Home Blog Page 2178

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესვლას ნებართვის გარეშე შეძლებენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შესვლას და დაკავებულ პირებთან შეხვედრას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ წესთან დაკავშირებით უწყებებს შორის შეთანხმება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით შექმნილ სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოზე იქნა მიღებული, რის შემდეგაც იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დროებითი მოთავსების იზოლატორებში ამოქმედდა.

„განხორციელებული ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებას, შემაფერხებელი პროცედურების გარეშე დაკავებულ პირებთან შეხვედრას, მათ მიერ მიღებული დაზიანებების დროულ ფიქსაციასა და დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებას.

დროებითი მოთავსების იზოლატორებში შეუფერხებლად შესვლის წესის ამოქმედებას წინ უძღოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ ,,პატიმრობის შესახებ“ კოდექსში შეტანილი ცვლილება, რამაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს უფლება მისცა პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შევიდნენ, შეხვდნენ პატიმრებსა და მოახდინონ მათ საჩივრებზე დროული რეაგირება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ცალკეული სამოხელეო დანაშაულის პრევენციის სპეციალური საბჭო შექმნის შესახებ მემორანდუმი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის 2023 წლის 26 იანვარს გაფორმდა, ხოლო საბჭოს პირველი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს გაიმართა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციის მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს ფორმატში, სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით, არასათანადო მოპყრობის ფაქტების თავიდან აცილების და მასზე ეფექტური რეაგირებისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

“ისრაელიდან ფრენები არის, მაქსიმალურად ვცდილობთ, ვისაც საქართველოში დაბრუნება სურს, ბილეთები შეუფერხებლად შეიძინონ “

სპეცრეისების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის ფრენები არ არის, ჩვენ კი ყოველდღიურად გვაქვს 4-5 ფრენა, რომელსაც სხვადასხვა ავიაკომპანია ასრულებს – ამ ფრენებით ისარგებლა დაახლოებით, 3 ათასამდე ადამიანმა, რომლებიც ისრაელიდან საქართველოში ჩამოფრინდნენ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ არის საჭირო რომ ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად სპეცრეისები დაინიშნოს.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ისრაელში მყოფ მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა და მათ როგორც ადგილზე პრობლემის მოგვარებაში, ისე ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში.

“ჩვენთვის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენს საელჩოს რამდენიმე ცხელი ხაზი აქვს გახსნილი. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მოქალაქეებთან. არიან განსაკუთრებული ჯგუფები, მაგალითად, ბავშვები, რომლებიც სამკურნალოდ იყვნენ ისრაელში ჩასულები და ჩვენ მათ მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს, რათა დროულად მოხდეს ან სხვა ლოკაციაზე გადაყვანა, ან საქართველოში დაბრუნება. ამის კარგი პრეცედენტები უკვე გვაქვს. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირებას. ვეხმარებით ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში. დღეს, მაგალითად, 4 ფრენაა დაგეგმილი და სწორედ ამ კომერციული ფრენებით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. მესმის, რომ შეიძლება ერთდროულად ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს ერთ კონკრეტულ ფრენაზე ბილეთის შეძენა, მაგრამ ფრენები არის. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებსა და ავიაკომპანიებს შორის ბარიერები არ იყოს და მოქალაქეებმა შეუფერხებლად შეიძინონ ბილეთები. ვაგრძელებთ კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროებითაც უზრუნველვყოფთ ჩვენს მოქალაქეებს თუ გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქე, ვისაც საქართველოში დაბრუნება უნდა, შეძლებს და დაბრუნდება სამშობლოში”,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ ისრაელში ოჯახთან ერთად მყოფი ზოგიერთი მოქალაქე ფინანსური შესაძლებლობის გამო ბილეთებს ვერ ყიდულობს, დარჩიაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეების მხრიდან თხოვნა ძირითადად იმას ეხება, რომ ბილეთები კონკრეტულ, სასურველ რეისზე შეიძინონ.

“ძირითადი თხოვნა, რაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან შემოდის ისაა, რომ მათ კონკრეტულ ფრენაზე სჭირდებათ ბილეთების შეძენა. არის კომუნიკაციების ბარიერები ავიაკომპანიებთან და ვეხმარებით იმაში, რომ პირველი: პრობლემები ადგილზე გადავუწყვიტოთ; მეორე: დავეხმაროთ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში და მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. ახლო კომუნიკაცია გვაქვს მოქალაქეებთან და ვეცდებით, თითოეულ მოქალაქეს შევუწყოთ ხელი რომ სამშობლოში დაბრუნდნენ”,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

“ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ამას გადაწყვეტს პარტიის ამომრჩეველი” – ანა წითლიძე

ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ამას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, როცა პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს ამოეწურება უფლებამოსილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება ლევან ხაბეიშვილს შეცვლა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.

