Home Blog Page 2106

“სტრასბურგის სასამართლოს სრულ ნდობას ვუცხადებ, არ მიმაჩნია, რომ ვინმე ჩაერია და რაიმე ტიპის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი”-ანა ნაცვლიშვილი

სტრასბურგის სასამართლოს სრულ ნდობას ვუცხადებ, არ მიმაჩნია, რომ ვინმე ჩაერია და რაიმე ტიპის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სასამართლომ არ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე არსებობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის სამართლებრივი თვალსაზრისით უკიდურესი აუცილებლობა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგმა სამართლებრივი თვალსაზრისით ეს საკითხი ამ ეტაპისთვის შეაფასა. ჩვენი მოწოდება ხელისუფლების მიმართ იგივე რჩება. მათ ამ საკითხს უნდა შეხედონ არა მხოლოდ სამართლებრივი პერსპექტივიდან. არამედ პოლიტიკური პერსპექტივიდან. ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ ის პოლიტიკური მიზანშეწონილობით და საჭიროებით იღებს გადაწყვეტილებებს და არა მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით. სტრასბურგის სასამართლოს მანდატი არ არის და ის ვერ იმსჯელებდა რა არის სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით. „ლელოს“ მოსაზრება არის ის, რომ მათ შორის დეპოლარიზაციისთვის, რომელიც 12 პუნქტიდან ერთ-ერთი მთავარი საკითხია, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა და ამ საკითხის დასრულება ცივილიზებულად, ეს არის დღეს მნიშვნელოვანი საქართველოში პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეს პოზიცია, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი და პოლიტიკური ძალა იზიარებს, სწორია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“დიდი იმედი გვაქვს, რომ დანიის სამეფო ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერი იქნება” – ილია დარჩიაშვილი

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დანიის სამეფო ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერი იქნება, როგორც ეს მანამდე იყო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ილია დარჩიაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე დანიელ კოლეგას ის კონკრეტული ნაბიჯები გააცნო, რომელიც საქართველომ 12 ევრორეკომენდაციის შესრულების კუთხით გადადგა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, რუსეთ-უკრაინის ომს და მან კოლეგას ინფორმაცია იმ ჰუმანიტარულ, დიპლომატიურ და პოლიტიკურ დახმარებაზე მიაწოდა, რასაც საქართველო უკრაინის მიმართ ახორციელებს.

„ბატონი მინისტრის ვიზიტი საქართველოში არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ერთი მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას და მეორე მხრივ, დანია იქნება ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების პროცესში. მინდა მივესალმო გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში გვექნება დანიის სამეფოს საელჩო, რომელიც მოიტანს ახალ და ძლიერ იმპულსებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ მინისტრი ეწვია საოკუპაციო ხაზს. მე მინდა მადლობა დღესაც გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.

იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.9 პროცრნტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 491.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 21.9 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 960.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 23.5 პროცენტით. ხოლო იმპორტი 4 531.0 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 21.2 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-აპრილში 2 571.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.

“ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი” – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით,- ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს ინფორმაციით, თითოეულ მიმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებით.

„საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმებით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებით.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ახორციელებს იმ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს და მათი მაგალითების შესწავლას, რომლებიც იცავენ სანქციებს და ამავე დროს, აქვთ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან.

გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებით და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული“,- აღნიშნულია განცხადებაში.

“საქართველო საერთაშორისო სანქციებს ზედმიწევნით იცავს და მისი დარღვევის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს”

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განაცხადებით, საქართველო საერთაშორისო სანქციებს ზედმიწევნით იცავს და მისი დარღვევის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა თუნდაც იმიტომ იქნებოდა კარგი, რომ დატკბნენ ქვეყნის ბუნებით, წყლებით, ჩვენი სტუმართმოყვარეობითო. სანქციებზე როცა საუბრობთ, ისრაელს, ნატო-ს წევრ ქვეყანას თურქეთს და ბევრ სხვა ქვეყანას აბრალებთ, რომ სანქცირებული ხომალდები დაფრინავენ რუსეთის მხრიდან.

თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ისრაელს პასუხი გაეცით, რომლებიც თქვენი გაგებით, თურმე სანქცირებულ ფრენებს ასრულებენ. ჩვენი პარტნიორებისა და საფინანსო ინსტიტუტების განცხადებებით გიპასუხებთ, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს ზედმიწევნით იცავს და მისი დარღვევის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს.

” ჩვენი მხრიდან ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი ინიცირებული არ იქნება”- ლევან ბეჟაშვილი

ჩვენი მხრიდან ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი ინიცირებული არ იქნება, თუმცა ამგვარი ჭორებითა და განცხადებებით ყველა ადამიანი თავად გამორიცხავს პარტიის წევრობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია შიდაპარტიულ არჩევნებში მარცხს ვერ ეგუება.

„სამწუხაროა, რომ ამ განცხადებების გამკეთებელი სუბიექტი ვერ ეგუება პარტიაში არჩევნების წაგებას. პრაქტიკულად, არჩევნების წაგების დღიდან „ნაციონალური მოძრაობის“, მისივე პარტიის საბოტირებით არის დაკავებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ სერიოზული პასუხის გაცემა და ამ განცხადებებსა და ჭორებზე რეაქცია მიუღებელია. პარტიის ამოცანაა, ებრძოლოს რუსულ ოცნებას და რუსულ ოლიგარქიულ წესრიგს. ვისთვისაც ესაა მთავარი ამოცანა, პარტიისგან მას თანამშრომლობის სურვილი აქვს. ჩვენი მხრიდან ნიკა მელიას პარტიისგან გარიცხვის საკითხი ინიცირებული არ იქნება, თუმცა ყველა ადამიანი ამგვარი ჭორებითა და განცხადებებით თავად გამორიცხავს პარტიის წევრობას და ახდენს პოლიტიკური ოჯახიდან ამორიცხვას“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა, რომელიც ნიკა მელიას ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

“მარიინკაზე საუბარი აღარაა! კრემინასთან სერიოზული ბათქაბუთქია!” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე ურდოსები უბედურ დღეში არიან! ჩვენებმა ისეთი სტრატეგიული სიმაღლეები აიღეს, ბახმუტის სამხრეთში ჩვენების პოზიციები ისე გამყარდა, რომ ბახმუტის ისტორია ურდოსების სიკვდილის ტომარად იქცევა!

შიგნით ბახმუტში დიდი ბრძოლები მიდის, მის დასავლეთ ნაწილში, დონბასის გამათავისუფლებლების, მედვედევის და ლევანოვსკის ქუჩებზე, მაგრამ!!! ეს არის დიდი ტაქტიკური გათვლა – ვაგნერის ყველაზე გამოცდილი ნაწილები არიან ჩარჭობილი ბახმუტის შიგნით! უბედურებაში არიან, იმიტომ რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებიდან ჩვენები ყულფს მოუჭერენ და იქნება დვკარი დაფდაფეეეებს!

ამასობაში ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში პირველ, მეორე და მესამე კუნძულიკებზე გამაგრდნენ ჩვენები. ბოლოში პოტიომკინზე ხო არიან უკვე 1 თვეზე მეტია ჩვენები, ხოდა ასე ამაგრებენ პლაცდარმებს და მალე იქნება ურდოს თესიაური ხერსონიდან!

ავდეევკასთან ფხაკურობს ურდოსტანი, მაგრამ ტყუილად! ჩვენები მაგრად დგანან!
მარიინკაზე საუბარი აღარაა!
კრემინასთან სერიოზული ბათქაბუთქია!
სვატოვო და კუპიანსკი – პოზიციურად!

რამთონი გინდათ შეიარაღებაო, ჰკითხეს პრეზიდენტ ზელენსკის? კიდევ რამდენიმე ვიზიტი და ეგააო. იუმორი არასდროს აკლდა ამ კაცს და პასუხზეც რომ ჯიბეში ხელს არ წაიღებს, ესეც ცხადია!

გერმანიაში შოლცმა ჩაიკრა გულში, მერე ერთად ჩავიდნენ აახენში, საცა ჩვენები ასრულებენ წვრთნებს. შოლცმა უკრაინულად გამოაცხადა უკრაინელებისთვის სამხედრო დახმარების ახალი, უდიდესი პაკეტის გადაწყვეტილება!

