Home Blog Page 2111

“რადიკალური ოპოზიციის არცერთმა წარმომადგენელმა გვარამიასთან ერთად არ ახსენა სააკაშვილი”

ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ დღევანდელ გამოსვლაში რადიკალური ოპოზიციის არცერთმა წარმომადგენელმა ნიკა გვარამიასთან ერთად არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი და იცით, რატომ?! – მიხეილ სააკაშვილზე, იმ რეზოლუციებზე, იმ განცხადებებზე, რაც თქვენ ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას მოტივირებული პატიმრობის არგუმენტად მოიტანეთ, პასუხი სტრასბურგის სასამართლომ გასცა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის აზრით, სტრასბურგის რამდენიმე დღის წინანდელი გადაწყვეტილება ჯერჯერობით ყველას ახსოვს და სტრასბურგმა რომ მათი ტყუილები ამხილა, ამ ნარატივით გვარამიას თემის გაფუჭება არ უნდათ.

„წარმოგედგინათ, ორი კვირის წინ, რომ გვარამიას ახსენებდნენ, პოლიტპატიმრობაზე ილაპარაკებდნენ და სააკაშვილს საერთოდ არ ახსენებდნენ? ახლა გაწიეს ეს თემა. პიარული სვლაა, რადგან სტრასბურგმა თავისი გადაწყვეტილებით მათ და მათ პატრონებს უთხრა – თქვენ ყველა იტყუებოდით. ახლა არ უნდათ, ეს ორი თემა ერთმანეთში არიონ, შესაბამისად, მარტივად გასაშიფრი ჩვეულებრივი პიარული სვლაა და საზოგადოება ამას კარგად ხედავს. „ნაცმოძრაობის“ პიარსტრატეგია ასეთია – ამ შემთხვევაში, არ ვეხებით მიხეილ სააკაშვილს, დადასტურდა, რომ მისი მოტივირებული პატიმრობა, კლავენ და ა.შ. ეს ყველაფერი იყო ცრუ ნარატივი და ტყუილი, მაგრამ რაც შეეხება გვარამიას, ამ ნაწილში, რეზოლუციაში ჩანაწერი, ევროპარლამენტარების განცხადებები, შეიძლება, იყო მართალი, არა, ასე არ ხდება. ერთიც ტყუილი იყო და მეორეც. ეს არის სიმართლე. რატომ ამბობდნენ ეს ადამიანები ტყუილს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში?! ზუსტად იგივე მოტივაციაა გვარამიას შემთხვევაშიც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიო ქაშვეთის ტაძარში დოქსოლოგიას აღასრულებს, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა გაიმართება.

„2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დოქსოლოგიას აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე, რის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!“-ნათქვამია ინფორმაციაში.

“ვწუხვართ საქართველოს გადაწყვეტილების გამო, განაახლოს ფრენები რუსეთში და რუსეთიდან”- პიტერ სტანო

ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ საქართველოს გადაწყვეტილების გამო, საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ რუსეთის გასული კვირის გადაწყვეტილების შემდეგ, განაახლოს ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირის გზასთან დაკავშირებით.

 

„უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა შემოიღეს სანქციები რუსეთის ავიაციის სექტორის მიმართ. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ვრთავთ ნებას რუსეთიდან ან რუსეთში, ან მისი გავლით ავიამიმოსვლას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს მხედველობაში გვქონდეს. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან და ვალდებულებასთან დაკავშირებით, შეესაბამებოდეს ევროკავშირის დადგენილებებს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, როგორც ეს გაწერილია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში. სამწუხაროდ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან, დეკლარაციებთან მიმართებით საქართველოს შესაბამისობამ დაიკლო გასული წლის ისედაც დაბალი 44% -დან წლევანდელ 31%-მდე.

ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ძალიან სამწუხაროა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რაც გასულ კვირას ვთქვი, გაერო-ს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ რუსეთის ავიაციის სექტორისა და რუსული თვითმფრინავების საერთო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოთქვა შეშფოთება, რომელიც გადასცეს საქართველოს ხელისუფლებას“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

„ომი არაა მათემატიკური ამოცანა” – Voice of America

აშშ-ის რადიოსადგურმა Voice of America-მ („ამერიკის ხმა“) სათაურით „ომი არაა მათემატიკური ამოცანა” თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ინტერვიუ აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონთან, რომელიც ამჟამად “საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში” ევრაზიის მიმართულებას ხელმძღვანელობს და ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორია.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მსოფლიო რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ უკრაინის კონტრიერიშის მოლოდინშია. ყოველი მანევრი ფრონტის ხაზზე თუ მის მიღმა – განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ მეტი დრო სჭირდება, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ კიევს წარმატებული იერიშისთვის ყველაფერი აქვს. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის გრძლრადიუსიანი სარაკეტო სისტემების მიცემა გადაწყვიტა. დაპირისპირება კი რუსული ჯარის ლიდერებსა და დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფ “ვაგნერს” შორის საჯაროდ გრძელდება. რას უნდა ველოდოთ კონტრიერიშისგან და რამდენად დიდია შესაძლო გადაჭარბებული მოლოდინის რისკები?

“ამერიკის ხმას” თადარიგის პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი ესაუბრა.

– ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საჰაერო იერიშები უფრო ინტენსიური გახდა, დაიღუპა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ამავე დროს ვნახეთ თავდასხმები რუსული ჯარის მომარაგების ჯაჭვზეც, საწვავის მარაგებზე, საწყობებზე, დაწინაურება ბახმუტში და ა. შ. თუმცა, რაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, მოსკოვმა კრემლზე განხორციელებული დრონის თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა და ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობა დააბრალა. ომის უკვე მეორე გაზაფხულზე, თითქმის 15 თვის შემდეგ, რა ეტაპზე ვართ ახლა სამხედრო კუთხით?

– სამხედრო თვალსაზრისით ახლა ყველა ელოდება უკრაინის გაზაფხულის კონტრშეტევას. ჩვენ ახლა ვართ ეტაპზე, როცა დასავლური დახმარების დიდი ნაწილი ჩასულია უკრაინაში, დაახლოებით 230 ტანკი. 70 – „ლეოპარდი“ უკვე უკრაინაშია. ზოგი ტანკი დასავლური წარმოებისაა, ზოგიც – საბჭოთა, ბევრიც – სხვა. იქაა 1550-მდე ჯავშანტრანსპორტიორიც. დასავლეთის მტკიცებით, უკვე ადგილზეა აღჭურვილობის 9 ბრიგადა, რომლის გამოყენებაც გაზაფხულის კონტრიერიშისთვის უკრაინელებს შეუძლიათ. ვფიქრობ, ამ ომში ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა უკრაინის შეტევას ველოდებით და ვცდილობთ გავიგოთ ზუსტად, რა იქნება მათი მიზანი, სად წარიმართება ის, და იქნება თუ არა ის გადამწყვეტი.

