Home Blog Page 2162

მესუთ იოზილი თურქეთის პარლამენტში იყრის კენჭს

თურქული წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი მესუთ იოზილი, რომელმაც 2014 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, თურქეთის პარლამენტში იყრის კენჭს.

თურქული მედიის ცნობით, 34 წლის იოზილი, რომელმაც ფეხბურთელის კარიერა მიმდინარე წლის მარტში დაასრულა, გადაწყვიტა, რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ სახელით იყაროს კენჭი.

იოზილსა და ერდოღანს ახლო მეგობრობა აკავშირებთ, 2019 წელს იოზილის ქორწილში ერდოღანი საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.

სხვადასხვა წელს იოზილი მადრიდის „რეალისა“ და ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა, კარიერის ბოლო წლები კი თურქეთში – „ფენერბახჩესა“ და „ისთანბულ ბაშაკშეჰირში“ გაატარა. გერმანიის ნაკრების მაისურით იოზილს 92 მატჩი აქვს ჩატარებული.

“ლელო“ მხარს დაუჭერს იმ კომისიის შექმნას, რომელიც გამოიძიებს ვითარებას, რომელშიც იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი”

„ლელოს“თავიდანვე გაცხადებული აქვს, რომ მხარს დაუჭერს კომისიის შექმნას, რომელიც გამოიძიებს იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც იმყოფება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, აღნიშნული კომისია არ არის სააკაშვილის უდანაშაულობის ან დამნაშავეობის დამდგენი კომისია.

„ეს კომისია თუ შეიქმნება, იქნება იმ პირობებისა და გარემოებების შემსწავლელი, რომელშიც აღმოჩნდა პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც ის პატიმრობაშია“, – განმარტა დავით უსუფაშვილმა.

“კეზერაშვილი ცდილობს, საკუთარი მძიმე რეპუტაციის ტვირთი დროებით მაინც ჩამოხსნას ტელევიზიას” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის მიერ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის სხვისთვის გადაცემა უნდა შეფასდეს არა გადაფორმებად, არამედ „ტელევიზიის გადამალვად“.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კეზერაშვილი ცდილობს, ტელევიზიას საკუთარი მძიმე რეპუტაციის ტვირთი დროებით მაინც ჩამოხსნას.

„თავისუფალი ჟურნალისტიკა შეუთავსებელია იმასთან, რომ დავით კეზერაშვილი, მაღალი ალბათობით, საერთაშორისო თაღლითობით ნაშოვნი ფულით აფინანსებს მედიის საქმიანობას. ამიტომ, ეს უნდა შეფასდეს არა ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემად ან გადაფორმებად, არამედ ტელევიზიის გადამალვად. ცდილობს, საკუთარი მძიმე რეპუტაციის ტვირთი დროებით მაინც ჩამოხსნას ტელევიზიას, რათა ამ მედიამ აქამდე დასახული ამოცანების შესრულება გააგრძელოს. საბოლოო ჯამში, საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია. როგორც არ უნდა ეცადოს კეზერაშვილი, რომ პარტიის ან მედიის უკან დაიმალოს, საზოგადოებისთვის სიმართლე ცნობილია და უნდა ველოდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი გახდება ცნობილი მის საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ კი, სრულად გადასცემს დარჩენილ წილსაც.

“ნებისმიერი იდეა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოზიციას ითვალისწინებს, ყურადღებას იმსახურებს”

ნებისმიერი იდეა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოზიციას ითვალისწინებს, ყურადღებას იმსახურებს და რუსეთი მზად არის მას მოუსმინოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე სამშვიდობო ინიციატივების კომენტირებისას განაცხადა.

„ნებისმიერი იდეა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებს და უნდა განვიხილოთ. რუსეთი მზად არის ამისთვის. ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უკრაინის კონფლიქტის წახალისების ნაცვლად საუბარი მის მოგვარებასთან დაკავშირებით უნდა დაიწყონ. მან მოუწოდა ქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტში ჩართულები არ არიან, აიღონ პასუხისმგებლობა მოლაპარაკებების წინსვლაზე და რუსეთს მიაწოდონ „მინიმალური პირობები“ ამ კონფლიქტის დასასრულებლად. გარდა ამისა, ლულა და სილვამ წამოაყენა ინიციატივა, უკრაინაში არსებული სიტუაციის განსახილველად „დიდი ოცეულის“ მსგავსი ფორმატი შეიქმნას.

