“პარლამენტს შეუძლია, განხილვაზე მოიწვიოს პირი, ვის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხია დასმული” – შალვა პაპუაშვილი

96
spot_img

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თუ სასამართლო არ დაადგენდა დარღვევას, მაშინ წყდებოდა ყველანაირი განხილვა, რადგან დაადგინა სასამართლომ, რომ არის კონსტიტუციის დარღვევა, უკვე პროცესი ინაცვლებს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში შევა ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია, უნდა შედგეს განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი.

„ვვარაუდობ, რომ ხვალინდელ ბიუროზე წარმოვადგენთ დადგენილების პროექტს, რომელშიც იქნება განხილვის გრაფიკი. შეტყობინების მიღებიდან პარლამენტს აქვს ორი კვირა, რომ განიხილოს და კენჭი უყაროს ამ საკითხს. მიმდინარე კვირაშივე აჯობებს, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და კენჭისყრაზეც დავაყენოთ. ამიტომ, ხვალ ბიუროზე დადგენილების პროექტს წარმოგიდგენთ, რომელიც პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა იმისთვის, რომ განხილვის გრაფიკი დავადგინოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პლენარულ სხდომაზე განიხილება აღნიშნული საკითხი.

„პარლამენტს შეუძლია, მოიწვიოს პირი, ვის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხი არის განხილული, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ დავუკავშირდებით პრეზიდენტის აპარატს და ვიკითხავთ, თუ ექნება მას სურვილი მონაწილეობის, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. შესაბამისად, შემდეგ უკვე პარლამენტში იქნება განხილვა და კენჭისყრა ამ საკითხთან დაკავშირებით.100 ხმა სჭირდება იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას  მიმდინარე კვირაში, ვინაიდან უკვე სასესიო კვირა გვაქვს, ამ საკითხს განვიხილავთ და კენჭს ვუყრით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა.