Home Blog Page 2170

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზიდან გავიდა გამარჯვებული და ისევ პრეზიდენტად – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ვერ ხედავს, რომ პრეზიდენტი უხეშად, ფეხქვეშ თელავდეს კონსტიტუციას, რა შემთხვევაშიც მას ძალიან გააკრიტიკებდა.

ელისაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ არ ემორჩილება.

„ქართული ოცნება“ სხდომათა დარბაზში პირწმინდად დამარცხდა და თავისივე დაგეგმილ მახეში გაიხლართა. ცარიელ ადგილზე მოიგონეს რაღაც პრობლემა, ვითომ სალომე ზურაბიშვილმა საშინელებები ჩაიდინა. ეს ორომტრიალი იმით დასრულდა, სალომე ზურაბიშვილი დარბაზიდან გავიდა გამარჯვებული და ისევ პრეზიდენტად. „ქართული ოცნება“ იხტიბარს არ იტეხს, 10:0 მოვიგეოთო, მაგრამ მასე ტაილანდიც შეიძლება, წავიდეს და თქვას, ქართველებმა კი გაგვიტანეს გოლები, მაგრამ მაინც მოვიგეთო. რომ ვხედავდე, პრეზიდენტი უხეშად, ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას, ძალიან გავაკრიტიკებდი და დავუპირისპირდებოდი, მაგრამ მსგავსს ვერ ვხედავ. სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ არ ემორჩილება“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ჩავარდა, რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა. კენჭისყრამდე, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

მრავალი წლის განმავლობაში ისრაელის პრემიერი მხარს უჭერდა „ჰამასს“, ახლა ეს სახეში აგვიფეთქდა – The Times of Israel

მრავალი წლის განმავლობაში ნეთანიაჰუ მხარს უჭერდა „ჰამასს“, ახლა ეს სახეში აგვიფეთქდა, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ისრაელის გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“. სტატიის ავტორი, წერს, რომ ისრაელის პრემიერმინისტრის პოლიტიკას, რომელიც ტერორისტულ ჯგუფს პარტნიორად ეპყრობოდა, მაჰმუდ აბასის და პალესტინის სახელმწიფოებრიობის ხარჯზე, მოჰყვა ჭრილობები, რომელთა შეხორცებისთვის ისრაელს წლები დასჭირდება.

„წლების განმავლობაში, სხვადასხვა მთავრობა, ბენიამინ ნეთანიაჰუს მეთაურობით, იყენებდა მიდგომას, რომელიც ყოფდა ძალაუფლებას ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროს შორის – აჩოქებდა პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს იმ ნაბიჯების გადადგმისას, რომლებიც მხარს უჭერდა „ჰამასის“ ტერორისტულ დაჯგუფებას. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ხელი შეეშალა აბასისთვის ან დასავლეთ ნაპირზე მყოფი პალესტინის ხელისუფლების სხვა წევრებისთვის, მიეღწია წარმატებისთვის პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზაზე. ამრიგად, აბასის დაზიანების ამ მცდელობის ფონზე, „ჰამასი“ გადაკეთდა უბრალო ტერორისტული დაჯგუფებიდან ორგანიზაციად, რომელთანაც ისრაელი ირიბ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ეგვიპტის გავლით, და ისეთ ორგანიზაციად, რომელსაც მიეცა საშუალება მიეღო ფულადი სახსრები საზღვარგარეთიდან. სხვადასხვა ცნობების მიხედვით, ნეთანიაჰუმ „ლიქუდის“ ფრაქციის შეხვედრაზე, 2019 წლის დასაწყისში ამბობდა, რომ ვინც ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს, მხარი უნდა დაუჭიროს ღაზაში თანხების გადაცემას, რადგან დასავლეთ ნაპირზე პალესტინის ხელისუფლებასა და ღაზაში „ჰამასს“ შორის გამიჯვნის შენარჩუნება ხელს შეუშლის პალესტინის სახელმწიფოს შექმნას“, – ნათქვამია სტატიაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.

„აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

გააძლიეროს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მუშაობა ირაკლი ბებუას გადმოცემისა და მისი უფლებების დაცვის მიზნით

გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ყველა ფორმალური და არაფორმალური გზა ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და თბილისისთვის გადმოცემის მიზნით;

ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტამდე, მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ წარმართოს მოლაპარაკებები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო აპარატურის/მედიკამენტების მიწოდება და სხვა საჭირო ინტერვენციების განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს ერთადერთი ქალი წევრი მოკლულია

პალესტინური მედია იტყობინება, რომ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს პირველი და ერთადერთი ქალი წევრი ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიტიკური ბიურო „ჰამასის“ გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა. მათივე ცნობით, ჯამილა ალ-შანტი ორგანოს წევრად 2021 წელს აირჩიეს.

ის „ჰამასის“ თანადამფუძნებლის, აბდელ აზიზ ალ-რანტისის ქვრივი იყო და „ჰამასში“ ქალთა მოძრაობა დააფუძნა.

ალ-შანტის გარდაცვალების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ილია დარჩიაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და შესაბამისი მიმართულებების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის ფარლგებში ყურადღება, ასევე, გამახვილდა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ

მხარეებმა, დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა.

ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდა, შესაბამისად, ეს ყველაფერი დამთავრებული ამბავია -კობახიძე

ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდა, შესაბამისად, ეს ყველაფერი დამთავრებული ამბავია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხი ქართული სამართლებრივი სივრცისთვის ნაკლებად რელევანტური გახდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო „ეფ-ეს-ბეს“ აგენტობასთან დაკავშირებით მტკიცებულებები დღემდე არაა წარმოდგენილი.

„საკითხი პრინციპში ამოიწურა. გუშინ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდა. დამთავრებული ამბავია, შესაბამისად, ეს ყველაფერი. ქართული სამართლებრივი სივრცისთვის ეს საკითხი ნაკლებად რელევანტური გახდა. რაც იყო ეს სპეკულაციები იმანაც ამოწურა საკუთარი თავი.

რაც შეეხება „ეფ-ეს-ბეს“ აგენტობას – საინტერესოა, რომ მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი. მე მართლა მაინტერესებს რაიმე მტკიცებულება იქნება თუ არა წარმოდგენილი მას შემდეგ, რაც ეს ბრალი გაჟღერდა. შეიძლება არსებობდეს ეს მტკიცებულებები, მაგრამ საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა უნდა, იყოს ცნობილი, სამწუხაროდ, პრაქტიკულად თვეზე მეტია გასული და საზოგადოებისთვის ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ჯერ არავის წარუდგენია, რაც ძალიან სამწუხაროა. საზოგადოების მიმართ ღიაობა აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობაა, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან,“ -განაცხადა კობახიძემ.

“საუბარი შეიძლება იყოს არა ზურაბიშვილის და გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე” – შალვა პაპუაშვილი

საუბარი შეიძლება იყოს არა სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე, რომელიც იკვრება მომავალი არჩევნებისთვის, იმაზე, ვინ გახდება და არ გახდება ამ ანტიქართული კოალიციის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიას და სალომე ზურაბიშვილის შესაძლო ალიანსთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ნიშანდობლივია ის სახეცვლილება, რომელიც გიორგი გახარიამ და სალომე ზურაბიშვილმა განიცადეს მას შემდეგ, რაც გადავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში“.

„რაც შეეხება შესაძლო ალიანსს, ვერ გეტყვით, მათ უნდა გასცენ ამაზე პასუხი. მგონი, ძალიან ნიშანდობლივია ის სახეცვლილება, რომელიც როგორც გიორგი გახარიამ, ისე სალომე ზურაბიშვილმა განიცადეს მას შემდეგ, რაც გადავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ კალაპოტში და ბანაკში. ერთი ერთზე ხდება, პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ხოლმე ამ სახეცვლილებას, როგორ იცვლიან რიტორიკას, როგორ იცვლიან დამოკიდებულებას, როგორ ესხმიან თავს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ერთი-ერთში როგორ ხდება ხოლმე ამ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდების შეთვისება. ასე რომ, აქ საუბარი შეიძლება იყოს არა სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე, რომელიც იკვრება მომავალი არჩევნებისთვის, იმაზე, ვინ გახდება და არ გახდება ამ ანტიქართული კოალიციის ნაწილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების მიმართ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს” – ირაკლი კობახიძე

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიმართ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, რეგულაციები თავიდან-ბოლომდე ევროკავშირის დირექტივას ეფუძნება.