წავიდა იქიდან ზელე საფრანგეთში! ხია მაკრონმა ტვიტი უკრაინულად, თქვენს გვერდით ვართ ბოლომდეო! დამატებით მსუბუქი ფრანგული ტანკები წავა უკრაინაში! ცეზარები ხო მიდის და მიდის!

ეს ევროპული ტურნე ძალიან სერიოზული მნიშვნელობისაა: ევროპაში ყველა დაელოდება და ილოცებს უკრაინის კონტრშეტევაში გამარჯვებებისთვის!

მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ზელენსკი იაპონიაში დიდი შვიდეულის სამიტზეც ჩავიდეს! დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება 2023-2024 წლებში უკრაინისთვის დახმარების 44 მილიარდ დოლარამდე გაზრდის თაობაზე.

ცივილიზებული სამყარო ბოლომდე ფსონს დებს უკრაინის გამარჯვებაზე! მოთქვამს ურდოსტანი, ყველა ჩვენ გვებრძვისო!

უკვე პოლკოვნიკები ეხოცებათ ბახმუტის ბრძოლის ველზე! 12 თუ 13 გენერალი ხო მიუკობზონეს ჩვენებმა!
არ ასვენებთ გამჩენი! ბოლომდე გაწყდებიან და მერე მიუტრიალდებიან თავის მანიაკ ბელადს! მანამდე კი:
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო გონს უნდა მოეგოს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ალექსი პეტრიაშვილი.

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ლევან ბერძენიშვილმა კვლავ მისცა თავს უფლება, უსამართლო ბრალდებებით თავს დასხმოდა ბიძინა ივანიშვილს და მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები გაეკეთებინა. ვინაიდან ბერძენიშვილის მხრიდან მსგავსი ქმედებები სისტემატიურ ხასიათს ატარებს და ის გარკვეული პერიოდულობით იმეორებს ცრუ ბრალდებებს, როგორც ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ გავცე მას პასუხი.

მიმაჩნია, რომ არც ლევან ბერძენიშვილი იმსახურებს გამორჩეულ ყურადღებას და არც ბატონ ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ჩემი დაცვა. გარდა ამისა, არც ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის საზოგადოებისთვის შეხსენებაა დღეს ჩემი მიზანი, თუმცა, საჭიროდ მიმაჩნია, ბერძენიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის დამახინჯებული შეფასების მაგალითზე, საზოგადოებისთვის განვმარტო, როგორ ამახინჯებს ლევან ბერძენიშვილი დღევანდელობას, რაც იმის დასტურია, რომ მას საზოგადოებისთვის ისტორიის სწავლების არავითარი მორალური უფლება არა აქვს.

განვიხილოთ ბიძინა ივანიშვილისადმი ბერძენიშვილის ბრალდების ანატომია. „მთავარი არხის“ ხსენებულ გადაცემაში ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პრინციპია, „მან იცის, როგორ იშოვოს ფული და იცის, როგორ არ უნდა იყოს ეს არანაირ ზნეობასთან დაკავშირებული“. ამას ბერძენიშვილი ამბობს ადამიანზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გვერდში უდგას ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს, რომელმაც სამ მილიარდ დოლარზე მეტი უანგაროდ დახარჯა საქართველოში განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებზე, რომლებმაც საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფერო მოიცვა.

მრავალი წელია, ვმუშაობ „ქართუს“ სისტემაში და საკმაოდ ახლოს ვიცნობ როგორც თავად ბატონ ბიძინას, ისე მის ოჯახს. ვიცი რა, ამ ოჯახის დამოკიდებულება ზნეობრივი ნორმების მიმართ, შესაძლოა, სხვებზე ცხადად ვხედავ ნასროლი ბრალდებების სიყალბეს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ერთი კონკრეტული პირის მხრიდან გამუდმებული თავდასხმები და ცრუ მორალისტური კატეგორიებით აპელირება  საკადრის პასუხს საჭიროებს.

პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონება შექმნა სხვა ქვეყანაში. სამშობლოში დაბრუნების დღიდან კი, მან შეგნებულად შეწყვიტა მომგებიანი ბიზნესსაქმიანობა და მას შემდეგ ის უცხო ქვეყანაში შექმნილი ქონების საქართველოს სასარგებლოდ განკარგვით არის დაკავებული. ამის საილუსტრაციოდ, რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი მინდა მოვიყვანო.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ბანკ „ქართუს“ არასოდეს უწარმოებია აგრესიული საბანკო პოლიტიკა. ბანკ „ქართუს“ დაარსებიდან ცოტა ხანში ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა ამერიკელების მიერ დაფუძნებული და შემდეგ გაკოტრებული „აბსოლუტ ბანკის“ პასივები, რითაც მან ქართული საბანკო სისტემა, თავის დროზე, გარდაუვალ კოლაფსს გადაარჩინა. ბანკ „ქართუს“ ჰქონდა სრული რესურსი, აგრესიული საბანკო პოლიტიკა ეწარმოებინა და ის ნიშა დაეკავებინა, რომელიც დღეს ყველაზე რენტაბელურ ქართულ ბანკებს უკავიათ, თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა ამგვარ პოლიტიკაზე თავიდანვე შეგნებულად თქვა უარი, რადგან მას ბანკი „ქართუ“ იმთავითვე არა ფინანსური მოგების მიღების, არამედ ქართული საბანკო სისტემის გამაგრების ინსტრუმენტად ჰქონდა მოაზრებული. აქტივების გარეშე დარჩენილი და გაკოტრებული „აბსოლუტ ბანკის“ პასივების გამოსყიდვა ამის ერთ-ერთი უტყუარი დადასტურება იყო. რამდენიმე წლის წინ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბანკი „ქართუც“ საქველმოქმედო ფონდს გადასცა საკუთრებაში, რაც ასევე იმის დასტურია, რომ ის ბანკს მოგების მიღების ინსტრუმენტად არასოდეს მოიაზრებდა.

ანალოგიური მიდგომით შეიქმნა „თანაინვესტირების ფონდიც“. საზოგადოებას ახსოვს უამრავი სპეკულაცია და ცილისწამება ფონდის გარშემო. პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები ამტკიცებდნენ, რომ ფონდი იაფად ითვისებდა სახელმწიფო ქონებას, მიწებს და ასე შემდეგ, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოგება არც „თანაინვესტირების ფონდის“ საქმიანობიდან მიუღია, რაც თავიდანვე მისი შეგნებული გადაწყვეტილება იყო. ყველა დასრულებული პროექტი, მათ შორის სასტუმროები, რომელთა მშენებლობა ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და ადამიანების დასაქმებას ისახავდა მიზნად, ბოლოს საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადაეცა, რითაც მკაფიო პასუხი გაეცა ყველა სპეკულაციასა და ცილისწამებას. ამჟამად, განხორციელების პროცესშია „თანაინვესტირების ფონდის“ რამდენიმე მიმდინარე პროექტი და შესაბამისი პროექტების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციაც ნებისმიერი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი.

მთლიანობაში, როგორც ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელმა და საქმეში სრულად ჩახედულმა ადამიანმა, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს საქართველოში განხორციელებული არცერთი პროექტიდან სახლში ერთი თეთრი მოგებაც კი არ წაუღია. ფონდში ჩემი მუშაობის 17 წლის განმავლობაში არ იყო არცერთი შემთხვევა იმისა, რომ ფონდის სახსრებით ივანიშვილების ოჯახს რაიმე სარგებელი მიეღოს. და ეს იმ ფონზე, რომ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხაზით, გასული წლების მანძილზე, ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ქველმოქმედება განახორციელა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 3-მილიარდიანი ქველმოქმედება არ მოიცავს დახმარებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ნათესავების, მეგობრებისა და ახლობლების სასარგებლოდ გასცემდა და დღემდე გასცემს. აღნიშნული დახმარებაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ბიძინა ივანიშვილს თავისუფლად შეეძლო, ეს დახმარებაც საქველმოქმედო ფონდის ხარჯებში შეეტანა. თუმცა, ამგვარ დახმარებას ბატონი ბიძინა ფონდისგან დამოუკიდებლად გასწევდა. მან პრინციპულად გაავლო ზღვარი ქველმოქმედებასა და ახლობლების დახმარებას შორის, რაც იმის ნათელი დასტურია, რომ არათუ „ფულის შოვნისას“, ფულის ხარჯვის დროსაც კი, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის განსაკუთრებულ ზნეობრიობას ავლენდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანები ქველმოქმედების სარჩულს ხშირად იყენებენ კორუფციისა და ფულის გათეთრების შესანიღბად. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მან ქველმოქმედებად საკუთარი ახლობლების დახმარების მოხსენიებაც კი არ დაუშვა, რაც ცხადყოფს, რომ ქველმოქმედების განხორციელებისას, ის ყოველთვის ზნეობისა და მორალის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად მოქმედებდა.

