Home Blog Page 2168

“უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭირო იქნება – უკრაინას დამატებით Patriot-ის რაკეტებს მივაწვდით”

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ რუტე „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

რუტეს თქმით, ის ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევით ჩავიდა რათა აჩვენოს, რომ ისრაელსა და ღაზაში საშინელი მოვლენები ყურადღებას არ გადაიტანს უკრაინის მხარდაჭერისგან.

„უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭირო იქნება. ამ ზამთარს რუსეთი ეცდება უკრაინას რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. ამიტომ ნიდერლანდები დამატებით Patriot რაკეტებს მიაწვდიან, რათა უკრაინამ რუსეთის ბარბაროსული ავიადარტყმებისგან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს“, – წერს რუტე.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ოდესის პორტს ეწვია, „სადაც უკრაინელი სამოქალაქო პირები ყველაზე რთულ პირობებში მუშაობენ“.

„ნიდერლანდები უკრაინას დაეხმარება საპატრულო კატერები შეიძინოს, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტის საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება“, – წერს რუტე.

“რუსეთის აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება”

რუსეთის აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთში მიმდინარე გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი სახელმწიფოების სამიტზე დისტანციურად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები გაჩნდება შავი ზღვის რეგიონთან მეზობელ სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების წყალობითაც. ეს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას მისცემს პოტენციალს აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით, როდესაც რუსეთის აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელ ვითარებას „ისტორიული გზაგასაყარი“ უწოდა.

„მხოლოდ ორი ვარიანტია: ან ტერორისტული რუსეთი მოახერხებს თავისუფლების გატეხას, და მაშინ მთელ ჩვენ კონტინენტზე გავრცელდება გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა, რომელიც ევროპის აღმოსავლეთში არსებობს, ან თანამშრომლობის ბევრი დონისა და ფორმატის მეშვეობით, კერძოდ რეგიონალური, თავისუფლების ჩვენი საერთო დაცვით, რუსეთი ამ წინააღმდეგობაში აგებს. და როდესაც ის აგებს, შედეგად რეალიზებულ იქნება ისტორიული შანსი გეოპოლიტიკური სტაბილურობისთვის მთელი ხაზის გასწვრივ, სკანდინავიიდან მინსკისა და კიევის გავლით სამხრეთ კავკასიამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ქართული ოცნება“ კვლავ პუტინის მხარეს არის და უკვე მეორედ არ აძლევს ხმას რეზოლუციას”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ პუტინის რეჟიმი არის დიქტატორული რეჟიმი, „ქართული ოცნება“ კვლავ პუტინის მხარეს არის და უკვე მეორედ არ აძლევს ხმას რეზოლუციას.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, მთავრობის ეს ნაბიჯი არის ქართველი ხალხისთვის ზურგში დანა.

„მოგესალმებით პარიზიდან. უამრავი შეხვედრა გვაქვს, იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რომ ევროკავშირმა ჩვენზე არ ჩაიქნიოს ხელი და კვლავ ზურგში დანა „ქართული ოცნების“ მხრიდან. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ პუტინის რეჟიმი არის დიქტატორული რეჟიმი. „ქართული ოცნება“ კვლავ პუტინის მხარეს და კვლავ რუსეთის მხარეს, იპარებიან და უკვე მეორედ არ აძლევენ ხმას ამ რეზოლუციას. ეს ჩვენთვის, ოპოზიციისთვის კი არ არის ზურგში დანა, რომლებიც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და არ მოშორდეს ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ქართველი ხალხისთვის. საქართველოსთვის და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის არის ზურგში დანა.

ის პოლიტიკა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მოღალატეობრივი პოლიტიკაა. ვიდრე ივანიშვილი -კობახიძე – ღარიბაშვილის პუტინისტურ დაჯგუფებას არ მოვიშორებთ, არ აქვს პერსპექტივა ჩვენს ქვეყანას. ამის ნათელი დასტურია ის გადაწყვეტილება, რაც იყო ევროკავშირში.