ამ ომში ბევრი გადამწყვეტი შეტევითი მანევრი არ გვინახავს. სატელიტები, დრონები, საჰაერო დაკვირვება – ყველაფერ ამის გამო, ძალიან ძნელია მნიშვნელოვანი საიერიშო შენაერთები ბრძოლის ველზე ისე დაძრა, რომ არ დაგინახონ. ამასთან, ორივე მხარეს აქვს ფართო რადიუსის ზუსტი დამიზნების არტილერია და რაკეტები.

როცა შენ ებრძვი ორ ძალას, რომელიც ერთმანეთთან კოორდინირებული არაა და ზოგ შემთხვევაში ერთმანეთს ეჯიბრება კიდეც, ყოველთვის არის სივრცე, რომელიც შეიძლება გამოიყენო. პრუგოჟინ-შოიგუს დაპირისპირება კიევისთვის დიდი უპირატესობაა.

საინტერესოა, იქნება თუ არა უკრაინელების შეტევა გადამწყვეტი, შეძლებენ თუ არა ისინი ამ ტანკების, ამ ჯავშანტრანსპორტიორების ისე გამოყენებას, რომ ამას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ადგილზე სიტუაციაზე. და ასევე, შეძლებენ თუ არა რუსები თავიანთი დაზვერვისა და გრძელრადიუსიანი ცეცხლის გამოყენებით ამ იერიშის შეფერხებას ან მისთვის ხელის შეშლას.

– თვეების განმავლობაში უკრაინის მთავრობა თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს და გრძელრადიუსიან თავდასხმით სისტემებს ითხოვდა. ბევრი ანალიტიკოსის აზრითაც, სწორედ F-16-ები და ე.წ. „ატაკამსები“ მისცემდა უკრაინას გადამწყვეტ უპირატესობას. თუმცა ვაშინგტონში ამ სისტემების მიწოდების თაობაზე ჯერ კიდევ ყოყმანობენ. რა მდგომარეობა აქვს ახლა უკრაინულ ჯარს ამ მხრივ და როგორი შეიძლება იყოს ამ კონტრშეტევის რეალისტური მიღწევები და გამოწვევები ამ ყველაფრის გათვალისწინებით?

– სრულებით საუკეთესო შემთხვევაში, უკრაინა შეძლებს გამოიყენოს ახალი შესაძლებლობები იმისთვის, რომ მიაღწიოს გარდამტეხ ცვლილებებს რუსების მოწინავე ხაზებში და შემდეგ გამოიყენოს ის. დაარტყას ტანკებით, ჯავშანტრანსპორტიორებით, მობილური პლატფორმებით, მოქნილი მანევრებით. ეს იმისთვის, რომ უკრაინელებმა შექმნან მათ რიგებში ერთგვარი ხვრელი და გამოიყენონ ის რუსების ფორმირებების ამ ხალვათ ნაწილებში შესასვლელად, აიძულონ რუსებს თავდასაცავად უკანდახევა. და თუ უკან არ დაიხევენ, უკრაინელები მათ გარს შემოეხვევიან.

რაც შეეხება F-16-ებსა და გრძელრადიუსიან რაკეტებს, ე.წ “ატაკამსებს”, ვფიქრობ, ისინი გამოსადეგი იქნებოდა, მაგრამ არ მგონია, რომ არსებითი ყოფილიყო ამ ტიპის იერიშის წარმატებისთვის. აქ არსებითი მნიშვნელობა შემოქმედებით დაგეგმვას აქვს, მათ მოტყუებას, თავდასხმას იქ და ისეთ დროს, სადაც და როცა რუსები ამას არ ელოდებიან.

საჭიროა მოქმედება ისე სწრაფად, რომ მტერმა ვერ შეძლოს [ამ მოქმედებებზე] დაწევა. მტერი ყოველთვის უნდა რეაგირებდეს იმაზე, რასაც შენ აკეთებ და არასდროს შეეძლოს პროაქტიული იყოს და კონტრიერიში განახორციელოს. ესაა უკრაინისთვის საუკეთესო ვარიანტი. საჭიროა ინოვაციური, შემოქმედებითი დაგეგმვა, კვალის კარგი არევა, მაგრამ ასევე საჭიროა ბევრი ის სხვა ელემენტიც, რაც ყველა ამ ტანკსა და ჯავშანტრანსპორტიორს, ამ 9 ახალ შეიარაღებულ მექანიზებულ ბრიგადას ფუნქციონირების საშუალებას მისცემს.

მათ დასჭირდებათ საარტილერიო მხარდაჭერა, საჰაერო თავდაცვა, ინჟინრები, დაზვერვა. ყველაფერი ის, რის გარეშეც რუსებმა თავდაპირველად თავიანთი ტანკებითა და ჯავშანტრანსპორტიორებით დაიწყეს თავდასხმა. სწორედ ამ ყველაფრის გარეშე: დაზვერვის გარეშე ფრონტზე, ფლანგებზე, თავიანთი საჰაერო არტილერიის რადიუსის მიღმა, კარგი ინჟინრების გარეშე, რომლებიც დაბრკოლებებს გაწმენდენ, კარგი ლოჯისტიკის გარეშე. ამიტომ დამარცხდნენ რუსები ომის პირველ ფაზაში, რადგან ვერ შეძლეს ოპერირება გაერთიანებული ძალების გუნდად. უკრაინელებმა სწორედ ამგვარად უნდა იმოქმედონ და გამოიყენონ ეს წარმატება.

– აქვთ უკრაინელებს ყველაფერი, რაც მათ კონტრიერიშის წარმატებისთვის სჭირდებათ?

