“ვფიქრობ, ჩვენმა ხელისუფლებამ სტატუსისთვის გააკეთა მაქსიმუმი, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა” – პრემიერი

82
spot_img

ჩვენ ვიყავით გრანადაში და მე მქონდა არაერთი შეხვედრა ჩვენს ევროპელ ლიდერებთან, საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს, მოლოდინები არის საკმაოდ პოზიტიური, არ მინდა, იმაზე მეტი ვთქვა, რაც არის მიზანშეწონილი, მე მივდივარ ბრიუსელში, მექნება შეხვედრები, ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ კომისიასთან, შესაბამის სტრუქტურებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ბოლო დაზუსტებები მიმდინარეობს ახლა და ნოემბრის დასაწყისში იქნება კომისიის რეკომენდაცია.

„ვფიქრობ, რომ საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, ჩვენმა ხელისუფლებამ, მიუხედავად დესტრუქციისა და საბოტაჟისა ოპოზიციის მხრიდან, შიდა თუ გარე მტრების მონდომებისა, რომ ეს პროცესი რამენაირად შეფერხებულიყო, ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ გავედით ბოლოში. ამ ბოლოში გასვლას ჩვენ ველოდებით იმედიანად, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით, ჩვენი ხალხის მობილიზებით და მათი ნების გამოხატულებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მიუღებელი იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება, ისე როგორც იყო მიუღებელი, გაუმართლებელი და უხეში შეცდომა დაშვებული ევროპის მხრიდან, მაგრამ აღარ მინდა წარსულზე კომენტარი, უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ბოსნია და ჰერცეგოვინას აქვს სტატუსი, უკრაინას, მოლდოვას. მე ყველას მადლობა მინდა, ვუთხრა, წარმატებები ამ ქვეყნებს. მე ჩემს ქვეყანაზე მაქვს მთავარი ფოკუსირება, დამსახურებაზე და ყველაფერზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.