რუსეთ – უკრაინის ომის 455-ე დღე
საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ ქალაქები – ბახმუტი და მარინკა – რჩებიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, უკრაინელებმა, გასულ დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 26 შეტევა მოიგერიეს.
“მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტი, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე – მოხდა 26 სამხედრო შეტაკება. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი და მარინკა რჩებიან“, – აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 53-ჯერ გახსნეს, რის შედეგადაც დაზარალდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგის მოქმედებების საპასუხოს, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 24 საათის განმავლობაში 15 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს.
„ასევე, გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მტრის Ka-52 ვერტმფრენი, Shahed-ის ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატი და Zala-ს ტიპის ერთი სადაზვერვო დრონი. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი მტრის 3 სამეთაურო პუნქტს, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 უბანს, საბრძოლო მასალის საცავსა და 2 საარტილერიო დანადგარს დაარტყეს, ასევე მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში.
გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინას გადაეცა TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ორი ტანკი, Vector -ის ტიპის სადაზვერვო დრონები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სასაზღვრო ავტომობილები და Zetros-ის სატვირთო მანქანები.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 14 მაისს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ჯამური ღირებულება 2.7 მილიარდ ევროს შეადგენს. მისი თქმით, დახმარების პაკეტში შედიოდა Leopard-1 საბრძოლო ტანკები, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და Iris-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები. გერმანიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ქვეყანამ უკრაინას სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 17 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწია.
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ მებრძოლების მიერ რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩატარებულ ოპერაციაში უკრაინელი მებრძოლები არ მონაწილეობდნენ,”– ამის შესახებ The New York Times-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
მისი თქმით, ოპერაციის დროს უკრაინელი სამხედროები ძირითადად დამხმარე როლს ასრულებდნენ – იცავდნენ საზღვარს რუსეთის კონტრშეტევის შემთხვევისთვის.
„რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი მებრძოლები არ შესულან“, – აღნიშნა წყარომ გამოცემასთან საუბარში.
ოფიციალური პირის თქმით, ოპერაციის მონაწილე ქვედანაყოფებმა დანაკარგები განიცადეს, მაგრამ არა იმდენი, რომ ამან გავლენა იქონიოს მათ საბრძოლო მზადყოფნაზე.