– ამაზე პასუხი არ მაქვს და არ მგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს. ჩვენ ვიცით, რომ მათ ჰყავთ 9 მექანიზებული ბრიგადა. რაც არ ვიცით, ისაა, ჰყავთ თუ არა ამ ბრიგადებზე მიმაგრებული ყველა ის ნაწილი, რომელიც ჩამოვთვალეთ: დაეხმარება თუ არა ამ ბრიგადებს დაზვერვა, მიმაგრებულია თუ არა მათზე კონკრეტული არტილერია, ინჟინრები, საკმარისი დრონები, ლოგისტიკა. ლოგისტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ ცუდი ლოგისტიკის გამო რუსები ომის დასაწყისში საწვავის გარეშეც კი რჩებოდნენ. ასევე, იარაღის, სათადარიგო ნაწილების გარეშეც. მაშინაც კი, თუკი გარდამტეხი უპირატესობა გაქვს, მას ვერ გამოიყენებ, თუკი ლოგისტიკა ამოგეწურება.

ასე რომ, როცა უკრაინა დასავლელმა პარტნიორებმა ამ ახალი შეიარაღებული და მექანიზებული ბრიგადებით აღჭურვეს, სავარაუდოდ შეიქმნა მთელი ეს ჯაჭვიც. ყველა ეს ნაწილი ერთმანეთთან ინტეგრირებული უნდა იყოს მაშინ, როცა ისინი თავდასხმაზე გადავლენ.

– კრემლზე დრონით განხორციელებული თავდასხმით მოსკოვი კიევს ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. გაისმა ბრალდებები ვაშინგტონის მიმართაც, როგორც მხარის, რომელიც მათი თქმით, ამგვარ თავდასხმებს აქეზებს. სახელმწიფო მდივანმა კრემლის განცხადებების მიმართ სკეპტიციზმისკენ მოგვიწოდა. ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს თავად კრემლის ინსცენირებული თავდასხმა იყო, რათა რუსებს ომის საფრთხე უფრო ახლოს აგრძნობინოს, ან გამაერთიანებელი გავლენა ჰქონდეს. ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ რუსების სისუსტეზე მიუთითებს, როცა საკუთარ ციხე-სიმაგრესაც კი ვერ იცავენ. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი, რაც ამ თავდასხმამ აჩვენა?

– მე არ მგონია, რომ ამის უკან უკრაინა იდგა. როცა მართლა ასე იყო, მაგალითად, ქერჩის ხიდისა და რუსულ ლოგისტიკისა და საწვავის დეპოებზე თავდასხმის შემთხვევაში, როგორც წესი უკრაინელები ამას არც უარყოფდნენ და არც ადასტურებდნენ. ახლა კი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან ცალსახად უარყო ეს.

უკრაინელები ეგზისტენციალურ ომს იბრძვიან. უკრაინისთვის სასწორზე ძალიან დიდი რამ დევს. უკრაინელი ხალხის ერთობა, მისი შეიარაღებული ძალების მორალი, იმის ცოდნა, რომ ისინი იბრძვიან სამართლიან და ეთიკურ ომს და ესაა ომი გადარჩენისთვის – მათ ბევრად, ბევრად უკეთეს პოზიციაში აყენებს”.

იყო ეს ე.წ. „ყალბი დროშის ოპერაცია“ თუ „ეროვნული დროშის ირგვლივ გაერთიანების“ მცდელობა, ძნელი სათქმელია. შესაძლოა, კრემლს სურდეს, დაარწმუნოს ხალხი, რომ უკრაინელები პრეზიდენტის მოკვლას ცდილობენ და ამას ერთგვარი მობილიზაციის ეფექტი ჰქონდეს. მაგრამ მეორე მხრივ ეს ცოტა შეურაცხმყოფელიც უნდა იყოს – თუკი მათ კრემლის დრონებისგან დაცვაც არ შეუძლიათ. მაშინ ეს აჩვენებს მათ არაორგანიზებულობას და იმას, რომ არ შეუძლიათ ქვეყნის უმთავრესი ინფრასტრუქტურის დაცვა. მე არ მგონია რომ ეს თვითონ გაეკეთებინათ.

ვარიანტი, რომელზეც ყველაზე ცოტას ვლაპარაკობთ, ისაა, რომ შესაძლოა ეს რუსეთის შიგნითვე მოქმედმა რომელიმე ანტი-პუტინისტურმა მეამბოხე ჯგუფმა გააკეთა. ეს ძალიან დაუხვეწავი თავდასხმა იყო და სწორედ ასე გამოიყურებოდა. ჩემთვის ეს ყველაზე უფრო დასაშვები ახსნაა.

– ხომ არ უნდა ველოდოთ კრემლისგან მეტ ესკალაციას დასავლეთის მიმართ საბაბად სწორედ ამ თავდასხმის გამოყენებით?

– კრემლის ბრალდებები არანაირად არაა სანდო იმის შესახებ, რომ ეს უკრაინელებმა გააკეთეს, ან რომ მით უმეტეს ვაშინგტონმა დაავალა მათ ამის გაკეთება. კრემლის შენობაზე ამ ძალიან დაუხვეწავი და წარუმატებელი თავდასხმით ვერც კიევი და ვერც ვაშინგტონი ვერაფერს მიაღწევდნენ.

თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინელები საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან და ისინი აკეთებენ იმას, რაც მათ ინტერესებშია და არა იმას, რასაც პარტნიორები ეუბნებიან. ამ ომის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ ხშირად ის, რის გაკეთებასაც უკრაინის პარტნიორები მართებულად მიიჩნევდნენ, განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ისინი [უკრაინელები] აკეთებდნენ.

– რუსეთის უშუალო ტერიტორიაზე თავდასხმის რისკი და შესაძლებლობა არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც უკრაინა შორი რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემებს ჯერაც ვერ იღებს. ვაშინგტონი ამბობს, რომ ეს მხოლოდ უკრაინის საქმეა და კიევის გადასაწყვეტია, როგორ აწარმოებს ომს, თუმცა დასავლეთში ამ თემაზე შეშფოთება ნამდვილად არსებობს. როგორ ფიქრობთ, სად დგას დასავლეთი ამ საკითხის თაობაზე ახლა, ომის ამ ეტაპზე?

– დიახ, ამერიკის ოფიციალური პოზიციაა, რომ არ მიეწოდოს უკრაინას ისეთი იარაღი, რომლითაც შესაძლებელია რუსეთის სიღრმეში დარტყმა იმ შემთხვევაშიც კი, თუ კიევი პირობას დადებს, რომ ამ სისტემებს ამ მიზნით არ გამოიყენებს. „ატაკამსებით“ შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის სამეთაურო ცენტრებამდე მიღწევაც, მათი ლოგისტიკისა და მომარაგების თავდასხმის რადიუსში მოქცევა, რაც მათ სამანევრო ძალებს საქმეს კიდევ უფრო გაურთულებდა და ფრონტის ხაზიდან კიდევ უფრო შორს გაწევას აიძულებდა. მაგრამ ვაშინგტონში ამ საკითხის შესახებ კვლავ ყოყმანობენ, რადგან არსებობს რისკი, რომ „ატაკამსების“ რაკეტა საბოლოოდ რუსეთის საზღვრების შიგნით დაეშვება და მოსკოვს ესკალაციის საბაბს მისცემს.

– 9 მაისს ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებაზე საუბრისას თქვა, რომ სამშობლო კვლავ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა და რომ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ „ნამდვილი ომი“ აქვს გაჩაღებული. როგორია რუსული ჯარის მდგომარეობა და როგორ შეიცვალა ის გასული 9 მაისიდან წლევანდლამდე?

– რუსეთი ახლა სამხედრო კუთხით ბევრად იმაზე უარეს პოზიციაშია, ვიდრე გასული წლის თებერვალში იყო. ამერიკის უახლესი ცნობებით, რუსებმა ბოლო 5 თვის განმავლობაში 100 000 ადამიანი დაკარგეს. დანაკარგის ეს მაჩვენებელი შემაძრწუნებელია. მაგრამ იმასაც ვკითხულობთ, რომ მობილიზაციის რაუნდების გამო, რუსული ჯარი ახლა იმაზე დიდია, ვიდრე – ომის დაწყებამდე იყო. ერთი მხრივ, წარმოუდგენელი მასშტაბის დანაკარგებია, მეორე მხრივ კი, ესაა ჯარი, რომელსაც შეუძლია რეგენერირება, საბრძოლო ძალის თავიდან წარმოქმნა. ისინი არ არიან დამარცხებულნი. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებენ თუ არა კვლავ განაგრძონ საბრძოლო ძალის, განსაკუთრებით კი საბრძოლო აღჭურვილობის, თავიდან წარმოქმნა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

ერთ-ერთი რამ, რაზეც არ მაქვს პასუხი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, არის ის, რაზეც ცოტა ხნის წინ მინისტრმა შოიგუმ ისაუბრა. თქვა, რომ აპირებენ ზუსტი დამიზნების ამუნიციის წარმოების მასშტაბების გაზრდას. ჩემი გაგებით, ყველაფერი, რაც ზუსტი დამიზნების ტექნოლოგიას უკავშირდება, მათ მხოლოდ სანქციების გვერდის ავლით შეეძლოთ ჰქონოდათ. მიკროპროცესორები, რომლებიც ასეთ იარაღს სჭირდება, დასავლური კომპანიების წარმოების იყო, მათ ვერც რუსეთი და ვერც ჩინეთი ვერ აწარმოებს. საინტერესოა, შეუძლიათ კი მათ მართლაც გაზარდონ წარმოება და აწარმოონ ზუსტი დამიზნების ისეთი კარგი პროცესორები, როგორებიც მანამდე ჰქონდათ? ექნებათ კი მათ ისეთივე სიზუსტე? მაგრამ რუსეთი არ დამარცხებულა, არ დამთავრებულა.

– რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ მეთაურებსა და დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფ „ვაგნერს“ შორის უთანხმოება ბოლო დროს ისეთი აშკარაა, როგორც – არასდროს. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს ურთიერთბრალდებები თავად რუსეთის ძალებისთვის და მეორე მხრივ უკრაინისთვის?

– ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა რუსეთში ოფიციალურ სტრუქტურებს, მათ ლიდერებსა და პრიგოჟინ-ვაგნერს შორის ასეთ ღია დაპირისპირებაზე დაკვირვება. ეს აჩვენებს რუსეთში ძალის ფორმალურ და არაფორმალურ სტრუქტურებს შორის სერიოზულ დაყოფას. ამბობენ, რომ პუტინს ეს ძალიანაც მოსწონს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია პროცესის მართვა და სასწორის რომელიმე მხარეს თითის დაჭერა იმისთვის, რომ მათ ერთმანეთთან კონკურენცია გააგრძელონ და თავად – საბოლოო არბიტრად დარჩეს. მაგრამ ამ პროცესზე კონტროლი შეიძლება დაიკარგოს კიდეც. ჩემი აზრით, ეს უკვე პუტინისთვისაც ძალიან საშიში თამაშია – წაახალისოს ასეთი ღია დაპირისპირება იმ ორ უმთავრეს ჯგუფს შორის, რომელიც უკრაინაში იბრძვის.

ვფიქრობ, ეს უკრაინისთვის დიდი უპირატესობაა. როცა შენ ებრძვი ორ ძალას, რომელიც ერთმანეთთან კოორდინირებული არაა და ზოგ შემთხვევაში ერთმანეთს ეჯიბრება კიდეც, ყოველთვის არის სივრცე, რომელიც შეიძლება გამოიყენო. შენ არ ებრძვი მოწინააღმდეგეს, რომელიც ერთობლივად გიტევს, ერთმანეთს ეხმარება შენზე თავდასხმაში. ისინი ცალ-ცალკე გიტევენ, და თითქოს თავთავიანთ საქმეს აკეთებენ ბახმუტის ირგვლივაც და სხვაგანაც, უკრაინაში. ასე რომ, უკრაინელებს არ უწევთ მათთან გამკლავება ერთობლივად. ისინი მათ ინდივიდუალურად და კარგად უმკლავდებიან.

– და რა ვიცით უკრაინულ ჯარზე? ომის 15 თვის დიდი ნაწილი მართლაც იყო „ომი გამოფიტვამდე“. დიდი დანაკარგებით არა მხოლოდ რუსულ მხარეს, სავარაუდოდ, დიდია მოკლულთა თუ დაშავებულთა რიცხვიც. მაშინ, როცა რუსეთის შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, რომ ისევ და ისევ შეავსოს საკუთარი რიგები, როგორ გამოიყურება უკრაინის არმია ახლა?

– ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ირონია ჩემთვის ისაა, რომ ჩვენ, დასავლეთში რუსეთის ჯარის მდგომარეობაზე უფრო მეტი ვიცით, ვიდრე – უკრაინის. ამას კი ორი მიზეზი აქვს: ჩვენ გამუდმებით, პროაქტიულად ვაგროვებთ დაზვერვის ინფორმაციას რუსეთის ჯარის შესახებ ყველა იმ პლატფორმით, რაც კი გვაქვს, ყველანაირი დაზვერვით. ვცდილობთ გავიგოთ რუსული ჯარის მდგომარეობა და საკმაოდ კარგი წარმოდგენა გვაქვს მასზე. უკრაინელები კი, თავის მხრივ, გვეუბნებიან მხოლოდ იმას, რაც უნდა ვიცოდეთ საიმისოდ, რომ მათ დავეხმაროთ. მათი საოპერაციო უსაფრთხოება ძალიან კარგია და მათ პოზიციაში მეც იმავეს გავაკეთებდი. განსაკუთრებით კი ამერიკისგან ბოლო გაჟონვის შემდეგ ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი იმის თაობაზე, რას ვეტყოდი ჩვენს თავს ისეთს, რაც პირდაპირ არ იქნებოდა დაკავშირებული მათთვის დახმარების გაზრდასთან. ასე რომ, შედარებით ნაკლები ვიცით უკრაინელთა მსხვერპლის შესახებ. ამასთან, ჩვენ არ ვაგროვებთ დაზვერვის ინფორმაციას უკრაინელებზე ისე, როგორც რუსებთან მიმართებით ვაკეთებთ. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და არა – მოწინააღმდეგე. მაგრამ შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ უკრაინასაც ძალიან დიდი რაოდენობით მსხვერპლი ჰყავს. ეს იქცა გამანადგურებელ ბრძოლად, ბრძოლად გამოფიტვამდე, ინდუსტრიული ეპოქის ომად და არა – 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიურ უკონტაქტო ომად. ესაა ომი, როგორიც შეიძლებოდა თავისუფლად ყოფილიყო 1940-იან, 50, 60, 70-იან წლებში. ასეთი ომი წარმოქმნის დაუჯერებლად ბევრ მსხვერპლს დაღუპულთა და დაშავებულთა სახით.

– როგორ ისახება ეს ციფრები ფრონტზე? როგორ ბალანსდება ეს რაოდენობა ომის სხვა ასპექტებით?

– ეს შესანიშნავი შეკითხვაა. ამას ხშირად ვიმეორებ: ომი არაა მათემატიკური ამოცანა, რომელიც ამოიხსნება იმის მიხედვით, თუ ვინ დაკარგა თავისი ძალების მეტი ან ნაკლები ჯარისკაცი. ეს ასე არ მუშაობს. ამას ემატება მორალის ელემენტიც.

უკრაინელები ეგზისტენციალურ ომს იბრძვიან, ესაა ბრძოლა, ომი, რომელსაც თუკი კატასტროფულად წააგებენ, ამით შეწყდება მათი, როგორც სახელმწიფოს და როგორც დამოუკიდებელი ერის არსებობა. უკრაინისთვის სასწორზე ძალიან დიდი რამ დევს. უკრაინელი ხალხის ერთობა, მისი შეიარაღებული ძალების მორალი, იმის ცოდნა, რომ ისინი იბრძვიან სამართლიან და ეთიკურ ომს და ესაა ომი გადარჩენისთვის – მათ ბევრად, ბევრად უკეთეს პოზიციაში აყენებს. ესაა ომის არამატერიალური, იდეური ნაწილი. მხარე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია – ომის ადამიანური მხარე და არა – მექანიკური ან ტექნოლოგიური. ვფიქრობ, ამ მხრივ უკრაინელები ბევრად უკეთეს პოზიციაში არიან, ვიდრე – რუსები.

– მოლოდინი რომ ძალიან მაღალია, ეს აშკარაა. მაგრამ რამდენად მაღალია ამ მოლოდინით გამოწვეული რისკები? რამდენად ძლიერი გავლენა ექნება უკრაინის მხარდაჭერაზე იმას, თუ როგორ და რამდენად სწრაფად წარიმართება მოვლენები ბრძოლის ველზე?

– დიახ, სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან დიდი რისკია: რომ ჩვენ, დასავლეთში იმის დიდი სურვილით, რომ დავამთავროთ ეს ომი და წინ წავიდეთ, გვექნება არარეალისტური მოლოდინები იმისა, თუ რის მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს ამ გაზაფხულის თუ ზაფხულის კონტრშეტევით. შემდეგ კი შეიძლება მოუთმენლობაც დაგვეტყოს, როცა შეტევა ერთი ამოსუნთქვით, სულის შებერვით არ დაამთავრებს ამ ომს.

რუსულ ჯარს, მაშინაც კი თუკი ის უკრაინაში, ბრძოლის ველზე დამარცხდება, ბევრი გზა აქვს იმისა, რომ განაგრძოს ომი. ომში აქამდე მნიშვნელოვნად არ ყოფილა ჩართული რუსეთის საჰაერო ძალები. მას შეუძლია მასობრივი ზიანის მიყენება უკრაინისთვის მაშინაც კი, თუკი ხმელეთზე რუსეთის ძალებს მკვეთრად უკუაგდებენ და თუნდაც გააძევებენ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიიდან.

მე მაწუხებს ის, რომ ჩვენ, დასავლეთში გვაქვს არარეალისტური მოლოდინი იმის შესახებ, თუ რის გაკეთება შეუძლიათ უკრაინელებს. და თუკი მათი წარმატება ჩვენს მოლოდინს არ შეესაბამება, მაშინ შეიძლება გაჩნდეს კიდეც იდეა, რომ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ეს ე.წ. „გაყინული კონფლიქტია“ და მოსაზრება, რომ უნდა შევამციროთ უკრაინის დახმარება, ფართოდ გავრცელდება დასავლეთში: აზრი, რომ მივცეთ მათ ყველაფერი არა იმისთვის, რომ გაიმარჯვონ, არამედ ყველაფერი იმისთვის, რომ არ დამარცხდნენ.

თუკი ეს იერიში არ დაასრულებს ომს, და ის მას ვერ დაასრულებს, შესაძლოა ამგვარი მოსაზრებები გაისმას. ეს იმიტომ, რომ ის, რასაც ბრძოლის ველზე უკრაინა მიაღწევს, შეიძლება არ შეესაბამებოდეს იმას, რაც დასავლეთში წარმოუდგენიათ. ამ დროს შეიძლება ვნახოთ კიდეც მოლაპარაკებებისკენ ბიძგი. არ მგონია ასეთი რამ ამერიკის მთავრობისგან მოვისმინოთ, მაგრამ შესაძლოა სხვა დედაქალაქებში დაიწყოს დისკუსია ამაზე, ან თუნდაც კონგრესში. ეს უკრაინელებს რთულ პოზიციაში ჩააყენებდა.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ომი რაღაც ეტაპზე, რაღაც ტიპის მოლაპარაკებით დასრულდება, მაგრამ ვერანაირი მოლაპარაკება ვერ იქნება წარმატებული მანამ, სანამ ორივე მხარეს არ ექნება რწმენა, რომ ამ მოლაპარაკებით უკეთეს შედეგს მიიღებს, ვიდრე – სამხედრო მოქმედებებით. ახლა კი ეს ნამდვილად არაა ასე.

