Home Blog Page 2182

“ჩემმა კოლეგამ გაიხადა პიჯაკი და ასე ჩამიქრო ცეცხლი, მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობა მივიღე” – დაზარალებული პოლიციელი გრიგორიადისის საქმეზე

ჩემმა კოლეგამ გაიხადა პიჯაკი და ასე ჩამიქრო ცეცხლი. მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობა მივიღე, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითი პარალიზებულია, – ამის შესახებ დაზარალებულმა პოლიციელმა, ზურაბ ლურსმანაშვილმა ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სწორედ აღნიშნული პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებას ედავებიან გრიგორიადისს.

პოლიციელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას კონკრეტულად არ დაუნახავს, თუ ვინ ისროლა “მოლოტოვის კოქტეილი”, თუმცა, ცეცხლმოკიდებული საგანი მისი მისამართით, რომ ისროლეს, დაინახა.

„ჩემმა კოლეგამ გაიხადა პიჯაკი და ასე ჩამიქრო ცეცხლი. გადამიყვანეს დამწვრობის ცენტრში, სადაც ერთკვირიანი მკურნალობა ჩამიტარდა, შემდეგი ერთი კვირა გადახვევებზე დავდიოდი. დაზიანების შედეგად ორგანიზმში ინფექცია მოხვდა და თრომბი, სისხლის შედედება დამემართა და გავაგრძელე მკურნალობა”, – განაცხადა პოლიციელმა.

მისივე განმარტებით, მას პრეტენზია ყველა დამნაშავის მიმართ აქვს.

„დავინახე საიდან წამოვიდა “მოლოტოვის კოქტეილი”, ეს იყო პარლამენტის კუთხიდან, მსროლელის სახე, თავად ეს პიროვნება არ დამინახავს, უბრალოდ, ჰაერში რომ მოდიოდა, იმას ვხედავდი. როცა ჩვენი მისამართით განხორციელდა სროლა, ცეცხლისგან მეტ-ნაკლებად დამცავი ფარი იყო, მისი აწევა მოვასწარი, რომ სახეში არ მომხვედროდა. რაშიც იყო დამზადებული „მოლოტოვის კოქტეილი”, ის ნაჭერი ხელზე დამეცა და ცეცხლი ფორმაზე გადავიდა. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო, მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობა მივიღე, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითი პარალიზებულია. პრეტენზია გამაჩნია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, მითუმეტეს, სამართალდამცავის და ჩემ მიმართ“,- განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

პარლამენტში უმრავლესობის წევრთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

პარლამენტში უმრავლესობის წევრთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა. პარლამენტმა 85 ხმით გიორგი სოსიაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.

გიორგი სოსიაშვილი ოქტომბერში, გორის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.

“პრეზიდენტმა საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს” – დავით კირკიტაძე

მინდა, საქართველოს პრეზიდენტს ვუთხრა, კიდევ სჯერა, რომ ქართული სასამართლო სამართლიანია და არ არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი? მან ხომ საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს ჩვენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, თუ პრეზიდენტს მართლაც სურს, რომ თავისუფალ პოლიტიკოსად დარჩეს, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.

„მინდა, საქართველოს პრეზიდენტს მოვუწოდო და ვუთხრა, მას კიდევ სჯერა, რომ ქართული სასამართლო სამართლიანია, დამოუკიდებელი და არ არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი? მან ხომ საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს ჩვენ, როგორი პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლოა, როგორ ემორჩილება „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლას.

მინდა, შევახსენო, რომ ამავე სასამართლოს გასამართლებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მას ხელთ აქვს ბერკეტი, ამ უსამართლო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გამოასწოროს. რას ელოდება ის? – თუ კიდევ დარჩა იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ქართული სასამართლო ხელმძღვანელობდა კანონით და სამართლიანად. არა, ქალბატონო პრეზიდენტო, ისევე როგორც თქვენს შემთხვევაში, ქართული სასამართლო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედებდა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გუშინ ოპოზიციას მოუწოდეთ, არ შემოსულიყო დარბაზში, როდესაც იქნებოდა საკითხის განხილვა. კარგად იცით, რომ ჩვენ ეს პოზიცია დავაფიქსირეთ თქვენს მოწოდებამდე, ჩვენ არ შემოვდივართ დარბაზში იმიტომ, რომ ის პროცესი, რომელიც ამ დარბაზში უნდა გაიმართოს, არ არის ქართველი ხალხის ინტერესში, ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. როდესაც სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა დაიწყეთ, ევროპულ დედაქალაქებში სიარული, მაშინ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ თქვენი იმპიჩმენტის პროცედურა.

