ხელისუფლება სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ, უზრუნველვყოფთ, არ მოხდეს სანქციებისთვის გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიების გამოყენებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი დეპუტატი ქალების განცხადებასთან დაკავშირებით, რომლებიც ხელისუფლებას მიმართავენ, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, დაბლოკოს საკუთარი მოქალაქეები“. „საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, შესაბამისად, სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია ეს. ფრენები რომ არ ყოფილიყო შეწყვეტილი, როგორც სახმელეთო მიმოსვლა არ შეწყდა, ვიზა არ დაწესდა, ასევე თავის დროზე არ შეწყდებოდა საქართველოს მხრიდან ფრენები. ეს საკითხი დაბლოკილი იყო რუსეთის მხრიდან. ახლა მან მოხსნა სანქცია და საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, დაბლოკოს საკუთარი მოქალაქეები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
“დღევანდელმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს შორის აშკარად გარიგება იყო”
გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერები ისე არხეინად იქცეოდნენ და ისეთი თავდაჯერებული იყვნენ, ეჭვი მაშინვე გაჩნდა, რომ რაღაცაში იყო საქმე, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს შორის აშკარად გარიგება იყო.
„ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მხარი ისეთ კანდიდატებს დაუჭირა, რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ვინმე ტრისტან ბენაშვილი. როგორც ჩანს, რაღაც გარიგება იყო. შემდეგ თავად შერცხვათ და სხდომიდან გაიქცნენ. ბასტი-ბუბუ დატრიალდა, როგორც ხდება ხოლმე. ფაქტია, რომ გაუგებარ კანდიდატებს მხარს ტყუილუბრალოდ არ დაუჭერდნენ. რაღაცას რომ თითს აჭერ, იმის შნოც უნდა გქონდეს, რომ გამოხვიდე და თქვა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმაც დაუჭირეს მხარი.
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი, კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საერთო ჯამში 29 კანდიდატს უყარა კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. კენჭისყრა ფარული იყო, აქედან გამომდინარე, უცნობია, რომელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი არჩეულ კანდიდატებს.
ენმ-ს ფრაქციიდან შესაძლოა ის დეპუტატები გარიცხონ
პარლამენტში ენმ-ის ფრაქციის ოთახში, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობს. თანაფრაქციელები ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ იმ დეპუტატებისგან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლე საბჭოში, “ქართული ოცნების” ფავორიტ კანდიდატებს. არსებული ინფორმაციით, სხდომის დასრულების შემდეგ ენმ ბრიფინგს გამართავს და ცნობილი გახდება, გარიცხავენ თუ არა ფრაქციიდან დეპუტატებს. ენმ-ის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ის რაც დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკეთეს, არის “თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან” და ვეღარ ხედავს ამ ადამიანების ადგილს ფრაქციაში: “მე პირადად ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ის საკითხი, რაზეც ამ ადამიანებმა დააფიქსირეს საკუთარი თანხმობა და ხმა მისცეს კლანის წევრებს, არის ფუნდამენტური საკითხი, ეს აძლიერებს კლანის გავლენებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შესაბამისად, სასამართლო სისტემაში” ამბობს თინა ბოკუჩავა შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი ოპოზიციასთან მოლაპარაკების გარეშე დაამტკიცა. საკითხი კენჭისყრაზე ისე გაიტანეს, რომ კანდიდატებზე პარტიებთან შეთანხმება ვერ შედგა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა, თუმცა ფარულ კენჭისყრაში კანდიდატებმა 90- ზე მეტი ხმა მიიღეს მაშინ, როდესაც “ოცნების” უმრავლესობას სულ 84 ხმა აქვს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ შეთანხმებულები იყვნენ “ოცნების” ფავორიტი კანდიდატებისთვის მახარი არ დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ არჩეულ კანდიდატებს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს. კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. იქამდე კი მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.
“უკრაინის პრეზიდენტის ორმაგი სტრატეგია”- რას წერს უცხოური პრესა
ფრანგულ გაზეთში „ლე ფიგარო“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის პრეზიდენტის ორმაგი სტრატეგია“ (ავტორი – რენო ჟირარი), რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ამ დღეებში ევროპულ ქვეყნებში გამართული ვიზიტებია მიმოხილული, „დიდი შვიდეულის“ მოსალოდნელი სამიტის ფონზე.
