“პირდაპირი ფრენები უნდა გაუქმდეს”- ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას მიმართავენ

73
spot_img

ოპოზიციონერი დეპუტატები  ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენებზე თანხმობა გაუქმდეს.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში  თეონა აქუბარდიამ, ანა ნაცვლიშვილმა, ხათუნა სამნიძემ, ანა ბუჩუკურმა და ხატია დეკანოიძემ ერთობლივი პრესკონფერენციაზე გამართეს.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე. მართალია, უვიზო რეჟიმის შემოღება – ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენა, ეს არის ორმხრივი გადაწყვეტილება და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს.

შეუძლებელია, ქვეყანა ერთი მხრივ მიისწრაფვოდეს ევროპისკენ, რისი ოფიციალური განაცხადიც საქართველოს გაკეთებული აქვს და მეორე მხრივ, დგამდეს ნაბიჯებს, რომ დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. სხვა შემთხვევაში, მუშაობა და ილუზიის შექმნა, რომ თითქოს 12 პუნქტი სტატუსის მისაღებად სრულდება, იქნება ფარსი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც თეონა აქუბარდიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა კრემლისგან იღებს საჩუქარს და ამით აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს, საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

“იმავდროულად ხელისუფლება აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და გუშინდელი განცხადებები “ქართული ოცნების” ლიდერის, სხვა არაფერია თუ არა მცდელობა, დამატებით იზოლაციაში მოაქციოს საქართველო დასავლეთისგან და ამით გააძლიეროს რუსული გავლენები. ქალი დეპუტატები ვგმობთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ფრენებთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ არის საფრთხის შემცველი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის,”- განაცხადა აქუბარდიამ.

რუსეთ-საქართველოს შორის პირველ პირდაპირ რეისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ შეასრულებს, ხოლო 20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-იც დაიწყებს.