Home Blog Page 2159

“რუსული ოცნების” შოუ გრძელდება -პეტრე ცისკარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

„რუსული ოცნების“ შოუ გრძელდება, – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა მოსამართლეები, „დიდწილად კონტროლდება ისევ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან“.

„რუსული ოცნების“ შოუ გრძელდება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც „ოცნებამ“ წარადგინა მოსამართლეები, დიდწილად კონტროლდება ისევ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ოღონდ სიტუაცია ერთგვარად ტრაგი-კომიკურია, თვითონ დააკომპლექტეს სასამართლო, თვითონ დაწერეს კონსტიტუცია, თვითონ აირჩიეს ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, არ მოეწონათ მისი ვიზიტი ბრიუსელში და ამის გამო ცდილობენ, რომ მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ამ თანამდებობიდან. ახლა ერთი წამით წარმოვიდგინოთ პრეზიდენტი რომ წასულიყო მოსკოვში ვიზიტით, ლავროვის მოწვევით, გაბედავდა კი „ოცნება“ თუ მასთან შეთანხმებული არ იქნებოდა ამ შემთხვევაში წამოეწყო იმპიჩმენტის პროცედურა? ეს შეკითხვა უნდა დავსვათ ჩვენ და გავცეთ პასუხი და შესაბამისად, ყველაფერი იქნება ნათელი არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

“საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო” – ლევან ბეჟაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და ჩვენ ვამბობდით, რომ ექვსი მოსამართლე ჰყავდათ, რეალურად, საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, კონსტიტუციური ნორმების განხილვაში არ შევიდა და ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა განაცხადა, სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ „კლანის“ წევრების მხრიდან იმართება და შანსი არ არის, რომ პრეზიდენტმა საგარეო მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადადგას.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისთვის ხმები არ აქვს, ისინი შეეცდებიან, პრეზიდენტის მანდატი საგარეო ურთიერთობებში შეზღუდოს. ყველა ოპოზიციონერს მოვუწოდებთ, კენჭისყრის პროცედურა დატოვონ, რათა მანიპულაციების საშუალება არ მიეცეს უმრავლესობას და ისინი ამ პოლიტიკურ ფარსში მარტო დავტოვოთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა.

“გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილი „გლობალური ომის პარტიას“ მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს” – კობახიძე

ომი დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დარღვევით და მან ეს ომი წააგო, იმიტომ, რომ გაიმარჯვა სამართლის და კონსტიტუციის უზენაესობამ, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას, დააზიანებს თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტისთვის „ომის გამოცხადება“ ევროპაში ვიზიტების გამო.

კობახიძის განმარტებით, ევროპა მთავრდება იქ, სადაც კონსტიტუციის უზენაესობაზე ვინმე თვალს დახუჭავს, შესაბამისად, ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის რეაგირების გარეშე დატოვება, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

„ევროპა ნიშნავს სწორედ სამართლის და კონსტიტუციის უზენაესობას და არა იმას, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებდა. სადაც შენ თვალს დახუჭავ კონსტიტუციის უზენაესობაზე, იქ მთავრდება ევროპა. ჩვენ არავითარი უფლება არ გვქონდა, თვალი დაგვეხუჭა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა ჩვენი უპასუხისმგებლობა არა მარტო კონსტიტუციის, არამედ ჩვენი ევროპული გზის მიმართაც.“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი დღეიდან მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მრავალგზის, განზრახ და უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რითაც ის უხეშად დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს და კონსტიტუციით დადგენილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამოსახსნელი ჰქონდა უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი: საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი, რომლის თანახმად, პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია; სალომე ზურაბიშვილი სრულად იყო ინფორმირებული ამ კონსტიტუციური დანაწესის შესახებ და ის საქართველოს მთავრობისგან სისტემატურად ითხოვდა თანხმობას როგორც სამუშაო, ისე ცერემონიული ვიზიტების განხორციელებაზე; თანხმობის არარსებობის პირობებში, სალომე ზურაბიშვილმა მაინც განახორციელა სამუშაო ვიზიტები გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში, რითაც მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მეტიც, განზრახ და უხეშად ხელყო საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი. ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე, დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს.

„მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან. თუმცა, ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს. როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს – სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან უკვე მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლიგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. „კოჭლ იხვად“, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

“პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები – მორჩა კინო” – ნინო ლომჯარია

პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები – მორჩა კინო, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, საკონსტიტუციო სასამართლომ მორჩილი გადაწყვეტილება მიიღო.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მორჩილი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ უმრავლესობის წევრებმა და პროპაგანდისტებმა კობახიძის ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად ერთი-ორი დღე იძახონ – „რა საოცარი ლექცია ჩაატარა ირაკლიმ, ეს რა მოვისმინეთო“. სულ ეს იყო ამ პროცესის მიზანი და შედეგი. პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები. მორჩა კინო“, – წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ – ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

“პარლამენტს შეუძლია, განხილვაზე მოიწვიოს პირი, ვის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხია დასმული” – შალვა პაპუაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თუ სასამართლო არ დაადგენდა დარღვევას, მაშინ წყდებოდა ყველანაირი განხილვა, რადგან დაადგინა სასამართლომ, რომ არის კონსტიტუციის დარღვევა, უკვე პროცესი ინაცვლებს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში შევა ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია, უნდა შედგეს განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი.