საქართველო იქნება ძლიერი და ერთიანი, გავხდებით ნატოს-სა და ევროკავშირის წევრი, ოღონდ, მთავარია ერთიანობა“,- განაცხადა ვაშაძემ.

“ღაზის სექტორში „ლენინგრადის ბლოკადის“ მოწყობა მიუღებელია” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომელიც ყირგიზეთში ვიზიტით იმყოფება, ისრაელ-„ჰამასის“ ომს გამოეხმაურა.

„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ აშშ-შიც კი განსხვავებული შეფასებებია მოვლენათა განვითარების შესახებ. მათ შორის, საუბარია იმაზე, რომ ღაზის სექტორთან მიმართებით შესაძლოა ისეთივე ხასიათის სამხედრო და არასამხედრო ხასიათის ზომები გამოიყენონ, როგორც მეორე მსოფლიო ომში, ლენინგრადის ბლოკადის დროს. ჩემი აზრით, ეს მიუღებელია“, -აღნიშნა პუტინმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

სამართალდამცველებმა საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს

საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ა.ს.-ს ბიძა – 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის – ბ.ა.-სთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ა.ა. და ბ.ა. ბრალდებულების სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას”

ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ საუბარია შესაბამის დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქალაქ სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით მიიღო. (დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერ- მინისტრის მიერ. მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება და რაც ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია იქნება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უალტერნატოვოს ხდის.

ამასთან, დეკლარაცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„დოკუმენტში ბულგარეთის მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს,როგორც მნიშვნლოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს.

დეკლარაციაში აღნიშნულია,რომ ბულგარეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურ და წარმატებულ მეზობლებს, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.

ამასთან, ბულგარეთი გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. ამ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

“სიხარულით მსურს განვაცხადო, რომ ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. ეს ჩვენი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაციაა! განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ულამაზეს სოფიაში ჩემი ვიზიტის დროს! ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას! ჩვენ ერთად მივიწევთ ნათელი, ერთიანი მომავლისკენ!” – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

“რუსეთის გარშემო ყველანაირი თანამშრომლობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფორმატები, უკვე პრაქტიკულად ჩამოიშალა” – პეტრე ცისკარიშვილი

რუსეთის გარშემო ყველანაირი თანამშრომლობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფორმატები, უკვე პრაქტიკულად ჩამოიშალა, რადგან რუსეთის ამ რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი, ამას ძალიან კარგად ეხმაურება ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება, ევროპაში ახალი უსაფრთხოების, გეოპოლიტიკის არქიტექტურის შექმნა და აწყობა არის შეუძლებელი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილს იმედი მაქვს, რომ ბევრი სახელმწიფო, გლობალური ლიდერები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები გაიზიარებენ და მხარს აუბამენ იმ სულისკვეთებას, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციაშია მოყვანილი.

ამასთან, მისივე თქმით, პუტინი უნდა დასრულდეს და ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს.

