“ვწუხვართ საქართველოს გადაწყვეტილების გამო, განაახლოს ფრენები რუსეთში და რუსეთიდან”- პიტერ სტანო

181
spot_img

ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ საქართველოს გადაწყვეტილების გამო, საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ რუსეთის გასული კვირის გადაწყვეტილების შემდეგ, განაახლოს ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირის გზასთან დაკავშირებით.

 

„უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა შემოიღეს სანქციები რუსეთის ავიაციის სექტორის მიმართ. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ვრთავთ ნებას რუსეთიდან ან რუსეთში, ან მისი გავლით ავიამიმოსვლას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს მხედველობაში გვქონდეს. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან და ვალდებულებასთან დაკავშირებით, შეესაბამებოდეს ევროკავშირის დადგენილებებს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, როგორც ეს გაწერილია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში. სამწუხაროდ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან, დეკლარაციებთან მიმართებით საქართველოს შესაბამისობამ დაიკლო გასული წლის ისედაც დაბალი 44% -დან წლევანდელ 31%-მდე.

ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ძალიან სამწუხაროა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რაც გასულ კვირას ვთქვი, გაერო-ს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ რუსეთის ავიაციის სექტორისა და რუსული თვითმფრინავების საერთო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოთქვა შეშფოთება, რომელიც გადასცეს საქართველოს ხელისუფლებას“, – განაცხადა პიტერ სტანომ.