– იმის მიხედვით, რასაც ამ ეტაპზე ვხედავთ, როგორ ფიქრობთ, რამენაირად დააზიანა ამერიკაში მომხდარმა, საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ უკრაინის სამხედრო ოპერაციები ან კონტრიერიშთან დაკავშირებული მისი გეგმები?

– ამან ალბათ გარკვეულწილად დააზიანა უკრაინელების ნდობა ჩვენ მიმართ და ის თუ რა ინფორმაციის გაზიარებაზე იგრძნობენ თავს კომფორტულად. მაგრამ ვერ ვხედავთ, რომ დაზვერვის ინფორმაციის გამჟღავნებას უკრაინაში საომარ ძალისხმევაზე რაიმე გავლენა ჰქონდეს.

– და ბოლოს, ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის ყველაზე პრიორიტეტული სამხრეთში ტერიტორიების დაბრუნება, ყირიმთან საოკუპაციო ძალების კავშირის გაწყვეტა და იერიშების ამგვარად გაგრძელებაა. რას ფიქრობთ სამხედრო სიტუაციის მიხედვით იერიშის პოტენციალზე, მის მიმართულებებსა და შესაძლებლობებზე?

– დიახ, ყველა სამხრეთზეა ფოკუსირებული. მელიტოპოლისა და მარიუპოლის მიმართულებაზე. რომ გადაიჭრას ტერიტორია აზოვის ზღვამდე და გაწყდეს ყირიმთან სახმელეთო ხიდი, რუსებს კი რეალური პრობლემა შეექმნათ. ეს ერთგვარი „პირდაპირი გზაა“.

მაგრამ არსებობს მეორე, არაპირდაპირი გზაც, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს რუსულ ძალებზე თავდასხმას არა სამხრეთში, არამედ სადმე იქ, სადაც ისინი ამას ყველაზე ნაკლებად ელიან. მთავარი იქნებოდა არა დაუყოვნებლივ ყირიმთან ხიდის გაწყვეტა და ყირიმის მოწყვლად პოზიციაში ჩაგდება, არამედ უკრაინაში მყოფი რუსული ძალებისთვის რისკის შექმნა. შესაძლოა სჯობდეს, რუსეთის ძალების რიგების გარღვევა სადმე სხვაგან, უფრო აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, თუნდაც ხარკივის სექტორში. ამის შედეგად რუსებს ექნებათ არჩევანი: ან უკან დაიხიონ და თავდაცვის ხაზები შეინარჩუნონ, ან უკრაინელები აღმოჩნდებიან მათ ზურგს უკან მაშინ, როცა ისინი დანაწევრებულნი იქნებიან და უკრაინელები მათ გარს შემოერტყმებიან.

მე უფრო ირიბი მიდგომის მომხრე ვარ, უფრო მეტი მოთმინებით წარმართული ძალისხმევის, რომლითაც ისინი არ ეცდებიან ყირიმს მაშინვე საფრთხე შეუქმნან. მგონია, რომ სჯობს უფრო მოულოდნელი და არატრადიციული დარტყმა, რომელიც [დანარჩენ უკრაინაში მყოფ] რუსულ ძალებს აგდებს საფრთხეში უფრო მეტად, ვიდრე – ყირიმის ნახევარკუნძულის ნაწილს. რადგან თუ რუსული ძალები საფრთხეშია, მაშინ უკრაინაში მათი გადარჩენაა საფრთხის ქვეშ და ვფიქრობ ეს უკრაინელებს კიდევ უფრო უკეთეს პოზიციაში აყენებს.

წყარო

20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით Georgian Airways-ი ფრენებს განახორციელებს

თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეგულარული ოპერირების განხორციელებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს გაიცა.

“საქართველოში ვერცერთი სანქცირებული ავიაკომპანია ვერ განახორციელებს ფრენებს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეძლებს ფრენებს.

„თქვენ იცით, როგორც ფრენები, ასევე უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად იყო სანქცირებული, რაც ძალიან ცუდი იყო. გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასთან და ასევე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ხვალ დაიწყება პირდაპირი ფრენები, რაც მისცემს ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ქვეყნის გავლით კი არა, პირდაპირ შეძლონ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტზე“ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალიდან ავიაკომპანიის მიერ უკვე ამოღებულია.

მისივე თქმით, ოკუპაცია საქართველოს უდიდესი გამოწვევაა და ქვეყნის ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს მშვიდობიანი გზით ტერიტორიების დეოკუპაციის მისაღწევად.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ განახორციელებს შესაბამის ფრენებს. ამას სწავლობენ შესაბამისი უწყებები. ის კონკრეტული ფაქტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, ძალიან ცუდია, თუმცა როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყნებიდან, აფხაზეთი ამოღებულია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეძლებს ფრენებს. დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია. ეს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება აღნიშნული პოლიტიკით, რომელსაც ატარებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ ტერიტორიების დეოკუპაცია, დაბრუნება მოვახერხოთ. ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობით, ძლიერი ეკონომიკური განვითარებით, გონიერებით, წინსვლით, განათლებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ცალმხრივია და ამასთან საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ ოპოზიციაში და განმარტავენ , რომ მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური კურსის გამო დაასაჩუქრა.

როგორ შედის რუსეთში ის დასავლური პროდუქცია, რომლებზეც სანქციებია დაწესებული – The Wall Street Journal

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ შედის რუსეთში ის დასავლური პროდუქცია, რომლებზეც სანქციებია დაწესებული“ (ავტორები – გიორგი კონჩევი, პოლ ჰენონი და ლოურენს ნორმანი).

როგორც სტატიაშია აღნიშნული, დასავლელი ჩინოვნიკების განცხადებით, ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორია ამერიკული და ევროპული კომპიუტერული ელექტრონულ-ინტეგრალური სქემების („ჩიპების“) რუსეთში გადასაგზავნ მსხვილ პუნქტებად გადაიქცნენ. 2022 წელს რუსეთის მეზობელ ქვეყნებში მკვეთრად იმატა პროდუქციის იმპორტმა, რომელიც შემდგომ რუსეთში იგზავნებოდა. საერთო მოცულობით, ევროკავშირში და აშშ-ში დამადებული პროდუქციის იმპორტი სომხეთში, საქართველოში, ყირგიზეთში, უზბეკეთში და ყაზახეთში გასულ წელს 24 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა (2021 წელს მხოლოდ 14 მილიარდს აღწევდა). თავის მხრივ, მათ გააფართოვეს რუსეთში ექსპორტი 15 მილიარდი დოლარით.

წყარო

“უვიზო რეჟიმის შემოღება ვერაგული გადაწყვეტილებაა” – რომან გოცირიძე

უფრაქციო პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე მძიმე დარტყმა იყო, რადგან რუსეთმა საქართველო ფაქტობრივად მეგობარ სახელმწიფოდ აღიარა, რითაც ლუკაშენკოს ბელარუსის დონეზე დააყენა.

„უვიზო რეჟიმის შემოღებას ნუ მივუდგებით მხოლოდ ადამიანის გადაადგილების კონტექსტში. ეს არის ვერაგული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირებას რუსეთის ჯარში ფულის სანაცვლოდ.

ნახევარი წლის წინ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ხელს მოაწერდა კონტრაქტს და იმსახურებდა რუსეთის ჯარში, ან სხვა სამხედრო შენაერთში, იღებდა რუსეთის მოქალაქეობას.

გუშინ პუტინმა ამ ბრძანებულებაში შეიტანა ცვლილება, კიდევ უფრო გაამარტივა სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება და მას უკვე შეუძლია მთელი ოჯახით გახდეს რუსეთის მოქალაქე. გარდა ამისა, რუსეთის ჯარში სამსახურისათვის ენიშნებათ ხელფასი.

რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს კომპანია არის სანქცირებული, რომლის საიტზეც საქართველოს მიტაცებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის აღიარებული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ყულევში ერთი კვირის წინ შემოსული 600 რუსული ვაგონია სანქცირებული” – ლევან ხაბეიშვილი

ყულევში ერთი კვირის წინ შემოსული 600 რუსული ვაგონია სანქცირებული მაზუთით დატვირთული, 35 ათას ტონაზეა საუბარი. მესაკუთრე არის „გაზპრომ ნეფტი“, დაიტვირთა მახაჩკალაში. დაღესტანი – აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ამასთან, ხაბეიშვილმა გააკრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

„პუტინის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, იმ პუტინის, ბავშვების მოკვლით რომ არის დაკავებული, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით, უკრაინაში ტერორიზმით ფაქტობრივად, ასეთი განცხადებები მოვისმინე: კეთილი ნება, სამართლიანი, სასიკეთოდ წაადგება და თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამას მარგარიტა სიმონიანი ან სალავიოვი საუბრობდა, ამას საუბრობდა თეა წულუკიანი, რუსული პარტიის, რუსული მთავრობის წარმომადგენელი, ასე ლაპარაკობდა პუტინზე, ამ ტერორისტზე, 123 ქვეყანაში რომ ძებნილად არის გამოცხადებული, ლაპარაკობდა რომ სასიკეთო, სამართლიანი გადაწყვეტილებააო და არც შერცხვათ უმრავლესობის ბევრმა წევრმა გაიმეორა მერე იგივე.

სანქციებზე როცა საუბრობთ, ჩვენ ვითხოვთ სანქცირებას ბიძინა ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის, ლილუაშვილის და მისი გარემოცვის და არა ჩვენი ქვეყნის სანქცირებას. მინდა ერთი ახალი ინფორმაცია მოგაწოდოთ, საგამოძიებო მოქმედებები რომ დაიწყოს სწრაფად: ყულევში ერთი კვირის წინ შემოსული 600 რუსული ვაგონია სანქცირებული მაზუთით დატვირთული, 35 ათას ტონაზეა საუბარი. მესაკუთრე არის „გაზპრომ ნეფტი“, დაიტვირთა მახაჩკალაში. დაღესტანი – აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და ეს გადაზიდვა განახორციელა კომპანია „მადოფსმა“.

ტვირთის წარმოშობის სერთიფიკატი არის გაყალბებული და ნათქვამია, რომ თითქოს „რუსთავ ოილი“ არის ასეთი და იქ მოიპოვეს თურმე თუ გადაამუშავეს მაზუთი. არადა „რუსთავ ოილს“ ლიცენზია მხოლოდ ბიტუმის გადამუშავებაზე აქვს. ანუ ეგეთი ლიცენზია არ არსებობს, მაგრამ უცვლიან საქართველოში სერთიფიკატს, რომ მერე ეს ტვირთი მოხვდეს ევროკავშირის ქვეყნებში. სხვათაშორის, ბიზნესმენი, რომელიც ამას აკეთებს არის რუსი ბიზნესმენი ბატონი გოგელია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, აქვს დოკუმენტები, რომელიც მოიცავს საჯარო რეესტრის ინფორმაციას. ამასთან, ხაბეიშვილი ამბობს, რომ საქართველოში სანქცირებულ ტვირთი შემოაქვს ივანიშვილის ძმას.

„ამასობაში ყველამ კარგად ვიცით, რომ სანქცირებულ ტვირთს საქართველოში ეზიდება ივანიშვილის ძმა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აგერ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომ ეს დიზელი არის მკვლელი დიზელი, ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის არის უმძიმესი, მაგრამ ივანიშვილის ძმა არის. კი ამბობდა მე რა შუაში ვარო, მაგრამ ივანიშვილის ძმა და კაპანაძე ბიზნესპარტნიორები არიან. ამასობაში ოლიგარქიული მაფიოზური კლანი გაქვთ ჩამოყალიბებული და არაფერს ლაპარაკობთ ადამიანების გაჭირვებაზე, ტარიფებზე დაისვა საკითხი და ფეხებზე გკიდიათ, არც განიხილავთ ამას,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში გაიზარდა ფასები, ბანკების მოგება, თუმცა, არ გაზრდილა ადამიანების შემოსავალი, რაც არ აინტერესებს ხელისუფლებას და კანონი შემოაქვთ თალაკვაძის ავტომობილისთვის.