„ძველი ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ოთხმა სახელმწიფომ – იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდი ბრიტანეთმა, რომლებსაც კარგად განვითარებული სამხედრო მრეწველობაც აქვთ, დიდი პატივისცემით მიიღეს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც თავის „მილიტარის“ სტილის ტანსაცმელს უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დროიდან ატარებს და დღემდე არ იხდის.
ყველა ოთხივე სახელმწიფო „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრია, რომელთა ლიდერები იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში 19-21 მაისს დაგეგმილ სამიტზე შეიკრიბებიან. მიწვეულები არიან ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ხელმძღვანელებიც. განსახილველი საკითხებიდან პირველია რუსეთის მოქმედების დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ“, შემდეგ მოდის პარტნიორული საერთაშორისო დიალოგის განხილვა განიარაღებისა და უსაფრთხოების სფეროებში, შემდეგ – ეკონომიკის, კლიმატის, კვების, ჯანდაცვის პრობლემები და ა.შ.
ამრიგად, უკრაინის კონფლიქტი დღეს დასავლეთის სახელმწიფოებისათვის პირველ ნომრად ითვლება. „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მათ უნდა შეათანხმონ კიევისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფა (ბიუჯეტისათვის, სამხედრო და ჰუმანიტარული მიზნებისათვის). როგორც ცნობილია, აშშ-მა უკრაინას 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე თითქმის 72 მილიარდი ევროს დახმარება გაუწია, ხოლო ევროკავშირმა – 50 მილიარდი ევროს ოდენობით. უახლეს ისტორიაში ესოდენ დიდი დახმარების ანალოგების ძიებისას, მას მხოლოდ 1941-45 წლებში ანტიჰიტლერული კოალიციის მიერ საბჭოთა კავშირისადმი გაწეული დახმარება შეიძლება შევადაროთ.
ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპული ტურნე ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომელიც უკრაინისათვის დახმარების გაწევის საკითხში „დიდი შვიდეულის“ სამიტს აქვს. გავიხსენოთ, რომ შარშან დეკემბრის ბოლოდ უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ში ტრიუმფალური ტურნე განახორციელა და დიდი ფულიც მიიღო რუსეთის არმიის მოსაგერიებლად.
სხვათა შორის, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, ამერიკელებმა ვოლოდიმირ ზელენსკის თავშესაფარი შესთავაზეს. უკრაინის პრეზიდენტმა კი მოგვიანებით უპასუხა, რომ მას თავშესაფარი კი არა, საბრძოლო მასალების მიწოდება უფრო მეტად ჭირდებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლიტიკური ურთიერთობების გენიოსმა, შეძლო თავისი მომხრეებისათვის იმედის ჩანერგვა გამარჯვების მიზნით და დასავლეთის დარწმუნება იარაღის მიწოდებაში. მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ შეძლო კიევის დაცვა, შემდეგ კი შეტევაზე გადასვლა და რიგი ქალაქების დაბრუნება, უკრაინელებისა და დასავლეთის თვალში პრეზიდენტის მიმართ რწმენა მნიშვნელოვნად ამაღლდა.
მაგრამ მოგვიანებით რუსებმა მოახერხეს და ფრონტის ხაზზე გაჩენილი ნარღვევი ამოავსეს და 1400 კილომეტრიანი ფრონტი გაამაგრეს. თუმცა რუსებმა ისიც კარგად გააცნობიერეს, რომ უკრაინა მათთვის „კერკეტი კაკალი“ აღმოჩნდა და რომ რუსებს უკრაინის ბეჭებით წაქცევა, მხოლოდ იარაღის ტრადიციული სახეობების გამოყენებით, არ შეუძლიათ. გამოდის, რომ რუსეთის სტრატეგია რეალური გახდა: უკვე მეტად აღარ დგას საკითხი მთელი უკრაინის მიწა-წყლის გაკონტროლებაზე, ახლა მოსკოვისთვის მთავარია, რომ დაკავებული ტერიტორიებისადმი კონტროლი შეინარჩუნოს. ამ მიზნით კრემლმა თავისი „მაჟინოს ხაზი“ შექმნა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას აქვს შესაძლებლობა კონტრშეტევა დაიწყოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით იარაღით კარგად მომარაგებას დაელოდება, რადგან წინა შეტევა უკრაინელებს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. რა დასამალია და პრეზიდენტი ასევე შიშობს, რომ ვაითუ ჯარი და მოქალაქეები 15-თვიანი ბრძოლებით უკვე დაიღალნენო.
დიპლომატიური თვალსაზრისთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს დასავლეთის გრძელვადიანი დახმარება განიმტკიცოს და იმავდროულად საერთაშორისო შუამავლებს სერიოზულ შესაძლებლობას აძლევს, რომ თავიანთი შანსი ხელიდან არ გაუშვან: ამას წინათ იგი ერთ საათზე მეტხანს ესაუბრა ტელეფონით სი ძინპინს, შემდეგ კი იტალიაში ჩავიდა რომის პაპთან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ზელენსკი უარს ამბობს სამხედრო მოქმედებებზე? არა, მაგრამ მას სურს შეტევა მომზადებული დივიზიებით და კარგად გაწვრთნილ არმიის მეშვეობით განახორციელოს.
ომის რაღაც მომენტში რუსებსა და უკრაინელებს შორის მოლაპარაკება გარდაუვალი გახდება – პირდაპირ თუ ირიბად. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიგო, თუ როგორია მისი ამოცანა: ისე გააკეთოს ყველაფერი, რომ მოლაპარაკების დაწყების წინ უკრაინას ძლიერი პოზიციები ჰქონდეს. და როცა ასე იქნება, მაშინ მოწინააღმდეგისაგან მეტი დათმობებია მოსალოდნელი.
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა
2023 წლის 16 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ , „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას 2452 დისტრიქტის გუბერნატორის მოადგილე – პავლე თვალიაშვილი, საქართველოში არსებული კლუბების პრეზიდენტები, მისი წევრები და ასევე, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გახსნა კლუბის პრეზიდენტმა, ივეტა ჭელიშვილმა და სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია კლუბის მიერ ერთი თვის მანძილზე განხორციელებული პროექტების, კერძოდ, მოხუცთა თავშესაფარში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლში ჩატარებული სააღდგომო აქციებისა და ხილის ხეების დარგვის შესახებ.
შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები იყვნენ – სახალხო არტისტი ბატონი ლეო ანთაძე და ბიზნესმენი გიორგი ანთაძე. მათ საინტერესოდ ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე, რამაც შეხვედრის მონაწილეების აღფრთოვანება გამოიწვია.
შეხვედრას, კლუბს ახალი წევრი, ფიქრია გოგოლაძეც, შემოუერთდა. “როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის” წევრებმა ფიქრია კლუბის წევრობა მიულოცეს და წარმატებული და სასარგებლო პროექტების განხორციელება უსურვეს.
შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, მიიღეს მონაწილეობა რუსთავის როტარი კლუბის პრეზიდენტის, ირაკლი მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილ ღვინის დეგუსტაციაში.
შეხვედრას მუსიკალურად აფორმებდა შესანიშნავი მევიოლინე გვანცა ჩხეიძე, ხოლო ფოტოები გადაიღო ნიჭიერმა ფოტოგრაფმა ირაკლი მაღრაძემ.
“ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის კონტინენტზე” – ირაკლი ღარიბაშვილი
ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის კონტინენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე” წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ გენერალურ დებატებზე მან კვლავ დაადასტურა საქართველოს ერთგულება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი.
“ევროპელ ლიდერებთან ერთად მივიღე მონაწილეობა ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ გენერალურ დებატებში თემაზე: “ვერთიანდებით ევროპისთვის”. კვლავ დავადასტურე საქართველოს ერთგულება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი. ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის კონტინენტზე”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 მაისისთვის
საქართველოს რუსულ ტურპაკეტებში „ალაგებენ“: ოპერატორებმა მოგზაურობის პროგრამების მომზადება დაიწყეს
„საქართველოს სრულყოფილმა დაბრუნებამ ტურისტულ ბაზარზე რუსი ტურისტებისა და მოგზაურობის მოყვარულთა გააქტიურება გამოიწვია. ტუროპერატორებმა უკვე დაიწყეს ორგანიზებული პროგრამების მომზადება იმ იმედით, რომ მალე რუსეთიდან საქართველოში და პირიქით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. გაიზარდა საქართველოში დასვენების მსურველთა რაოდენობა, თუმცა ტურების გაყიდვამდე რეალურად საქმე ჯერ მისულა, რადგან ტურისტები უფრო მომგებიან შეთავაზებებს ელოდებიან. ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტუროპერატორები საქართველოში წამსვლელთა მზარდ ნაკადს ვერ დააკმაყოფილებენ, რადგან ავიაკომპანიების თვითმფრინავებში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია“, – ნათქვამია რუსული გაზეთის „კომერსანტში“ (КоммерсантЪ) 17 მაისის ნომრის პირველ გვერდზე დაბეჭდილ სტატიაში, სათაურით „საქართველოს რუსულ ტურპაკეტებში „ალაგებენ“: ოპერატორებმა მოგზაურობის პროგრამების მომზადება დაიწყეს“ (ავტორი – ალექსანდრა მერცალოვა).
„ტურიზმის ოპერატორებმა საქართველოში მოგზაურობის მსურველებისათვის ორგანიზებული ტურების შეთავაზება დაიწყეს“, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში დიმიტრი გორინი, რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. ამჟამად პროგრამები ტრანზიტული რეისების ბაზაზე მზადდება, მაგრამ 20 მაისიდან უკვე პირდაპირი რეისების ჩათვლით გაკეთდება.
ტურკომპანია „დელფინის“ გენდირექტორის სერგეი რომაშკინის თქმით, ახალი ტურპაკეტები მიმდინარე კვირის ბოლოს გამოჩნდება, მანამდე კი კომპანია საქართველოში სასტუმროების ბაზას აფართოებს – ბოლო დროს მათი რაოდენობა ხუთიდან თვრამეტამდე გაიზარდა. 19 მაისიდან საქართველოში ფრენას იწყებს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ (Azimuth) რუსული წარმოების თვითმფრინავებით, რომლებიც კვირაში 7 რეისს შეასრულებენ. 20 მაისიდან კი რუსეთის ავიასივრცეში გამოჩნდება ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways), რომელმაც ბილეთების გაყიდვა მოსკოვის მიმართულებით უკვე დაიწყო.
დიმიტრი გორინი ეჭვობს, რომ „აზიმუტის“ რეისებს ტუროპერატორები შედარებით ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ, რადგან თვითმფრინავების „სუხოი სუპერჯეტ-100“-ების (Sukhoi Superjet 100) ტევადობა მცირეა, თუმცა, თავის მხრივ, „აზიმუტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პაველ უდოდი აცხადებს, რომ ტუროპერატორებთან თანამშრომლობა სრულიად შესაძლებელია.
ჯერ-ჯერობით საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთები საკმაოდ ძვირია – მათი საშუალო ფასი ერთი მიმართულებით 15 მაისისათვის 22 ათას რუსულ რუბლს შეადგენს. რუსების ინტერესი საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდია. კომპანია „ონლაინ-ტურის“ წარმომადგენელი იგორ ბლინოვი ამბობს, მსურველთა სატელეფონო ზარების რაოდენობა სწრაფად მატულობს – 15 მაისისათვის საქართველოს მიმართულებამ რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.
ბოლო დროს რუსეთის მოსახლეობაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოგზაურობის მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ საქართველო ამ ტალღაში ვერ მოხვდა, ავიარეისების არარსებობის გამო. ახლა ქვეყანა შეიძლება საზაფხულო დასვენების პროცესში ჩაერთოს, თუმცა როგორც დიმიტრი გორინი ვარაუდობს, ტურისტების გადაყვანა შეზღუდული იქნება. პირველ ეტაპზე უფრო მეტად ის რუსები იაქტიურებენ, რომელთაც ნათესაური კავშირები აქვთ რუსეთთან (მხედველობაშია მრავალი რელოკანტი, რომლებიც საქართველოში გაემგზავრნენ უკრაინის ომის დაწყებისა და მობილიზაციისა გამო). ტუროპერატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ტურისტული ტურების პროგრამების მომზადება „უიღბლო“ დროს დაემთხვა – ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფრენების აღდგენა გამოცხადდებოდა, ბევრ რუსს უკვე დაგეგმილი ჰქონდა, თუ სად დაისვენებდა ზაფხულში, ამიტომ მათ თავიანთი გადაწყვეტილების შეცვლა გაუჭირდებათ.
“არაბ გიდს, სავიზიტო ბარათზე, მარჯანიშვილის ქუჩის ნაცვლად, არაბეთის ქუჩა ეწერა” – ვიკა შარია
ვლადიმირ პუტინმა, 10 მაისის განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მოსკოვი-თბილისის რეისზე Georgian Airways-ს ფრენების დაწყების ნებართვა მისცეს.
“თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა”,-წერია განცხადებაში. რაც შეეხება ბილეთების ფასს, მიმდინარე თვეში, მოსკოვი-თბილისის რეისზე, ბილეთის ფასი 800-1000 ლარის ფარგლებში იქნება.
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-იც იწყებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით“, – ნათქვამია ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განმარტებით, „გამორიცხული არ არის, რომ პირდაპირი ფრენების პარალელურად, განახლდება ავტობუსის ტურებიც, რადგან ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ახლა ღიაა“.
როგორ აისახება აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სფეროზე, – ტურიზმის სექტორზე და რა მოლოდინები აქვთ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს? აღნიშნულ საკითხზე, „ჯორჯიან თაიმსს“ ტურიზმის ექსპერტი, ვიკა შარია ესაუბრა.
– ცოტა შორიდან დავიწყოთ. გვითხარით, როგორ შეიცვალა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ტურისტული გარემო საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელორუსი ჩვენს ქვეყანაში გადმოვიდა საცხოვრებლად?
-ომის ფაქტორი, ჩვენს სექტორზე, პირველ რიგში, აისახა ისე, რომ ფაქტობრივად, დავკარგეთ უკრაინული ბაზარი, რომელიც საკმაოდ პერსპექტიული და მზარდი იყო, განსაკუთრებით – კორპორაციულ სეგმენტში. მეორე რიგში, ეს აისახა ქვეყნის იმიჯზე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას, განსაკუთრებით – ევროპის ქვეყნებს ჰგონიათ, რომ უკრაინა-საქართველო ერთია და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კოდი არის ძალიან დაბალი. მათ ჰგონიათ, რომ აქ ჩამოსვლა არის საშიში და რომ ბომბები გვაცვივა თავზე. ეს ფაქტორი, ასევე ძალიან ცუდად აისახა ქვეყანაში ინფლაციის თვალსაზრისით, ვინაიდან, კატასტროფულად გაიზარდა ფასები ყველაფერზე. მეოთხე ფაქტორი ის არის, რომ ვისაც არ ეზარებოდა, ყველამ გიდობა დაიწყო. ახლა უკვე გამოდის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ტურისტული ბაზარი გაჩერებულია.
– რა მოლოდინები გაქვთ, – რა შედეგები მოჰყვება რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის ვიზის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას და როგორ აისახება ის ტურიზმის სექტორზე?
– ამ საკითხს, მე საერთოდ არ ვუყურებ ბიზნეს პერსპექტივითა და მერკანტილური თვალსაზრისით, რომ აი, ახლა ახალი ბაზარი გაიხსნა და ამით ვინმე სარგებელს მიიღებს. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ეს საკითხი კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი დარტყმაა ქვეყნის რეპუტაციასა და მის პროდასავლურ იმიჯზე. თუმცა, ეს არ არის ჩვენი მხრიდან წამოსული ინიციატივა, ეს რუსეთის გადაწყვეტილებაა და ჩემი მოწოდებაც, ევროპელ და უკრაინელ პარტნიორებთან არის ის, რომ ჩვენ რუსებს უფრო ვჭირდებით, ეს მათ ინტერესშია და ამიტომაც ხსნიან რეგულაციებს, ვიდრე – ჩვენ მათ. კატეგორიულად უარვყოფ იმ ფაქტს, რომ აქ იფრინონ სანქცირებულმა ავიახაზებმა. პირადად მე, ჯერ კიდევ შარშან შევწყვიტე რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა.
– თუმცა, ხომ არ გამორიცხავთ იმ ფაქტსაც, რომ გარკვეულმა ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა გამოიყენონ ეს ფაქტი სათავისოდ და ამით სარგებელი მიიღონ?
– თუ ეს ასე იქნება, ამას ძირითადად, ისევ რუსები გამოიყენებენ. ისინი შავი ბუღალტერიით მუშაობენ და არანაირი თანხა არ შემოაქვთ სახელმწიფო ხაზინაში. შესაბამისად, არიან მინიმუმ 25%-ით იაფები, იმიტომ, რომ საკუთარ პროდუქტს ძირითადად ინსტაგრამ პლატფორმით ყიდიან. ისინი არც რეკლამაში იხდიან თანხას და ჰონორარს ნაღდი ანგარიშსწორებით, ხელზე იღებენ. გამოდის, რომ ძალიან რთული მდგომარეობაა და არავინ არ აკონტროლებს ამას. შავი ბაზარი და ჯუნგლების პრინციპია.
– ქართველი გიდები სახელმწიფოსგან ითხოვენ, რომ გიდებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები დაწესდეს. ამ მოთხოვნით მათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან აქციაც კი გამართეს, მათი თქმით, აუცილებელია, რომ საქართველოში ოპერატორ გიდებს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეთ და სახელმწიფო ენა B2 დონეზე იცოდნენ. რა პრობლემებს ქმნიან უცხოელი გიდები ქართულ ბაზარზე და როგორ წარმოგიდგენიათ ამ საკითხის მოგვარება?
– ეს პრობლემა, დიდი ხანია არსებობს ჩვენს ქვეყანაში. თურქს რომ მოუსმინო, თურქეთის ყოფილი პროვინცია ვართ, რუსს რომ მოუსმინო კი, – რუსეთის გუბერნია.
მთელი უბედურება იმაშია, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ბენეფისებსაც კი ვერ იღებს აქედან, იმიტომ, რომ საერთოდ არაფერს არ ატარებენ თეთრ ბუღალტერიაში. ყველაფერს შავად აკეთებენ და ქვეყანა კი, იცვითება. იცვითება უნიკალური ისტორიული ძეგლები, გზები და ა.შ.
საკითხის მოგვარება, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ნებაზე, მკაცრი რეგულაციებისა და სტანდარტების დაწესებაზეა დამოკიდებული. არ არის აუცილებელი, რომ გიდი მაინც და მაინც საქართველოს მოქალაქე იყოს. თუმცა, მას უნდა ჰქონდეს გავლილი მინიმუმ სერტიფიცირება და მიღებული ჰქონდეს თუნდაც საბაზისო კურსი ამ მიმართულებით. ვიღაც აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს, თუ რას ეუბნებიან გიდები საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს. მინიმუმ, რაიმე სტანდარტი უნდა არსებობდეს, რაც განასხვავებს პროფესიონალ გიდს – არაპროფესიონალისგან.
ჩემდა გასაოცრად, არაბი გიდის სავიზიტო ბარათი ვნახე, სადაც, მარჯანიშვილის ქუჩას, მისამართად არაბეთის ქუჩა ეწერა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამაზე სახელმწიფო განგებ ხუჭავს თვალებს.
/თამუნა დუღაშვილი/
“რეიკიავიკის სამიტის საბოლოო დეკლარაცია არის ჩვენი წარმატება, საქართველოს სჭირდება ეს პოლიტიკური მხარდაჭერა”
რეიკიავიკის სამიტის საბოლოო დეკლარაცია არის ჩვენი წარმატება, წარმატებაა ის, რომ საქართველო ამ რეზოლუციაში არის წარმოდგენილი იმ ფორმით, როგორი ფორმითაც არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, რეიკიავიკის სამიტის ტექსტი არის პარტნიორების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება.
„საქართველოს სჭირდება ეს პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ ერთი მხრივ, შევძლოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები განვახორციელოთ და ყველაზე მთავარი, რომ ჩვენ მშვიდობიანი პოლიტიკით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და სენსიტიური საკითხია. ჩვენ ამას ჩვენს პარტნიორებთან ერთად აუცილებლად მოვახერხებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.