Home Blog Page 2114

“პირდაპირი ფრენები უნდა გაუქმდეს”- ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას მიმართავენ

ოპოზიციონერი დეპუტატები  ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენებზე თანხმობა გაუქმდეს.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში  თეონა აქუბარდიამ, ანა ნაცვლიშვილმა, ხათუნა სამნიძემ, ანა ბუჩუკურმა და ხატია დეკანოიძემ ერთობლივი პრესკონფერენციაზე გამართეს.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე. მართალია, უვიზო რეჟიმის შემოღება – ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენა, ეს არის ორმხრივი გადაწყვეტილება და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს.

შეუძლებელია, ქვეყანა ერთი მხრივ მიისწრაფვოდეს ევროპისკენ, რისი ოფიციალური განაცხადიც საქართველოს გაკეთებული აქვს და მეორე მხრივ, დგამდეს ნაბიჯებს, რომ დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. სხვა შემთხვევაში, მუშაობა და ილუზიის შექმნა, რომ თითქოს 12 პუნქტი სტატუსის მისაღებად სრულდება, იქნება ფარსი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც თეონა აქუბარდიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა კრემლისგან იღებს საჩუქარს და ამით აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს, საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

“იმავდროულად ხელისუფლება აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და გუშინდელი განცხადებები “ქართული ოცნების” ლიდერის, სხვა არაფერია თუ არა მცდელობა, დამატებით იზოლაციაში მოაქციოს საქართველო დასავლეთისგან და ამით გააძლიეროს რუსული გავლენები. ქალი დეპუტატები ვგმობთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ფრენებთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ არის საფრთხის შემცველი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის,”- განაცხადა აქუბარდიამ.

რუსეთ-საქართველოს შორის პირველ პირდაპირ რეისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ შეასრულებს, ხოლო 20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-იც დაიწყებს.

“საქართველო სანქცირების პირველი კანდიდატია” – ოლექსი არესტოვიჩი

„საქართველოს ხელისუფლება ორგამ თამაშს თამაშობს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„საქართველო სანქცირების პირველი კანდიდატია. პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს როლები აქვთ განაწილებული. ისინი თამაშობენ ბოროტსა და კეთილს. ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაცრია, ვისურვებდი, რომ სანქცირებამდე მივიდნენ და ცოტა ფიქრი დაიწყონ. თან სახლში გინდა და თან შენი პარტნიორების მოსმენა არ გინდა, უცნაური ისტორიაა. ქართველებს, ვისთანაც კომუნიკაცია მაქვს, ამბობენ, რომ გასაკვირი არაფერია, უკვე წლებია ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მიდის“, – აცხადებს არესტოვიჩი.

“ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ფასიან, დაჩქარებულ სერვისებს შემოვიღებთ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ახალი, ფასიანი სერვისების შემოღება იგეგმება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებს დაავალა.

„ურბანულ მიმართულებას შეგვიძლია ახალი სერვისები დავამატოთ, რომელიც ფასიანი იქნება. ეს როგორც ფიზიკურ პირს, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომსახურება დაჩქარდეს და პასუხი ვადაზე ადრე გაეცეს. მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებს, რომ დაიწყონ  ამ საკითხებზე მუშაობა.

ამასთან, დღეს არის კიდევ ერთი პრობლემა – არიან ადამიანები, ვისაც არ აქვთ გამოცდილება, თუ როგორ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა არქიტექტურის ან ურბანულ სამსახურთან. არის შემთხვევები, როდესაც შემოტანილ განცხადებაზე ხარვეზი უდგინდებათ. ჰგონიათ, რომ მუნიციპალიტეტი უარს ეუბნება კონკრეტულ ადამიანს ნებართვის გაცემაზე. ფასიანი მომსახურების დამატების შემდეგ, იმ ადამიანებს, რომლებსაც დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, ეყოლებათ მერიის თანამშრომელი წარმომადგენლის სახით და ყველა სამუშაოს ის შეასრულებს. ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად დავამუშაოთ აღნიშნული სერვისების დაგეგმვა. საზოგადოებას კი ექნება არჩევანი – სწრაფი ფასიანი სერვისი მიიღოს ან კანონით გაწერილ ვადაში ეცნობოს პასუხი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ვადაგადაცილებულ განცხადებებზე ისაუბრა, რომელთა ოდენობაც 2017 წელს დაახლოებით, 800-ს შეადგენდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, სამსახური გამართულად მუშაობს და განცხადებებზე დროული პასუხების გაცემა ხდება.

