Home Blog Page 2189

“მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება არჩევნებში ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა”

მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა – საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს სამუშაო ექნებათ არა იმდენად ტექნოლოგიაზე, არამედ კლიმატზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მოსყიდვამ და დაშინებამ ვეღარ იმუშაოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან საარჩევნო კამპანიის დროს, დაშინებისა და მოსყიდვის მეთოდები „უდავოდ იქნება გამოყენებული“, თუმცა წინასწარ საუბარი იმაზე, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს „პრინციპულად არასწორად“ მიაჩნია. ბოკერიას შეფასებით, „ამაზე საუბარი არათუ არაფრის მომტანია, არამედ ეს არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმს აწყობს“.

„მე ვფიქრობ, მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა. ეს აღნიშნა ყველამ. ფარულობის საკითხი არის პოლიტიკური კლიმატის საკითხი, ხელისუფლებისადმი ნდობის და იმ მეთოდების თემა, როგორც ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ექცევა – მოსყიდვა, დაშინება. „ქართული ოცნების“ კამპანიის საკვანძო ნაწილი არის სწორედ ანგარიშის ჩაბარება, რომ იცოდნენ და აკონტროლებდნენ ხმებს. ეს იყო მანიპულაციის მთავარი მეთოდი. აქ საზოგადოებას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს სამუშაო ექნებათ არა იმდენად ტექნოლოგიაზე, არამედ კლიმატზე და იმ ატმოსფეროზე, რომელიც საზოგადოებაში იარსებებს, სადაც ამ მეთოდებმა, რომელიც აქამდე საკმარისი იყო ივანიშვილის რეჟიმისთვის, ვგულისხმობ, მოსყიდვა, დაშინება და ხმების კონტროლი, ვეღარ იმუშაოს,“ – განაცხადა ბოკერიამ.

“ევროკავშირში მხარდამჭერი, მეგობარი ქვეყანა აღარ დაგვრჩა, რომელიც საქართველოს ლობირებას გაუწევს” – ზურაბ ჯაფარიძე

ევროკავშირის მხრიდან წინაპირობებია დაყენებული. ეს ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის შესრულებაა, რომელიც არ შესრულებულა და არც აპირებენ. ახლა თამაშობენ, რომ ვითომ რაღაცას ასრულებენ. ვენეციის კომისიაში სამოქმედო გეგმები და რაღაცები გადააგზავნეს, ეს არის ბოდვა,- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება გადის იმაზე, თუ რამდენად მალე გახდება ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. „მეორე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან იყოს თანხვედრაში, სადაც მკვეთრი ვარდნა გვაქვს. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი და ამას გვეუბნება ევროკავშირიც. ამის გარდა, ბევრი სხვა პრობლემაცაა. [მაგალითად ის,] რომ ევროკავშირში მხარდამჭერი, მეგობარი ქვეყანა აღარ დაგვრჩა, რომელიც საქართველოს ლობირებას გაუწევს. შემდეგ ის, რომ იქ ბევრი ქვეყანაა, რბილად, რომ ვთქვათ, ნაწყენი, იმაზე, რომ საქართველოს დამოკიდებულება უკრაინაში [მიმდინარე] ომთან დაკავშირებით, ცალსახა და გასაგები არ არის. ეს არის ის, რასაც ბრიუსელში ყოფნისას გვეუბნებიან. ჩემი აზრით, ყველა რუსულ სანქციასთან უნდა ვიყოთ შეერთებული. რუსეთში არც ერთი სანქცირებული პროდუქტი არ უნდა შედიოდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სტატუსს და ზოგადად, ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის რამე საფრთხე არ შეექმნას. ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ. საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება გადის იმაზე, რაც უფრო მალე გავხდებით ევროკავშირის და ნატო-ს წევრები. ყველაფერი ძალიან მარტივია“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ

ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების თაობაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ. აღნიშნულმა დეპუტატებმა რეზოლუციის შესაბამისი პროექტი უკვე მოამზადეს.

„საქართველოს პარლამენტი: ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით; მხარს უჭერს რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; ადასტურებს რა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ძალის არგამოყენების ვალდებულებისადმი საქართველოს ერთგულებას და ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნავს რა საქართველოს მისწრაფებას, განახორციელოს ინკლუზიური და ყოვლისმომცველი, სამშვიდობო პოლიტიკა, რათა წარმატებით მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა შერიგების, ჩართულობის და მათ შორის ნდობის აღდგენის კუთხით პროგრესის მიღწევა;

ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს კანონიერი უფლება, სტრატეგიული მიზანი და უპირველესი პრიორიტეტია.

