მედიასთან შალვა პაპუაშვილს ზურაბ ჯაფარიძის ტრენინგებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მათ დაფინანსებაზე ესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს. „ამაზე თავად IRI-მ უნდა ისაუბროს. ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლებლობა მათთვის, რომ ჩახედონ, რამდენად სწორად მიემართება ის თანხები, რომლებითაც ისინი არიან წარმოდგენილი ამ სფეროში. აქ მნიშვნელოვანია ყველანაირი გამჭვირვალობა და სიცხადის შეტანა და მნიშვნელოვანია, რომ IRI-მ ან სხვა დამფინანსებელმა ღიად საზოგადოებას უთხრას: აფინანსებენ თუ არა პარტიას და ეს ფული შემთხვევით ხელფასების სახით ხომ არ მიდის პარტიულ ლიდერებთან. მეორე: ეს სემინარები, სადაც მიდის საუბარი რადიკალურ სცენარებზე, რევოლუციაზე და სადაც ახალგაზრდების გაშინაურება ხდება იარაღთან, არის თუ არა მათი თანხებით დაფინანსებული, ემიჯნებიან თუ არა ამ სემინარებს და აპირებენ თუ არა, შეწყვიტონ ურთიერთობა „გირჩთან“, – განმარტავს პაპუაშვილი.
,,ეს სერიოზულ ზიანს აყენებს დასავლური ფონდების იმიჯს”- ვოლსკი „გირჩის“ ტრენინგებზე
პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში იმ შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს, რომლამდეც რადიკალური ოპოზიციური პარტიების ირიბმა დაფინანსებამ შეიძლება ქვეყანა მიიყვანოს. „საქმე გვაქვს უზნეო, პოლიტიკურ გაერთიანებასთან, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების რესურსი შექმნას და რეკრუტიზაცია მოახდინოს ახალგაზრდების. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ღონისძიებების დაფინანსება ხდება IRI-ის მიერ და ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რომლებიც პირდაპირ არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული. თუ მათ მოსთხოვ გამჭვირვალეობას, ამას „რუსულ კანონს“ დაარქმევენ და შეიძლება გამოიყენონ თავისი ბინძური პროპაგანდისთვის. ვფიქრობ, ეს საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებს არა მარტო საზოგადოებას, არამედ დასავლური ფონდების იმიჯს, ვინაიდან, IRI-იც, NDI-იც საკმაოდ კარგ პროექტებს ახორციელებენ საქართველოში ბევრი მიმართულებით, მაგრამ როგორც კი ჩაერთვებიან ასეთ პროცესებში, რომელიც უპირისპირდება საქართველოს მომავალს, სტაბილურობას, იმ წუთში ჩრდილი გადაინაცვლებს ამ ორგანიზაციებისაკენ“, – განაცხადა ვოლსკიმ. რას ასწავლიან ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტნიორები შაბათ-კვირის შეკრებებზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. საკითხით „იმედის კვირის“ ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც ერთ ერთმა მონაწილემ „იმედს“ ტრენინგიდან ჩანაწერი მიაწოდა. ამის შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა შეისწავლა და მოიპოვა უამრავი ფოტო და აუდიო მასალა ღია თუ დახურული წყაროებიდან. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც „იმედს“ ასევე წყარომ მიწოდა, ჯაფარიძის პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ როგორ უნდა გარდაიქმნას ე.წ. თავისუფლების უიკენდები პროტესტად და რა როლი ექნება ამ პროცესში ჯაფარიძეს.
,,არცერთი, მხარდამჭერი განცხადება არ გვახსოვს ევროპის სოციალისტური პარტიის მხრიდან”- კობახიძე
2015 წელს გავხდით ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრი, თუმცა 2015 წლიდან მოყოლებული არცერთი, თუნდაც მეტ-ნაკლებად ხმამაღალი მხარდამჭერი განცხადება არ გვახსოვს ევროპის სოციალისტური პარტიის მხრიდან, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გაიხსენა ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებსაც სოციალისტების არაერთმა წევრმა დაუჭირა მხარი. საუბარია იმ რეზოლუციებზე, რომელთა ავტორებიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. „ბოლო წერტილი იყო ის რეაქცია, რომელიც მათ ჰქონდათ ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე. კონფერენციის სახელწოდება იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. როდესაც ამას აპროტესტებ, სრულიად ცხადია შეუთავსებლობა ჩვენს ღირებულებებსა და ამ ღირებულებებს შორის. ჩვენთვის მიუღებელია ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც, სამწუხაროდ ძალიან აქტიურად მისდევს ბოლო წლები ევროპის სოციალისტური პარტია“, – განაცხადა კობახიძემ.
„რატომ ვართმევთ უფლებას ადამიანს, აირჩიოს რომელი ტრანსპორტით ისარგებლოს?!” – გაიაშვილი
„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა აუცილებელია და ვერ ხედავს რეალურ არგუმენტს, რატომ არ უნდა აღდგეს ფრენები იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ყველა სხვა ტრანსპორტის გადაადგილება დაშვებულია. „თუ შეიძლება, რომ [რუსეთ-საქართველოს] საზღვარზე ველოსიპედით გადავიდნენ, ტრაილერებმა იაროს, მსუბუქმა ავტომობილებმა, ავტობუსებმა, ყველა სახის ტრანსპორტმა, თვითმფრინავმა რა დააშავა?! თუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ შემთხვევაში რატომ ვართმევთ უფლებას ადამიანს, აირჩიოს რომელი ტრანსპორტით ისარგებლოს?!“, – განაცხადა გაიაშვილმა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ. პუტინის გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.
ესტონეთში 14 000 ჯარისკაცის მონაწილეობით ნატოს წვრთნები გაიმართება
ესტონეთში 15 მაისს ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები „გაზაფხულის ქარიშხალი“ იწყება.
სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 14 000-ზე მეტი სამხედრო, მათ შორის 1 500-ზე მეტი ბრიტანელი მიიღებს.
ნატოს წვრთნები 2 კვირა გაგრძელდება.
პირველადი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს
თურქეთის არჩევნების პირველადი შედეგებით, არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.
HaberTurk-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ხმების 9.1%-ია დათვლილი. ამავე მონაცემებით, ერდოღანი 59,47%-ით ლიდერობს, ხოლო მის მეტოქესა და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს 34,79% აქვს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არჩევნები ერდოღანისთვის 20 წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევაა.
თურქეთში არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება. ამას ასევე თან ახლავს, თებერვალში თურქეთში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრა, რის გამოც ერდოღანსა და მის პარტიას ფართოდ აკრიტიკებდნენ და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების არასწორად წარმართვაში ადანაშაულებდნენ.
საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გახდება ცნობილი. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, თუმცა თუ ხმათა უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებენ.
მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, არჩევნები 28 მაისს გაიმართება.
სუს-ი განცხადებას ავრცელებს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია
საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დანიის პირველი დიპლომატის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ და დანიაში საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრა გაიმართება როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.
„დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.
ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას”, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
თურქეთში არჩევნები დასრულდა – როდის გახდება ცნობილი შედეგები
თურქეთში საარჩევნო უბნები ოფიციალურად 5 საათზე დაიხურა. პირველი შედეგები შეიძლება გვიან საღამომდე არ გამოჩნდეს. თუმცა, საარჩევნო ხელისუფლებამ შეიძლება გადაწყვიტოს და მედიას არჩევნების წინასწარი მონაცემების უფრო ადრე გამოქვეყნების საშუალება მისცეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
არჩევნებს ყურადღებით აკვირდებიან დასავლეთის დედაქალაქებში, ახლო აღმოსავლეთში, ნატოსა და მოსკოვში.
საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.
დატბორილია მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები – სტიქია გორსა და იმერეთში
გორის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძევერასა და შერთულში მდინარე ლიახვი კალაპოტიდან გადავიდა. დატბორილია მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. რამდენიმე სოფელში სპეცტექნიკა შეიყვანეს. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, სტიქიამ ნათესები გაუნადგურა.
სიმინდებშია წყალი შესული, ვინ ამინაზრაურებს, მითხარით?, – ამბობს ადგილობრივი.
უამინდობაა დასავლეთ საქართველოშიც. რიონის ადიდების და სავალ ნაწილზე გადასვლის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით აიკრძალა.
სტიქიაა იმერეთშიც. ქუთაისი-ალპანას დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ამ დროისთვის აკრძალულია. მიზეზი მდინარე რიონის კალაპოტიდან გადმოსვლა გახდა. დატბორილია საავტომობილო გზა.
მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი მათ საცხოვრებელ სახლებშიც შევარდა – მიყენებული ზარალი ჯერჯერობით უცნობია
თბილისში, მთის გამაგრების სამუშაოების დროს, 2 მუშა დაიღუპა
ტრაგედია თბილისში. სვანეთის უბნის დასახლებაში მთის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა. დასახლებულ პუნქტში, უხვი ნალექის გამო საჭირო გახდა მთის ნაწილის ბეტონის კონსტრუქციით გამაგრება. სამშაოების დროს მთა ჩამოიშალა და მუშები ჩამოშლილმა მიწის საფარმა იმსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გამაგრების სამუშაოები დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით ხორციელდებოდა. შემთხვევა ართვინის ქუჩაზე დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. დაღუპულების ცხედრები ექპერტიზაზე უკვე გადაასვეენეს. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
“ეზოში ვტირიალებდი, დიდმა ხმაურმა მომიყვანა აქამდე… მიწა ჩამოწოლილა და მოყვა 2 მუშა. ტექნიკა მოვიდა, თხარეს, თხარეს და ამოიყვანეს 2 მიცვალებული” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.