მოგეხსენებათ, 2020 წელს, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მასშტაბით მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული აქტივების უდიდესი ნაწილი გადასცა ფონდ „ქართუს“. ამაში შედის როგორც ბანკ „ქართუს“ აქციები, ისე „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ განხორციელებული ყველა საინვესტიციო პროექტი. შესაბამისად, ამ პროექტებიდან მიღებული შემოსავლები მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება. მიმაჩნია, რომ ქველმოქმედების ეს უპრეცედენტო აქტიც ნათლად ასახავს ამ ადამიანისა და მისი ოჯახის მაღალ ზნეობრივ პრინციპებსა და დამოკიდებულებას ქველმოქმედებისადმი.

ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბერძენიშვილის კიდევ ერთი ცილისმწამებლური განცხადება კანაფის თემას უკავშირდებოდა. კერძოდ, ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს „კოლუმბიად“ გადაქცევას უპირებდა და მან ბიძინა ივანიშვილის მიერ „ფულის შოვნისას“ ზნეობრივი პრინციპების უგულვებელყოფა სწორედ ამ საკითხს დაუკავშირა. ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოში კანაფის წარმოების იდეა ნამდვილად ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, საუბარი იყო არა ნარკოტიკების წარმოებაზე, არამედ მხოლოდ სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივირებაზე, რასაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგების მოტანა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის თვისებრივად გაზრდა შეეძლო. თუმცა, საქართველოსთვის ამგვარი პოტენციური სარგებლის ხელიდან გაშვების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ინიციატივაზე, როგორც კი საკუთარი გუნდიდან წინააღმდეგობრივი რეაქციები მოისმინა. ეს ყველაფერი, ზნეობრიობასთან ერთად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მართვის დემოკრატიულ სტილზეც მიანიშნებს.

შეამჩნევდით, ალბათ, რომ თავის საჯარო გამოსვლებსა და ლექციებში ლევან ბერძენიშვილი გამუდმებით თავს ესხმის ამა თუ იმ ისტორიულ მოღვაწეს და აუგად იხსენიებს მათ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ისტორიული მოვლენებისა და მოღვაწეების განხილვა ტაბუირებული უნდა იყოს და მათი ხსენება მხოლოდ სადღეგრძელოების ფორმატში უნდა ხდებოდეს. პირიქით, ისტორია ცოცხალი მეცნიერებაა, ის მუდმივ შესწავლასა და კვლევას საჭიროებს. მაგრამ ნამდვილი მეცნიერისა და მკვლევარის ამოცანა რეალობის დადგენა და ჭეშმარიტების ძიებაა. ლევან ბერძენიშვილის მხრიდან კი, გამუდმებით ადგილი აქვს ამა თუ იმ მოღვაწის უსაფუძვლო ლანძღვას აუდიტორიის წინაშე.

სხვათა შორის, თავად ლევან ბერძენიშვილს აქვს ნათქვამი – „საკმარისია ერს მოაცილო მისი ისტორიული გმირები და ქვეყანაც აღარ დარჩება“. აქედან ჩანს, თუ რა მიზანს ემსახურება მის მიერ ჩვენი ერის ისტორიული გმირების გამუდმებული შეურაცხყოფა. ღრმად მწამს, რომ ბერძენიშვილი სწორედ იმ ძალების დავალებით მოქმედებს, რომელთა მიზანია, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქვეყანა აღარ დარჩეს“ და გარედან მართულ, ეროვნული იდენტობისგან დაცლილ ტერიტორიად და ხალხის მასად გადაიქცეს.