ეხმიანება რა საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 21 ივლისის N 07-3/99 რეზოლუციას “დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ” და ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიმართ ხსენებულ რეზოლუციაში დაფიქსირებული მოთხოვნების შესრულების აუცილებლობას.

ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა.

მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას შავი ზღვის ფართო რეგიონისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის.

აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის გაგრძელებაა. შესაბამისად, მოუწოდებს ცივილიზებულ სამყაროს, შეაკავოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, დადგეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის დაცვის სადარაჯოზე.

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება და საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები;

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ძალას, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ყველა სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − დეოკუპაცია;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის მუდმივი განთავსების გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გაზრდილი რისკების შესამცირებლად და რუსეთის აგრესიული ქმედების საპასუხოდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკურ არენაზე.

მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობარ სახელმწიფოებს, დაიკავონ მტკიცე, ერთიანი პოზიცია, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის, მილიტარიზაციის და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიული, უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარებისთვის და ასევე ხელს შეუწყობს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას.

მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაეყრდნოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში − რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი.

ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური და პროაქტიური თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან, რათა მოახდინოს ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებისას ე.წ. კარუსელი არ გამოირიცხება – ზურაბ ჯაფარიძე

„გამორიცხული არ არის, რომ რაიმე სახის მანიპულაცია იყოს არჩევნების ახალი წესით ჩატარების დროს”- აცხადებს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ახალი, ელექტრონული წესით ჩატარებისას არსებობს იმის რისკი, რომ ერთი და იგივე ამომრჩეველმა ხმა სხვადასხვა უბანზე მისცეს.

„გამორიცხული არ არის, რომ რაიმე სახის მანიპულაცია იყოს არჩევნების ახალი წესით ჩატარების დროს. ჩვენ რაც შევისწავლეთ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ერთ უბანზე შევიდეს, ხმა მისცეს, შემდეგ წავიდეს და სხვა უბანზე მისცეს ხმა. ე.წ. კარუსელი რაც არის, ამ სისტემით არ გამოირიცხება. მაგის გამორიცხვის გზა ჩვენი აზრით ისაა, რომ ეს სისტემა ერთიანი იყოს, ყველა უბნიდან და ოლქიდან ეს აპარატები ერთ სქელში იყოს ჩართული. ეს შესაბამისად, ერთი ადამიანის რამდენიმე უბანზე შესვლას გამორიცხავს. ამის წინააღმდეგი ბევრია და არამარტო ხელისუფლება, ამიტომ ეგ ამბავი არ გამოდის. ეს რისკი არსებობს, თუმცა მთავარ პრობლემად ისევ რჩება ის, რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში და არა არჩევნების დღეს. მთავარი პრობლემა დაფიქსირება და დოკუმენტირებაა იმისა, როგორ მუშაობს სუს-ი, როგორ მუშაობენ რესურსცენტრები, „ქართული ოცნების“ პარტია, როგორ ყიდულობენ ხმებს, როგორ აშანტაჟებენ ხალხს, როგორ უკეთებენ ბარტერებს სხვადასხვა რაღაცაში და როგორ ამობილიზებენ ხმებს. ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევა ეს არის, რომელიც ახლა დგას და ამას ყველას მხრიდან სჭირდება გამკლავება, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი თუ პოლიტიკური პარტიები“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

“ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს” – გია ვოლსკი

ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს – ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები არაადეკვატურია,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიღებასაც ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ.

ვოლსკი ამ ინიციატივას პროვოკაციის მცდელობად განიხილავს.