„ვვარაუდობ, რომ ხვალინდელ ბიუროზე წარმოვადგენთ დადგენილების პროექტს, რომელშიც იქნება განხილვის გრაფიკი. შეტყობინების მიღებიდან პარლამენტს აქვს ორი კვირა, რომ განიხილოს და კენჭი უყაროს ამ საკითხს. მიმდინარე კვირაშივე აჯობებს, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და კენჭისყრაზეც დავაყენოთ. ამიტომ, ხვალ ბიუროზე დადგენილების პროექტს წარმოგიდგენთ, რომელიც პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა იმისთვის, რომ განხილვის გრაფიკი დავადგინოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პლენარულ სხდომაზე განიხილება აღნიშნული საკითხი.

„პარლამენტს შეუძლია, მოიწვიოს პირი, ვის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხი არის განხილული, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ დავუკავშირდებით პრეზიდენტის აპარატს და ვიკითხავთ, თუ ექნება მას სურვილი მონაწილეობის, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. შესაბამისად, შემდეგ უკვე პარლამენტში იქნება განხილვა და კენჭისყრა ამ საკითხთან დაკავშირებით.100 ხმა სჭირდება იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას  მიმდინარე კვირაში, ვინაიდან უკვე სასესიო კვირა გვაქვს, ამ საკითხს განვიხილავთ და კენჭს ვუყრით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა.

“არ შეიძლება, ხალხს მანკიერი ხელისუფლების ალტერნატივად, მანკიერ ოპოზიციას სთავაზობდე” – ნიკა მელია

არ შეიძლება, ხალხს მანკიერი ხელისუფლების ალტერნატივად, მანკიერ ოპოზიციას სთავაზობდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ.

„სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს არავის გაგვიკვირდა. ვიცით, რომ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელსაც არავითარი ვალდებულება არ აქვს ხალხის წინაშე. ხელისუფლების ყველა შტოს კი ვალდებულება მხოლოდ ერთი კაცის წინაშე აქვს, მას „უმადლიან“ თანამდებობებს, უმადურობა კი ისჯება. თუ რამეა შესაცვლელი ამ ქვეყანაში, სწორედ ეს არის, არაფორმალური მმართველობა უნდა შეიცვალოს ფორმალურით, ხოლო ხელისუფალი პასუხისმგებელი უნდა იყოს ხალხისა და მისი ნების წინაშე.

ამორალურია, იყო ოპოზიციაში მრუდე ხელისუფლების, უშნო სარკისებრი ანარეკლი და ამით უქმნიდე ბარიერს სრულიად ოპოზიციურ ბრძოლას. არ შეიძლება, ხალხს მანკიერი ხელისუფლების ალტერნატივად, მანკიერ ოპოზიციას სთავაზობდე.

დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ცუდი აღარაფერი გვაკვირვებს, პირიქით, მოსალოდნელია. თუმცა დარწმუნებული ვარ, გვაქვს ძალა, ენერგია, მოტივაცია, პრინციპულობა და მონდომება, ყოველივე ეს შეცვალოთ, გვქონდეს საერთო მიზანი და მიზნის გარშემო, მართალი ადამიანების ერთობა“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სებ-ის რეზერვები ისევ რეკორდულად მაღალ დონეზეა

სექტემბრის საქონლით ვაჭრობის მაჩვენებლები მოლოდინების შესაბამისია. დეტალური სტატისტიკა მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, თუმცა, როგორც ჩანს, მიზეზები წინა თვის ანალოგიური იყო. ამასთან, შედარებით ნაკლები ადგილობრივი დამატებული ღირებულების გათვალისწინებით, ავტომობილების რეექსპორტის დინამიკა საყურადღებო იქნება.

მაშინ, როდესაც ისრაელში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის გამოვლენისათვის თავისთავად მეტი დროა საჭირო, 13 ოქტომბრის მონაცემებით, თიბისის არხებით განხორციელებულ საბარათე ხარჯებსა და გზავნილებში ნეგატიური ტენდენცია ჯერჯერობით არ იკვეთება. ამ საკითხზე უფრო დეტალური მიმოხილვა თიბისი კაპიტალის მომდევნო პუბლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი.

ასევე საყურადღებოა, რომ გასულ პერიოდში სებ-ის მიერ აშშ დოლარის გაყიდვის მიმართულებით განხორციელებული ინტერვენციების გათვალისწინებითაც, როგორც მთლიანი, ისე წმინდა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ისევ მაღალ დონეზეა. წმინდა რეზერვების მაჩვენებელი ბოლო დაახლოებით წელიწადნახევრის პერიოდში გაორმაგებულია.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება

საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ექთნებისა და მეანი ექთნების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საექთნო პერსონალის დეფიციტის დაძლევის, საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის გაუმჯობესება.