ლევან ბერძენიშვილის ხელწერაა, ადამიანებზე ზუსტად იმის საპირისპირო ამტკიცოს, რაც ამ ადამიანებისთვის სინამდვილეში არის დამახასიათებელი. მან მოახერხა და ერეკლე მეორეს, რომელმაც სამშობლოსთვის უამრავი ომი გადაიტანა და ამ ომებში ათეულობით ჭრილობა მიიღო, მოღალატეობა დააბრალა. მან ასევე მოახერხა და დავით აღმაშენებელს, ილია ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელს ცუდი მამობა, უნიჭობა და ამორალურობა დასწამა. აქედან ჩანს, რომ ისტორიის დამახინჯება ლევან ბერძენიშვილის დავალებაა, რომელსაც ის ყოველგვარი ზნეობის გარეშე, თვალდახუჭული ასრულებს. ბერძენიშვილს, რომელიც ყოველთვის გარედან მიღებულ მტრულ დავალებებს ასრულებს და საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობას შეგნებულად ამახინჯებს, არავითარი მორალური უფლება არა აქვს, დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე, ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, ისევე, როგორც საქართველოს წარსულისა და დღევანდელობის სხვა მოღვაწეებზე ისაუბროს.

როგორც ცდილობს ზნედაცემული ლევან ბერძენიშვილი საქართველოს ისტორიის დამახინჯებას, ზუსტად ისევე ცდილობს ის დაამახინჯოს ჩვენი დღევანდელობა. ზუსტად ამის გამოვლინებაა, რომ ყველა თავის საჯარო განცხადებაში, რომელსაც ბერძენიშვილი ასე უხვად აკეთებს, ის ცდილობს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რამენაირად ჩირქი მოსცხოს და შეურაცხყოფა მიაყენოს ქველმოქმედ ადამიანს. ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, ვერ ნახავთ იმის ერთ მაგალითსაც კი, რაშიც მას ბერძენიშვილი სწამებს ცილს. პირიქით, ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების წესში ზნეობრიობის უამრავი კარგი მაგალითი შეგვიძლია ამოვიკითხოთ. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იყენებს ბერძენიშვილი სიტყვა ზნეობას, თავს უფლება მივეცი, ის ზნედაცემულ ადამიანად მოვიხსენიო.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი არ საჭიროებს ჩემგან დაცვას, ლევან ბერძენიშვილის საფუძველსმოკლებული თავდასხმები მას ვერაფერს დააკლებს. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბრალდებებს აყენებს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს საზოგადოებას განსწავლულობის ეტალონად წარმოუჩენს და ახალგაზრდობას ლექციებს უკითხავს, მათ შორის ჩვენი ისტორიისა და ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლებზე. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მებადება კითხვა, თუ როგორ უნდა ვენდოთ ადამიანს ისტორიული ამბებისა და ასპექტების განხილვისას, როდესაც ის ჩვენს თვალწინ მუდმივად ამახინჯებს დღევანდელობას. ჩემი მიზანი იმის ჩვენებაა, თუ სინამდვილეში ვინ არის ლევან ბერძენიშვილი, რა მორალისა და ზნეობის კაცია ის, ვინც დღეს ასე გამალებით ცდილობს ჩვენი ქვეყნის ისტორიის გაყალბებას. ისმის კითხვა, თუ რამდენად მისაღებია ისეთი ადამიანის „განმანათლებლობა“, რომელიც ასე თავხედურად ამახინჯებს ფაქტებს დღევანდელობაზე. როგორ უნდა გავყვეთ ლევან ბერძენიშვილს მის ლოგიკაში ისტორიული ამბების გადმოცემისას, როდესაც მას აწმყოშიც არ დაეჯერება?“, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. ქვეყანა ასევე ფოკუსირებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ უკრაინისა და საფრანგეთის ერთობლივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

„უახლოეს კვირებში, საფრანგეთი მოამზადებს და აღჭურავს რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC. გარდა ამისა, საფრანგეთი ასევე ფოკუსირებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერაზე, რათა თავისი მოსახლეობა რუსული თავდასხმებისგან დაიცვას. ეროვნული წვლილის გარდა, საფრანგეთის რესპუბლიკა აქტიურად არის ჩართული ევროკავშირისა და ნატოს ღონისძიებებში, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო დახმარებას და უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

დოკუმენტის თანახმად, სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას.

