„ქრონიკა“ ანსამბლ „მართვეს“ აშშ-ში ვიზების საკითხზე საქართველოს ამერიკის საელჩოს დაუკავშირდა. მიღებულ წერილობითი პასუხში აღნიშნულია, რომ საელჩო ვერ განიხილავს კონკრეტულ ვიზებთან დაკავშირებულ საკითხებს. „ჩვენ ვერ განვიხილავთ კონკრეტულ ვიზებთან დაკავშირებულ საკითხებს. სავიზო გასაუბრების დანიშვნის პროცესი გამჭვირვალეა და ნათლად არის აღწერილი ელექტრონულად, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს ათასობით მოქალაქეს გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ წელს“, – აცხადებენ საელჩოში. ამერიკის საელჩომ ანსამბლ „მართვეს“ – 50 ბავშვს შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე პრობლემები შეუქმნა. საელჩომ ჯგუფს სააპლიკაციო განაცხადების ერთობლივ განხილვაზე უარი უთხრა და ინდივიდუალური გასაუბრება შესთავაზა, თუმცა ამის შესაძლებლობა, განრიგის მიხედვით, მხოლოდ ნოემბერში აქვთ. ეს მაშინ, როდესაც კონცერტი ივლისში იგეგმება. ყველაფერი კი შეთანხმებული და ორგანიზებული იყო ამერიკული მოწვევით.
ევროპის საბჭოს სამიტმა დეკლარაცია მიიღო- რა წერია დოკუმენტში
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც დაზარალდა რუსეთის აგრესიული ომით უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის აგრესიით საქართველოს წინააღმდეგ, რასაც უმკაცრესად ვგმობთ, – ნათქვამია ევროპის საბჭოს სამიტის დეკლარაციაში.
„ჩვენ მოვუწოდებთ, ერთობლივად, რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან“, – აღნიშნულია სამიტის დეკლარაციის ტექსტში.
„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ და მისი ერთ-ერთი ლიდერის მეთაურობით სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდნენ, ასევე, ბრალდებულები ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას აქტიურად ცდილობდნენ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად, მოპოვებული და ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაცია, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები.
აღნიშნულ პირებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ასევე, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად რვიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ შვიდივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
„ფორმულას“ დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
„დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან. ჩემს წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან უპასუხისმგებლო იყო BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, რომ ჩემთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინა.
მას შემდეგ, რაც BBC-მ ეს ტყუილები გამოაქვეყნა, ქართული რეჟიმი აგრძელებს ამის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, როგორც მისი ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, რათა შელახოს ჩემი, როგორც კრიტიკული ტელეარხის, ფორმულას დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია.
ეს ყალბი პროგრამა პირდაპირ მოხვდა საქართველოს რეჟიმის ხელში, რომელიც იყენებს BBC-ის “სანდოობას”, რათა საფრთხე შეუქმნას ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, ამავდროულად, ვერ შეუსწავლია თავისივე როლი თაღლითურ ქოლ-ცენტრებში, რომელიც საქართველოში არაერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გამოააშკარავა. ჩემი რეპუტაციის დასაცავად, არ დავიხევ უკან, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მივმართო,“ – აცხადებს კეზერაშვილი, რომლის განცხადებას „ფორმულა“ ავრცელებს.
გერმანია უკრაინისთვის „ავიაგამანადგურებლების კოალიციაში“ მონაწილეობას არ მიიღებს – შოლცი
გერმანია უკრაინისთვის „ავიაგამანადგურებლების კოალიციაში“ მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ. ეს ახლა ძალიან აქტუალურია უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობისთვის“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიამ უკვე აიღო შემდგომი ვალდებულებები ტანკების მიწოდების, იარაღის სისტემების მოვლის, საბრძოლო მასალების მიწოდებისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით.
პარალელურად, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ გერმანია ვერ ითამაშებს აქტიურ როლს საავიაციო კოალიციაში.
