Home Blog Page 2117

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს აქტიურობა უნდა შეამციროთ და მეტი ყურადღება გარშემომყოფების გრძნობებს და მათთან დაკავშირებულ მოვლენებს უნდა დაუთმოთ. ეცადეთ, ადამიანებს თავშეკავებულად და ტაქტიანად მოექცეთ და ნაკლებად აკრიტიკოთ. საეჭვო შეთავაზებებს ნუ დათანხმდებით, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ.

კურო

საკუთარი სისუსტეების გამო შეიძლება ძალიან დაისაჯოთ. ამ დღეს კვებასა თუ ურთიერთობებში სიფრთხილე და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კვებითი ინტოქსიკაცია ან იმედგაცრუება გელით. გირჩევთ ახალი კონტაქტები და შეხვედრები შეამციროთ და საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატარეთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – მაღაზიებში ვიზიტი სხვა დროისთვის უნდა გადადოთ.

ტყუპები

ამ დღეს ადამიანებს პირველივე შეხედვით ხიბლავთ. თუ სასურველის ასაღებად უკან არაფერზე დაიხევთ და საკმარისად იაქტიურებთ, შეიძლება ძალიან ბევრს მიაღწიოთ. არახელსაყრელი დღეა რთული და ერთფეროვანი სამუშაოსთვის. გირჩევთ, ასეთი საქმეები სხვა დროისთვის დაგეგმოთ.

კირჩხიბი

ემოციები და გრძნობები გავსებთ. ყველაფერი რაც დღეს ხდება, თქვენს ძლიერ რეაქციას იწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მუშაობისგან ცოტა შეისვენოთ, ურთიერთობა შეზღთუდოთ და მთელი დღე მარტოობაში გაატაროთ. სიჩუმე და მშვიდი ატმოსფერო სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ლომი

გირჩევთ იმ საქმეებს, რომლებიც მოგწონთ ან კარგად გამოგდით, მეტი დრო დაუთმოთ. ეცადეთ გულწრფელი საუბრისთვის დრო გამონახოთ და რაიმე საინტერესო ღონისძიება დაგეგმოთ. გახსოვდეთ, რომ საყვარელ ადამიანებს წვრილმანების გამო გული არ უნდა ატკინოთ.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ რაზე საუბრობენ თქვენ გარშემო. ახლობელ ადამიანებს ნუ გააკრიტიკებთ და სარკასტულ გამონათქვამებამდე ნუ დაეშვებით. თუ სამსახურებრივ პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, გირჩევთ დახმარებისთვის მეგობრებს ან კოლეგებს მიმართოთ.

სასწორი

იღბლიანი დღეა. წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ და ჩანაფიქრის განხორციელებაში გეხმარებათ. ეცადეთ მომენტით ისარგებლოთ და რაც შეიძლება მეტი საქმე მოასწროთ. თავი შეიკავეთ მაღაზიებში სეირნობისა და ფულის ხარჯვისგან. გირჩევთ, საკუთარი პრობლემები ოჯახის წევრებთან განიხილოთ – მათგან კარგ რჩევას დ მხარდაჭერას მიიღებთ.

მორიელი

ბოლო დღეები ძალიან დაძაბული იყო, ამიტომ კარგი იქნება თუ პაუზას აიღებთ და ცოტა დაისვენებთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და პრევენციული მკურნალობისთვის დრო გამონახოთ. სახლის დალაგება სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

სჯობს, რთული და საპასუხისმგებლო საკითხები სხვა დროისთვის გადადოთ, დღეს კი მსუბუქი საქმეებით დაკავდეთ. ზამთრის შემდეგ დაქვეითებულ იმუნიტეტს გაძლიერება სჭირდება – მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვით, ვიტამინები დალიეთ და სუფთა ჰაერზე მეტი იარეთ.

თხის რქა

თუ შესაძლებელია, საქმეების კეთება სამომავლოდ გადადეთ და ენერგიის აღდგენაზე იზრუნეთ. ამისთვის გჭირდებათ სრულყოფილი დასვენება, კარგად გამოძინება და პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა. სახლის დალაგება და ნივთების მოწესრიგება სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და კარგ განწყობას დაგიბრუნებთ. მოერიდეთ ფულის უსარგებლო ხარჯვას.

მერწყული

ეცადეთ, საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ. მნიშვნელოვანი საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად არახელსაყრელი დღეა. ამის ნაცვლად, ჯობს საყვარელ ადამიანს გრძნობებში კიდევ ერთხელ გამოუტყდეთ და ლამაზი სიურპრიზი მოუწყოთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს და ახალ ნაცნობობას.

თევზები

ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ სამსახურში წარმატებას ადვილად აღწევთ. თუ სურვილის ასრულებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებთ, იქნებ მასზე უარის თქმა ან კორექტირება ჯობს – ვარსკვლავები სწორ მიმართულებას გიჩვენებენ.

დღეს ხარებაა!

დღეს,   მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში. უძრავი დღესასწაული ძველი სტილით 25 მარტს აღინიშნება, ახალი სტილით კი – 7 აპრილს.

დღესასწაულთან  დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.

ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი “ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა”.

უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც “ჩვენთარ არს ღმერთი”. ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი.

და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.

წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: “გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის”. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: “ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?” – რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: “ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ”.

