საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს გადასცემს

71
spot_img

საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. ქვეყანა ასევე ფოკუსირებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ უკრაინისა და საფრანგეთის ერთობლივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

„უახლოეს კვირებში, საფრანგეთი მოამზადებს და აღჭურავს რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC. გარდა ამისა, საფრანგეთი ასევე ფოკუსირებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერაზე, რათა თავისი მოსახლეობა რუსული თავდასხმებისგან დაიცვას. ეროვნული წვლილის გარდა, საფრანგეთის რესპუბლიკა აქტიურად არის ჩართული ევროკავშირისა და ნატოს ღონისძიებებში, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო დახმარებას და უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

დოკუმენტის თანახმად, სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას.

„კერძოდ, საფრანგეთმა უკრაინას გაუგზავნა დნმ-ის ორი მობილური ლაბორატორია, რათა გააძლიეროს უკრაინის შესაძლებლობები, გამოიძიოს ომის დანაშაულები. ეს დახმარება გაგრძელდება“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში გუშინ ჩავიდა.