„საერთოდ, ადრეც ვთქვი და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან სულ მცირე არის პროვოკაციის მცდელობა მუდმივად, რომ რაღაცას წარმოადგენენ ეს პოლიტიკური სუბიექტები და ადამიანები იმ დიდ პოლიტიკაში, იმ ურთულეს სიტუაციაში, რაც დღეს საქართველოს შეუქმნა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ და არამარტო ოკუპაციამ. ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები არ არის ადეკვატური და მინდა ერთიც გაგახსენოთ -2009 წელს რუსეთის ფედერაციამ მყარად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა უნდა ააშენოს, რასაც მრავალი წელი სჭირდება, დაწყებული ზღვის სიღრმის უზრუნველყოფიდან, ინფრასტრუქტურით დამთავრებული და მას მერე ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ იქნა შემჩნეული,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია, პარტია „საქართველოსთვის” წევრები ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ რეზოლუციის მიღებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ დეპუტებტმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პროექტის თანახმად, რომელიც დეპუტატებმა უკვე მოამზადეს, პარლამენტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას შავი ზღვის ფართე რეგიონისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის.

Wizz Air-ი თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს

უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა განაცხადა, რომ, ისრაელში არსებული ვითარების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და შესაბამის ორგანოებთან კონტაქტში ვიმყოფებით“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან CNN-ის ინფორმაციით, ავიაკომპანიებს, რომლებმაც ისრაელის მიმართულებით და პირიქით ავიამიმოსვლა შეაჩერეს, რამდენიმე აზიური ავიაკომპანიაც შეუერთდა. კერძოდ, ფრენები შეაჩერა: Korean Air-მა, Air India-მა, Cathay Pacific-მა.

ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტეს: United Airlines-მა, American Airlines-მა და Delta Air Lines-მაც.

ისრაელში ფესტივალზე „ჰამასის“ თავდასხმას გამოქცეული გოგო სახლში დაბრუნდა

ისრაელში ეძებენ კაცს, რომელიც ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე „ჰამასის“ თავდასხმის დროს შვილის გადასარჩენად წავიდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, მარკ პერეტცის ქალიშვილი მაია მუსიკალურ ფესტივალ Nova Festival-ზე იმყოფებოდა, როდესაც იქ „ჰამასის“ ტერორისტები შეიჭრნენ. კაცი შვილს ტელეფონით ესაუბრებოდა, როდესაც სროლისა და ყვირილის ხმა გაიგონა.

„როდესაც გავიგეთ, რომ „ჰამასმა“ საზღვარი გადმოკვეთა, მამაჩემი მიხვდა, რომ ჩემს დას მალე მოიტაცებდნენ, ამიტომ მანქანაში ჩაჯდა და ფესტივალისკენ წავიდა“, – განაცხადა პერეტცის ვაჟმა გილადმა.

მისივე თქმით, მამამ ფესტივალის ლოკაციას ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მიაღწია.

„როდესაც დამირეკა სროლის ხმა გავიგონე და მამამ თქვა „არ ესროლოთ მათ“, – ამბობს გილადი და აღნიშნავს, რომ მამასთან კონტაქტი მალევე დაკარგა. კაცი ვარაუდობს, რომ მამამისი გაიტაცეს ან მოკლეს.

მაიამ კი „ჰამასის“ მებრძოლებისგან გაქცევა შეძლო. ის ბუჩქებსა და ნაგვის ურნებში იმალებოდა, შემდეგ კი თავი პოლიციის განყოფილებაში შეაფარა და სახლში უვნებელი დაბრუნდა.

„მამაჩემი მებრძოლია. მეოჯახეა და უბრალოდ თავისი ქალიშვილის გადარჩენას ცდილობდა. ცხოვრება გრძელდება. იმედი მაქვს. ყველას გვენატრება მამა“, – ამბობს გილადი.

ფესტივალის ჩატარების ადგილას სამაშველო სამსახურის მოხალისეებმა 260 ცხედარი აღმოაჩინეს. სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, რომ „ჰამასის“ მებრძოლები ფესტივალის მაყურებლებს იტაცებენ.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელიმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.

“საქართველო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად უნდა პოზიციონირებდეს, როგორც დასავლეთის საყრდენი”

საქართველო, როგორც დასავლეთის საყრდენი, ისე უნდა პოზიციონირებდეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰქონდა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის განვითარების თვალსაზრისით, ეს მოცემულობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამდენადაც შუამავლობის კარგად დაწყებული პროცესი ვერ გაგრძელდა ისე, როგორც სასურველი იყო.

