ევროკავშირი სანქციების დაწესებას გეგმავს ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთს ომში ეხმარებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
მედია იუწყება, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ეს იქნება ევროკავშირის მიერ ჩინეთისთვის სანქციების დაწესების პირველი შემთხვევა, რამაც, შესაძლოა, გაზარდოს დაძაბულობა პეკინთან.
როგორც მედია წერს, სანქციები მზადდება შვიდი ჩინელი ბიზნესმენის წინააღმდეგ. მათ ბრალი ედებათ აღჭურვილობის გაყიდვაში, რომელიც, შესაძლოა, გამოიყენება შეიარაღებაში, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.
მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციების ახალ პაკეტს ამ კვირაში განიხილავენ. ასევე, განიხილავენ სანქციების ახალ მექანიზმს, რომელიც მიმართული იქნება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც საკმარისად არ უშლიან ხელს რუსეთს უკვე დაწესებული შეზღუდვებისგან თავის არიდებაში.
ამასთან, „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ რამდენიმე ჩინურ კომპანიას, მაგალითად, King-Pai Technology-ს, უკვე აქვს დაწესებული სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.