საექთნო საქმიანობის რეგულირება, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის, შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

გამოცდის ჩაბარება დაინტერესებული პირის მიერ პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოხდება და შედეგად სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის წოდება მიენიჭება, ხოლო ბაკალავრიატის დამთავრების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარებისას მიენიჭება რეგისტრირებული ექთნის წოდება. გარდა ამისა, საქმიანობა დაექვემდებარება პროფესიულ პასუხისმგებლობას. ცვლილება ასევე ითვალისწინებს ექთნებისა და მეანი ექთნების პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაზრდასაც. მათ შორის − დიპლომის შემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამათა ამოქმედებას.

დაინერგება სპეციალიზებული პროგრამები, რომლებიც მედიცინის კონკრეტულ მიმართულებებში გაძლიერებული მომზადების მქონე ექთან-სპეციალისტების დასაქმებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფომაციაში.

მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დადგინდება ექთნებისა და მეანი ექთნების კომპეტენციები, მათი კლინიკური პრაქტიკის შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით, რაც ერთი მხრივ, გაზრდის ექთნების საქმიანობის ეფექტიანობას, გააუმჯობესებს საქმიანობის ზედამხედველობის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, უკეთ მოხდება მათი უფლებების დაცვა.

„მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებს, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტი მიენიჭათ 2020 წლის პირველ იანვრამდე, სრული ზოგადი განათლების დადასტურებისა და სამი წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის არსებობის შემთხვევაში, სტატუსი შეუნარჩუნდებათ და მიეცემათ უფლება, მოიპოვონ ექთნის წოდება.

კანონპროექტი ევროპულ გამოცდილებას იზიარებს და მისი მიღება ექთნის და მეანი ექთნის ადამიანური რესურსის მზადებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. შედეგად,  გაიზრდება მოსახლეობის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა.

კანონპროექტი განსახილველად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში წარედგინება“,- ნათვქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

“ყარაბაღელი სეპარატისტები „დიდი სომხეთის“ დაავადებამ გააუბედურა” – ილჰამ ალიევი

ყარაბაღელი სეპარატისტები „დიდი სომხეთის“ დაავადებამ გააუბედურა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ქალაქ ხანქენდში განაცხადა.

ამასთან, აზერბაიჯანული სააგენტოს, „ტრენდის“ ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა სეპარატისტთა ლიდერების ერთ-ერთი ოფისი დაათვალიერა, სადაც ყურადღება გაამხვილა მაგიდაზე გაშლილ „დიდი სომხეთის“ რუკაზე.

„ესაა მათი დაავადება, „დიდი სომხეთი“. სწორედ ამან გააუბედურა ისინი“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გუშინ ქალაქ ხანქენდში იმყოფებოდა და აზერბაიჯანის დროშა აღმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილების თანახმად, საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ექთნებისა და მეანი ექთნების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საექთნო პერსონალის დეფიციტის დაძლევის, საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის გაუმჯობესება.

საექთნო საქმიანობის რეგულირება, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის, შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის ჩაბარება დაინტერესებული პირის მიერ პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოხდება და შედეგად სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის წოდება მიენიჭება, ხოლო ბაკალავრიატის დამთავრების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარებისას მიენიჭება რეგისტრირებული ექთნის წოდება. გარდა ამისა, საქმიანობა დაექვემდებარება პროფესიულ პასუხისმგებლობას.

ცვლილება ასევე ითვალისწინებს ექთნებისა და მეანი ექთნების პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაზრდასაც. მათ შორის − დიპლომის შემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამათა ამოქმედებას.

დაინერგება სპეციალიზებული პროგრამები, რომლებიც მედიცინის კონკრეტულ მიმართულებებში გაძლიერებული მომზადების მქონე ექთან-სპეციალისტების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დადგინდება ექთნებისა და მეანი ექთნების კომპეტენციები, მათი კლინიკური პრაქტიკის შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით, რაც ერთი მხრივ, გაზრდის ექთნების საქმიანობის ეფექტიანობას, გააუმჯობესებს საქმიანობის ზედამხედველობის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, უკეთ მოხდება მათი უფლებების დაცვა.

მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებს, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტი მიენიჭათ 2020 წლის 1 იანვრამდე, სრული ზოგადი განათლების დადასტურებისა და 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის არსებობის შემთხვევაში, სტატუსი შეუნარჩუნდებათ და მიეცემათ უფლება, მოიპოვონ ექთნის წოდება.

კანონპროექტი ევროპულ გამოცდილებას იზიარებს და მისი მიღება ექთნის და მეანი ექთნის ადამიანური რესურსის მზადებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. შედეგად, გაიზრდება მოსახლეობის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა.

კანონპროექტი განსახილველად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა.

კერძოდ, მოსამართლეთა პლენუმმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებას 3 დღის განმავლობაში განიხილავდა.

პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყებევლად „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ოპოზიციის მხარდაჭერაც იქნება საჭირო.