„ამის მტკიცებულება მოლდოვაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა იყო. რა თქმა უნდა, საქართველო კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს, ვიდრე ახლა არის. ეს უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონში თავიანთ განვითარებას საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი თავად უნდა წყვეტდნენ, მაგრამ როცა ამას საქართველო ამბობს, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, ეს არც თუ ისე სწორად აღსაქმელია, რადგან ერთადერთი ძალა, რომელიც რეგიონის განვითარებას მკვეთრად უპირისპირდება, რუსეთია თავისი საოკუპაციო პოლიტიკით და მცდელობით. ამიტომ საქართველო, როგორც დასავლეთის საყრდენი, ისე უნდა პოზიციონირებდეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები, ჩვენი შემდგომი განვითარება, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა: „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთის თანხმობა იქნება, მყისიერად დავიწყებთ შეხვედრებს აქ, საქართველოში“.

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის ფონზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ისრაელსა და ღაზაში განვითარებული მოვლენების ფონზე მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Brent-ის ნავთობის ფასი 3 დოლარით გაიზარდა და ახლა ბარელი $87.68 ღირს. გაიზარდა ამერიკული ნავთობის ღირებულებაც. ისრაელსა და პალესტინაში ნავთობი არ მოიპოვება, თუმცა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ნავთობის გლობალური მარაგის მესამედს ითავსებს. მწარმოებლები შიშობენ, რომ მიმდინარე ომმა შესაძლოა მიწოდების ჯაჭვი დაარღვიოს.

ანალიტიკოსი ენერგეტიკის სფეროში სოლ კავანოჩი BBC-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ფასის ზრდა საბრძოლო მოქმედებებში სხვა ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობით არის განპირობებული, როგორებიცაა ირანი და საუდის არაბეთი.

„თუ კონფლიქტში ირანი ჩაერთვება, რომელსაც „ჰამასის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებენ“, ნავთობის გლობალური მარაგის 3% რისკის ქვეშ აღმოჩნდება“, – დასძინა მან.

სპეციალისტების პროგნოზით, წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში ნავთობზე მოთხოვნა პროდუქციის რაოდენობას გადააჭარბებს, რაც მაღალი ფასების შენარჩუნების საწინდარი გახდება.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელიმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.

სამხრეთ ისრაელში, რამდენიმე ადგილზე „ჰამასისა“ და ისრაელის ძალებს შორის ბრძოლა გრძელდება

სამხრეთ ისრაელში, რამდენიმე ლოკაციაზე „ჰამასის“ მებრძოლებსა და ისრაელის ძალებს შორის ბრძოლა გრძელდება.

ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

როგორც „ალჯაზირას“ კორესპონდენტები შემთხვევის ადგილიდან იუწყებიან, ისრაელმა სპეცრაზმი შეიყვანა „ჰამასის“ მიერ დაკავებული ტერიტორიების დასაბრუნებლად და ჯარები გამოიძახეს ქალაქ სდეროთთან.

“ქართული ოცნება“ ძალიან წვალობს, დიდი სურვილი აქვთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის”- დავით კირკიტაძე

„ქართული ოცნება“ ძალიან წვალობს, დიდი სურვილი აქვთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის. რეგლამენტში ცვლილებებმა დაგვანახა, რომ მათ პრობლემა აქვთ გუნდის შიგნითაც, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მათი პოზიცია იგივე რჩება და პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ. რაც შეეხება ცვლილებებს, კირკიტაძის განცხადებით, საჯაროობას ემხრობიან, თუმცა, იქვე დეპუტატი დასძენს, რომ წინააღმდეგი არიან იმ პრაქტიკის, რომ “ქართულმა ოცნებამ” კანონები მათი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით შეცვალოს.

“თქვენ გახსოვთ ის 4 ღირსეული ადამიანი, რომელთაც თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს რუსულ კანონს, მათგან დავით სერგეენკოს გარდა, არც ერთი აღარ არის პარლამენტის წევრი, ისინი იძულებული გახადეს დაეტოვებინათ პარლამენტი ან სამუშაო ადგილი შეეცვალათ. ახლა რეგლამენტში ცვლილებებს აპირებენ იმისთვის, რომ ვინმეს კიდევ არ ჰქონდეს ცდუნება, რომ იმპიჩმენტის მავნებლურ პროცესს მხარი არ დაუჭიროს. ჩვენ მომხრე ვართ, ყველა კენჭისყრა ღია იყოს, არც ერთ ეტაპზე არაფერი დასამალი არ გვქონია. ღიაობის და საჯაროობის მომხრე ვართ, თუმცა, წინააღმდეგი ვართ იმ მანკიერი პრაქტიკის, როცა “ქართული ოცნება” საკუთარი ინტერესებით ჭრის და კერავს კანონებს და არ ადარდებთ მოქალაქეთა ბედი, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავენ და ყველა იმ ადამიანის დასჯაზე, რომელიც ქვეყნის მხარეს არის და არ ემსახურება ივანიშვილს,”- განაცხადა კირკიტაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება – ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