წითლიძის განცხადებით, პროცესები, რაც პარტიაში მიმდინარეობს, ნორმალურია და ნორმალური იქნება ისიც, თუკი პარტიიდან ვინმე წასვლას გადაწყვეტს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის საქმე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. 11 წლის განმავლობაში ბევრი ასეთი შემთხვევა ყოფილა – დიდი პარტიაა, ცოცხალი ორგანიზმია, ეს პროცესები ნორმალურია და ნორმალურია ისიც, თუ ვინმე გადაწყვეტს არ იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა პროცესიდან გამარჯვებული გამოსულა და გამოვა გამარჯვებული,”- განაცხადა წითლიძემ.

იტალია ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს!

14 ოქტომბერს იტალიაში, კერძოდ ქალაქ რომში,  ქართველი მხატვრისა და დიზაინერის, – ირაკლი ბოჭორიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება!

გამოფენა ხორციელდება  იტალიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის ალიანსი საქართველოს მხარდაჭერით.

გამოფენის ორგანიზატორია კომპანია “Dec&Art Events”.

ირაკლი ბოჭორიშვილი, ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, როგორც ფეხსაცმლის დიზაინერი. ხოლო რაც შეეხება ფერწერას, მისთვის პირველი პერსონალური გამოფენაა ამ კუთხით.

ირაკლიმ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, მონუმენტური ფერწერის განხრით.

90- იან წლებში, როცა საქართველოში ძალიან მძიმე პერიოდი იდგა და ქვეყანამ სამი სამოქალაქო და ეთნიკური ომი გადაიტანა, ირაკლი მაინც არ წყვეტდა მუშაობას და გამუდმებით ხატავდა სხვადასხვა მასალში. პარალელურად დაინტერესდა ფეხსაცმლის დიზაინით და ტექნოლოგიით.

სწორედ მაშინ,  კომპანია „ქართუმ“ ისნის ფეხსაცმლის ფაბრიკაში ჩამოიყვანა იტალიელი დიზაინერები და ფეხსაცმლის მწარმოებლები, რომელთაც ქართველი სტუდენტებისთვის უნდა შეესწავლათ ფეხსაცმლის წარმოების პროცესი.

ქართველ სტუდენთა შორის ირაკლიც აღმოჩნდა, აქედან იწყება მისი როგორც, ფეხსაცმლის დიზაინერის კარიერა.

2002 წელს ირაკლიმ დააარსა საკუთარი სახელოსნო რომელსაც 2007 წელს ოფიციალურად „შუზოფრენია“ დაარქვა.

დღესდღეობით „შუზოფრენია“ საკმაოდ ცნობილი ბრენდია საქართველოში, და ამავე დროს, თანმიმდევრულად იპოვებს აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზეც.

„შუზოფრენიას“ მონაწილეობა აქვს მიღებული, სხვადასხვა პრესტიჟულ გამოფენებსა და ჩვენებებში, რომლებზეც ყოველთვის მოწონებას იმსახურებდა როგორც სპეციალისტების, ისე არასპეციალისტების მხრივ.

2020 წლის თებერვალში, იტალიურმა მხარემ ირაკლი მიიწვია მილანში „MICAM MILANO“ -ს საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც მსოფლიოს მოწინავე ბრენდები იღებენ მონაწილეობას.

„შუზოფრენია“ პირველი ქართული ბრენდი იყო რომელმაც მონაწილეობა მიიღო ასეთ მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაში.

ირაკლი წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ტანსაცმლის დიზაინერებთან, რომელთათვისაც ქმნის ფეხსაცმლის კოლექციას.

2020 წლიდან ირაკლი უფრო ინტენსიურად იწყებს ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობას.

 ამ პერიოდში შექმნა ბევრი ექსპერიმენტული ნამუშევარი.

მხატვრობა და ფეხსაცმლის დიზაინი ავსებს ერთმანეთს და  სწორედ აქედან გამომდინარე ირაკლის მიერ შექმნილ ფეხსაცმლის მოდელებს გამოარჩევს მისი მხატვრული და სკულპტურული ხედვა.