„საქართველო დსთ-დან ჯერ კიდევ 2008 წელს გამოვიდა, ცნობილი რუსული აგრესიის გამო და ჩვენ მათთან არანაირი საერთო არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით ივანიშვილის რეჟიმის, მათ მიმართ კეთილ განწყობას და რუსეთის მიმართ რევერანსებს. პირდაპირ ვთქვათ, სამწუხაროდ, მათი ფილიალი და გაგრძელება არიან პუტინისტური რეჟიმის ჩვენს ქვეყანაში, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ამ ტენდენციას, ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით შეუერთდა, რადგან მათაც ნახეს რუსეთის რეალური სახე, მათაც ნახეს ის აგრესია, რომელიც გასულ წელს განხორციელდა უკრაინის წინააღმდეგ და ეს ორგანიზაცია პრაქტიკულად არც გეოპოლიტიკურად, აღარც ეკონომიკურად არაფერს არ წარმოადგენს, არათუ დსთ არაფერს არ წარმოადგენს, არამედ ე.წ „ოდკბ“, რომელიც არის რუსეთის გარშემო რამდენიმე დსთ-ს ქვეყნის უსაფრთხოების სათანამშრომლო ფორმატი, მათაც კი უთანხმოება აქვთ ერთმანეთში და მათაც არ აქვთ საერთო გეოპოლიტიკური ან თუნდაც ეკონომიკური პლატფორმა. ისინი ყველა სხვადასხვა მიმართულებით იყურებიან, ზოგი ჩინეთთან ცდილობს საერთო ენის გამონახვას, ზოგს დასავლეთისკენ აქვს ვექტორი აღებული და პრიორიტეტს ანიჭებს ევროპასთან, ევროატლანტიკურ სივრცესთან ურთიერთობას. აქედან გამომდინარე, რუსეთის გარშემო ყველანაირი თანამშრომლობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფორმატები, უკვე პრაქტიკულად ჩამოიშალა, რადგან ამ რუსეთის რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი, ამას ძალიან კარგად ეხმაურება ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სანამ ეს დიქტატორი, სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება, ევროპაში ახალი უსაფრთხოების და გეოპოლიტიკის არქიტექტურის შექმნა და აწყობა არის შეუძლებელი და ამაზევეა მიბმული შუაგულ ევროპაში მშვიდობის დამყარება. ჩვენ თუ გვინდა მშვიდობა და ეს ყველას უნდა, განსაკუთრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, შეერთებულ შტატებს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს, მაშინ პუტინი უნდა დასრულდეს, ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს და ეს რეზოლუცია არის ყინულმჭრელი და მე იმედი მაქვს, რომ ბევრი სახელმწიფო, გლობალური ლიდერები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები გაიზიარებენ და მხარს აუბამენ იმ სულისკვეთებას, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციაში იყო მოყვანილი“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პროკურატურამ ,,თიბისი ბანკი“-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ,,თიბისი ბანკი“-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის კუთვნილ საწარმოს, სარგებლობაში მიღებული ჰქონდა პოს ტერმინალი, რომელიც ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენელს ანიჭებდა შესაძლებლობას, რეალურად გაწეული მომსახურების ღირებულება მისივე კლიენტის საბანკო პლასტიკური ბარათიდან ჩამოეჭრა.

ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა ,,თიბისი ბანკი“-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დასაუფლებლად, თითქოსდა საწარმოს კლიენტებისთვის გაწეული მომსახურების საფასურის ჩამოჭრის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული უცხოური საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების მონაცემები შეიყვანეს ბრალდებულის კუთვნილი საწარმოს პოს ტერმინალში, რის შედეგადაც ,,თიბისი ბანკ’’-ს მიმდინარე ბალანსიდან ჩამოაჭრეს 90 660 ლარი, მიღებულ თანხას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

ვინაიდან კომპანიის მხრიდან მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია და ბარათის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ტრანზაქციები გასაჩივრდა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის მეშვეობით, ბანკისთვის მიმდინარე ბალანსიდან უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების ანაზღაურება პლასტიკური ბარათების გამცემი უცხოური საბანკო დაწესებულებების მიერ აღარ განხორციელდა, რითაც თიბისი ბანკს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

დაკავებულს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

“პრემიერი ღარიბაშვილი რომ დაფრინავს ჩარტერით, რატომ არ ინიშნება ახლა ჩარტერული რეისები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ისრაელიდან დაბრუნება სურთ”

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ დანიშნოს ჩარტერული რეისები ისრაელიდან.

ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს არაერთ მოქალაქეს სურს ქვეყანაში დაბრუნება, მაგრამ ამას ბილეთების დეფიციტის და სიძვირის გამო ვერ ახერხებენ.

„ახლა თითოეული ჩვენგანის ყურადღება მიპყრობილია ისრაელისკენ და იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისკენ. ასეთ დროს, ყველა ნორმალური ხელისუფლება მაქსიმუმს უნდა აკეთებდეს, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვას და სამშობლოში უვნებლად დააბრუნოს. ჩვენ კი რას ვხედავთ.