,,კატასტროფაა, ოღონდ ეს დეგრადაცია ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება”- ბოკერია
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხს გამოეხმაურა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სამარცხვინოა, როცა რაღაცას აკეთებ და კი არ იცავ შენს პოზიციას, ჩუმად ცდილობ ამის გაკეთებას. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დეგრადაცია არ იწყება მაშინვე ასეთი საქციელით, ჯერ იწყება უბრალო ტყუილებით, როცა ერთს იძახი და მეორეს აკეთებ, ეს შეეხება მაგალითად პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს. როცა გუშინ ერთს იძახდი და დღეს მეორეს ამბობ და არც ხსნი, რატომ შეიცვალე პოზიცია, მსგავსი ქმედებები ზოგადად, როცა მოსულა ტყუილი და სიცრუე, შემდეგ ასეთი შემთხვევებით მთავრდება ხოლმე“ – აცხადებს ბოკერია.
,,არ მაქვს უფლება „ჩავუშვა“, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ყველა 5 ნომრით არის შესული” – იაგო ხვიჩია
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას დაუჭირეს მხარი, საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” სიით არიან შესულები პარლამენტში. „მე არ მაქვს უფლება „ჩავუშვა“, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ყველა 5 ნომრით არის შესული. გარეგნული დათვალიერებით რაც ჩანს, ყველა ერთი პარტიიდან, 5 ნომრით არის შესული თავის დროზე და დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ნუ იქნებიან ეჭვმიტანილები“, – აცხადებს ხვიჩია. პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე სამი წევრი აირჩია. ოპოზიციის მიერ პლენარული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების გამო, კენჭისყრის პროცესი შეჩერებულია.
„კლანის გაძლიერება პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის საგარეო და ეროვნულ ამოცანას”- ბოკუჩავა
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის გამტკიცებას არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი, თუმცა ამ დრომდე ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი ფრაქციის წევრები“, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად ემიჯნება სასამართლო სისტემაში არსებული კლანის განმტკიცების ყოველგვარ მცდელობას. „კლანის გაძლიერება პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო და ეროვნულ ამოცანას – ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის გამტკიცებას არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი, თუმცა ამ დრომდე ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი ფრაქციის წევრები. კენჭისყრის შემდეგ, ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე საუბარი მრავალი საათის განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ, რომ მიეღოთ მას შემდეგ, რაც მათ მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში კლანის განმტკიცებას. სხვაგვარად ჩვენ იძულებული ვიქნებოდით, რომ ცალმხრივად მიგვეღო აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი და არ დავუშვებთ იმას, რომ კლანის გაძლიერება გაგრძელდეს, მათ შორის ოპოზიციური დეპუტატების გამოყენებით“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
რამდენიმე დეპუტატი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს
დეპუტატები ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებენ. ამის შესახებ მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკა მაჭუტაძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მმართველ გუნდთან არანაირ გარიგებას არ ჰქონია ადგილი და ის, რაც ითქვა „უსინდისო ტყუილია“.
„ჩვენ დეპუტატები როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე ნიკა მაჭუტაძე, რომელიც ვართ არჩეული საქართველოს პარლამენტში მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ პარტიული სიით და ვიყარეთ კენჭი ბლოკით, ვაცხადებთ რომ ფრაქციას ვტოვებთ, სახელწოდებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშია“.
აქვე ვადასტურებთ ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, სრულად ვიზიარებთ… ადამიანები საუბრობდნენ დამალვაზე და გარკვეულ ბრალდებებს ჰქონდა ადგილი, რასაკვირველია უარვყოფთ და ვამბობთ, რომ ჩვენ არსად არ ვიმალებით.
მეორე საკითხი, საუბარი იყო ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან გარიგებაზე, ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე არავის არ გარიგებია. ჩვენ არ გვქონია არანაირი კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“, ჩვენ არ გვქონია არანაირი შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“ და ჩვენ არ გვქონია არცერთი სატელეფონო ზარი „ქართულ ოცნებასთან“.
ჩვენ არაფერი გვაკავშირებს კლანთან, იმ კლანთან, რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი და იქ მათ ისედაც აქვთ უმრავლესობა“, – განაცხადა ბრიფინგზე ნიკა მაჭუტაძემ.
ცნობისთვის, 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს არჩევისას მმართველი ძალის კანდიდატებს დაუჭირა დაუჭირა.