ლუცი;
  • „ამორ“ – რეჟისორი თეოდორ ტერზოპულოსი;
  • დიდების კედელი” – რეჟისორი ლეონარდო მანზანი.

1-დან 7 ნოემბრის ჩათვლით  სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან ერთად საფესტივალო შეხვედრები და პანელური დისკუსიები გაიმართება:

  • 2 ნოემბერი, 16:00 | ლორენცო პაპაგალო – საერთაშორისო კურატორი
  • 4 ნოემბერი, 16:00 | ჯანი ფორტე – ვენეციის ბიენალეს დირექტორი

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი” ბილეთები და ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით ბმულზე.

R

საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრი ხდება

2024 წლის საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის m&i Tbilisi 2024 მასპინძელი ქვეყანა იქნება. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ფორუმის მენეჯმენტმა ერთხმად მიიღო.

მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველომ “აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად” უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებამ, განაპირობა რომ 2024 წელს საქართველოში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება.

საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირი მოწინავე ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან.

“ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 2023 წელს 5.9 პროცენტამდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა” – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 2023 წელს 5.9 პროცენტამდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე.

„2022 წელს საქართველო და სომხეთი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები იყვნენ ზედიზედ უკვე მეორედ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 2023 წლის მეორე კვარტალში სწრაფი ეკონომიკური ზრდის იმპულსი შეინარჩუნა და გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით პროდუქციის გამოშვება 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 2023 წელს 5.9 პროცენტამდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე.

„ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდებოდა სამხრეთ კავკასიაში, ხოლო ავტომობილების რეექსპორტის ბუმი საქართველოში ექსპორტის ორნიშნა ზრდას განაპირობებდა მიუხედავად ნედლი ლითონების ექსპორტის შემცირებისა, რაც გლობალური ფასების კლებას მოჰყვა.

ფულადი გზავნილების შემოდინება ბოლო თვეებში შემცირდა, მაგრამ სტაბილურობას ინარჩუნებდა.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ლიდერობენ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში დეფლაციის თვალსაზრისით. სურსათის და ენერგომატარებლების იმპორტის ფასების მკვეთრი შემცირება, რასაც დაემატა ადგილობრივი ვალუტის გამყარება, ინფლაციის დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.

სამომავლო პერსპექტივაზე გავლენა შეიძლება იქონიოს სხვადასხვა ნეგატიურმა რისკმა, მათ შორის, რუსეთიდან ფულადი ნაკადებისა და გზავნილების შენელებამ, გლობალური ეკონომიკური ზრდის შესუსტებამ, რეექსპორტის შემდგომმა შეზღუდვამ და ფინანსური პირობების მოსალოდნელზე გაცილებით ხანგრძლივმა გამკაცრებამ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი დენკოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი დენკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია.

აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს ბულგარეთს, როგორც მეგობარ ქვეყანას და საიმედო პარტნიორს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წლების განმავლობაში ვაჭრობა და ეკონომიკა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროდ რჩება, რადგან ბულგარეთი მუდმივად შედის საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.