მარიამის ძეს ღმერთი დავითი საყდარს ანუ ისრაელის სამეფო ტახტისა და იაკობის სახლზე – ისრაელის თორმეტ ტომზე – საუკუნო (მარადიულ) სუფევას აღუთქვამს. მარადიული მხოლოდ ღმერთია, ხოლო “იაკობის სახლი” უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც სულით უფალთანაა შეერთებული.

ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: “ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?” ანგელოზი მიუგებს: “სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ”, – და ნიშანსაც აძლევს: მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედი, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია.

მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: “აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა”. და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.

რითი დაიმსახურა ქალწულმა მარიამმა ესოდენი მადლი ღვთისა, რომ ადამის მთელი მოდგმიდან სწორედ ის აირჩიეს ღვთის განხორციელების მსახურად? იმით, რომ იგი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმდაბლესა და სიმშვიდეს – სწორედ ამ სათნოებათა გამო გამოირჩია იგი უფალმა.

ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: “აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ”, – თურმე შეყოვნდა, გაიფიქრა, რა ნეტარი იქნება ის ქალწული, რომელზეც ეს ითქვაო და ღმერთს შეევედრა, მისი ხილვის ღირსი გამხდარიყო, რათა მხევალივით მომსახურებოდა მას.

სწორედ ამ სიმდაბლის გამო იყო, რომ მთავარანგელოზმა ესოდენ სულგრძელად დაუთმო ქალწულ მარიამს, რომელმაც ზეციურ მახარებელს ნათქვამის დამტკიცება და ახსნა მოსთხოვა. არცთუ დიდი ხნის წინ გაბრიელი მღვდელ ზაქარიას გამოეცხადა და შვილის შეძენა ახარა, მაგრამ მღვდელმა არ დაუჯერა, რადგან ისიც და მისი ცოლიც ღრმად მოხუცებულნი იყვნენ. მთავარანგელოზი განურისხდა მას და დაადუმა, ვიდრე წინასწარმეტყველება ახდებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულს კი არამცთუ არ უსაყვედურა, არამედ დიდი კრძალვითა და მოთმინებით დააჯერა იგი და არ განეშორა, სანამ მორჩილებითა და სასოებით აღსავსე სიტყვები არ გაიგონა მისგან. მიზეზი ის გახლდათ, რომ ზაქარიამ თავისი ეჭვით ღრმად დაფარული ურწმუნოება გამოხატა, ყოვლადწმინდა მარიამმა კი – მორჩილება და სიმდაბლე.

ღმერთს არ სურდა, იძულებითა და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე ან, პირიქით, დაგვიშალოს რაიმეს კეთება. იგი გულმოწყალეა, სამართლიანი, წმინდა და სურს, ჩვენც ასეთივენი ვიყონ, მაგრამ კი არ გვაიძულებს სიკეთეს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით მივყავართ მისკენ. მას სურს, რომ ჩვენი ნებით აღვასრულებდეთ ყოველ კეთილ საქმეს.

როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, გადაწყვიტა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: “იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან”.

“სანდო ინფორმაცია გვაქვს, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ კორუფციაში”-აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე-

სანდო ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო პოზიციებს უკავშირდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

ვედანტ პატელმა აღნიშნულის შესახებ აშშ-ის მიერ მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის მიმართ სანქციების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას საქართველოში.

„დასაწყისიდანვე ამერიკელი ხალხი, სოლიდარობის ნიშნად, გვერდში ედგა ქართველ ხალხს და მათ სურვილს, იყვნენ თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, ერთად ვმუშაობთ საქართველოს ერთიან ხედვაზე, იყოს სრულიად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. კონკრეტულად იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გუშინ გამოვაცხადეთ, სანდო ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო პოზიციებს უკავშირდება. ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას საქართველოში და ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესებს. მან დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი. როგორც მანამდე ვთქვით, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.

” შეიძლება, ჩვენ წავიკითხეთ სხვადასხვა კანონი, რადგან მე რაც წავიკითხე”- კელი დეგნანი

ჩემი აზრით, თქვენ გაქვთ უკვე კარგი კანონმდებლობა, რაც აძლევს მთავრობას, ხელისუფლებას საშუალებას, რომ ნახოს, რაში იხარჯება საზღვარგარეთის დახმარება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კელი დეგნანმა უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

კითხვაზე: „გასულ თვეში ჩვენ ვნახეთ ვნებათაღელვა ორი კანონპროექტის გარშემო, ერთი იყო ამერიკული FARA-ს პირდაპირ თარგმანი და მეორე, როგორც ავტორები ამტკიცებდნენ, ეს იყო შერბილებული ვერსია FARA-სი, რომელიც, გარდა დეკლარირებისა, სხვა ფუნქციასა და შინაარსს არ ითვალისწინებდა. ამ თემაზე მთავარი იარლიყი იყო რუსული კანონი. ბოლო კვირებმა აჩვენა, რომ გამჭვირვალობის თემაზე ანალოგიურ საკითხებზე მსჯელობს არაერთი ქვეყანა, მათ შორის ევროპარლამენტშიც, „ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივა ალბათ იცით, რომ სწორედ ამ თემას ეხება. საინტერესოა, ამ საკითხზე თქვენი პოზიცია, რადგან საზოგადოებაში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, თუკი ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყნებში ამაზე მსჯელობენ, მაშინ რატომ არის ეს კანონი რუსული საქართველოში?“ – ელჩმა აღნიშნა, რომ ეს კანონი არ იყო ამერიკული კანონის მსგავსი.

„მე არ ვეთანხმები თქვენს განცხადებას, რომ ეს კანონი იყო მსგავსი ამერიკის კანონის ან სხვა კანონების, რაც განიხილება. ეს იყო კრემლით შთაგონებული კანონი, რომელიც მიზნად იღებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და იარლიყს მიაწებებდა იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ და მათ ჯაშუშებს და უცხო აგენტებს უწოდებდა. ეს არის ხალხი, რომელიც მუშაობს საქართველოსთვის და არასამართლიანია, დაადანაშაულო ენჯეო, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რომ დაეხმარონ თავიანთ თანამოქალაქეებს. თუ შეხედავთ, რა ეფექტი, რა შედეგი ჰქონდა რუსეთში, დაინახავთ, რომ მან გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოება და ჩაახშო ხმა, ეს უნდა საქართველოს? რადგან ამას გააკეთებდა ეს კანონი“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, – „კანონის ავტორები აცხადებენ, რომ ამ კანონში არ იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც არის რუსულ კანონში, არ ითვალისწინებდა კონკრეტული ორგანიზაციების მარკირებას, არ ითვალისწინებდა აუდიტის შესვლას რამდენიმე თვით და ხელისუფლების მიერ შეჩერებას მათი საქმიანობის. ისინი ამბობდნენ, რომ ეს კანონი ემსახურებოდა მხოლოდ გამჭვირვალობას, ავტორთა ამ არგუმენტებზე დაყრდნობით რა შეგიძლიათ თქვათ?“ – კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მის მიერ წაკითხული კანონი შეავიწროებდა ქართულ ორგანიზაციებს.

„შეიძლება, ჩვენ წავიკითხეთ სხვადასხვა კანონი, რადგან მე რაც წავიკითხე, კანონი აძლევდა საშუალებას იუსტიციის სამინისტროს, ჩაეტარებინა გამოძიება და უფრო შორს წასულიყო. ეს აძლევდა ძალიან დიდი ჩარევის უფლებას იუსტიციის სამინისტროს და მას ექნებოდა იგივე შედეგი, რაც რუსულ კანონს, სადაც დავინახეთ, თუ როგორ დაიხურა ორგანიზაციები, როგორ ჩაჩუმდა. ეს ნამდვილად შეავიწროებდა ქართულ ორგანიზაციებს. ეს ორგანიზაციები საქართველოში მუშაობენ ბევრ სასარგებლო საქმეზე, იქნება ფერმერების, ბიზნესორგანიზაციების თუ სხვა, ყველა მოექცეოდა ამ არეალში.

ქართული კანონმდებლობით უკვე არსებობს გარკვეული რეგულაციები გამჭვირვალობაზე. ყოველ სამ თვეში ერთხელ USAID-ი აწვდის უამრავ დოკუმენტაციას პარლამენტს, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ რაში ეხმარება USAID-ის ფინანსური დახმარება. ასე რომ, ეს არ იყო საკითხი. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მთავრობისთვის, საგადასახადოსთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ასე რომ, გამჭვირვალობა აქ არ არის მთავარი საკითხი, რადგან არსებობს რეგულაციები. ეს კანონი, რომელიც ზუსტად ასახავს რუსულ კანონს, მას ექნებოდა გამანადგურებელი შედეგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე“, – აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე, პრობლემა იქნებოდა თუნდაც მეორე კანონის დამტკიცება, რომელიც პირდაპირი თარგმანი იყო ამერიკული FARA-სი, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ამერიკული კანონის სამიზნე არ არის სამოქალაქო საზოგადოება.

„უნდა გვახსოვდეს, რომ FARA მიღებული იქნა 1939 წელს ნაცისტების წინააღმდე. ეს არ არის იგივე სიტუაცია. ამერიკული FARA მიემართება ლობისტებს, კომპანიებს, რომლებიც დაქირავებულია უცხო ქვეყნების მიერ, რომლებიც მუშაობენ უცხო ქვეყნების ინტერესებისთვის, მისი სამიზნე ნამდვილად არ არის სამოქალაქო საზოგადოება, ინდივიდი. ძალიან განსხვავებული კონცეფციაა. არ ვიცი, რა საკითხის მოგვარებას ცდილობდნენ. ერთ დღეს ამბობდნენ, ეს არის გამჭვირვალობა. ჩემი აზრით, თქვენ გაქვთ უკვე კარგი კანონმდებლობა, რაც აძლევს მთავრობას, ხელისუფლებას საშუალებას, რომ ნახოს, რაში იხარჯება საზღვარგარეთის დახმარება. მე ვარ პასუხისმგებელი ამერიკის მთავრობის, ამერიკის კონგრესის წინაშე, თუ რაში ეხმარება ეს ჩვენი დახმარება ქართველ ხალხს“, – განაცხადა ელჩმა.