“რეგლამენტში ცვლილებებს დავარქვათ კობახიძის მორიგი ოხუნჯობა” – პაატა მანჯგალაძე

რეგლამენტში ცვლილებებს დავარქვათ კობახიძის მორიგი ოხუნჯობა – ევროპა ჩვენგან ელოდება სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ რეფორმებს, კობახიძემ მოიფიქრა რეფორმები, რომ ორი ვიცე-სპიკერი დაამატოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება თანამდებობის პირის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული კენჭისყრის ღიაობის საკითხს, რომელიც ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც ეხება, მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ მისთვის გამჭვირვალობა პრობლემა არ არის, თუმცა, ეს ცვლილებები მოწყვლადი დეპუტატების კონტროლის გაძლიერებას ემსახურება.

“არჩევნებზე ადამიანებს ავალებენ, გადაუღონ მათ გაკეთებულ არჩევანს სურათი და გამოიტანონ, პარლამენტის წევრებს ამას ხომ არ ეტყოდნენ? ამ ქმედების ცივილიზებული ვერსიაა ეს ცვლილებები, ტელეფონით გამოტანის ნაცვლად, პირდაპირ იქნება ადამიანების სახელები და გვარები და მათი გადაწყვეტილება ცნობილი. ცვლილებები სჭირდებათ იმისთვის, რომ ვინც შანტაჟს, მოსყიდვას ექვემდებარება, ის ადამიანები გააკონტროლონ. არანაირ მეტ დემოკრატიას და თავისუფლების ხარისხს არ ემსახურება.

ამას დავარქვათ კობახიძის მორიგი ოხუნჯობა, ხუმრობა, რადგან მაშინ, როცა ევროპა ჩვენგან ელოდება სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ რეფორმებს, კობახიძემ მოიფიქრა რეფორმები, რომ ორი ვიცე-სპიკერი დაამატოს (პარლამენტში), ხმის მიცემა გამჭვირვალე გახადა და ეს ყოფილა თურმე საქართველოს ამოცანა. მე პირადად გამჭვირვალობაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ, ისედაც ვამბობდი, რას ვუჭერდი მხარს და რას არა, მაგრამ არიან მოწყვლადი დეპუტატები შანტაჟის და მოსყიდვის მიმართ, ამ ხალხის თავისუფლება იზღუდება, თორემ პაატა მანჯგალაძე გამჭვირვალე იქნება, ნახევრად გამჭვირვალე თუ სიფრიფანა, ამით არაფერი იცვლება ჩემთვის. მთელი მსოფლიო ელოდება რეფორმებს და “ქართულმა ოცნებამ” წინა კვირას გვითხრა, სერგო ჩიხლაძე რომ ეწერებოდა ხოლმე ხანდახან ჟურნალისტებს, ესაა პრობლემაო, მეორე პრობლემა თურმე ის ყოფილა, რომ ორი დამატებით ვიცე- სპიკერი არ გვყავს და ის, რომ პროცესები უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა კობახიძეს რამე არ გამორჩეს შემთხვევით პარლამენტში,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებას, რომ “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ბევრი აქვს სავაჭრო, საერთო ბიზნესინტერესებიც აქვთ და იმპიჩმენტთან დაკავშირებით ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მანჯგალაძის თქმით, ეს განცხადებები ამ პარტიისთვის ამომრჩეველთა ნიშის შექმნას ემსახურება.

“მეტი რა უნდა თქვას ბუჩუკურმა, როგორ გამოკვეთოს თავის ნიშა? წამოსულია “ქოცებიდან”, “ქოცი” არ ენდობა. მოდის ოპოზიციაში და ისინიც არ ენდობიან და რაღაც ხომ უნდა თქვას?!”- აღნიშნა მანჯგალაძემ.