პრემიერი ღარიბაშვილი, რომ დაფრინავს ჩარტერით, რატომ არ ინიშნება ახლა ჩარტერული რეისები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ისრაელიდან დაბრუნება სურთ, ანუ სახელმწიფო არ ზრუნავს, რომ ეს ადამიანები ომის ეპიცენტრიდან გამოიყვანოს. ამჟამად, მხოლოდ კომერციული რეისებია, რომლის საშუალებითაც, როგორც ცნობილია, დაახლოებით 3000 ქართველი დაბრუნდა სამშობლოში. ისინი მედიას პირდაპირ ეუბნებიან, რომ ქვეყანაში ჩამოსვლა ძალიან ბევრს უნდა, მაგრამ ბილეთების დეფიციტისა და სიძვირის გამო, ამას ვერ ახერხებენ.

ისინი ამბობენ, რომ ბილეთის ფასი 2000 ლარამდეა. ახლა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს გვერდში დგომა, სწორედ ასეთ დროს, ხელისუფლება, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს მათ დასაცავად და სამშობლოში დასაბრუნებლად.

ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დანიშნოს ჩარტერული რეისები, რათა ჩვენი თანამოქალაქეები დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სამშობლოში.

ჩვენ ვხედავთ, როგორია მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა. ადგილზე უკვე იმყოფება აშშ-ს თავდაცვის მდივანი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ისრაელში ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებიც ჩავლენ და როგორც ვიცით, ადგილზე ჩასვლას გეგმავს ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

მშვიდობა და გამარჯვება მინდა ვუსურვო ისრაელს, საქართველოს მოქალაქეებს კი – ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნება“, – აცხადებს პარტიის ლიდერი, ანა დოლიძე.

 

 

“ოცნებამ“ ამ დრომდე არ დაამტკიცა ჩემი უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში” – თინა ბოკუჩავა

„ქართულმა ოცნებამ“ ამ დრომდე არ დაამტკიცა ჩემი უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მათთვის გაცილებით კომფორტულია რუსეთის, ამ შემთხვევაში პუტინის პირადი ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ „ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა დაიცვან საქართველოს ეროვნული ინტერესები, იცავენ პუტინს და რუსეთის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე“.

„ოცნებამ“ ამ დრომდე არ დაამტკიცა ჩემი უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მათთვის გაცილებით კომფორტულია რუსეთის, ამ შემთხვევაში პუტინის პირადი ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე. ჩვენ ვნახეთ, რომ სტრასბურგში ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა მოუწია ოპოზიციის წარმომადგენელს, ქალ დეპუტატს. მე, ასევე მომიწია ქვეყნის ინტერესების დაცვა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კოპენჰაგენში, სადაც შესწორება დავაყენე რეზოლუციაში, რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მხარი დაუჭირა რუსეთის მიზანთან დაკავშირებით, ოჩამჩირეში გახსნას სამხედრო ბაზა, იქაც, როგორც დღეს სტრასბურგში, კოპენჰაგენში საერთოდ დარბაზში „ოცნების“ წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. რატომ? იმიტომ რომ პუტინი არის ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენის გარანტი და ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა დაიცვან საქართველოს ეროვნული ინტერესები, იცავენ პუტინს და რუსეთის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

“ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ისრაელს თავდაცვისთვის ყველაფერი ჰქონდეს” – ლოიდ ოსტინი

თელ-ავივში მყოფი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონი გააგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას და „ჰამასთან“ ომში მისთვის იარაღის მიწოდებას.

„არ მინდა იმ თემაზე სპეკულირება, რა შეიძლება მომავალში მოხდეს. შეგიძლიათ ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ აშშ ყველაფერს იზამს, რათა ისრაელს თავდაცვისთვის ყველაფერი ჰქონდეს,”– განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.