“ყველა და ყველაფერი გაშიშვლებულია- საქართველო სერიოზული დილემის წინაშე დგას” -ზაურ ნაჭყებია

“ჩვენი ე.წ. ” სტრატეგიული ” პარტნიორები” უკვე არც მალავენ,რომხელისუფლება უნდა გადააყირავონ და საქართველო ცეცხლის ალში უნდა გახვიონ!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ზაურ ნაჭყებია.
“ყველა და ყველაფერი გაშიშვლებულია- საქართველო სერიოზული დილემის წინაშე დგას.
ჩვენი ე.წ. ” სტრატეგიული ” პარტნიორები” უკვე არც მალავენ,რომ. ხელისუფლება უნდა გადააყირავონ და საქართველო ცეცხლის ალში უნდა გახვიონ!
“ქართულ ოცნებას” ნამდვილად არ მივსტირივარ,მაგრამ, არ მინდა ,ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას,ქვეყანა შეეწიროს!
ამიტომ,დღეს, როგორც არასდროს , ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ,რომ შიდა და გარე დესტრუქციულ ძალებს არ მივცეთ საშუალება , სახელმწიფოებრიობას ფუნდამენტი გამოაცალონ!
მტრებისგან თავდაცვის მთავარი იარაღი კი საზოგადოების ერთობაა. ერთად დავდგეთ დაანონსებულ მშვიდობიან აქციაზე -ყოველგვარი ყალბი შეპირებებისა და იაფფასიანი “საჩუქრების ” გარეშე დავანახოთ სატანის მოციქულებს ,რომ ქართველი ერის სასიცოცხლო რესურსი არ ამოწურულა!
თუ ეს გამოგვივიდა,საქართველო გადარჩება!
დედა ღვთისმშობელი არ მიგვატოვებს!”,- წერს ზაურ ნაჭყებია.

“შალვას მავნებლობები ჩვენი ოჯახის გარდა დიდი ხანია სხვა ადამიანებსაც აზარალებს”- ლაშა რამიშვილი

 “ძალიან დიდხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებინა ეს წერილი თუ არა”- წერს სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილის ვაჟი ლაშა რამიშვილი.
ლაშა რამიშვილი თანაგრძნობას გამოთქვამს მამის მსხვერპლი ყველა ქალის მიმართ და ამბობს, რომ მისი ოჯახიც შალვა რამიშვილის მსხვერპლთა რიცხვშია.
 “ძალიან დიდხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებინა ეს წერილი თუ არა. ერთი კვირის წინ მქონდა მძიმე საუბარი მასთან, ვისაც ეხება ეს წერილი და ავუხსენი რასაც ვაპირებდი, რადგან მსურდა მზად ყოფილიყო ამ ყველაფრისთის. არ მამოძრავებს შურისძიების წყურვილი და არ მსურს ფიზიკური ზიანი მივაყენო ვინმეს. ეს ბოლო დღეები უმძიმესი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი წარსულის გახსენებამ, ისევ გამიცოცხლა ყველა ტკივილი და გავაცნობიერე რომ უთქმელობა არის უსამართლობა, არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახის მიმართაც.
ხალხთან ურთიერთობისას ყოველთვის განვიცდიდი სირცხვილს, რომ ჩემი პიროვნება მაშინვე იმედგაცრუებას გამოიწვევდა, როცა გაიგებდნენ ვისი შვილი ვარ.
მე ვარ შალვა რამიშვილის შვილი და მთელი ცხოვრება იმ პიროვნების სახელთან ვასოცირდებოდი, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იყო მამა, რეალურად კი არასდროს შეუსრულებია ეს როლი.
რაც თავი მახსოვს, ჩვენი ოჯახი სისტემატიურად დგებოდა მძიმე კრიზისების წინაშე, ამ ადამიანის გამო და დაუსრულებელი ქაოსის რეჟიმში გვამყოფებდა. ეს წნეხი დღემდე გრძელდება…
რაციონალურად მესმოდა, რომ არ უნდა მეგრძნო პასუხისმგებლობა მის მიმართ, რადგან არც ემოციური კავშირი და არც მსოფლმხედველობრივი თანხვედრა გვაკავშირებს მე და ჩემს ძმებს მასთან.
მის მიერ ფორმალურად გამოხატული მზრუნველობის იმიტაცია, ჩემს ქვეცნობიერებაში რეალური მამის არსებობის იმედს აღვივებდა. ეს მოლოდინი კარგა ხნის წინ გახუნდა, მაგრამ დუმილის ინერციას ისევ ვაგრძელებდი.
ბოლო დროინდელმა მოვლენებმა კი, ჩემი მოთმინება საბოლოოდ დაასრულა, როცა აქციაზე გულწრფელად გასულ მე და ჩემს თანატოლებს „ჩმორები“ გვიწოდა სრულიად დაუმსახურებლად და წარმოგვაჩინა პოლიტიკური ძალებისგან მართულ ბრბოდ. ამას დაემატა მისი მხილება იმ გოგოების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ღირსების შემლახველი გამოცდილება მასთან ურთიერთობისას.
მე უკვე ვეღარ გავაგრძელებდი ამ ყველაფერთან, თუნდაც ირიბ მონაწილეობას, რადგან შალვას მავნებლობები ჩვენი ოჯახის გარდა დიდი ხანია სხვა ადამიანებსაც აზარალებს.
მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ გოგონას, რომლებიც შეურაცხყო შალვა რამიშვილმა. მინდა დავგმო მათ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია, რითაც ახლა უკვე საჯაროდ მეორდება ძალაუფლების გამოყენებით მათზე მანიპულაცია.
მახსოვს მისი უპატივცემულო დამოკიდებულება და სრული უმადურობა დედაჩემის მიმართ და ვიცი, რომ ის ზოგადად არ სცემს ქალს პატივს.
ჩემს თანადგომას ვუცხადებ ლაზარეს, რომელსაც შეგნებულად უპირებენ ციხეში გამომწყდევას. დღეს ლაზარე წარმოადგენს მთავრობისთვის იმ მარტივად გასაწირ მსხვერპლს, რომელსაც ახალგაზრდობის დასაშინებლად იყენებენ.
ქართული ოცნება ყოფილი დამნაშავე რეჟიმის მტრის ხატად გამოყვანით ინარჩუნებს საარჩევნო ხმებს, რითაც ხელოვნურად აცოცხლებს ისედაც მორალურად გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობას და ამით ცდილობს ქვეყნის რეალური მტრიდან ჩვენი ყურადღების არიდებას.
სინამდვილეში მთავრობაში მყოფ კაცებს, არც პატრიოტული მიზნები აინტერესებთ და არც გაჭირვებული ხალხის ბედი. ისინი არიან „ბასლაინებზე“ მოსიარულე, რეალობას აცდენილი ინდივიდები.
მე ვაცნობიერებ მთელ პასუხისმგებლობას, რომ ჩემს ამ საჯარო წერილს სავარაუდოდ შეიძლება მოყვეს გარკვეული ხმაური. მივმართავ პოლიტიკურ სუბიექტებს და მათ დაქვემდებარებაში მყოფ მედიებს, რომ ეს წერილი არ გამოიყენონ პოლიტიკური ვაჭრობისა და უღირსი მანიპულაციის იარაღად.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს წერილი ემსახურება შალვას მსხვერპლებისადმი, მათ შორის ჩემი ოჯახის მიმართ თანადგომას,”- წერს ლაშა რამიშვილი.

“აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს”-ირაკლი შენგელია

გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ „მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“, – ამის შესახებ მოსამართლე ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ირაკლი შენგელია აღნიშნავს, აშშ-ის გადაწყვეტილება ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

„მსურს, გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემზე და ჩემს კოლეგებზე სანქციის დაწესების შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, თვალში საცემია ის ფაქტი, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს; მე განმარტება ამის შესახებ ვერც სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ვერც ელჩ დეგნანისგან მოვისმინე, გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც „სანდო ინფორმაცია“, რომელიც თურმე ადასტურებს ჩვენს კორუმპირებულობას.

ასეთი მტკიცებულებები ბუნებაში ვერც იარსებებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კორუფციის ფაქტები არ არსებობს. მეც და ჩემი სხვა კოლეგები (დასანქცირებულების ჩათვლით) ჩვენს სამსახურებრივ უფლებამოსილებას (მართლმსაჯულების განხორციელების ჩათვლით) ვასრულებდით და ვასრულებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური განხილვა-შეფასების შედეგად. არავითარი ზეწოლა, უკანონო მანიპულაცია არ განხორციელებულა არასდროს არც ჩემი და არც არავის მხრიდან სხვა მოსამართლეებზე, მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით.

ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ სახეზეა აპრობირებული სქემა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგალითად, უკრაინაში, ალბანეთში, სადაც, „რეფორმების“ შირმით, განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისგან სისტემის წმენდა; სადაც ხელყოფილ იქნა სახელმწიფოების სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ამ ხელისუფლების ადმინისტრირება (მოსამართლეთა დანიშვნების ჩათვლით) მთლიანად გადაბარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ „რევიზორთა“ კომისიაზე.

დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითიც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად, ნიველირებულია, აღარ არსებობს. პირიქით, გამრუდებული და დაკნინებულია ყველა ის ღირებულება, რაზეც იდგა ამ ქვეყნის იდეოლოგია და, პირველ რიგში, ეს იყო სამართლიანობა და მის საფუძველზე ადამიანის უფლებების შეუვალი დაცვა, თანსწორუფლებიანობა და ა.შ. ყველაფერ ამაზე ხაზის გადასმით, გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ „მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“.

პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ „ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი „ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება“, – წერს ირაკლი შენგელია.

“ხანდახან ვფიქრობ, ამაზე არ შეჩერდებიან და შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზე წავიდნენ” – ლევან მურუსიძე

პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის შეერთებული საელჩოს წარმომადგენლები და მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის შეერთებული საელჩოს წარმომადგენლები და მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება. კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს. ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, ეს კონკრეტული ჩარევები, როდესაც ხდებოდა საელჩოს მხრიდან, ამასაც საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ნახავს.

ახლა ხდება ჩვენი ოჯახების მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან, მათ შორის ქართული სტაფის მხრიდან, ჩხეიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც 25-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ სასამართლოს კეთილდღეობისთვის ამას არ იყენებენ, იყენებენ იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში მოხდეს დაპირისპირება, რომ მომხდარიყო არაჯანსაღი სიტუაცია. ამას ცდილობდნენ მუდმივად. თვითონ ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო-სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, რაც მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდეგ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო დაპირისპირება სასამართლო სისტემაში. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების ჟივილ-ხივილია, მხიარულება ისმის მათი, რომ სისტემაში წავა დაპირისპირებაო. იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემს მიმართ, ისე მიდის სიტუაცია, მგონი, ის მიზანი, რასაც სანქციები ითვალისწინებდა, რომ აქ, სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და შესაბამისად, მოხდებოდა არეულობა და სასამართლო სისტემის დაქვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსადმი, მგონი, ეს ალბათ, მეეჭვებამ, რო მოხდეს. თუმცა, ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, რომ სიცოცხლის მოსპობაზე წავიდნენ. იმდენად დიდი მიზანი არის მათი, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში და რაც ვერ მოახერხეს იმ არასამთავროებებმა, პარტიებმა, რომ ამოწეურათ იმედი, მიხვდნენ, რომ ვერ შეძლებდნენ სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარებას, მიტაცებას, ვერ მიაღწევდნენ მიზანს, საბოლოო ჯამში“, – განაცხადა მურუსიძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5375 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5375 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5375 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5420 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7661 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7817 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“პოლონეთ-უკრაინის მეგობრობის მიღმა მწარე და სისხლიანი ისტორია იმალება” – The Independent

„პოლონეთი დღეს უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია რუსეთთან ომში, მაგრამ ტრადიციულად ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „ინდეფენდენთის“ (The Independent) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პოლონეთ-უკრაინის მეგობრობის მიღმა მწარე და სისხლიანი ისტორია იმალება“ (ავტორი – ვანესა გარა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვარშავა კიევის ყველაზე მტკიცე მოკავშირედ იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბევრი ისტორიული წყენა არსებობს. მათი გახსენება დღემდე ტკივილს იწვევს.

ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასა და მის ერთგულ მოკავშირეს შორის რომ დაძაბულობა ნამდვილად არსებობს, ეს ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სახელმწიფო ვიზიტის დროსაც დადასტურდა, რომელსაც მასპინძელი კოლეგა ანჯეი დუდა დიდი პატივით შეხვდა.
ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ანჯეი დუდამ მეზობელი ქვეყნის ლიდერს აღუთქვა, რომ პოლონეთი გააგრძელებს უკრაინისადმი დახმარებას რუსეთთან დაპირისპირების დროს, მაგრამ იქვე აღიარა, რომ მათი ურთიერთობა რთული იყო.

„მრავალი ადამიანი დღემდე განიცდის ტკივილს და ტანჯვას წარსულში მომხდარი მოვლენების გამო“, – თქვა ანჯეი დუდამ, რომელმაც აშკარად მიანიშნა დაახლოებით 100 ათასი პოლონელის სიკვდილზე, რომლებიც უკრაინელი ნაციონალისტების ხელით დაიღუპნენ 1940-იან წლებში. პოლონეთი ამ ტრაგიკულ მოვლენას გენოციდად თვლის.

პოლონეთ-უკრაინის საკმაოდ რთული ურთიერთობების ფესვებს შორეულ წარსულში გადავყავართ. ევროპის იმ ნაწილში, სადაც მთელი ხალხები და ქვეყნები რუკიდან ქრებოდნენ რამდენიმე ათეული თაობების ხსოვნის განმავლობაში, შემდეგ კი ისევ უკან ბრუნდებოდნენ დანგრეული იმპერიების ადგილზე – ფერფლისაგან აღმდგარი სახით, ზოგჯერ კი მეზობლების მიწების ხარჯზეც, პოლონელებს და უკრაინელებს ეგზისტენციალური მეტოქეობის საერთო ისტორია აქვთ.

მაგალითად, უკრაინას გულში დიდი წყენა აქვს ჩადებული იმ დროიდან, როცა ქვეყანა პოლონეთის მფლობელობაში იმყოფებოდა. უკრაინელები ის პერიოდს, რბილად რომ ვთქვათ, თავიანთი ისტორიის „არც თუ სასიამოვნო გასახსენებლად“ თვლიან.

პოლონელი და უკრაინელი ჩინოვნიკები გაურბიან ძველი წყენების ღიად გახსენებას. ისინი დღეს ყურადღებას უფრო ამახვილებენ უკრაინის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე და შიშობენ, რომ თუ ვარშავასა და კიევს შორის პოლიტიკური უთანხმოება გაჩნდება, ამით რუსეთი ისარგებლებს. ბოლოსდაბოლოს, დღეს მთავარია კრემლთან დაპირისპირებაში გამარჯვება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც პოლონეთის მომავალ ბედს მრავალი ათეული წლის განმავლობაში განსაზღვრავს.

„მომავალში ჩვენს ხალხებს შორის არ იარსებებს არავითარი საზღვრები – პოლიტიკური, ეკონომიკური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ისტორიულიც“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანჯეი დუდასთან შეხვედრის წინ, – მაგრამ ამისათვის საჭიროა ჯერ რუსეთზე გავიმარჯვოთ და ერთად, გვერდი-გვერდ ვიაროთ“.

შეეხნენ რა წარსულის თემას სამხედრო დახმარებისა და ეკონომიკური აღდგენის მოლაპარაკების კონტექსტში, ორივე ლიდერმა, როგორც ჩანს, აღიარა, რომ მწვავე საკითხებზე მუდმივი დუმილი არ შეიძლება, თუნდაც რუსეთთან გაჭიანურებული ომის დროს.

პოლონეთის ნაციონალისტური ხელისუფლება, ქვეყნის უფროსი თაობის მოსახლეობის მხარდაჭერით, ანჯეი დუდაზე ზეწოლას ახდენს და ითხოვს, რომ უკრაინელების მიერ პოლონელებისათვის მიყენებული ტანჯვა დავიწყებული არ იყოს. ამ მხრივ წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მმართველი პარტიისათვის („სამართალი და სამართლიანობა“) ერთგვარი გამოცდა იქნება და საბოლოო ჯამში მის განმსაზღვრელიც, მოიგებს თუ არა ის არჩევნებს მესამე ვადით.

და მაინც ოთხშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკის ვარშავაში მასპინძლები წითელი ხალიჩითა და ხაზგასმულად ფართო ცერემონიით შეხვდნენ. ანჯეი დუდამ სტუმარს პოლონეთის უძველესი და უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – „თეთრი არწივის ორდენი“ გადასცა: „თქვენ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ის გამოჩენილ ადამიანი ხართ, ვისაც ეს ჯილდო მიენიჭა“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა, რომელმაც იქვე დაამატა: „ჩვენ არ შეგვიძლია მათი დავიწყება, რომლებიც წარსულში დაიღუპნენ. ჩვენს შორის აკრძალული თემები არ არსებობს“.

