“სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გვითხრა, რომ ის არის სახელმწიფო, ფაქტობრივად, ლუი მეთოთხმეტის პათოსით საუბრობდა”

97
spot_img

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გვითხრა, რომ ის არის სახელმწიფო, ფაქტობრივად, ლუი მეთოთხმეტის პათოსით საუბრობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, რატომ შეიცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელსაც ადრე აკრიტიკებდნენ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის მაგვარი ადამიანი პრეზიდენტად.

„ჯაშუში და რეზიდენტი, ეს არ არის მხოლოდ ეპითეტი. ეს, რა თქმა უნდა, არის შეფასება რაღაც ფაქტისა, რომელსაც ცდილობდა მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ მათი სასაუბროა ეს, იტყუებოდნენ მაშინ, თუ იტყუებიან ახლა. ერთი რამ არის ნათელი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის მაგვარი ადამიანი პრეზიდენტად, რათა სწორედ ის მიზანი განახორციელონ, რომელიც მათ აქვთ სინამდვილეში. გუშინ ეს ითქვა კიდევაც“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ერთეული ექსცესი და ის, ზოგადად, ძირს უთხრის ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობის პრინციპებს.

„ის ძირს უთხრის მთავრობას იმით, რომ ცდილობს, უზურპირება მოახდინოს და მიითვისოს მისი უფლებამოსილება. ის ძირს უთხრის საქართველოს პარლამენტს მისი დამოკიდებულებით, თუნდაც გუშინ, როდესაც მან არ იკადრა ქართველი ხალხის სახელით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი. ის ძირს უთხრის ეროვნულ ბანკს, როდესაც ითხოვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას. ის ძირს უთხრის საკონსტიტუციო სასამართლოს, როდესაც სამარცხვინოდ მოიხსენიებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ძირს უთხრის საერთო სასამართლოებს, როდესაც ამაზე საუბრობს. ძირს უთხრის სახალხო დამცველის ინსტიტუტს. საერთო ჯამში, ის დაპირისპირებულია და ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ჩვენს სახელმწიფოს. ბოლოს მიადგა კიდევაც კონსტიტუციას და გუშინ რაც გვითხრა, იყო ის, რომ ის არის სახელმწიფო და გუშინ მე ვთქვი კიდევაც, რომ ფაქტობრივად, ლუი მეთოთხმეტეს პათოსით საუბრობდა, რომ სახელმწიფო არის ის და კონსტიტუცია არის ის. რაზეც ის იტყვის, რომ არის კონსტიტუცია, მას არაფრად მიაჩნია ქართველი ხალხი, მისი კონსტიტუცია და ის უფლებამოსილებები, რომლებიც განსაზღვრა ქართველმა ხალხმა სხვადასხვა კონსტიტუციურ ორგანოს შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.