მხატვარი მუდმივად ძიების პროცესშია. იგი გვთავაზობს, თემატურად და სტილისტურად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ნამუშევრებს.

ფერწერაში, გარდა ტრადიციული მასალებისა, ირაკლი მისთვის ძალიან კარგად  ნაცნობ ნატურალურ ტყავს იყენებს, რითიც ქმნის სხვადასხვა კომპოზიციებს.

ირაკლი, ქანდაკებაშიც არ ერიდება ექსპერიმენტებს და ახალი მასალის შემოტანას, – ქმნის ტყავის ქანდაკებას და ბარელიეფებს. მის მიერ არის შესრულებული ნინო ჩუბინიშვილის (ჩუბიკა) ცნობილი ტყავის ქანდაკება – „ანგელოზი“ და „ელენა“.

ირაკლის აქვს სურვილი და მცდელობა, ისეთი ნამუშევრები შექმნას, რომელიც ამ დაძაბულ და კატაკლიზმებით სავსე გარემოში სიმშვიდისა და ოპტიმიზმის განცდა დაგვიტოვებს.

მთავარი ფოტოს ავტორი: ზაქარია ჭელიძე

www.shoesofrenia.com

https://www.facebook.com/DecArtEvents

https://www.facebook.com/shoesofrenia4/

 

 

“ორბანის ვიზიტი აძლიერებს და ამყარებს იმას, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას” – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება, მათ შორის შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის მიმართულებით.

როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი ღირებულ წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოდივერსიფიცირების მიმართულებით. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგები უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ფართო საზოგადოებისთვის.

„ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ უნგრეთი, რუმინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ერთ-ერთი მონაწილეა იმ შეთანხმების, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის მშენებლობის პროექტს, რომელიც ძალიან ღირებულ წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოდივერსიფიცირების მიმართულებით. ჩვენ, ყველანი აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. ეს ვიზიტიც აძლიერებს და ამყარებს იმას, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას. უნგრეთი ძლიერი ნაწილია ამ პროცესის, როგორც რუმინეთი და ჩვენი რეგიონიდან ჩვენ და აზერბაიჯანი. ამ თანამშრომლობას ვაგრძელებთ, დარწმუნებული ვართ, რომ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გამოჩნდება და ჩვენი მოსახლეობა დაინახავს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

“ინდივიდუალურად ვმუშაობთ ევროკავშირის ყველა წევრთან, ბევრი ქვეყნისგან გვაქვს ძლიერი, პოზიტიური გზავნილები, რომ საქართველო იმსახურებს სტატუსს”

უნგრეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი, როცა საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.

„ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველა წევრ ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთთან, რათა უნგრეთის ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი, ყველას საერთო მიზანია, ევროპული პერსპექტივის შემდეგ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. უნგრეთისა და ევროკავშირის კიდევ სხვა, ბევრი წევრი ქვეყნის ძალიან ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მიიღებს. უნგრეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი, როცა საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ – ეს არის ევროკავშირის საბოლოო, სრულფასოვანი წევრობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

თიბისის განათლების პროგრამა მომავლის პროფესიების შესასწავლად

ტექნოლოგიების საუკუნეში შესაძლებელია, რომ სახლიდან გაუსვლელად დაეუფლო ახალ პროფესიებს და მისწვდე მსოფლიოს სხვადასხვა პროფესიულ მწვერვალებს. ტექნოლოგიური პროგრესის შეუქცევად გზაზე, ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ თიბისი ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს დღეისათვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და  ტექნოლოგიური განათლების, სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს 9 მიმართულებით.

ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნა, ციფრული კომუნიკაცია, გრაფიკული დიზაინი, ვიზუალური კომუნიკაცია – ვიდეოგრაფია და ფოტოგრაფია და UI/UX დიზაინი. ეს იმ კურსების ჩამონათვალია, რომლებსაც დღეიდან სამი თვის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით 650 უფროსკლასელი დაეუფლება.

„თიბისის ინიციატივით შექმნილი ტექნოლოგიური განათლების კურსები ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. სამთვიანი დინამიური კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ კი უკვე თავად შეძლებენ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. კურსები თავდაპირველად სამი მიმართულებით დავიწყეთ, თუმცა ტექნოლოგიების მიმართ ახალი თაობის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, კურსების არჩევანი კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გავხადეთ. შედეგად, შემოდგომიდან, უფროსკლასელებს, ტექ მიმართულების უკვე 9 კურსს ვთავაზობთ,“- ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.

თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა პროექტების მეშვეობით. 2023 წელს კი ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად იქცა.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან პარტნიორობით.

 

R

“შოლცს და მაკრონს უფრო დიდი გავლენა აქვს ევროკავშირში, თუ ორბანს?!” – პაატა მანჯგალაძე

შოლცს და მაკრონს უფრო დიდი გავლენა აქვს ევროკავშირში, თუ ორბანს?! – შოლცმა რა დააშავა, ლისაბონიდან თბილისამდე უნდა იყოს ევროპა, მოდით, დაგველაპარაკეთო და დედა აგინა „ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივად. ერთი ჯგუფი იყო ვინც ხელს ართმევდა ევროპაში და იმასთანაც გაიფუჭეს ურთიერთობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მან „სისულელე“ უწოდა ინფორმაციას, რომ ორბანი ულტიმატუმებით საქართველოსთვის სტატუსის მიცემას დაეხმარება. მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ ევროპული გზა გადის რეკომენდაციების შესრულებაზე და არა ორბანზე, რომელიც „ხშირ შემთხვევაში, რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს“.

„შოლცმა რა დააშავა, შოლცი რატომაა ცუდი?! ლისაბონიდან თბილისამდე უნდა იყოს ევროპა, მოდით, დაგველაპარაკეთო და დედა აგინა „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, ერთი ჯგუფი იყო ევროპაში ვინც ხელს ართმევდა „ქართულ ოცნებას“ და იმასთანაც გააფუჭეს ურთიერთობა, ან მაკრონი რატომ არ არის იგივეს გამკეთებელი?! შოლცს და მაკრონს უფრო დიდი გავლენა აქვს ევროკავშირში, თუ ორბანს?! გერმანია და საფრანგეთია წარმმართველი ძალა ევროპაში, ის, რომ ორბანი უკრაინას დაბლოკავს და ამის გამო სტატუსს მივიღებთ, ეს არის ახალი შეთქმულების თეორია და სისულელე. შეასრულეთ რეკომენდაციები, შემოიტანეთ კანონები, რაც ინიცირებული გვაქვს, მივიღოთ, ხუთ დღეშია შესაძლებელი, ეს არის ევროპისკენ გზა და არა ორბანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში აკეთებს იმას, რაც რუსეთს უნდა.

რეკომენდაციები გვაქვს შესასრულებელი და იმის ნაცვლად დაჩქარებული ცვლილებები ამაზე შემოვიდეს, “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა ცვლილება კარვებთან დაკავშირებით, კიდევ თურმე პრიორიტეტული ყოფილა ორი ვიცე-სპიკერის დამატება და კობახიძე რომ გამოვა პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ. ასევე, კენჭისყრა ღია იქნება თუ დახურული, ეს ყოფილა პრიორიტეტული. ანუ რა გვითხრა “ქართულმა ოცნებამ”? – გვითხრა, თქვენი კანდიდატის სტატუსიც და ევროპაც ცალ ფეხზე მკიდიაო,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

“იმპიჩმენტის პროცესი აჩვენებს, რომ ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა” – გურამ მაჭარაშვილი

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის პროცესმა, ერთი მხრივ, აჩვენა, რომ საქართველოს კონსტიტუცია არავინ უნდა დაარღვიოს და კონსტიტუციამ გასცა პასუხი პრეზიდენტს, მეორე მხრივ კი, ამ პროცესმა აჩვენა, რომ რადიკალური ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განზრახული აქვთ, კენჭისყრის დროს დეპუტატები პლენარულ სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ.

„ისინი ერთმანეთს არ ენდობიან. 36-იდან ოცნი დარჩნენ „ნაცმოძრაობაში“ და იმ ოცსაც არ ენდობიან, განზრახული აქვთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში არავინ შევიდეს. საზოგადოებისთვის ეს კარგი მაგალითი იქნება. ერთი მხრივ, იმპიჩმენტის პროცესი აუცილებელი იყო, რადგან კონსტიტუცია არავინ უნდა დაარღვიოს, საქართველოს კონსტიტუცია დაუდგა პრეზიდენტს მოწინააღმდეგედ და პასუხები გასცა ირაკლი კობახიძის სახით. საქართველოს კონსტიტუცია სცემდა პასუხს საქართველოს პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს პირდაპირ აჩაქუჩებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლით, რომელიც პრეზიდენტმა დაარღვია. რეალურად, იმპიჩმენტის პროცესია ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია შედგა. მეორე მხრივ, ეს პროცესი საჯაროდ აჩვენებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა და როგორ უნდა ენდოს საზოგადოება, რომ მისცენ ხმა და ხელისუფლებაში მოვიდნენ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

“ვიქტორ ორბანის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ეზრდება” – ეკა სეფაშვილი

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრ ეკა სეფაშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სეფაშვილის თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ეზრდება.