ალბათ, ყველაზე მწვავე სადაო საკითხი პოლონეთსა და უკრაინას შორის ისაა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს უკრაინის ეროვნული გმირის – სტეპან ბანდერას მიმართ, რომელიც უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის ულტრამემარჯვენე ლიდერი იყო და რომელიც გერმანელ ნაცისტებთანაც თანამშრომლობდა.

ბანდერელთა მცდელობებმა დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიის პოლონეთისაგან და საბჭოთა უკრაინისგან ჩამოშორების მიზნით სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ ისინი ულმობლად უსწორდებოდნენ პოლონელებს, ებრაელებს და საბჭოთა ადამიანებს.

ეს თემა საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო, ანუ იმ დროის განმავლობაში, როცა უკრაინა საბჭოთა რესპუბლიკა იყო, პოლონეთს კი მოსკოვი აკონტროლებდა.

ისტორიკოსების მტკიცებით, 100 ათასზე მეტი პოლონელი, ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ჩათვლით, თავიანთი უკრაინელი მეზობლების ხელით დაიღუპნენ იმ რაიონებში, რომლებიც მაშინ – 1930-იანი წლების ბოლოს და 40-იანების დასაწყისში – პოლონეთის სახელმწიფო ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენდა, ახლა კი ძირითადად უკრაინის შემადგენლობაშია.

ძალადობის პიკი 1943 წლის 11 ივლისს მოხდა, როცა პოლონეთი და უკრაინა გერმანელებს ჰქონდათ დაპყრობილი, სახელწოდებით „სისხლიანი კვირა“: ბანდერელთა რაზმები კოორდინირებულად ვოლინის ოლქის იმ ასი სოფლის პოლონურ მოსახლეობას დაერივნენ, რომლებიც საკვირაოდ ეკლესიებში ლოცულობდნენ და ამოჟლიტეს.

პოლონელი ჩინოვნიკები თვლიან, რომ კიევსა და ვარშავას შორის ურთიერთობის განმტკიცება მხოლოდ სიმართლის სრული აღიარებით იქნება შესაძლებელი.

პოლონელებმა ძალიან ღრმა უკმაყოფილება გამოხატეს მიმდინარე წლის იანვარში, როცა უკრაინის პარლამენტმა სტეპან ბანდერას დაბადების 114-ე წლისთავი დიდი პატივისცემით აღნიშნა და ტვიტერში უკრაინის არმიის დღევანდელი სარდლის ფოტოსურათი განათავსა უკრაინელი ნაციონალისტის გამოსახულების ფონზე. მოგვიანებით ეს პლაკატი ტვიტერიდან წაიშალა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ვარშავას ძალიან ეწყინა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა „უკიდურესად კრიტიკულად არის განწყობილი სტეპან ბანდერას ნებისმიერი განდიდებისა და მის სახელის ხსენების მიმართაც კი“.

წყარო

„ზელენსკი სის ეძახის, სი კი მასთან არ მიდის, ტელეფონითაც კი არ ურეკავს“ – უცხოური პრესა

„უკრაინის იმედები ჩინეთთან და ინდოეთთან ურთიერთობების გაფართოება-განმტკიცების თაობაზე არ გამართლდა. ორივე ქვეყანა უპირატესობას რუსეთთან თანამშრომლობასა და საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფას ანიჭებს და არა კიევის სურვილების შესრულებას“, – ნათქვამია დასავლეთ უკრაინულ გაზეთ „ვისოკიი ზამოკში“ (Високий замок – იბეჭდება ლვოვში) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ზელენსკი სის ეძახის, სი კი მასთან არ მიდის. ტელეფონითაც კი არ ურეკავს“ (ავტორი – სერგეი ფურსა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩინეთთან მიმართებით ვოლოდიმირ ზელენსკის მაგია არ მუშაობს. რატომ?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩინეთი ჩვენი მეგობარი არ არის. პეკინი ვაშინგტონთანაა დაპირისპირებული და უპირატესობას ანიჭებს მოსკოვს, როგორც პოლიტიკურ მოკავშირეს და ძვირფას სანედლეულო პარტნიორს, რომლისგანაც შედარებით იაფად იღებს ნავთობსა და გაზს. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში კოლექტიურ დასავლეთთან ომობს, უფრო კონკრეტულად – ამერიკასთან, რომელიც ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში ყველაზე მეტად გვეხმარება.

მეორე – იმიტომ, რომ ზელენსკი ჩინელ პოლიტიკოსებს არ ელაპარაკება. უკრაინის პრეზიდენტს უფრო საზოგადოებასთან ურთიერთობა ეხერხება, ხალხთან საუბარი. იგი ძალიან პოპულარულია დასავლეთში იმის წყალობით, რომ უკრაინელი ხალხის გმირული სახის ანარეკლს წარმოადგენს. იგი არის უკრაინელობის განსახიერება საშუალო სტატიკური გერმანელისა და კანადელისათვის. იგი თავისი მოქმედებით პასუხობს იმ კონტრელიტურობის მოთხოვნას, რომელიც დღეს ძალზე გავრცელებულია დასავლეთში ბოლო ათწლეულის მზარდი ეკონომიკური უთანასწორობის ფონზე.

