რუსეთ-უკრაინის ომის 446-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან
უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 46 შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 74-ჯერ გახსნეს.
„თავდასხმების შედეგად დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, – აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. ამ მიმართულებებით, უკრაინელებსა და რუსებს შორის 46 საბრძოლო შეტაკება. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან.
„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი მოქმედებების წარმოებას. ქალაქ ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა გრიგორევკას, ბოგდანოვკასა და პრედტეჩინოს დასახლებების მიმართულებით“, – აცხადებენ გენშტაბში.
რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ქალაქ მარინკას მიდამოში მტრის მრავალი შეტევა მოიგერიეს. „ამავდროულად, მტერმა დაბომბა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, გეორგიევკას, პობედასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებები“, – აცხადებენ გენშტაბში.
რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ პრიმორსკოეზე, დაიღუპა ერთი, დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის შვიდი წლის ბავშვი, – ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, იური მალაშკო ავრცელებს.
„პრიმორსკზე თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი. 24 წლის ბიჭი დაიღუპა. საცხოვრებელ სახლზე პირდაპირი სარაკეტო იერიშის დროს 30 წლის მამაკაცმა დაზიანებები მიიღო და ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. დაშავდა შვიდი წლის გოგონა“,– წერს მალაშკო საკუთარ ტელეგრამარხზე.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ სოფელ პრიმორსკოეში რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს პრიმორსკაიას საშუალო სკოლას, დაჭრეს სამი მშვიდობიანი მოქალაქე და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 15 მაისის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის პოზიციებს წარმატებული დარტყმები მიაყენეს.
კერძოდ, გენშტაბის განცხადებით, უკრაინის ავიაციამ 17-ჯერ შეუტია რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ზონებს. ამასთან, უკრაინულმა მხარემ მოწინააღმდეგის Orlan-10-სა და Supercam-ის ტიპის 2 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
„სარაკეტო ჯარებმა და საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს მტრის სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ექვს უბანს, ოთხ საარტილერიო დანაყოფს საცეცხლე პოზიციიდან, საზენიტო თავდაცვის ერთ საშუალებას და კიდევ მტრის შვი მნიშვნელოვან სამიზნეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.