„პროექტში წერთ 40 წელიწადზე ხნიერი რომელიც არისო, თალაკვაძის ავტომობილი არის 50 წლის და კანონი შემოგაქვთ, რომ იაფად განაბაჟოს, აჩიკოს რომ ნაკლები ფული გაუვიდეს, კანონპროექტი დაწერეთ, ამას განიხილავთ, თითქოს მეტი საქმე არ იყოს ამ ქვეყანაში,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

გიორგი ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს

ხელთ მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ არის დაკავშირებული ე.წ. ქოლცენტრების საქმე სწორედ „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც არა მხოლოდ ევროპელ პენსიონერებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც ძარცვავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„6 მაისს აღმაშენებლის გამზირის 75 ნომერში სამართალდამცავმა ორგანოებმა სპეოპერაცია ჩაატარეს უსიტყვოდ, არაფერი განუცხადებიათ, მაგრამ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ სცადა ჩემი და უკრაინელი პოლიტიკოსის გაშავება, თითქოს რაღაც ქოლცენტრებთან დაკავშირება. ეს იყო პირდაპირ სუს-ის მიერ დაგეგმილი ოპერატიული ლეგენდა, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე პროპაგანდისტული მედიები აწარმოებდნენ. მაშინ საზოგადოების წინაშე დავდე პირობა, რომ საქმეს ასე არ დავტოვებდი და ყველა დეტალს მივყვებოდი. ხელთ მაქვს მტკიცებულებები, რომელსაც მედიასაც გადავცემ, როგორ არის დაკავშირებული სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ თუნდაც ეს კონკრეტული შემთხვევა, ქოლცენტრების სქემა, რომელიც არა მხოლოდ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც, ამის არაერთი ფაქტი არსებობს.

13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას „ლაიონ 7“-ს, რომელიც იმ დღესვე ქირაობს ფართს აღმაშენებლის 75-ში, სადაც სხვა სართულზე ჩემი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს. ჩნდება კითხვა, ვინ არის მიხეილ არახამია, რომელიც აორთქლდა და გაქრა საერთოდ საქართველოდან. მიხეილ არახამიას ცოლი, ქეთევან თევდორაძე გახლავთ მალხაზ ამოიანის კომპანია შპს „რუდსის“ დირექტორი. თავის მხრივ, მალხაზ ამოიანი, დასენების კლანთან ერთად, ჩაჩი დასენთან ერთად ფლობს „ბლექსი როქსს“, ქოლცენტრს, კომპანიას, რომელიც ძარცვავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ევროპელ პენსიონრებს. ჩაჩი დასენი არის კომპანია „ვიპ ტრეიდის“ დირექტორი, რომლის მეწილეები 2020 წლამდე იყვნენ ტიტალ დასენი და კნიაზ დასენი, ასევე არტურ არაბიანი. ეს ადამიანები გახლავთ „ქართული ოცნების“, პარლამენტის წევრის, ისკო დასენის ოჯახის წევრები.

ფულის გათეთრების გამო ჩაჩი დასენი აქაურმა პროკურატურამაც კი მისცა პასუხისგებაში, რადგან ვეღარ დაიმალა, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისკო დასენი და დასენების ოჯახი უარყოფს კავშირს, თითქოს 2020 წლის შემდეგ კავშირი არ აქვს ჩაჩი დასენთან. არადა, მათი სხვა კომპანიის, შპს „მისო ლიდერის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გიორგი გოგუაძე, ამ წლის 24 აპრილის ჩათვლით, გახლდათ „ვიპ ტრეიდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დასენების კლანის მიერ შექმნილი თაღლითური სქემის კომპანიის მთავარი წევრი. შესაბამისად, მე ხელთ მაქვს მთელი ეს მტკიცებულებები, რომელსაც გადავცემ მედიასაც და კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ დგას ქოლცენტრების უკან. ამიტომ აჭიანურებენ ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას. არ უნდათ, შექმნან. რა მტკიცებულებებსაც ახლა მე წარმოგიდგენთ, დასაბუთებულია შპს-ების სარეგისტრაციო მასალებით, ამ ადამიანების ურთიერთკავშირებით. ეს არის იმ დიდი თაღლითური სქემის მხოლოდ ზღვაში წვეთი, რომლითაც ფინანსდება „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ფინანსდებიან და ზურგს უმაგრებენ ის სპეცსამსახურები, რომლებმაც ეს სპეცოპერაცია დაგეგმეს ჩემ წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მე და ჩემი ოჯახი, ასევე დავით არახამიაც, ვართ ცამდე მართალი ამ საქმეში. ვინმე თუ არის დამნაშავე, არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებენ ამ დიდ თაღლითურ სქემას საქართველოში. ამ საქმეს კიდევ გავაგრძელებ და ევროპელ სამართალდამცავებსაც ყველა მტკიცებულებას წარვუდგენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

” საქართველოში ვერცერთი სანქცირებული ავიაკომპანია ვერ განახორციელებს ფრენებს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეძლებს ფრენებს.

„თქვენ იცით, როგორც ფრენები, ასევე უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად იყო სანქცირებული, რაც ძალიან ცუდი იყო. გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასთან და ასევე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ხვალ დაიწყება პირდაპირი ფრენები, რაც მისცემს ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ქვეყნის გავლით კი არა, პირდაპირ შეძლონ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტზე“ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალიდან ავიაკომპანიის მიერ უკვე ამოღებულია.

მისივე თქმით, ოკუპაცია საქართველოს უდიდესი გამოწვევაა და ქვეყნის ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს მშვიდობიანი გზით ტერიტორიების დეოკუპაციის მისაღწევად.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ განახორციელებს შესაბამის ფრენებს. ამას სწავლობენ შესაბამისი უწყებები. ის კონკრეტული ფაქტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, ძალიან ცუდია, თუმცა როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყნებიდან, აფხაზეთი ამოღებულია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეძლებს ფრენებს. დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია. ეს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება აღნიშნული პოლიტიკით, რომელსაც ატარებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ ტერიტორიების დეოკუპაცია, დაბრუნება მოვახერხოთ. ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობით, ძლიერი ეკონომიკური განვითარებით, გონიერებით, წინსვლით, განათლებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ცალმხრივია და ამასთან საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ ოპოზიციაში და განმარტავენ , რომ მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური კურსის გამო დაასაჩუქრა.