და სწორედ საზოგადოების მხარდაჭერის გამო პოლიტიკოსებს არჩევანის უფლება აღარ აქვთ. პოლიტიკოსები აკეთებენ იმას, რაც საზოგადოებას სურს. ჩინეთში კი პირიქითაა – იქ საზოგადოებას არ აქვს არჩევანი: როგორც ამხანაგი სი იტყვის, ყველაფერი ისე იქნება.

ამიტომაც, ამხანაგი სი კიევში რომც ჩამოსულიყო, ან დაერეკა და კავშირზე გამოსულიყო, ეს არაფერს არ შეცვლიდა. სხვათა შორის, იგივე პრობლემა გვაქვს ინდოეთთანაც, რომლის ხელისუფლების ავტოკრატიზაცია ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს. ნარენდრა მოდი ავტორიტარ ხელმძღვანელად ყალიბდება, რომელიც ხურავს დამოუკიდებელ პრესას, იჭერს და ციხეში გზავნის თავის მოწინააღმდეგეებს, ხოლო ოლიგარქებს უმეგობრდება.

ამიტომაც ჩინეთი და ინდოეთი – როგორც სახელმწიფოები – ჩვენთვის მეგობრები არ არიან. ჩვენი კონფლიქტი რუსეთთან – ეს არის კონფლიქტი ფასეულობებისათვის. ჩვენ ვერ მივიღებთ მხარდაჭერას იმ მთავრობებისგან, რომლებსაც სულ სხვა ფასეულობებს სცემენ პატივს, ან საერთოდ არ გააჩნიათ. მათ არ შეუძლიათ პირდაპირ გადავიდნენ რუსეთის მხარეზე – იმიტომ მათ ევროპისა და აშშ-ის ბაზარი სჭირდებათ. მათ ასევე იციან, რომ დასავლეთი ამ ბაზრებზე არ შეუშვებს, ამიტომ ისინი შეეცდებიან რუსეთთან ისე ითანამშრომლონ, რომ მოგება მაქსიმალურად მიიღონ. დიქტატორებისათვის ფასეულობები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ინტერესები – საკუთარი, პირადი ინტერესები.

უკრაინაში ვიზიტი და კიევისადმი გამოვლენილი მხარდაჭერა დიქტატორების ინტერესებს ეწინააღმდეგება და ხელს უშლის. მათ აწყობთ, რომ რუსეთის გვერდით იყონ – „გლობალური სამხრეთის“ სახით. მართალია, მათი ცხოვრებისა და ეკონომიკური განვითარების დონე დასავლეთს ჩამორჩება, მაგრამ არც ისეთი მცირეა, რომ მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენდეს. მათ სურთ, რომ საერთაშორისო სივრცეში უფრო დიდი როლი შეასრულონ.

პარადოქსი იმაშია, რომ ბოლო 40-50 წლის განმავლობაში „გლობალური სამხრეთის“ ცხოვრების დონე სწორედ გლობალიზაციის წყალობით გაუმჯობესდა, რომელსაც აშშ ნერგავდა და უზრუნველყოფდა. თუმცა მათ უმრავლესობას ამერიკა მაინც არ უყვართ, ანუ მხარს არ უჭერენ იმათ, ვისაც აშშ მხარს უჭერს. ესე იგი, ჩვენ.

ამიტომაც ნუ ვიდარდებთ იმას, თუ ამხანაგი სი არ დარეკავს. არ ზარისაგან არავითარი სარგებლობა არ გვექნება. მხოლოდ ტყუილად დავკარგავთ დროს. ჩვენთვის უფრო მეტი სარგებლობის მოტანა ორლაბდო ბლუმის – [ბრიტანელი კინომსახიობის] ვიზიტს შეუძლია.

წყარო

“მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა” – დიმიტრი გვრიტიშვილი

თუ რაღაც ჩანაწერი არსებობს ჩემთან მიმართებაში, თანხმობას ვაცხადებ, რომ გამოაქვეყნონ. გადავდგები თანამდებობიდან, თუ რაიმე უკანონო სატელეფონო საუბრები ხდებოდა – მივმართავ პრემიერს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა.

როგორც ის განმარტავს, მას შემდეგ, რაც პრემიერს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას მიაწვდიან, დაელოდებიან, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება.

“არ ვიცი, საიდან მოვიდა ღამის სატელეფონო საუბრებში მართლმსაჯულების განხორციელება, თუ ქრთამი.

თუ რაღაც ჩანაწერი არსებობს ჩემთან მიმართებაში, თანხმობას ვაცხადებ, რომ გამოაქვეყნონ. გადავდგები თანამდებობიდან, თუ რაიმე უკანონო სატელეფონო საუბრები ხდებოდა. წარმოადგინონ ეს მტკიცებულებების სახით.

ორკესტრირებული შეტევის არაერთი ტალღა ყოფილა სასამართლოზე, ახლა ყველაზე სერიოზულია. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული მოსამართლეების სანქცირება, ეს არის გზავნილი სასამართლო ხელისუფლების მიმართ, მისი დამორჩილების და მიტაცების მცდელობა.

საფრთხე არსებობს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მოისპოს. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაზე.

ამიტომ, მე, როგორც მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერს, რომ დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა.

ჩვენ მას სრულად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს. იმ კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას, რაზეც ლევან მურუსიძე და მე ვსაუბრობთ. მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას. შემდეგ დაველოდები რა იქნება საქართველოს მთავრობისგან რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებს“,- აღნიშნავს გვრიტიშვილი.