Home Blog Page 2180

,,სხვა რა დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს პრეზიდენტმა? კაცს ხომ არ მოკლავდა?”- თამარ ჩიბურდანიძე

სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა და შეურაცხყოფას აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს (ამხელა რანგის ინსტიტუტს) დეპუტატებს და ამ დროს, თან ითხოვდა პატივისცემას მის მიმართ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. წარმოიდგინეთ, გუშინ პრეზიდენტის როგორ პარადოქსულ სიტუაციაში იყო, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ განაცხადა.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, არავის არ უნდა დაავიწყდეს, სალომე ზურაბიშვილი ის პრეზიდენტია, რომელსაც ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დაუდგინა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია.

„იცით რა იყო პარადოქსული? სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა და შეურაცხყოფას აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს (ამხელა რანგის ინსტიტუტს) დეპუტატებს და ამ დროს, თან ითხოვდა პატივისცემას მისი მიმართ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. წარმოიდგინეთ, გუშინ პრეზიდენტის როგორ პარადოქსულ სიტუაციაში იყო. ძალიან დიდი ხანია რაც იგი საქართველოში ჩამოვიდა, მას შემდეგ ვუყურებ, ვიცნობ კიდეც და სიმართლე გითხრათ, მე ასეთი აღელვებული და განერვიულებული პრეზიდენტი არ მინახავს, ის იყო აბსოლუტურად წყობიდან გამოსული, რაც ბუნებრივია.

მაგრამ მე მაქვს კითხვა – არ ელოდა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას? რა იყო მოულოდნელი ამ ვერდიქტში? როდესაც ვუსმენდით და ვუყურებდით ყველანი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს, რომელიც საჯარო და ღია იყო ყველასთვის, პირველკურსელებისათვისაც მარტივად გასაგები იყო, ის რასაც იქ ამბობდნენ. თავად პრეზიდენტის წარმომადგენლებმა – ჩუგოშვილმა და კოპალეიშვილმა, თავიანთი გამოსვლებით დაადანაშაულეს პრეზიდენტი. მათი გადმოცემით, რასაც ისინი ჰყვებოდნენ და რა ფაქტებიც მოჰყავდათ, პირველ რიგში, თავად გამოუტანეს ვერდიქტი პრეზიდენტს და თავად თქვეს, რომ ფაქტობრივად, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია.

სასამართლოს ვერდიქტამდე გამოიტანეს მათ განაჩენი, თავიანთი წამგზავნელისგან, ეს იყო ყველაზე სასაცილო იმ პროცესებში.

ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, იცით რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე მაგალითად, არ მახსოვს, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია ოდესმე ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილიყო, თავისი სათქმელი ეთქვა, რომ განსაკუთრებული გადაწყვეტილება მიეღო და დაგვენახა, გარდა იმისა, რაც ფურცელზე წერია, რომ ეს არის კონსტიტუციის დამცველი და ყველაზე მაღლა მდგომი სასამართლო. პირველად ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თურმე ჰქონია ფუნქცია და მან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის დარღვევა არ აპატია თვით კონსტიტუციის დამცველს, კონსტიტუციით ყველაზე მაღალ პირს – პრეზიდენტს და გამოუტანა დადანაშაულების ვერდიქტი.

რა მოხდება ხვალ პარლამენტში? ეყოფათ თუ არა ხმები, დარჩება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მე მაგალითად, მის ადგილზე რომ ვიყო, ძალიან შემრცხვებოდა. თუმცა გავანებოთ თავის სალომე ზურაბიშვილს და შიდა პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც ნამდვილად არ აქვს თავმოყვარეობა (ამ ოპოზიციის დიდ ნაწილზე ვსაუბრობ და არა ყველაზე). მე მაინტერესებს, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო ეს პოლიტიკური ლიდერშიპი, რომელთა დიდი ნაწილი ოპოზიციის ლობისტები არიან, რომელი გაბედავს, რომელს ეყოფა ვაჟკაცობა და ბრალდებულ პრეზიდენტთან ისევ დაიწყებენ პოლიტიკურ ურთიერთობას.

რა თქმა უნდა, მათ ექნებათ მიზეზი და იტყვიან, რომ ის პრეზიდენტია, მას იმპიჩმენტი ვერ მოუწყვეს (თუკი ხვალ ხმები არ ეყოთ პარლამენტში) მაგრამ ეს ის პრეზიდენტია, რომელსაც ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დაუდგინა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია. სხვა რა დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს პრეზიდენტმა? კაცს ხომ არ მოკლავდა? ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლებოდა ჩაედინა, ჩაიდინა – რაზედაც ფიცი დადო, ის დაარღვია“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

მუსლიმი ერები ძალიან გაბრაზებულები არიან – ირანის უზენაესი ლიდერი

ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ თუ ღაზას წინააღმდეგ სისასტიკე გაგრძელდება, მუსლიმებმა და წინააღმდეგობის ძალებმა შეიძლება დაკარგონ მოთმინება და მერე ვერავინ შეძლებს მათი ქმედებების აღკვეთას.

მისი თქმით, უზურპატორი სიონისტური რეჟიმი უნდა გასამართლდეს.

ამასთან, ირანის უზენაესი ლიდერი ისრაელს ღაზაში „ეთნიკურ წმენდაში“ ადანაშაულებს.

„რაც არ უნდა გააკეთოს სიონისტურმა რეჟიმმა, ის ვერ აანაზღაურებს იმ სამარცხვინო მარცხს, რომელიც მან განიცადა ამ შემთხვევაში. სიონისტური რეჟიმი უნდა გასამართლდეს. მსოფლიო მოწმეა სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის. მთელი მსოფლიო ხედავს ამას. 

როგორც არაერთი ინფორმაცია გვამცნობს, სიონისტური რეჟიმის შიგნით ამ დღეების და გასული კვირის პოლიტიკას ამერიკელები არეგულირებენ, პოლიტიკას ატარებენ. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს დაბომბვები. მუსლიმი ერები ძალიან გაბრაზებულები არიან“, – აცხადებს ალი ხამენეი.

უნდა დაფასდეს პროფესიონალიზმი და სამშობლოსთვის თავგანწირვა – თავდაცვის მინისტრი

ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას, სამხედროების დაფასებისა და მათთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, უპირველესი და უმნიშვნელოვანესია სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა, რადგან პროფესიონალი სამხედროები წარმოადგენენ ჩვენი ჯარის სიძლიერის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს.

„ბოლო ოთხ წელიწადში მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელფასები, რომელიც  მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.  მაგალითისთვის რიგითის დარიცხული ხელფასი 2019 წელს რიგითის მინიმალური ანაზღაურება  1050 ლარი იყო,

რაც დღეს 1530 ლარი გახლავთ,  ბოლო ოთხ წელიწადში 45%-იანი ზრდა გვქონდა.  ორ თვეში, 2024 წლის იანვრიდან რიგითი მინიმალური ხელფასი, რომელსაც დანამატები არ ემატება, 1700 ლარი იქნება.  ალბათ დამეთანხმებით და შემიძლია ვთქვა, რომ  ამ მიმართულებით ეს არის რევოლუცია. აღარ შევალ დეტალებში, თუ რა იქნება საშუალო რგოლის მენეჯმენტისა და ოფიცრების ხელფასი“, –  განაცხადა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტზე, რომელიც პრემიერ მინისტრის ინიციატივით  მახათას მთაზე 2020 წელს დაიწყო და წარმატებით დასრულდა.

„უკვე დავასრულეთ და გადავეცით 1092 ბინა ჩვენს სამხედროებს. ამით  მათ ოჯახებს  დიდი სიხარული მივანიჭეთ“ – განმარტა მინისტრმა და აღნიშნა, რომ პროექტი განგრძობითი იქნება.

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამხედროებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვის ფარგლებში კიდევ ერთ წარმატებულ პროექტზე ისაუბრა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის, სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდიას“ ითვალისწინებს.

„პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით საერთო ჯამში 6000-მდე სამხედრომ თუ მათი ოჯახის წევრებმა  ისარგებლეს. ასევე იცით მინისტრის სტიპენდიის შესახებ, რომლითაც  800-მდე წარმატებულმა სტუდენტმა ისარგებლა”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ასევე, თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი ან დაშავებული გმირი სამხედროების შვილების უმაღლესი განათლება ფინანსდება. მიმდინარე წელს აღნიშნულ კატეგორიას დაემატა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების უმაღლესი განათლების დაფინანსებაც.

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ნორვეგიული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ნორვეგიული კომპანიის საბანკო ანგარიშების განკარგვაზე უფლებამოსილი იურიდიული პირის წარმომადგენელს ყალბი ელექტრონული შეტყობინება და დოკუმენტები გაუგზავნეს, რის საფუძველზეც კომპანიის კუთვნილი 37 473 ევრო საქართველოში, ბრალდებულის კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ურთიერთშორის გაინაწილეს.

„ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„არ ვიცი პრეზიდენტს ოპოზიციის ახალ ლიდერად ვიხილავთ თუ არა”- ვოლსკი

იდეა, რომ ოპოზიცია გარეთ იდგეს, ხალხი მოიყვანონ და სალომე ზურაბიშვილი გახდეს ლიდერი, ეს ჩადებული იყო თავიდანვე მის ქმედებებში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა,

„არ ვიცი პრეზიდენტს ოპოზიციის ახალ ლიდერად ვიხილავთ თუ არა, მაგრამ ჩვენს თვალწინ იმდენი რამ მოხდა – ეს საზღვარგარეთ ვოიაჟი, 26 მაისის სკანდალური განცხადება, ამ ფონზე მისი განცხადება, რომ საქართველომ სტატუსი უნდა მიიღოს, ოღონდ მთავრობამ არ უნდა მიიღოს. გაცხადებები, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. იდეა, რომ ოპოზიცია გარეთ იდგეს, ხალხი მოიყვანონ და იგი გახდეს ლიდერი, ეს ჩადებული იყო თავიდანვე [მის ქმედებებში]. მისი მხრიდან ეს ყველაფერი პოლიტიკური პლატფორმის ლიდერის ადგილის დაკავების მცდელობაა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ გაიმართება. მსჯელობა 12:00 საათზე დაიწყება.

„პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მე ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ, მაგრამ მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ, თუ სიტყვა მომცეს, თუ არადა მე გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ, რომელმაც მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

“გათამამებულხართ წინა „მინისტრის საათთან” შედარებით, მორიდებული იყავით” – ანა წითლიძე ჯუანშერ ბურჭულაძეს

ერთადერთი მიზეზით ხართ ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ეს არის ტრაგედია – „ქართუ ბანკში“ იყავით, აგიღეს და დაგდეს მინისტრად, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.

ამასთან, წითლიძემ თქვა, რომ ბურჭულაძის მსგავსი თავდაცვის მინისტრები ქვეყანას „ბევრი ჰყოლია და კიდევ ეყოლება“

„გათამამებულხართ წინა „მინისტრის საათთან” შედარებით, მორიდებული იყავით, მახსოვს და ცინიზმი შეგიძენიათ კიდევ, ნეტა რატომ? თქვენც კორუფციულ გარიგებებში ხომ არ ხართ ან თქვენც ფარცხალაძესავით ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კი ხართ, მაგრამ იქნებ თქვენც ამ აგენტურულ ქსელში ხართ?- ვინ იცის.

თქვენ თავს ქართულ ჯართან ნუ აიგივებთ. ქართული ჯარი არის ის, რაც პატივისცემას იმსახურებს ყველასგან ყოველთვის, თქვენნაირი თავდაცვის მინისტრები კი ბევრი ჰყოლია ამ ქვეყანას და კიდევ ეყოლება, არ გაახსენდებით არასოდეს არავის. ამიტომ ქართული ჯარის ნაცვლად შენიშვნას თქვენ ნუ გვაძლევთ და ნურც ლაპარაკობთ. ერთადერთი მიზეზით ხართ ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ეს არის ტრაგედია – “ქართუ ბანკში” იყავით, აგიღეს და დაგდეს თავდაცვის მინისტრად”, – განაცხადა წითლიძემ.

,,გვჭირდება სასწრაფო წვდომა ღაზის სექტორში”- ჯანმო

ჯანმოში აცხადებენ, რომ საჭიროებენ სასწრაფო წვდომას ღაზის სექტორში 11 000 დაჭრილისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ჯანმოში ასევე აღნიშნავენ, რომ 2800 გარდაცვლილიდან დაახლოებით ნახევარს ქალები და ბავშვები შეადგენენ. მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებზე 115 იერიშია მიტანილი, ღაზაში არსებული საავადმყოფოების უმრავლესობა არ ფუნქციონირებს, საგრძნობია წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტი.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2023 წლის 17 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6918 შეადგინა.

2023 წელს ეს მეექვსე აუქციონია, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად თანხა გამოიტანა. ჯამურად, 2023 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 166 750 000 აშშ დოლარი გაყიდა.

“პრეზიდენტი ზურაბიშვილი აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან, ამ ძალისხმევისთვის ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ” – ვიოლა ფონ კრამონი

არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემის მიუხედავად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრორუსული მთავრობის მიერ განხორციელებული იმპიჩმენტის პროცედურის წინაშე დგას.

არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რჩება”, – წერს ფონ კრამონი.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ისჯება ევროპული ძალისხმევისთვის იგი „ ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ“.

„ხუთი თვის წინ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ იდგა აქ, მისი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს. აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან. პრეზიდენტი, რომელიც თავის ხალხის მსგავსად, სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავსკონსტიტუციის 78-ე მუხლს: მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამ ძალისხმევისთვის იგი ახლა ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ.

ძვირფასო კოლეგებო. განგაშით გამცნობთ, საქართველო ოდესღაც ევროპული იმედის სხივი, ახლა სწრაფად მიემართება ავტორიტარული პრორუსული მმართველობისკენ. სასამართლო და კანონის უზენაესობა დარღვეულია და ახლა იარაღად არის გამოყენებული იმ ფარსში, რომელსაც იმპიჩმენტს ეძახიან. ჩვენ არ შეგვიძლია და ხელს არ ჩავიქნევთ საქართველოზე, არ დავტოვებთ საქართველოს 80 პროცენტზე მეტს მარტო ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ. საქართველო გახდება ევროპული კავშირის წევრი“, – განაცხადა კრამონმა.

