,,არცერთი, მხარდამჭერი განცხადება არ გვახსოვს ევროპის სოციალისტური პარტიის მხრიდან”- კობახიძე

74
spot_img

2015 წელს გავხდით ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრი, თუმცა 2015 წლიდან მოყოლებული არცერთი, თუნდაც მეტ-ნაკლებად ხმამაღალი მხარდამჭერი განცხადება არ გვახსოვს ევროპის სოციალისტური პარტიის მხრიდან, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გაიხსენა ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებსაც სოციალისტების არაერთმა წევრმა დაუჭირა მხარი. საუბარია იმ რეზოლუციებზე, რომელთა ავტორებიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. „ბოლო წერტილი იყო ის რეაქცია, რომელიც მათ ჰქონდათ ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე. კონფერენციის სახელწოდება იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. როდესაც ამას აპროტესტებ, სრულიად ცხადია შეუთავსებლობა ჩვენს ღირებულებებსა და ამ ღირებულებებს შორის. ჩვენთვის მიუღებელია ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც, სამწუხაროდ ძალიან აქტიურად მისდევს ბოლო წლები ევროპის სოციალისტური პარტია“, – განაცხადა კობახიძემ.