თუ მართლაც გსურთ, თავისუფალ პოლიტიკოსად დარჩეთ, სამართლიან პოლიტიკოსად, უნდა გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, უნდა შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მაშინ დავიჯერებთ, რომ ნამდვილად თავისუფალი პრეზიდენტი ხართ, რეალურად ბიძინა ივანიშვილისგან თავისუფალი პრეზიდენტი და თავს არ ესხმით მხოლოდ კობახიძეს და იმ ადამიანებს, ვინც თქვენი იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო“,-აღნიშნა კირკიტაძემ.

“სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, ილუზიებშია”-კახა კალაძე

ეს (სალომე ზურაბიშვილი) ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ ილუზიებშია, ვერ ხვდება როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა მის არჩევნებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, კონსტიტუციას და კანონს.

„რაც შეეხება ზოგადად პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ქმედებებს, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა. პირველი, უმძიმესი ფაქტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. სამარცხვინოა აღნიშნული ქმედება. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა დაიცვას კონსტიტუცია.

რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია მისი ბოლომდე მიყვანა და განხორციელება, თუმცა ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, კონსტიტუციას და კანონს.

სადაც უნდა იქ წავიდეს და სადაც უნდა იქ გადავიდეს, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს.

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ქმედებები და განცხადებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეგვიძლია მოვიძიოთ და ვნახოთ, რომელი ქვეყნის პრეზიდენტი იქცევა იმდაგვარად, როგორც იქცევა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, რომ დაიცვას კონსტიტუცია, მას ფიცი აქვს დადებული და პირველი არღვევს. ამ ყველაფერს ნიღბავს იმით, რომ თითქოს საქართველოს ევროპულ მომავალზე შესტკივა გული და ამ დროს, რეალობაში რა ხდება? ვისმენთ განცხადებებს მისი მხრიდან, (ჩვენ ხომ არ ვიგონებთ) ჩვენი ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო და დაამატა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. თუ ვინმე სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და უბრალოდ მარტივად, რომ შევაფასოთ მავნებლობა.

ეს (სალომე ზურაბიშვილი) ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ ილუზიებშია, ვერ ხვდება როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა მის არჩევნებზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აცდენილია რეალობას”, – განაცხადა კალაძემ.

“მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მათი საქმე” – კახა კალაძე პროექტ „მონა.ჯი“-ს შესახებ

„როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პარტიების – „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – მიერ შექმნილი ახალი პროექტის „მონა.ჯი“ შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან მავნებლები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„ორი „ლუზერი“ რაღაც სისულელეს რომ აკეთებს, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ისინი თავისი ფსიქოლოგიით არიან ჩვეულებრივი მავნებლები და მოქმედებენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო. ერთი ჩახდილი დარბოდა, შოუებს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება. ამ ადამიანებზე სერიოზულად როგორ ვისაუბრო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მათი საქმე“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

“ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმა აჩვენებს, რომ ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება”

ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმა აჩვენებს, რომ ევროპელებმა უნდა გააძლიერონ უსაფრთხოება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა ესპანეთში, სადაც ევროკავშირის პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმართება.

„ნება მიბოძეთ, დავიწყო გუშინ ბრიუსელში მომხდარი საშინელი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახების მიმართ სამძიმრის გამოხატვით. ეს მხოლოდ აჩვენებს, რომ ჩვენ, ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვა ჩვენი უსაფრთხოების ნაწილია“, – განაცხადა ბორელმა.

გუშინ ბრიუსელში შეიარაღებულმა პირმა შვედეთის ორი მოქალაქე მოკლა. მოგვიანებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 45 წლის ტუნისელი მამაკაცი პოლიციამ მოკლა.