„საზოგადოებას ახსოვს, როდესაც 2017 წელს მოვედით მერიაში, ძალიან ბევრი მიმართულებით იყო პრობლემა. მათ შორის იყო ურბანული საკითხები, რადგან ამ მიმართულების სამსახური ცალკე არ გვქონდა და არქიტექტურის სამსახურთან იყო შერწყმული. მოქალაქეები შემოტანილ განცხადებებზე დროულ პასუხებს ვერ იღებდნენ. იყო დიდი უკმაყოფილება, რადგან დაახლოებით, 800-მდე ვადაგადაცილებული განცხადება იყო, რომელიც საჭიროებდა სამსახურების პოზიციების შეჯერებას, გადაწყვეტილების მიღებას და დარღვეული იყო პასუხის გაცემის ვადები. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა. მიხარია, რომ დღეს ეს მიმართულება გამართულად მუშაობს და ვადებში ხდება პასუხების გაცემა. მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ამ პროცესშია ჩართული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თიბისის ციფრულ ბანკში საჩუქრების მორიგი მარათონი იწყება

თიბისის ციფრული ბანკი კვლავ იწყებს საჩუქრების კამპანიას, ამჯერად რეგიონში ყველაზე დიდ მუსიკის ფესტივალთან Tbilisi Open Air-თან ერთად. თიბისი ციფრული ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მოიგონ ფესტივალზე  დასასწრები  სამდღიანი აბონემენტები.

კამპანია 22 მაისს აიღებს სტარტს და 18 ივნისამდე, 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შესაბამისად, თითო კვირაში გათამაშდება 125,  ჯამში კი 500 ცალი აბონემენტი.

თამაშის წესები ძალიან მარტივია! აბონემენტის მოსაგებად, მონაწილეობა უნდა მიიღო ყოველკვირეულ თამაშში. ყოველი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უნდა შეასრულო ციფრული ბანკის ყოველდღიური მისიები. თუ ექვსივე დღის მისიას წარმატებით შეასრულებ, ბოლო, კვირა დღეს, შეძლებ მონაწილეობა მიიღო კვირის ფინალურ მარათონში, სადაც გამარჯვებული 125 მონაწილე საჩუქრად მიიღებს ფესტივალის სამდღიან აბონემენტს.

კამპანიის ფინალი იქნება 10 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი 125 მონაწილე, რომელიც ფინალურ დღეს ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს.

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 წლის და ზევით.

შეგახსენებ, არ დაგავიწყდეს გადმოწერო ან განაახლო თიბისის ციფრული ბანკი, რომ აპლიკაციის მთავარ გვერდზე თამაშის ღილაკი გამოგიჩნდეს და კამპანიაში ჩართვა შეძლო. უფრო მეტ ინფორმაციას ამ ვებ-გვერდიდან მიიღებ: ციფრული ბანკის თამაში.

თიბისის ციფრული ბანკი 800 000-ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილია. ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს სხვადასხვა ტრანზაქციის შესრულება, თუ მომსახურების მიღება მცირე დროშია შესაძლებელი.

(R)

“მუქარის ტონი მოდის აშშ-დან – დამთავრდა ის დრო, როცა საქართველო მუქარის ტონს აიტანს”- გურამ მაჭარაშვილი

მუქარის ტონი მოდის აშშ-დან, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებას.

მისი თქმით, დამთავრდა ის დრო, როცა აშშ-დან მუქარის ტონს აიტანენ.

„ხედავთ როგორი დამოკიდებულება არსებობს – პარტნიორი ქვეყანა მუქარის ტონით ელაპარაკება საქართველოს, მაშინ როცა ცალმხრივად თვითონ მიიღო ოკუპანტმა ქვეყანამ გადაწყვეტილება, რომლისკენაც თვითონ მოუწოდებდნენ, ეს არის ზუსტად ანტიამერიკული განცხადება. რა გგონიათ, საქართველოს საზოგადოება ვერ ხვდება ამას? შე დალოცვილო, მეუბნები, რომ პარტნიორი ხარ, რომ რუსეთზე მეტად ჩემზე ზრუნავ და ამ დროს, რუსეთმა 2019 წელს ჯერ თავად დაასანქცირა ჩვენი მოსახლეობა და თვითონ ეუბნებოდნენ აღადგინეო, ახლა ცალმხრივად ისევ თვითონ მოხსნა და მუქარის ტონი მოდის აშშ-დან. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-შიც არსებობენ ის ძალები, რომლებიც მაინც პატივს სცემენ პარტნიორულ ურთიერთობას. დამთავრდა ის დრო, როცა საქართველო აიტანს მუქარის ტონს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთთან ფრენები დაიწყება, ეს დასავლეთის მზარდი შეშფოთების საგანი იქნება

“ქილიჩდაროღლუს მოადგილე ოზქოჩი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მთავარი ლობისტია თურქეთში”- ნუკრი შოშიაშვილი

იყო ქართველი და არ უჭერდე ამ არჩევნებში ერდოღანს მხარს, საქართველოს მტრობას ნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იდიოტობით მოგდის თუ სპეციალურად აკეთებ ამას – წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი ნუკრი შოშიაშვილი.