“პარტნიორებს აინტერესებთ, რა ღირებულებების ქვეყანა უნდა გახდეს მათი დემოკრატიული ოჯახის წევრი”

ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ, რა ღირებულებების ქვეყანა უნდა გახდეს მათი დემოკრატიული ოჯახის წევრი, – ამის შესახებ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ჩარკვიანი გამოეხმაურა სხდომაზე მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„დავიჯერებდი ბატონი მათიკაშვილის გაღიზიანებას ზოგიერთი ყოფილი ჩინოსნის მიმართ, კერძოდ, გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით რომ არ მოსწონდეს ის მურუსიძე, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ზუსტად იმ გირგვლიანის თემაზე, რომელიც მაშინ იყო რიგითი და დღეს არის უპირველესი კაცი სასამართლოში“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისი თქმით, მოსამართლეების მიმართ სანქციები ხელისუფლებისთვის მისანიშნებლად დაწესდა, რომ ამ ტიპის სასამართლოთი და არადასავლური ღირებულებებით ვერ მიიღებს ქვეყანა ევროკავშირის სტატუსს.

„ეს ყაჩაღთა თავშესაფარი შეიძლება იყოს, ტერორისტული ქვეყნის ჰაბი თუ რა წარმონაქმნი შეიძლება აღმოჩნდეს ეს შესანიშნავი სამოთხე, რომელიც დღეს არასამართლებრივ ქვეყანაში ჯოჯოხეთად იქცა“, – განაცხად ჩარკვიანმა.

ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბანში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

ისნის რაიონის გამგეობა, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ვაზისუბნის მე-2 მ/რ-ის N9 კორპუსის მიმდებარედ, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

მუჯირიშვილის ქ. N10-ის, შირაქის ქ. N3-ის, ქეთევან დედოფლის გამზირი N63ც-სა და დედოფლისწყაროს ქ. N68-ის მიმდებარედ, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, სამუშაოების საერთო ღირებულება 116 695 ლარია. კორპუსებში წყალარინების შიდა და გარე ქსელი გამოიცვლება და ცენტრალურ ქსელზე დაერთდება, ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის ჭები, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

ისნის რაიონის გამგეობა, მიმდინარე წელს, მსგავს პროექტს საჭიროების მიხედვით, რაიონის მასშტაბით სხვადსხვა მისამართზე განახორციელებს.

“209 უსახურ ნაგებობაზე სამხარაულის ექსპერტიზაში დასკვნებისთვის დოკუმენტები გაგზავნილია” – ირაკლი ქარსელაძე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 209 უსახურ ნაგებობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზაში შესაბამისი დასკვნებისთვის დოკუმენტები გაგზავნილია და მათგან 17 შენობა პროცესირებულია.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, განსაზღვრულია მოქმედებები, რომლებიც უსახური შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული პროექტის არა მხოლოდ ეფექტიან, არამედ კანონთან შესაბამისად განხორციელებას ხელს უწყობს და საუბარი იმაზე, რომ პროექტი კანონს არ შეესაბამება, რეალობას მოკლებულია.

„უსახურ შენობებთან დაკავშირებით, განკარგულების გამოცემის დღიდან, პროცესი დაწყებულია. როგორც მუნიციპალურ და სახელმწიფო საკუთრებაში, ისე კერძო საკუთრებაში არსებული შენობები, რომლებსაც რეაბილიტაცია ან დემონტაჟი სჭირდება, იდენტიფიცირებულია. პროცედურულად პირველი ეტაპი დაწყებულია, რაც შენობების მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიღებას გულისხმობს. ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება თითოეული შენობის პრივატიზებასა თუ დემონტაჟთან დაკავშირებით, ასევე, ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც როგორც უსაფრთხოების, ისე იერსახის თვალსაზრისით, მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