“პრეზიდენტსაც ექნება შესაძლებლობა, როგორც თანამომხსენებელმა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა”

ოთხშაბათი და ხუთშაბათი, ეს ის ორი დღეა, როცა გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ვნახოთ, ჩვენ სხვა საკითხებს როგორ გავივლით და ამის მიხედვით დავნიშნავთ საკითხის განხილვას. ამაზე კიდევ დაწვრილებით მექნება საუბარი, როდესაც დადგენილების პროექტს გამოვიტან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პროცედურაზე.

„დღეს გამოვიტან დადგენილების პროექტს, რომელიც რეგლამენტიდან გამომდინარე, არის განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი. ჩვენ გვაქვს ორი კვირა, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ. ვინაიდან გვაქვს პლენარული სესიის კვირა, ამიტომ მიმდინარე კვირაში შეგვიძლია, განვიხილოთ საკითხი და კენჭი ვუყაროთ.

რაც შეეხება განხილვის ფორმას, ის საკითხის პირველი მოსმენით განხილვის მსგავსია. კერძოდ, ამ შემთხვევაში წარდგინების ავტორებიდან მომხსენებელი გამოვა და წარმოადგენს თავის პოზიციას. შემდეგ, რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტს შეუძლია, მოიწვევს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.

მე გუშინ მქონდა მიმართვა და ველოდებით საბოლოო პასუხს. როგორც ჩანს, ქალბატონ პრეზიდენტს სურს მონაწილეობის მიღება და ეს თუ ასეა, რა თქმა უნდა, მოვიწვევთ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, როგორც თანამომხსენებელს. როგორც მომხსენებელთან, ისე თანამომხსენებელთან არის კითხვების და დაზუსტებების შესაძლებლობა. პირველ მოსმენაში გათვალისწინებულია კომიტეტების გამოსვლა, მაგრამ, ვინაიდან რაიმე დარგობრივი მოსაზრებები აქ არ არის რელევანტური, კომიტეტების გამოსვლები არ იქნება და გადავალთ უკვე უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების გამოსვლებზე. ამის ბოლოს დასკვნითი სიტყვის შესაძლებლობა ექნება მომხსენებელს, თუმცა არა თანამომხსენებელს.

საბოლოო ჯამში, ეს იქნება პროცედურა, რომლის განხილვის შემდეგ გვექნება უკვე კენჭისყრა. იცით, რომ იმპიჩმენტისთვის 100 ხმა არის საჭირო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ მთავრობას უთხრა, რომ შესაბამისი უფლებამოსილება თქვენ გეკუთვნითო, მაგრამ არ გეკუთვნითო -მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამმა მოსამართლემ, რომელთაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე განსხვავებული აზრი დააფიქსირეს, საქართველოს პარლამენტის და საკუთარი კომპეტენცია შეგნებულად არ გამიჯნა.

მისივე თქმით, სამი მოსამართლე მსჯელობის დროს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში შეიჭრა და იმპიჩმენტის საკითხის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა, რაც მათი საქმე არ არის.

„სამმა მოსამართლემ საქართველოს მთავრობას უთხრა, რომ შესაბამისი უფლებამოსილება თქვენ გეკუთვნითო, მაგრამ არ გეკუთვნითო. ალბათ, გაგახსენდებოდათ ცნობილი ეპიზოდი კინოფილმიდან. მათ ვერ გამიჯნეს, თუ არ გამიჯნეს საქართველოს პარლამენტის და საკუთარი კომპეტენცია, როდესაც ისინი მსჯელობის დროს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში შემოიჭრნენ და იმპიჩმენტის საკითხის მიზანშეწონილობაზე ისაუბრეს, რაც მათი საქმე არ არის.

საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება არის, დაადგინოს დარღვევის ფაქტი, ხოლო საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა, რომ თუ ფაქტი დადგინდა დარღვევისა, ამის შემდეგ გადაწყვიტოს ამ დარღვევას უნდა მოჰყვეს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ასეთ მარტივ იურიდიულ ჭეშმარიტებაზე რომ გვიწევს მსჯელობა, ეს უკვე არის სირცხვილი, უხერხულია. მე მათ შეურაცხყოფას არ მივაყენებ და არ ვიტყვი, რომ ვერ გამიჯნეს, უფრო არ გამიჯნეს. გუშინ გვარამიამ თქვა, რომ სამი მოსამართლე გვყავსო. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია,“ – განაცხადა მდინარაძემ.

“ჩვენ არ ჩავიქნევთ ხელს საქართველოზე” – ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავის ხალხის მსგავსად სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ამ ძალისხმევისთვის ისჯება.

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხუთი თვის წინ აქ მტკიცედ იდგა მისი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან. პრეზიდენტი, რომელიც თავის ხალხის მსგავსად სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ვციტირებ – „მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამ ძალისხმევისთვის ის ახლა ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ. ძვირფასო კოლეგებო, განგაშით გამცნობთ, რომ საქართველო, ოდესღაც ევროპული იმედის სხივი, ახლა სწრაფად მიემართება ავტორიტარული, პრო-რუსული მმართველობისკენ. სასამართლო და კანონის უზენაესობა დარღვეულია და ახლა იარაღად არის გამოყენებული იმ ფარსში, რომელსაც იმპიჩმენტს ეძახიან. ჩვენ არ შეგვიძლია და ხელს არ ჩავიქნევთ საქართველოზე, არ დავტოვებთ ქართველების 80%-ზე მეტს მარტოდ ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ. საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

“დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა. მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის ამ მშვიდობის შენარჩუნებაზე”

დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავარი ყურადღება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

„მინდა ვთქვა შემდეგი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ხედავთ რა ხდება ირგვლივ მსოფლიოში, ურთულესი მდგომარეობაა, უკრაინა, ახლა ისრაელი, ისრაელში მიმდინარე მოვლენები არის ძალიან შემაწუხებელი და ძალიან, ასე ვთქვათ, რთული გამოწვევა, არა მხოლოდ იმ რეგიონისთვის, არამედ ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის ექნება ამას დიდი გავლენა.
ასე რომ, ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის აი ამ მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, ეს სჭირდება ჩვენს ხალხს”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, იმპიჩმენტის საკითხი იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას კანდიდატის სტატუსზე.

„ყველაფერი კარგად იქნება. არავითარი გავლენა, რას ნიშნავს გავლენა ექნება ამას ?! ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხი, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კანონი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, პოზიტიურია თუ არა ეს სიგნალი ბრიუსელისთვის.

„პოზიტიური არის იმ კუთხით და იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ მაგალითის მიმცემნი კანონის დაცვის და კონსტიტუციის დაცვის”, – განაცხადა პრემიერმა.

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგიონში 15 ჟურნალისტი დაიღუპა

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგიონში, სულ მცირე, 15 ჟურნალისტია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ ავრცელებს.

კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულ 15 ჟურნალისტს შორის 11 პალესტინელი, სამი ისრაელელი და ერთი ლიბანელია. ასევე დაშავებულია რვა ჟურნალისტი, მედიის სამი თანამშრომელი კი დაკარგული ან დაკავებულია.

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ განცხადებით, განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან ღაზის სექტორში მომუშავე ჟურნალისტები, ვინაიდან ისინი კონფლიქტს გაშუქებას ისრაელის ავიადარტყმების, შეფერხებული კომუნიკაციის, ელექტროენერგიის გათიშვისა და ისრაელის დანაყოფების მხრიდან მოსალდონელი სახმელეთო ოპერაციის პირობებში ცდილობენ.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ ისრაელზე მასშტაბური თავდასხმა 7 ოქტომბერს განახორციელა, რის შემდეგაც ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორში საჰაერო ოპერაცია დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმას 1 400-ზე მეტი ადამიანი ემხვერპლა, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზის სექტორში 2 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

„კოჭლი იხვი“ ამერიკული ტერმინოლოგიაა, პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წელს „კოჭლ იხვს“ უწოდებენ, ეს უზრდელობა არაა”

სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, მაგრამ ინდივიდუალური დეპუტატების მიმართ ნდობა არ აქვს და ამის გამო მოუწოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომ სხდომათა დარბაზში არ შემოვიდნენ, მეორე მხრივ კი არის ე.წ. კარწინკის ინტერესი, რომ საწყალი სალომე ზურაბიშვილი მარტო იჯდეს სხდომათა დარბაზში და ოპოზიცია არ უმაგრებდეს ზურგს – პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში, სავარაუდოდ, ხვალ განიხილება.

