“არ შეიძლება, ხალხს მანკიერი ხელისუფლების ალტერნატივად, მანკიერ ოპოზიციას სთავაზობდე” – ნიკა მელია

111
spot_img

არ შეიძლება, ხალხს მანკიერი ხელისუფლების ალტერნატივად, მანკიერ ოპოზიციას სთავაზობდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ.

„სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს არავის გაგვიკვირდა. ვიცით, რომ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელსაც არავითარი ვალდებულება არ აქვს ხალხის წინაშე. ხელისუფლების ყველა შტოს კი ვალდებულება მხოლოდ ერთი კაცის წინაშე აქვს, მას „უმადლიან“ თანამდებობებს, უმადურობა კი ისჯება. თუ რამეა შესაცვლელი ამ ქვეყანაში, სწორედ ეს არის, არაფორმალური მმართველობა უნდა შეიცვალოს ფორმალურით, ხოლო ხელისუფალი პასუხისმგებელი უნდა იყოს ხალხისა და მისი ნების წინაშე.

ამორალურია, იყო ოპოზიციაში მრუდე ხელისუფლების, უშნო სარკისებრი ანარეკლი და ამით უქმნიდე ბარიერს სრულიად ოპოზიციურ ბრძოლას. არ შეიძლება, ხალხს მანკიერი ხელისუფლების ალტერნატივად, მანკიერ ოპოზიციას სთავაზობდე.

დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ცუდი აღარაფერი გვაკვირვებს, პირიქით, მოსალოდნელია. თუმცა დარწმუნებული ვარ, გვაქვს ძალა, ენერგია, მოტივაცია, პრინციპულობა და მონდომება, ყოველივე ეს შეცვალოთ, გვქონდეს საერთო მიზანი და მიზნის გარშემო, მართალი ადამიანების ერთობა“,- განაცხადა ნიკა მელიამ.