„ორბანის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც დაისახა გეგმა, საქართველო გახდეს სატრანსპორტო ჰაბი ენერგორესურსებისთვის თუ ასე შემდეგ, ეს საუბარი არ დარჩა საუბრად და საქმიანი ვიზიტი განხორციელდა. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ეზრდება და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა იქნება არა მხოლოდ საქართველოს ინტერესში, არამედ ყველა იმ ქვეყნის ინტერესში, მათ შორის ევროკავშირის ინტერესებში, რომლებიც ისარგებლებენ საქართველოს გავლით თავიანთი ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ევროკავშირისთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 10 ოქტომბერს ეწვია.

თიბისიმ საერთაშორისო კონფერენციაზე „UNITING BUSINESS EUROPE” მდგრადი დაფინანსების პოლიტიკა წარადგინა

9 ოქტომბერს, თბილისში, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და  საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობით, საერთაშორისო კონფერენცია „Uniting Business Europe” გაიმართა. კონფერენციაზე, ღონისძიების ერთ-ერთი გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო მასურაშვილმა თიბისის მდგრადი დაფინანსების პოლიტიკაზე ისაუბრა.

„Uniting Business Europe“ აერთიანებს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრებს და დაინტერესებულ მხარეებს: ადგილობრივ და გლობალურ ბიზნეს ლიდერებს, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, კორპორაციული მდგრადობის ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებს ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ცენტრალური აზიიდან.

„Uniting Business Europe“-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში განხილული იყო, თუ რა კრიტიკული როლი აქვს კრიზისის დროს ბიზნესის ლიდერობას, პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომას, გლობალურ ტენდენციებს, მექანიზმებს და პარტნიორობას 2030 წლის დღის წესრიგის სრულად მისაღწევად.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებზე მსჯელობას როგორებიცაა:  მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროგრესი, ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის რეგულაციები, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მდგრადი დაფინანსება, მდგრადი შესყიდვების პრაქტიკა, განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება და  სხვა.

„თიბისისთვის, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუციისთვის ადამიანების მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია. თიბისი უკვე 10 წელია, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრია და რეგიონული კონფერენციის გენერალური სპონსორობით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გრძელვადიან მხარდაჭერას. კარგად გვესმის, რომ კერძო სექტორის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია. თიბისის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებები აქვს, მათ შორისაა განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსება, ფინანსური და არაფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესების და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მათი ჩართულობის ზრდა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, განათლების პროგრამები ახალგაზრდებისთვის. სხვადასხვა გამოწვევების წინაშე ვართ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული რისკები, ამიტომ მდგრადი ბიზნეს მოდელების მხარდაჭერა და მომხმარებლების, ბიზნესის, თანამშრომლების და მთლიანად საზოგადოების მდგრადობის გაზრდა ჩვენი მისიის განუყოფელი ნაწილია“ – აღნიშნავს ნინო მასურაშვილი.

„Uniting Business Europe“ კონფერენციის სპიკერები იყვნენ მაღალი რანგის ადგილობრივი და გლობალური ბიზნეს ლიდერები, ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის:  ჰეიდი ჰაუტალა – ევროპული პარლამენტის ვიცეპრეზიდენტი (ჰიბრიდული ფორმატით), ვიტორია ფერაგამო – „ილ ბორო ტოსკანას“ მფლობელი, იმრან აჰმადზადა – NEQSOL Holding Azerbaijan ხელმძღვანელი, მელინა არაკელიანი –  ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, ნინო მასურაშვილი – თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ვალერი ჩეხერია – „რუმს ჰოტელსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა – „თეგეტა ჰოლდინგის“  აღმასრულებელი დირექტორი,  სატიშ ბატი – „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, იკინ ჰაჯიევი – „Sustainera Solution“-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენინგ სასე, „Norm”-ის აღმასრულებელი დირექტორი და სხვა.

კონფერენციის „Uniting Business Europe“ ორგანიზებულია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადაფინანსებით USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელმაც დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელმაც დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა.

პოლიციელი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, დოლიძის ქუჩაზე, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.