მადლობელი ვართ, რომ საქართველო ჩვენ გვერდით დგას როგორც პოლიტიკურ, ოფიციალურ, ისე ადამიანურ და მეგობრულ დონეზე -საქართველოში ისრაელის ელჩი

მადლობელი ვართ, რომ საქართველო ჩვენ გვერდით დგას როგორც პოლიტიკურ, ოფიციალურ დონეზე, ისე ადამიანურ, მეგობრულ დონეზე, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მხარდაჭერა ძალიან ძლიერია.

„პირველივე დღიდან იყო საჯარო დაგმობა, სოლიდარობა, რომლიც დადასტურდა საჯაროდაც და პირად შეხვედრებზეც, რომელიც მქონდა პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, სხვადასხვა მინისტრებთან, პარლამენტის სპიკერთან. დღეს მქონდა სხვა შეხვედრები პარლამენტში ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, რომელსაც გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ საქართველო ჩვენ გვერდით დგას როგორც პოლიტიკურ, ოფიციალურ დონეზე, ისე ადამიანურ, მეგობრულ დონეზე“, – განაცხადა ელჩმა.

“თქვენ მე თქვენს ხელისუფლებაში გეშლებით” – ჯუანშერ ბურჭულაძე სამადაშვილს

თქვენ მე თქვენს ხელისუფლებაში გეშლებით. კეზერაშვილი, რომელიც მართლა მათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი წავიდა და ასევე, კარგად მახსოვს თქვენი ლიდერიც, რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით წავიდა მისი ოჯახი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც მის შვილთან დაკავშირებით „ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

მინისტრის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად ბიზნესი აქვს, მოგონილი ტყუილია და ცილისწამებაზე სასამართლოში სარჩელიც აქვს შეტანილი.

„ეს იყო ცილისწამება ჩემს წინააღმდეგ. მე ამაზე სარჩელიც მაქვს შეტანილი. კონკრეტული ფიზიკური პირისგან ვითხოვ ბოდიშს. თქვენი მეგობრები იმალებოდნენ სარჩელის არმიღებაზე რამდენიმე თვე. ბოლოს მიიღეს. მე არ პროცესს, რა თქმა უნდა, მოვიგებ, იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტურად მოგონილი ტყუილი. რაც შეეხება დედაჩემს – არ მინდა ამაზე ვისაუბრო, მითუმეტეს, ამ ტრიბუნიდან, მაგრამ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, თქვენი ხელისუფლების დროს, ერთი ნასყიდობით აქვს რამდენიმე მილიონი აღებული. ის, რომ შპს-ში დედაჩემი იყოს მონაწილე… რამდენიმე შპს-ს დამფუძნებელი და დირექტორია. ეს ხდება ოღონდ 1995 წლიდან. თქვენ გეშლებით მე თქვენს ხელისუფლებაში. კეზერაშვილი, რომელიც მართლა მათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი წავიდა და ასევე, კარგად მახსოვს თქვენი ლიდერიც რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით წავიდა მისი ოჯახი. თუ ვინმეს რამე საშუალება ჰქონდა, მათ შორის, 90-იან წლებში, ყველაზე დიდი ქონების პრივატიზაცია რუსთაველის გამზირზე მოხდა ჩემი ოჯახის მიერ. ასე რომ ეს საკითხი ძალიან გთხოვთ, დახურეთ. კიდევ ვიმეორებ, ბოდიშის მოხდაც მოუწევს თქვენს მეგობარს ტელევიზიიდან. ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძეს ასე მიმართა: „მაინტერესებს თქვენ, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ქვეყნის, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, არ გრცხვენიათ და არ გერიდებათ, რომ თქვენს შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად ბიზნესი აქვს და რუსულ აბანოებს აშენებს ჩვენს ქვეყანაში? უკეთესი ბიზნესი თქვენმა შვილმა ვერ იშოვა?“

“ოპოზიციაში ყველა მიმართულებით კატასტროფული ვითარებაა” – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები „ისევ ოპოზიციამ გაათრია პარლამენტში“.

„ქართულ ოცნებას“ ერთი დეპუტატი დაემატა დღეს, უფლებამოსილებით ცნეს გორი/კასპის მაჟორიტარი. ჯამში ახალ წევრთან ერთად ოცნებას + სოციალისტები 89 ხმა აქვთ.

ტაბლოზე 90 ხმა იყო. ამიტომ ერთი ადამიანი ოპოზიციიდან ისევ გარიგდა.

იმედია, კადრებს ამოიღებენ ჟურნალისტები და ზოგადად, ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით“, – წერს დეკანოიძე.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი დღეს აირჩია. კანდიდატებმა 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვეს.