“საქართველოს მთავრობა უხეშად არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებს” – არასამთავრობო ორგანიზაციები

63
spot_img

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უხეშად არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრინციპებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ღიად დაადასტურა OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობა ე.წ აგენტების რუსული კანონის მხარდაჭერით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შელახვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ღია თავდასხმით და ა.შ.

„ღია მმართველობის პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს მთავრობის მიერ OGP-ის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების უხეშად დარღვევის გამო. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ღიად დაადასტურა OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობა ე.წ აგენტების რუსული კანონის მხარდაჭერით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შელახვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ღია თავდასხმითა და მათი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვის ვერ უზრუნველყოფით, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით.

შეჩერებულია OGP-ის ეროვნული პროცესიც. ქვეყანას უკვე მეოთხე წელია OGP-ის ფარგლებში ეროვნულ დონეზე არცერთი რეფორმა არ განუხორციელებია. საქართველოს OGP სამოქმედო გეგმა 2019 წლის შემდეგ არ აქვს, რითაც ორჯერ დაარღვია OGP-ის მონაწილეობისა და თანა-შექმნის სტანდარტები. სამწუხაროდ, ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების თითქმის სამწლიანი პროცესი კვალავ ჩიხში შევიდა. მთავრობა კვლავ ეცადა OGP პროცესი ეროვნულ დონეზე მხოლოდ ფორმალურად შეენარჩუნებინა და უარი თქვა სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეთავაზებულ ყველა მნიშვნელოვან და შინაარსით ტრანსფორმაციულ (ე.წ ვარსკვლავური) ვალდებულების განხორციელებაზე. ამასთან, მთავრობის მეთაური საჯაროდ დაესხა თავს სამოქალაქო სექტორს, მათ შორის ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს/ფორუმის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველ კომიტეტს მივმართეთ წერილით „რეაგირების პოლიტიკის“ ამოქმედების მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს OGP საერთაშორისო სამდივნოს, პარტნიორი დონორი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გაზრდილ ჩართულობას შექმნილი კრიზისის მოგვარებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ OGP მმართველ კომიტეტს, მოუწოდოს საქართველოს მთავრობას: შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის შეწყვიტოს სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია კრიტიკული მედია-საშუალებების (მედიის მენეჯერები, მფლობელები ან/და მათი ოჯახის წევრები) წინააღმდეგ; უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ხელი შეუწყოს მის ფუნქციონირებას; საფუძვლიანად გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები; უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულებას; აღადგინოს OGP-ის თანა-შექმნის რეალური პროცესი (OGP ცო-ცრეატიონ პროცესს) და უზრუნველყოს ამბიციური ხასიათის ვალდებულებების განხორციელება; დაიცვას OGP ღირებულებები და პრინციპები.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთადერთ მიზანს, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელება და OGP-ის ეროვნული პროცესის ტრანსფორმაციული რეფორმების დაგეგმვის პლატფორმად გამოყენება წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; „მწვანე ალტერნატივა“; „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“; „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“.