„ვიღაცებზე შეიძლება იყოს პოლიტიკური ზეწოლა ან ვიღაცები იყვნენ პოლიტიკური გავლენის ქვეშ. რაც მთავარია, უმარტივესი კაზუსია, რომელიც ამოიხსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ქვეყანას შეუნარჩუნდა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა. პროცედურას რაც შეეხება, სავარაუდოდ, ხვალ განიხილება პარლამენტში. 100 ხმის მობილიზება პრაქტიკულად არარეალურია. „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას. მათ ჰქონდათ სრული კოორდინაცია. უფრო მეტიც, გუშინ წამოსცდა, რომ ერთად იმუშავებენ ხვალ ე.წ. კარწინკაზე – ანუ, ძლიერი სურათი რომ დავდგათ, შიგნით მარტო შევალ და თქვენ გარეთ დადექითო. წარმოიდგინეთ, „კარწინკაზეც“ კი ერთად მუშაობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა” და სალომე ზურაბიშვილი”,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს და „ეს წარმოუდგენელი იყო“.

„პრეზიდენტი ჰქვია, ყველაფერს რომ თავი დავანებო. თქვა, სირცხვილიაო და ასეთი ტერმინები გამოიყენა. ეს შემაშფოთებელია. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ. ეს იყო უზრდელობა, პრეზიდენტი, 70 წლის ქალია და უზრდელობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განმარტა საკუთარი განცხადება, როდესაც პრეზიდენტთან მიმართებით „კოჭლი იხვი” ახსენა და განაცხადა, რომ ეს ამერიკული ტერმინია.

„კოჭლი იხვი“ ამერიკული ტერმინოლოგიაა. პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წელს „კოჭლ იხვს“ უწოდებენ ამერიკაში. ეს უზრდელობა არაა, მაგრამ რაც გუშინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ეს უზრდელობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, “სალომე ზურაბიშვილის თვითმიზანი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან შეგნებულად გასვლაა და შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო წაახალისოს ზურაბიშვილი, რომ კონსტიტუციის უხეშად დარღვევა გააგრძელოს”.

“იმპიჩმენტი სადამსჯელო ღონისძიება ხომ არ არის. ეს არის დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი. მიგვაჩნდა, რომ დაირღვა კონსტიტუცია, ამის დასადგენად მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. იქ, ნაცვლად იურიდიული არგუმენტებისა, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს პოლიტიკური სპექტაკლი. ესეც უკულტურობაზე მეტყველებს. პრეზიდენტმა ისიც კი არ გააკეთა, რომ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები მაინც გამოეგზავნა ამ პროცესზე – ერთი ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტია და მისი კვალიფიკაცია ნახეთ ამ პროცესზე და მეორე, ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტიც კი არაა და მისი კვალიფიკაციაც იხილა საზოგადოებამ. როდესაც პოლიტიკოსებს აგზავნი პროცესზე და არა იურისტებს, აქედან ჩანს, რომ შენი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკური სპექტაკლის შექმნაა. ჩვენ შევეცადეთ, ეს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში მოგვექცია, პარლამენტშიც უნდა შედგეს ჯანსაღი განხილვა იმისა, რამდენად დაირღვა კონსტიტუცია. ეს იქნებოდა კულტურის გამოვლინება, თუმცა, თვითონ საქართველოს პრეზიდენტი ავლენს პირველი უკულტურობას, როდესაც დეპუტატებს მოუწოდებს, რომ დემოკრატიულ პროცესს გაერიდონ და სხდომათა დარბაზში არ შემოვიდნენ. ამ მასშტაბის უკულტურობას როცა ვხედავთ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ესეც არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომ არ შეიძლება ის დარჩეს საკუთარ თანამდებობაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.