დღეის მდგომარეობით, 209 უსახურ ნაგებობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზაში შესაბამისი დასკვნებისთვის დოკუმენტები გაგზავნილია. უკვე დაპროცესებულია 17 შენობა, რომლებიც ექსპერტიზის სხვადასხვა ეტაპზე არიან. ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო ამ პროცესში ჩართულები არიან და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროგრამის ფარგლებში კონკრეტული პროგრესი არსებობს. განსაზღვრულია ის მოქმედებებიც, რაც ხელს შეუწყობს პროექტის არა მხოლოდ ეფექტიან, არამედ კანონთან შესაბამის განხორციელებასაც. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ პროექტი კანონს არ შეესაბამება, რეალობას მოკლებული, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

“გვყავს ოპოზიცია, რომლის მთავარი დონორი კეზერაშვილი ევროპაში პენსიონერების ძარცვაშია ეჭვმიტანილი”- იაგო ხვიჩია

ერთი მხრივ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებული მოსამართლეებით ამაყობს და მეორე მხრივ, გვყავს ოპოზიცია, რომლის მთავარი დონორი არის ევროპაში პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი და ჯერ არ ვიცით როგორ მორჩება ეს ამბავი, – ამის შესახებ დეპუტატმა იაგო ხვიჩამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის ვარაუდით, კეზერაშვილი ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებდეს.

„იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ასეთი ქსელი არსებობდა, ეს ქსელი შეუძლებელია არსებულიყო საქართველოს ხელისუფლების ჩარევის გარეშე. შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან ხელისუფლებასა და ბატონ კეზერაშვილს შორის. რა შეიძლება იყოს ასეთ შეთანხმების და გარიგების საგანი? რაზე შეიძლება შეუთანხმდე, როცა ხელისუფლებაში ხარ ოპოზიციის მთავარ დონორს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ევროპაში პენსიონერების ძარცვა? მე მინდა თვალი გავახილოთ და დავინახოთ, რომ თუ გვინდა იმ უპირატესობის გამოყენება, რომელიც სანქცირებული მოსამართლეების ძმაკაცობაში გამოიხატება, ამისთვის საჭიროა ოპოზიცია იყოს ერთგვარად განწმენდილი და ის არ იყოს დამოკიდებული კეზერაშვილის ფულზე და არსებობდეს ადამიანი, რომელიც ღიად გამოვა და მოჰყვება 2016 წლის ბატალიებს. ჩვენ მოწმე გვჭირდება, რომელიც ახსნის „ქართული ოცნების“ და მაშინდელი ოპოზიციის ურთიერთობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ტვ „ფორმულაში“ არეულობა და წივილ-კივილი აწი ნახეთ” – ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს.

„ტვ „ფორმულაში” არეულობა და წივილ-კივილი აწი ნახეთ თქვენ, მშიერმუცელა მონები რომ დაიწყებენ კეზერაშვილის 50% იანი წილის გაყოფაზე წეწვა – გლეჯას და ერთმანეთის თავპირის მტვრევას…“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

დავით კეზერაშვილის განცხადებით, ის უარს ამბობა „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.

“სხვა მოსამართლეებიც გამოიკვეთებიან, ვისაც ოთხი მოსამართლე აშანტაჟებდა”- ლევან ხაბეიშვილი

დარწმუნებული ვარ, გამოიკვეთებიან სხვა მოსამართლეებიც, ვისაც შემდეგ ეს ოთხი მოსამართლე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა ან ზეწოლას ახორციელებდა. ამიტომ, ამ ადამიანების მიერ გამოტანილი ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია  – სასამართლო.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩამოთვალა ოთხი სახელი და გვარი და დაასანქცირა: ჩინჩალაძე, მურუსიძე, შენგელია და ცერცვაძე და განმარტა, რომ საუბარია ღამის ზარებზე, კორუფციაზე, აღებ-მიცემობაზე, შანტაჟსა და მუქარაზე. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად არ თქვა ის, რომ ჩინჩალაძე და მურუსიძე ერთმანეთს ურეკავენ და ერთმანეთზე ახორციელებენ ზეწოლას, ანუ არსებობენ გარეშე პირები, მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, მაგალითად, პროკურორი შოთაძე ან „ქართულო ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ან  გრიგოლ ლილუაშვილი, ვისაც შეუძლია ზეწოლა განახორციელოს მოსამართლეებზე. ანუ ამერიკელებმა ის კი არ თქვეს, რომ ეს ოთხი მოსამართლე ერთმანეთს აშანტაჟებს ან ერთმანეთს ურეკავს, რომ კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩაერიონ, არამედ მათ თქვეს, რომ ასეთი დანაშაულები არსებობს“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

“სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, ჩვენ, ქართველი ხალხი არ მოგცემთ საშუალებას, რომ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში”- ალუდა ღუდუშაური

საქართველოს პატრიარქის ეპისტოლე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ,როგორც ყოველთვის, იყო ძალიან დიდი სიბრძნით განმსჭვალული. აქ კანტიკუნტად ლაპარაკობდნენ ადამიანები შეწყალებაზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, თუ რა აზრი გამოიტანეს ამ ყველაფრიდან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლედან რამდენიმე გზავნილზე ისაუბრა.

„ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სამართლიანობაზე, სასამართლოზე, ბიზნესზე, ყველაფერ იმაზე, რასაც ცოცხებით და ყავარჯნიანი კაცით აკეთებდნენ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, აკეთებთ ერთადერთ რამეს, რის გამოც გეძახით რადიკალებს. ქვეყანაში სიტუაცია როგორც კი მოგცემთ საფუძველს და საშუალებას, რომ თავი გამოამჟღავნოთ, გამოვარდებით და კადრულობთ ყველაფერს. თქვენ ხართ ის, ვინც არაფერს აკეთებს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, მაგრამ აკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეპისტოლეში არის დეპოლარიზაციაზე საუბარი და გამოდიხართ კოლექტიური ქურქუმალები და საუბრობთ იმაზე, რომ თურმე ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. რა უფლებით საუბრობთ ამაზე?! ერთი თქვენი გაკეთებული საქმე – წამოდექით რომელიმე და თქვით, რომ აი, ეს გავაკეთეთ. მაგრამ აკეთებთ განცხადებებს ღიად, რომ ქართული სახელმწიფო არ იმსახურებს ამას იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. თქვენთვის ქვეყნის პროგრესი და წინსვლა აღიქმება პოლიტიკურ კრახად. აი, ეს არის მთავარი წყალგამყოფი, რომ თქვენ ქართველ ხალხთან არასდროს დგახართ და ქართველ ხალხს განიხილავთ მხოლოდ საშუალებად ბიზნესის ტერორის, შევიწროების, ჩაგვრის, აბუჩად აგდების“, – მიმართა ალუდა ღუდუშაურმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ მისცემს საშუალებას, ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

„რაც არ უნდა გააკეთოთ, სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, ჩვენ, ქართველი ხალხი არ მოგცემთ საშუალებას, რომ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში და ატეროროთ ეკლესიიდან დაწყებული ბიზნესი და ქართული საზოგადოება“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

“კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული”

სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი კეზერაშვილი, უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართულმა საგამოძიებო სამსახურებმა გერმანელ კოლეგებთან აქტიურად მუშაობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში.

„მინდა გამოვეხმაურო ერთ მეტად შემაშფოთებელ ფაქტს, ეს არის საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც გამოძიებული, გახსნილი იქნა – ე.წ. ქოლცენტრების საქმე. რატომ მინდა ამის თაობაზე გავაკეთო კომენტარი – პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის მიერ ჩადენილ არნახული მასშტაბის, უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითური სქემის განხორციელებას, რომლის შედეგადაც, თითქმის ერთი მილიარდი დოლარი თუ ევრო იქნა მოპარული ევროპის ქვეყნებში. რეალურად, გახსოვთ, რომ ბოლო ერთი წელია, მუდმივად ისმოდა ბრალდებები რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც თავად ფინანსდებოდა და ფინანსდება ამ მოპარული, ნაძარცვი ფულით. ეს რა თქმა უნდა, არამხოლოდ სამარცხვინო, არამედ შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც ერთობლივად იყო გაწეული და ჩვენ ჩვენი მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთაშორისო გამოძიების, საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში. სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი კეზერაშვილი, უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც რა თქმა უნდა, კატასტროფულია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ, რომელმაც ჯერ ჯარი გაძარცვა, შემდეგ ბიზნეს ატერორებდა, ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით, არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა, მისმა კომპანიამ გაძარცვა პენსიონერები – მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული. ასე რომ, როცა ჩვენი ე.წ. რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, მინდა ჩვენ ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს რა თქმა უნდა, სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.