ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ისრაელს, დაუყოვნებლივ გააუქმოს ბრძანება ღაზის სექტორიდან ადამიანების ევაკუაციის შესახებ

109
spot_img

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უერთდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და მოუწოდებს ისრაელს, დაუყოვნებლივ გააუქმოს ბრძანება ღაზის სექტორიდან 1 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციის შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მასობრივი ევაკუაცია დამღუპველი იქნება პაციენტებისთვის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებიც დარჩებიან ან დაკავებულები არიან.

„მოსახლეობის თითქმის ნახევარი 18 წლამდე ასაკისაა. საკვების, სუფთა წყლის, ჯანდაცვის სერვისების და თავშესაფრის გარეშე მარაგების შემცირებით ბავშვები, მოზარდები, ხანდაზმულები დაავადებების გაზრდილი რისკის ქვეშ იქნებიან.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ WHO-ს აცნობა, რომ შეუძლებელია საავადმყოფოებიდან დაუცველი პაციენტების ევაკუაცია. დაუცველ პაციენტებს მიეკუთვნებიან ისინი, ვინც მძიმედ არიან დაშავებულები და სიცოცხლის გადასარჩენად გადაუდებელს სერვისს საჭიროებენ.

საომარი მოქმედებების ფონზე პაციენტების გადაადგილება მათ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. ღაზის ჩრდილოეთით ნაწილში ორ საავადმყოფოში, რომლებიც აგრძელებენ ფუნქციონირებას, მნიშვნელოვნად გადააჭარბა 760-საწოლზე გათვლილ შესაძლებლობებს. საუბარია ათასობით პაციენტზე, რომლებიც მკურნალობენ საავადმყოფოებში, ასობით არის მძიმედ დაჭრილი და 100-ზე მეტი, რომლებიც საჭიროებენ კრიტიკულ მკურნალობას.

ევაკუაციის შეკუმშული ვადები, რთული სატრანსპორტო ლოგისტიკა, დაზიანებული გზები და უპირველეს ყოვლისა, ტრანსპორტირების დროს დამხმარე ძალის ნაკლებობა ზრდის მათ გადაადგილების სირთულის ხარისხს. სამედიცინო საშუალებების ნაკლებობა უკვე საფრთხეს უქმნის პაციენტებს და აფერხებს ჯანდაცვის მუშაკებს. მარაგის ძირითადი ნაწილი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წინასწარ იყო ღაზაში გაგზავნილი, უკვე გამოყენებულია.

9 ოქტომბერს, ჯანმოს გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ელ-სისის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოამზადა სამედიცინო მარაგი დუბაიში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრში და მზად არის მიაწოდოს ეგვიპტეს, არეშში – რაფაჰიდან სულ რაღაც 20 წუთის სავალზე დაშვების ნებართვის მიღებისთანავე. მარაგი საკმარისი იქნება 300000-ზე მეტი დაჭრილი და სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოითხოვს დაუყოვნებლივ შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფანი მედიკამენტების შემდგომი და უსაფრთხო მიწოდებისთვის ღაზის ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის. ძალაშია მოწოდება ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის შესახებ სიცოცხლის გადარჩენის მარაგებისა და საწვავის, წყლისა და საკვების მიწოდების შესახებ, სამოქალაქო პირების, ჯანდაცვის მუშაკებისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით დაცვის მიზნით და საბოლოოდ, საომარი მოქმედებებისა და ძალადობის დასასრულებლად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.