ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა „იმედი LIVE“-ში იმ გავრცელებულ მოსაზრებას უპასუხა, რომლის თანახმადაც, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს ევროინტეგრაციაზე მოახდენს გავლენას.
„საქართველოს ევროინტეგრაციის გზას ვერაფერი დააზიანებს, მათ შორის ვერც ჩვენი იმ ოპოზიციის მცდელობები, რომლებიც ასე ძალიან ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ ამ პროცესს. იმის მოლოდინი, რომ ორ-სამ თვეში, ან ორ-სამ წელიწადში საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს. საქართველო ძირითად საკითხებში არის უფრო წინ, ვიდრე მოლდოვა, უფრო წინ, ვიდრე უკრაინა. თუ დასაშვებია, რომ ევროკავშირის ქვეყნები ვაჭრობდნენ რუსეთთან, თანაც ვაჭრობდნენ ყველაფერი იმით, რაც მათთვის არის მისაღები. ვთქვათ გაზს და ნავთობს სტრატეგიული დანიშნულება აქვს ევროპის ქვეყნებისთვის, ამიტომ ასე ადვილად უარს ვერ იტყვიან, მაგრამ ბელგიაში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასების ბაზარი. ბელგიამ თქვა, რომ რუსულ ალმასებს არ უნდა დადებოდა ემბარგო, რადგან სჭირდებოდა და ამიტომ ციმბირულ ალმასებს არ დაედო ემბარგო. თურმე ფული უნდა აკეთონ კონკრეტულმა ქვეყნებმა და საქართველოს დაჩაგვრა რატომ უნდებათ ხოლმე, ეს კითხვა ხშირად ისმის. 2008 წელს მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, როდესაც 20% დაიპყრეს, გორში შემოვიდნენ [რუსული ჯარი], ლამის თბილისთან მოვიდნენ, ზუგდიდში შემოვიდნენ, ფოთში ჩავიდნენ, სენაკის ბაზა აიღეს, ამის შემდეგ სააკაშვილმა გააუქმა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ჩვეულებრივად დადიოდნენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, დაფრინავდნენ თვითმფრინავები და თითქოს მაშინ არანაირი პრობლემა არ იყო. არც ევროპელებს, არც უკრაინელებს არ უფიქრიათ, რომ ამის [რუსეთ-საქართველოს ომის] გამო შეეწყვიტათ საავიაციო მიმოსვლა რუსეთთან, არც ვიზები შემოუღია უკრაინას, მეტიც, უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებს ვიზები დაუწესა შარშან, ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, ხოლო უკრაინელი მოქალაქეებისთვის რუსეთში დღესაც უვიზო მიმოსვლაა და გაცილებით მსუბუქი პირობებით, ვიდრე ახლა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა“, – განაცხადა სუბარმა.