„კანონპროექტი გაგზავნილია ევროკავშირში, ვარიანტებიც შევთავაზეთ. სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს თითი დაადეს და მას ვიღებთ, დამთავრებული ამბავია. უხამსობაზე ჩანაწერი ძველია და რჩება, როგორც მოქმედებდა წარსულში, ასევე იმოქმედებს დღესაც. კულტურის საქმე რაც არის, ამაში არ ვერევით. პროექტის დეტალებიც კი არ ვიცი, კენჭისყრამდე გავეცნობი და რატომ? – არავითარი პოლიტიკური ინტერესი ცვლილებების მიმართ არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება. ევროკავშირის არჩევანი იყო ჯერ თვითრეგულირება და შემდეგ კომისია. სამიდან ეს ვარიანტი აირჩიეს. ვუთხარით, რასაც გვეტყვით, იმას გავაკეთებთო. ვინმეს ეს კანონპროექტი თუ არ მოსწონს, ევროკავშირს უნდა ელაპარაკოს. ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს. რაც შეეხება სიძულვილის ენის დეფინიციას, მაქსიმალურად ვიწროდ არის ჩამოყალიბებული, რომ ინტერპრეტაცია არ მიეცეს. თუ ვინმეს კანონპროექტი მაინც აშფოთებს, ევროკავშირს უნდა ესაუბრონ. სიძულვილის ენაზე ვიწრო გაგებით არის საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“გუშინდელიდან სალომე ზურაბიშვილი რჩება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად” – ირაკლი კობახიძე

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის განმავლობაში პრეზიდენტი არის ხელშეუვალი კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ იმპიჩმენტის წესით შეიძლება ამ შემთხვევაშიც მისი პასუხისგებაში მიცემაც, სხვა შემთხვევაში არის შეუძლებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტი არ აფინანსებდა ვიზიტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან იცოდა, რომ მას არ ჰქონდა ვიზიტების განხორციელების ნებართვა.

„რატომ არ აფინანსებდა ბიუჯეტიდან მის არალეგიტიმურ ვიზიტებს? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის, შეიძლება, ამ წლის განმავლობაში მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოიწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება, მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია, ამიტომ ეშინოდა მას სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის დარღვევის, როდესაც ბიუჯეტიდან არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტებისთვის. გუშინდელი დღის შემდეგ საერთოდ არ არის აქტუალური და საინტერესო სალომე ზურაბიშვილი. გუშინდელი დღიდან ის რჩება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად, ამ ქვეყანას ვერაფერს დაუშავებს, როგორც სამადაშვილს და ხაბეიშვილს არ შეუძლიათ არაფრის დაშავება ამ ქვეყნისთვის, ასევე ვერ დაუშავებს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

„ჰამასის“ მიერ გატაცებული 12 წლის გოგო და მისი 80 წლის ბებია გარდაცვლილები იპოვეს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ აყვანილი 2 მძევალი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ისინი არიან 80 წლის კარმელა დანი და მისი 12 წლის შვილიშვილი ნოია დანი, რომლებიც ნირ ოზის კიბუცში აიყვანეს მძევლად. უწყებაში არ აზუსტებენ სად აღმოაჩინეს გარდაცვლილების ცხედრები.

„მწუხარებით გაცნობებთ, რომ ნოიას და მისი ბებიის კარმელას ცხედრები გუშინ აღმოაჩინეს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში X გამოქვეყნდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, „ჰამასს“ 203 მძევალი ჰყავს აყვანილი.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

“ლილუაშვილთან კითხვა მექნება „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით „ოცნების“ პროპაგანდაზე”-თეონა აქუბარდია

ლილუაშვილთან კითხვა მექნება „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პროპაგანდაზე – სუს- ის ანგარიშში წერია, რომ მეორე ფრონტზე რუსული დეზინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიურ პროცესებს აძლიერებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კითხვები ასევე შეეხება ფარცხალაძეს და რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებებს საქართველოში.

