სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკოსი, მაღალი თანამდებობის პირი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებების გასაკეთებლად იცლის, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებაზე დასმულ კითხვას, რომლის ინფორმაციით, ის ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა გააფრთხილეს, რომ შეიძლებოდა საზღვრის კვეთის დროს პრობლემები შექმნილიყო.
თალაკვაძის თქმით, „ეს იმაზე მიუთითებს, ეს ადამიანი რამდენად დაცილებულია პრობლემებს, რომელიც ომში მყოფ უკრაინელ ხალხს აქვს“.
„საქართველო მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და მათ თავისუფლებისთვის ბრძოლას. როგორც ჩანს, ეს საქართველოში უფრო კარგად ესმით, ვიდრე დავით არახამიას უკრაინაში. ჩვენ უკრაინის უპირობო მხარდაჭერას განვაგრძობთ. იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება და მთელი საზოგადოება უკრაინის გვერდით დგას, პოლიტიკური პირი საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ისეთი განცხადებების გასაკეთებლად იცლის, რომელიც უკრაინის მეგობრობას აზიანებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.