Home Blog Page 2183

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორია მხილებული, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1-ელ აგვისტოს, №10-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება უზრუნველყო. კერძოდ, გამოიკითხა 35 პირი, დათვალიერდა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, ჩატარდა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, მიკრონაწილაკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები, ასევე მოპოვებული იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.

“ჰამასი” ისრაელში ქაოსს იწვევს, პუტინი კი სარგებელს იღებს” – Berliner Zeitung

გერმანული გაზეთი „ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung) ეხმაურება ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „ჰამასი“ ისრაელში ქაოსს იწვევს, პუტინი კი სარგებელს იღებს“ (ავტორი – მაიკლ ბაკფიში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ის, რაც ახლო აღმოსავლეთს ომს საშიშს და სახიფათოს ხდის, არის „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ დამოკიდებულება ირანზე – ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით. თავის მხრივ, ირანელი მოლებისა და აიათოლების რეჟიმი მხარს უჭერს სტრატეგიულ „ძმობა-მეგობრობას“ რუსეთთან.

თეირანი მოსკოვს დიდი რაოდენობით „შაჰედებს“ – უპილოტო საფრენ აპარატებს (დრონებს) აწვდის, რომლებიც უკრაინის ქალაქებს და ელექტროსადგურებს დიდ ზიანს აყენებენ.

„არ არსებობს რაიმე დადასტურება იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს პირდაპირი დამოკიდებულება აქვს ისრაელზე „ჰამასის“ შეტევის მიმართ, მაგრამ თუ ირანი რაღაც მომენტში სამხედრო ჩარევას გადაწყვეტდა, თეირანი, ალბათ, მოსკოვიდან გარკვეულ მხარდაჭერას აუცილებლად მიიღებდა – უკიდურეს შემთხვევაში, პოლიტიკურს მაინც.

ახლოაღმოსავლური კრიზისი: უკრაინა უყურადღებოდ?

ვლადიმერ პუტინს ადრე ღია ანტიისრაელური პოლიტიკა არ გაუტარებია. მან რამდენჯერმე მიიღო კრემლში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. რუსეთის პრეზიდენტი მდუმარედ ითმენდა ისრაელის თავდასხმებს სირიაში მყოფ ირანელ სამხედრო სპეციალურ ქვედანაყოფებზე, მაგრამ დღეს ვლადიმერ პუტინი უდიდეს სარგებელს იღებს ებრაელებისა და არაბების შეტაკებიდან. ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებული ახალი ომი დასავლეთის ყურადღებას მთლიანად „შთანთქავს“ და ამრიგად, უკრაინა გვერდზე რჩება, კიევზე ყურადღების ფოკუსირება აღარ ხდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, როგორც ყოველთვის, ისრაელს მტკიცე და განუხრელი თანადგომა გამოუცხადა. ამერიკა ისრაელისათვის დამცავი ფარის როლს ასრულებს და იერუსალიმს ყოველთვის უყოყმანოდ ეხმარება. აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება ვლადიმერ პუტინის გათვლა: ერთდროულად ორ ომში მონაწილეობა აშშ-ის საზოგადოებისთვის ერთობ მძიმე გამოცდა იქნებოდა. და თუ მართლაც ასე მოხდება, ამერიკისათვის უპირველესი საზრუნავი ისრაელი იქნებოდა, უკრაინა კი მეორეხარისხოვან საქმედ გადაიქცეოდა.

„ყველაფერი დასავლეთის ბრალია“

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემების მიხედვით, კრემლი უკვე ბრალს სდებს დასავლეთს საინფორმაციო კამპანიის ესკალაციაში და ცდილობს ახლო აღმოსავლეთში გაჩენილ ახალ კრიზისში პასუხისმგებლობა მას დააკისროს.
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად კი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა თავის „ტელეგრამ-არხში“ ებრაელებსა და არაბებს შორის დაწყებულ კონფლიქტში პასუხისმგებლობა ამერიკასა და მის მოკავშირეებს დააკისრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს მეტი ყურადღება ახლოაღმოსავლურ კრიზისზე უნდა გაემახვილებინა და არა უკრაინაზე. სწორედ უკრაინისადმი გადაჭარბებული ზრუნვის გამო თეთრმა სახლმა „ჰამასელების“ განზრახვებს თვალი ჯეროვნად ვეღარ მიადევნა.

„უმჯობესი იყო, რომ ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთის საქმეები გაერჩიათ, ამის ნაცვლად კი ეს იდიოტები რუსეთის საქმეებში ჩაერივნენ“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

რუსეთის პოლიტიკა: პალესტინაც და ისრაელიც…
რუსეთს ახლო აღმოსავლეთში ისტორიულად მჭიდრო კავშირები აქვს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, მოსკოვს პალესტინელებთან და არაბულ გასამხედროებულ [ტერორისტულ] მოძრაობა „ჰამასთან“ საკმაოდ ახლო კონტაქტები აქვს. სხვათა შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი მიმდინარე წელს რამდენჯერმე შეხვდა „ჰამასის“ წარმომადგენლებს. კაცმა რომ თქვას, კრემლი ზოგადად ორივე მხარესთან ურთიერთობებს ინარჩუნებს, მაგრამ ზოგჯერ არაბებისკენ იხრება ხოლმე: სწორედ ამიტომაც გასაკვირი არ არის რუსეთის განცხადება, რომლის თანახმად, კრიზისი მხოლოდ პალესტინის დამოუკიდებლობის ცნობით გადაწყდება, ანუ ორი სახელმწიფოს – ისრაელისა და პალესტინის არსებობის აღიარებით.

წყარო

“ხელზე ვემთხვევით ყველას, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა” – აიათოლა ალი ხამენეი

In this picture released by an official website of the office of the Iranian supreme leader, Supreme Leader Ayatollah Ali Khamenei addresses the nation in a televised speech in Tehran, Iran, Friday, Jan. 8, 2021. in Tehran, Iran. Khamenei called to ban the import of American and British vaccines, claiming they are not to be trusted. (Office of the Iranian Supreme Leader via AP)

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, თეირანი ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში ჩართული არ ყოფილა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, მისი თქმით, მიესალმება ისრაელის თავდაცვისა და დაზვერვის სამსახურების „გამოუსწორებელ მარცხს“ და ასევე მათ, ვინც ისრაელზე თავდასხმა დაგეგმა.

„ხელებზე ვეამბორებით მათ, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა“, – აღნიშნა ხამენეიმ.

ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, გადაადგილების შეზღუდვა 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება

მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, ვასილ ბარნოვის ქუჩაზე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეზღუდვა ეხება ბარნოვისა და კოტე მაყაშვილის ქუჩების კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ ბარნოვის ქუჩიდან კოტე მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, პეტრე მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.

მითითებულ საგზაო მონაკვეთზე დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც და მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით:

N408 და N420 მიკროავტობუსები რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მაყაშვილის ქუჩიდან ზანდუკელის, ბარნოვის, ტატიშვილის ქუჩების, პეტრე მელიქიშვილის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან.

“პარლამენტარის მიცემული ხმა უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის ნათლად წარმოსადეგი” – ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტი მუშაობს ცვლილებებზე, რომ პარლამენტარის მიერ მიცემული ხმა იყოს გამჭვირვალე.

„პარლამენტარიზმისათვის დამახასიათებელია, რომ პარლამენტარის მიცემული ხმა ნებისმიერ საკითხზე, იყოს ღია, გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის ნათლად წარმოსადეგი. სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ ჩვენც. ერთადერთი რჩება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საკონსტიტუციო ჩანაწერი და მას ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ შევცვლით“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა. პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების არჩევისა და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება. ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი, ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელთა განხორციელებაც, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება. კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება. ოპოზიცია ცვლილებებს აკრიტიკებს მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ პოლიტიკოსის მიერ ხმის მიცემა ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს.

“მოვუწოდებთ მთავრობას, დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში” – მიხეილ დაუშვილი

მოვუწოდებთ მთავრობას, დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენ მოქალაქეებს, ვისაც ამის სურვილი აქვთ, მიეცეთ საშუალება, დროულად დაბრუნდნენ,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელიდან საქართველოში დაბრუნება ბევრ ბარიერთან არის დაკავშირებული, მათ შორის ფინანსური კუთხით.

“ჩვენს მოქალაქეებს ისრაელში რაც ახლა სასწრაფოდ სჭირდებათ და სადაც სჭირდებათ ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა, ეს არის ის, რომ ვისაც სურვილი აქვს ქვეყანაში დაბრუნდეს, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა ბევრ ბარიერთან არის დაკავშირებული, მათ შორის, ფინანსური კუთხით. ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას, რომ დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენი მოქალაქეებს, ვისაც ამის სურვილი აქვთ, მიეცეთ საშუალება, დროულად დაბრუნდნენ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ჩარტერებით. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თელავივი გაცილებით ახლოს არის, ვიდრე მიუნხენი, ამიტომ იმედი მაქვს, რამდენიმე ჩარტერის დანიშვნა რთული არ იქნება”, – განაცხადა დაუშვილმა.

აშშ ისრაელისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას იწყებს

შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო ისრაელისთვის კრიტიკულად საჭირო საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მან დაადასტურა, რომ „ჰამასის“ ბოევიკების ძალადობრივი თავდასხმის შემდეგ სამხედრო დახმარების პირველი პარტია ისრაელისკენ მიდის.

„ველით, რომ იქნება ისრაელის უსაფრთხოებისთვის დამატებითი მოთხოვნები, რადგან ისინი განაგრძობენ საბრძოლო მასალის დახარჯვას ამ ბრძოლაში. ჩვენ მათ გვერდით დავრჩებით და უზრუნველვყოფთ, რომ მათი მოთხოვნილებები მაქსიმალურად და რაც შეიძლება სწრაფად დავაკმაყოფილოთ“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელზე თავდასხმასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ცნობილია, რომ ისრაელზე თავდასხმას აშშ-ის მინიმუმ 11 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამერიკის სანქცირებული მურუსიძე “ქართულმა ოცნებამ” შოკოლადში ჩასვა და ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება-პაატა მანჯგალაძე

ამერიკის სანქცირებული მურუსიძე „ქართულმა ოცნებამ“ შოკოლადში ჩასვა, ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება, – ასე ეხმიანება სასამართლო რეფორმის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნას „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე.

მისი თქმით, როცა ხელისუფლება ოპოზიციას შეთქმულებასა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს, მათ შეუძლიათ რეკომენდაციები შეასრულონ და ოპოზიციას „არეულობის გეგმა“ ჩაუშალონ.

„ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით რეკომენდაციები შესრულებული არ არის. ჩვენ ვნახეთ პროპაგანდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ოპოზიციას თურმე რაღაც შეთქმულება აქვს დაგეგმილი, რათა სტატუსი ვერ მივიღოთ. ხელისუფლება რომ რეკომენდაციებს არ ასრულებს და ამის გამო შესაძლოა, სტატუსი ვერ მივიღოთ, ეს ყოფილა, თურმე, ოპოზიციის დაგეგმილი. ძალიან მარტივია – შეასრულეთ რეკომენდაციები და არანაირი შეთქმულება არ იქნება. 9 რეკომენდაციაა შესასრულებელი, შეასრულეთ და ჩაგვიშალეთ „არეულობის გეგმა“. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იქ კონცენტრირებულია ძალაუფლება, რომელსაც აკონტროლებს ამერიკის მიერ სანქცირებული სასამართლოს კლანი მურუსიძის ხელმძღვანელობით და ბუნებრივია, ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება, როცა მურუსიძე, პირიქით, შოკოლადში ჩასვა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში განხილულია ის რეკომენდაციები, რომლებიც შესრულდა, არ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა.

ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება

ვარკეთილის დასახლებაში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ამოქმედების შემდეგ ყოველთვიურად 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.

„მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. გაზაფხულისთვის მთლიანად დასრულებული იქნება პროექტი. აქ იქნება კალათბურთის, ჭიდაობის, ტანვარჯიშის და სხვა დარბაზები, ასევე არის საცურაო აუზები, როგორც პატარებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. იქნება ასევე ტრენაჟორების სივრცე, მედიათეკა და ა.შ. როგორც გითხარით, მულტიფუნქციური ცენტრის ორი პროექტი სამგორის რაიონში და დიდ დიღომში მიმდინარეობს და მალე დასრულდება. გვინდა, რომ ყველა რაიონში თითო ასეთი ცენტრი აშენდეს, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება ვარჯიშის, გართობის, დასვენების შესაძლებლობა. პროექტში ასევე გათვალისწინებულია ეზოს კეთილმოწყობა. აქვე არის სკოლა და ვფიქრობ, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი სტიმული იქნება ამ ცენტრის არსებობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.

დედაქალაქის მერიის ცნობით, მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება სხვადასხვა ტიპის დარბაზები, ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; სპორტული ინვენტარის მაღაზია; მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; საკონფერენციო დარბაზი; სახელოვნებო სკოლა; სამაგიდო თამაშების სივრცე. ცენტრს ექნება მიწისქვეშა პარკინგი.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 15.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 15.6 პროცენტით გაიზარდა და 1040 ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემების თანახმადვე, 2022 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 32.6 პროცენტით ნაკლებია.

„საქმიანობების სახეების მიხედვით, 2022 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 703 ლარი; ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 637 ლარი; სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1 547 ლარი; მშენებლობა – 1 500 ლარი; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 1 425 ლარი. 2022 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, მომხმარებელთა მხრიდან ხელფასების სტატისტიკურ მონაცემებზე მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი)დაიწყო შრომის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებლის, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე.

მისი გამოქვეყნება დაგეგმილია წლიური პერიოდულობით. საშუალო თვიური ხელფასის გასაანგარიშებლად საქსტატი ახორციელებს საწარმოებისა და ორგანიზაციების გამოკვლევას, რომლის ფარგლებშიც ყოველკვარტალურად დაახლოებით 15 000 სუბიექტი, ხოლო წლიური პერიოდულობით დაახლოებით 18 000 სუბიექტი გამოიკითხება.

გამოკვლევა ითვალისწინებს საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან აგრეგირებული მონაცემების შეგროვებას სახელფასო ფონდის და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ. აღნიშნული მხოლოდ საშუალო თვიური ხელფასის გაანგარიშების საშუალებას იძლევა და არ არის საკმარისი მედიანური ხელფასის დასადგენად.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებული გამოკვლევის ფარგლებში მედიანური ხელფასის გასაანგარიშებლად, საწარმოებისგან/ორგანიზაციებისგან საჭირო იქნებოდა ინდივიდუალური მონაცემების მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა რესპონდენტების ტვირთს. ამიტომ, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მედიანური ხელფასის გაანგარიშება მთლიანად ეფუძნება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს.

“ჰამასს“ ვინც უჭერს მხარს, პასუხისმგებელია ისრაელზე საშინელ თავდასხმაზე” – რიში სუნაკი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ლონდონში მდებარე სინაგოგაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის ჩატარებულ მსახურებას დაესწრო.

პრემიერის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში მცხოვრები ებრაული თემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„აქ მოვედი, რომ თქვენ გვერდით ვმდგარიყავი მწუხარების ჟამს, რამდენადაც ჩვენ ვგლოვობთ ამ საშინელი ტერაქტის მსხვერპლს. ვინც მხარს უჭერს „ჰამასს“, პასუხისმგებელია ამ საშინელ თავდასხმაზე. ისინი არ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები, ისინი არიან ტერორისტები. ამ მოვლენებს ორი მხარე არ აქვს. მე ისრაელის გვერდით ვდგავარ. გაერთიანებული სამეფო ისრაელის გვერდით დგას ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც დღეს, ისე ხვალ და ყოველთვის“, – განაცხადა სუნაკმა.

ისრაელის თავდაცვის ძალები ასობით ჯარისკაცს ევროპიდან ისრაელში აბრუნებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ასობით ჯარისკაცს ევროპიდან ისრაელში აბრუნებს, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასული დღის განმავლობაში ასობით ჯარისკაცი ევროპიდან ისრაელში დააბრუნა, რათა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომში იბრძოლონ.

თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავები C-130 და C-130J გუშინ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაფრინდნენ, რათა სამხედრო მოსამსახურეები ისრაელში დაებრუნებინათ.

აღნიშნული ოპერაცია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით განხორციელდა.