„კერძოდ, საფრანგეთმა უკრაინას გაუგზავნა დნმ-ის ორი მობილური ლაბორატორია, რათა გააძლიეროს უკრაინის შესაძლებლობები, გამოიძიოს ომის დანაშაულები. ეს დახმარება გაგრძელდება“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში გუშინ ჩავიდა.

“ქალაქ ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 446-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 46 შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 74-ჯერ გახსნეს.

„თავდასხმების შედეგად დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. ამ მიმართულებებით, უკრაინელებსა და რუსებს შორის 46 საბრძოლო შეტაკება. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი მოქმედებების წარმოებას. ქალაქ ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა გრიგორევკას, ბოგდანოვკასა და პრედტეჩინოს დასახლებების მიმართულებით“, – აცხადებენ გენშტაბში.

რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ქალაქ მარინკას მიდამოში მტრის მრავალი შეტევა მოიგერიეს. „ამავდროულად, მტერმა დაბომბა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, გეორგიევკას, პობედასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებები“, – აცხადებენ გენშტაბში.

რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ პრიმორსკოეზე, დაიღუპა ერთი, დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის შვიდი წლის ბავშვი, – ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, იური მალაშკო ავრცელებს.

„პრიმორსკზე თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი. 24 წლის ბიჭი დაიღუპა. საცხოვრებელ სახლზე პირდაპირი სარაკეტო იერიშის დროს 30 წლის მამაკაცმა დაზიანებები მიიღო და ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. დაშავდა შვიდი წლის გოგონა“,– წერს მალაშკო საკუთარ ტელეგრამარხზე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ სოფელ პრიმორსკოეში რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს პრიმორსკაიას საშუალო სკოლას, დაჭრეს სამი მშვიდობიანი მოქალაქე და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 15 მაისის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის პოზიციებს წარმატებული დარტყმები მიაყენეს.

კერძოდ, გენშტაბის განცხადებით, უკრაინის ავიაციამ 17-ჯერ შეუტია რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ზონებს. ამასთან, უკრაინულმა მხარემ მოწინააღმდეგის Orlan-10-სა და Supercam-ის ტიპის 2 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

„სარაკეტო ჯარებმა და საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს მტრის სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ექვს უბანს, ოთხ საარტილერიო დანაყოფს საცეცხლე პოზიციიდან, საზენიტო თავდაცვის ერთ საშუალებას და კიდევ მტრის შვი მნიშვნელოვან სამიზნეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დღეიდან, საქართველოში პუტინის ორივე განკარგულება ამოქმედდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებები რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ძალაში დღეიდან, 15 მაისიდან შედის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით განკარგულებებს ხელი 10 მაისს მოაწერა.

ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებული განკარგულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა.

რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმებას, განკარგულების თანახმად, ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით ექნებათ.

,,აღმოჩნდა, რომ სტრასბურგს ცრემლების არ სჯერა”- სუბარი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

ოპოზიციას სააკაშვილის თემა არ ახსოვს, არ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და თუ ახსოვთ, მხოლოდ იმიტომ რომ ერთმანეთს წამოაძახონ: „აი, შენ რომ ამბობდი, სააკაშვილს გავათავისუფლებ, რატომ არ ათავისუფლებ“, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლისთვისაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. „აღმოჩნდა, რომ სტრასბურგს ცრემლების არ სჯერა. არ სჯერა ფეიკების, არ სჯერა ტყუილების. სტრასბურგს არ სჯერა იმ ფეიკ-რეზოლუციების, რომლებსაც ევროპარლამენტარები იღებენ და არა მხოლოდ ევროპარლამენტარები. გიული ალასანიამაც პირდაპირ თქვა, არ მეგონა, ამდენი რომ ვიშრომეთ, ამდენი განცხადება რომ გაკეთდა, ამას სტრასბურგი არ გაითვალისწინებსო. რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯო ფეიკ-კამპანიებში, რამდენი პოლიტიკური დახმარებაც არ უნდა გქონდეს დასავლეთიდან, სასამართლო არის სასამართლო და სტრასბურგის სასამართლო არის ის ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიოში დღემდე შენარჩუნებული აქვს ნდობის ყველაზე მაღალი სტატუსი“, – განაცხადა სუბარმა.