რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომელიც ყირგიზეთში ვიზიტით იმყოფება, ისრაელ-„ჰამასის“ ომს გამოეხმაურა.
„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ აშშ-შიც კი განსხვავებული შეფასებებია მოვლენათა განვითარების შესახებ. მათ შორის, საუბარია იმაზე, რომ ღაზის სექტორთან მიმართებით შესაძლოა ისეთივე ხასიათის სამხედრო და არასამხედრო ხასიათის ზომები გამოიყენონ, როგორც მეორე მსოფლიო ომში, ლენინგრადის ბლოკადის დროს. ჩემი აზრით, ეს მიუღებელია“, -აღნიშნა პუტინმა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.