„სუს-ის ანგარიშში მეორე ფრონტთან დაკავშირებით რუსულ დეზინფორმაციაზე წერია, ამ მოცემულობაში როგორ აფასებს სუს-ის უფროსი „ქართული ოცნების“ პროპაგანდას მეორე ფრონტზე, რამდენადაც ანგარიშში წერია, რომ ეს აძლიერებს რუსეთის ანექსიურ პროცესებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში. მეორე კითხვა ეხება კონტრდაზვერვით საქმიანობას და რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებებს საქართველოში, როგორ გაეპარა ფარცხალაძე სუს-ს? ვინ არის კიდევ მასთან ერთად, ეს სუს-მა უნდა იცოდეს და არ წერია ეს ამ ანგარიშში. იმავდროულად კითხვები მექნება ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, გაძლიერებულია ბორდერიზაცია, გატაცება და უკანონო პატიმრობა ჩვენი მოქალაქეების”, – განაცხადა აქუბარდიამ.

დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს.

დოკუმენტს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს.

“სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გვითხრა, რომ ის არის სახელმწიფო, ფაქტობრივად, ლუი მეთოთხმეტის პათოსით საუბრობდა”

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გვითხრა, რომ ის არის სახელმწიფო, ფაქტობრივად, ლუი მეთოთხმეტის პათოსით საუბრობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, რატომ შეიცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელსაც ადრე აკრიტიკებდნენ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის მაგვარი ადამიანი პრეზიდენტად.

„ჯაშუში და რეზიდენტი, ეს არ არის მხოლოდ ეპითეტი. ეს, რა თქმა უნდა, არის შეფასება რაღაც ფაქტისა, რომელსაც ცდილობდა მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ მათი სასაუბროა ეს, იტყუებოდნენ მაშინ, თუ იტყუებიან ახლა. ერთი რამ არის ნათელი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის მაგვარი ადამიანი პრეზიდენტად, რათა სწორედ ის მიზანი განახორციელონ, რომელიც მათ აქვთ სინამდვილეში. გუშინ ეს ითქვა კიდევაც“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ერთეული ექსცესი და ის, ზოგადად, ძირს უთხრის ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობის პრინციპებს.

„ის ძირს უთხრის მთავრობას იმით, რომ ცდილობს, უზურპირება მოახდინოს და მიითვისოს მისი უფლებამოსილება. ის ძირს უთხრის საქართველოს პარლამენტს მისი დამოკიდებულებით, თუნდაც გუშინ, როდესაც მან არ იკადრა ქართველი ხალხის სახელით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი. ის ძირს უთხრის ეროვნულ ბანკს, როდესაც ითხოვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას. ის ძირს უთხრის საკონსტიტუციო სასამართლოს, როდესაც სამარცხვინოდ მოიხსენიებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ძირს უთხრის საერთო სასამართლოებს, როდესაც ამაზე საუბრობს. ძირს უთხრის სახალხო დამცველის ინსტიტუტს. საერთო ჯამში, ის დაპირისპირებულია და ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ჩვენს სახელმწიფოს. ბოლოს მიადგა კიდევაც კონსტიტუციას და გუშინ რაც გვითხრა, იყო ის, რომ ის არის სახელმწიფო და გუშინ მე ვთქვი კიდევაც, რომ ფაქტობრივად, ლუი მეთოთხმეტეს პათოსით საუბრობდა, რომ სახელმწიფო არის ის და კონსტიტუცია არის ის. რაზეც ის იტყვის, რომ არის კონსტიტუცია, მას არაფრად მიაჩნია ქართველი ხალხი, მისი კონსტიტუცია და ის უფლებამოსილებები, რომლებიც განსაზღვრა ქართველმა ხალხმა სხვადასხვა კონსტიტუციურ ორგანოს შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.