როგორც შოშიაშვილი აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ სუვერენულობის იდეა მნიშვნელოვანია, ქილიჩდაროღლუ მისთვის სრულიად მიუღებელია, მისი მოადგილე ოზქოჩი არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მთავარი ლობისტი თურქეთში, რომელმაც თურქეთის პარლამენტში საგარეო მინისტრს დაუსვა კითხვა, თუ როდის აპირებს თურქეთი აფხაზეთის აღიარებას.

“თურქეთის არჩევნებში მე მხარს ვუჭერ ერდოღანს. გარდა იმისა, რომ სუვერენულობის იდეა მნიშვნელოვანია, ქილიჩდაროღლუ ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი. მისი მოადგილე ოზქოჩი არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მთავარი ლობისტი თურქეთში. მან თურქეთის პარლამენტში საგარეო მინისტრს დაუსვა კითხვა, თუ როდის აპირებს თურქეთი აფხაზეთის აღიარებას, ასეთი რამე არ ახსოვს თურქეთის მეჯლისს. ამის გარდა, მეორე ოპოზიციური პარტიის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემთხვევაში აუცილებლად აღიარებს აფხაზეთს.

იყო ქართველი და არ უჭერდე ამ არჩევნებში ერდოღანს მხარს, საქართველოს მტრობას ნიშნავს (არ აქვს მნიშვნელობა ეს იდიოტობით მოგდის თუ სპეციალურად აკეთებ ამას)” – წერს ნუკრი შოშიაშვილი

https://www.facebook.com/nukri.shoshiashvili/posts/pfbid0fma2CXSGXhudPunRWfM7H6C98nYEZMe4ZwaCS5vry6Q4BkXnJvjvGGeF9HzsgzV7l

2023 წლის პირველი კვარტალში საქართველოში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის კი – გაიზარდა- საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის პირველი კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 8.4 პროცენტით შემცირდა და 929.8 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 448.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 159.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 6.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.5 პროცენტით შემცირდა და 9.2 მილიონი ფრთა შედგინა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რძის წარმოებამ 105.7 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 18.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.4 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 169.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.7 პროცენტით აღემატება.

“საქართველოს მთავრობა უხეშად არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებს” – არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უხეშად არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრინციპებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ღიად დაადასტურა OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობა ე.წ აგენტების რუსული კანონის მხარდაჭერით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შელახვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ღია თავდასხმით და ა.შ.

„ღია მმართველობის პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს მთავრობის მიერ OGP-ის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების უხეშად დარღვევის გამო. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ღიად დაადასტურა OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობა ე.წ აგენტების რუსული კანონის მხარდაჭერით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შელახვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ღია თავდასხმითა და მათი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვის ვერ უზრუნველყოფით, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით.

შეჩერებულია OGP-ის ეროვნული პროცესიც. ქვეყანას უკვე მეოთხე წელია OGP-ის ფარგლებში ეროვნულ დონეზე არცერთი რეფორმა არ განუხორციელებია. საქართველოს OGP სამოქმედო გეგმა 2019 წლის შემდეგ არ აქვს, რითაც ორჯერ დაარღვია OGP-ის მონაწილეობისა და თანა-შექმნის სტანდარტები. სამწუხაროდ, ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების თითქმის სამწლიანი პროცესი კვალავ ჩიხში შევიდა. მთავრობა კვლავ ეცადა OGP პროცესი ეროვნულ დონეზე მხოლოდ ფორმალურად შეენარჩუნებინა და უარი თქვა სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეთავაზებულ ყველა მნიშვნელოვან და შინაარსით ტრანსფორმაციულ (ე.წ ვარსკვლავური) ვალდებულების განხორციელებაზე. ამასთან, მთავრობის მეთაური საჯაროდ დაესხა თავს სამოქალაქო სექტორს, მათ შორის ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს/ფორუმის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველ კომიტეტს მივმართეთ წერილით „რეაგირების პოლიტიკის“ ამოქმედების მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს OGP საერთაშორისო სამდივნოს, პარტნიორი დონორი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გაზრდილ ჩართულობას შექმნილი კრიზისის მოგვარებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ OGP მმართველ კომიტეტს, მოუწოდოს საქართველოს მთავრობას: შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის შეწყვიტოს სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია კრიტიკული მედია-საშუალებების (მედიის მენეჯერები, მფლობელები ან/და მათი ოჯახის წევრები) წინააღმდეგ; უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ხელი შეუწყოს მის ფუნქციონირებას; საფუძვლიანად გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები; უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულებას; აღადგინოს OGP-ის თანა-შექმნის რეალური პროცესი (OGP ცო-ცრეატიონ პროცესს) და უზრუნველყოს ამბიციური ხასიათის ვალდებულებების განხორციელება; დაიცვას OGP ღირებულებები და პრინციპები.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთადერთ მიზანს, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელება და OGP-ის ეროვნული პროცესის ტრანსფორმაციული რეფორმების დაგეგმვის პლატფორმად გამოყენება წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; „მწვანე ალტერნატივა“; „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“; „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“.

“ახლა, რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ „ახლა, რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის“.

მისი თქმით, ამერიკა სიტუაციის მონიტორინგს გააგრძელებს და საჭიროების მიხედვით გადადგამს დამატებით ნაბიჯებს.

„თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისები განხორციელდება, ეს არა მხოლოდ აშშ-ის და სხვა დასავლური ქვეყნების მზარდ შეშფოთებას გამოიწვევს, არამედ იმ კომპანიების, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში მუშაობენ, თუ მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც რეგულაციებს ექვემდებარებიან. დასავლეთის ყველა სახელმწიფო დისტანცირდა რუსეთის ფედერაციისგან და ვთვლით, რომ ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის.

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ ჩვენს შეშფოთებასთან დაკავშირებით და ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ იმ ფაქტზეც, რომ მივიღეთ ნაბიჯები რუსული თვითმფრინავების ჩვენს საჰაერო სივრცეში შეღწევის აკრძალვის მიზნით, ისევე როგორც ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და საჭიროებისამებრ გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს“, – აცხადებს ვედანტ პატელი.

სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი მხარდამჭერი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა მასშტაბური სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს ექვსი მოქალაქე.

„კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, კონტრტერორისტულმა ცენტრმა, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოავლინა გარკვეული ტერორისტული აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით ინფორმაცია ოპერატიულად იქნა გაზიარებული პარტნიორ ქვეყნებთან. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის მიმართ, რომელიც სასამართლოს ბრძანებით მოთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

2022 წელს მსოფლიოში სიკვდილით 883 ადამიანი დასაჯეს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის – Amnesty International-ის მონაცემით, 2022 წელს სხვადასხვა ქვეყანაში 883 სასიკვდილო განაჩენი იქნა აღსრულებული.

სიკვდილით დასჯილთა შორის არ შედის “ათასობით” ადამიანი, რომელთა წინააღმდეგ განაჩენი ჩინეთში იქნა გამოტანილი, რადგან პეკინი ასეთ სტატისტიკას მკაცრად ასაიდუმლოებს.

საუდის არაბეთში მხოლოდ ერთ დღეში 81 ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი, რასაც ორგანიზაცია “გამაოგნებელ ფაქტს” უწოდებს.

როგორც აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სტატისტიკა არ საჯაროვდება, ტრადიციულად, ბოლო წლებში ის გლობალურ “რეიტინგში ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს”.

ამავდროულად, გასულ წელს ირანში სიკვდილით დასჯის 576 განაჩენი იქნა გამოტანილი; საუდის არაბეთში -196, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში;​ ეგვიპტეში – 24 და აშშ-ში – 18.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სიკვდილით დასჯა ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში, სადაც, ჩინეთის მსგავსად, სტატისტიკა გასაიდუმლოებულია.

Amnesty International-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ, დისიდენტების წინააღმდეგ რეპრესიების ზრდასთან ერთად, სასიკვდილო განაჩენის დიდი ნაწილი მოდის ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სხვა დანაშაულებებზე. მაგალითად, სინგაპურში ნარკომანიასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის 11 პირი დასაჯეს.

ავარია ქარელში – დაიღუპა საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ცნობით, გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა. საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი, ვანო ბასანიძე და გურამ ქარელი.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.