“209 უსახურ ნაგებობაზე სამხარაულის ექსპერტიზაში დასკვნებისთვის დოკუმენტები გაგზავნილია” – ირაკლი ქარსელაძე

109
spot_img

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 209 უსახურ ნაგებობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზაში შესაბამისი დასკვნებისთვის დოკუმენტები გაგზავნილია და მათგან 17 შენობა პროცესირებულია.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, განსაზღვრულია მოქმედებები, რომლებიც უსახური შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული პროექტის არა მხოლოდ ეფექტიან, არამედ კანონთან შესაბამისად განხორციელებას ხელს უწყობს და საუბარი იმაზე, რომ პროექტი კანონს არ შეესაბამება, რეალობას მოკლებულია.

„უსახურ შენობებთან დაკავშირებით, განკარგულების გამოცემის დღიდან, პროცესი დაწყებულია. როგორც მუნიციპალურ და სახელმწიფო საკუთრებაში, ისე კერძო საკუთრებაში არსებული შენობები, რომლებსაც რეაბილიტაცია ან დემონტაჟი სჭირდება, იდენტიფიცირებულია. პროცედურულად პირველი ეტაპი დაწყებულია, რაც შენობების მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიღებას გულისხმობს. ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება თითოეული შენობის პრივატიზებასა თუ დემონტაჟთან დაკავშირებით, ასევე, ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც როგორც უსაფრთხოების, ისე იერსახის თვალსაზრისით, მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

დღეის მდგომარეობით, 209 უსახურ ნაგებობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზაში შესაბამისი დასკვნებისთვის დოკუმენტები გაგზავნილია. უკვე დაპროცესებულია 17 შენობა, რომლებიც ექსპერტიზის სხვადასხვა ეტაპზე არიან. ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო ამ პროცესში ჩართულები არიან და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროგრამის ფარგლებში კონკრეტული პროგრესი არსებობს. განსაზღვრულია ის მოქმედებებიც, რაც ხელს შეუწყობს პროექტის არა მხოლოდ ეფექტიან, არამედ კანონთან შესაბამის განხორციელებასაც. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ პროექტი კანონს არ შეესაბამება, რეალობას მოკლებული, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.